თევზის სატბორე მეურნეობები-რისკები და პრობლემები


სრულფასოვან კვებით უზრუნველყოფაში უმნიშვნელოვანესია მეთევზეობის წვლილი,  მსოფლიოში წარმოებული ხორცის საერთო ბალანსში თევზის ხვედრითი წილი 45%- ზე მეტია, რასაც საქართველოზე ვერ ვიტყვით. შიდა ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული პროდუქციით. 2014 წელს იმპორტირებული იყო 21.4 ათასი ტონა. საქართველოს აქვს ძალიან კარგი რესურსები მეთევზეობის დარგის განვითარებისთვის, თუმცა ვერ ვიყენებთ.  აქ მეთევზეობის სექტორი სამწუხაროდ არათანაბრად და არამდგრადად არის განვითარებული. ჩვენთან ძირითადად გავრცელებულია საზღვაო, სატბორო და სამდინარო თევზის მოპოვება. ამჯერად გვინდა თქვენი ყურადღება სატბორო მიმართულებაზე გავამახვილოთ, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე ფერმერთა უშუალო შრომითა და ძალისხმევით დაადგა განვითარების გზას.
სამწუხაროდ, დღეს დარგში სპეციალისტები ძალიან ცოტაა, თუმცა ვინც არიან, მათი კვალიფიკაციის მაჩვენებლები დაბალია. სუსტად არის განვითარებული ლაბორატორიული კვლევები.
დღეს კერძო სექტორის,  ასოციაციათა  და უშუალოდ “მომავლის ფერმერის” მიზანია მაქსიმალურად წავახალისოთ ეს მიმართულება და დავეხმაროთ თევზის წარმოებით დაინტერესებულ ფერმერებს, რათა შიდა წარმოების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოდ.
დარგის განვითარებისთვის უმნიშნველოვანესია ვეტერინარული უზრუნველყოფა. “მომავლის ფერმერი”  ამ მხრივ სიტუაციის გასარკვევად ეწვია ცივი წყლის ტიპის რამდენიმე სატბორე მეურნეობას (კალმახი, ზუთხი). ასევე, ვეტერინარული კონტროლისთვის შევიძინეთ სარეალიზაციო დახლებიდან ცოცხალი თევზი.
ფერმერულ მეურნეობებში (როგორც კალმახის, ისე ზუთხის), პირველი რაც თქვენს ყურადღებას მიიქცევს, რისკებია, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ობიექტური მიზეზებით არის  განპირობებული. სწორემ ამ რისკების სიღრმისეული ანალიზი და მათი აღმოფხვრაა საჭირო, თუკი პრეტენზია გვაქვს სატბორე მეთევზეობის განვითარებაზე. ამ რისკების გათვალისწინება მართებთ სახელმწიფო და საფინანსო ინსტუტიტებს.
ფერმერებს მოწყობილი აქვთ გამოსაზრდელი მეურნეობები ძირითადად საბანკო რესურსებით. ვინაიდან, ჩვენთან ქვირითის წარმოება არ არის განვითარებული, ლიფსიტები ძირითადად შემოაქვთ მეზობელი ქვეყნებიდან, რაც დაავადებების მხრივ რისკის მატარებელია. მართალია მათმა ნაწილმა ისარგებლა სესხის შეღავათიანი პირობებით, მაგრამ თანხა გაცემულია წელიწადნახევრის ან ორი წლის ვადით, რაც საფუძველშივე არასწორია, რადგან სასტარო მეთევზე ფერმერის მოგება იწყება  ორი წლის შემდეგ. შესაბამისად, დღეს  ასეთი სასტარო ფერმერთა დიდი ნაწილი საბანკო სესხის დასაფარად სხვა ფინანსურ რესურსებს ეძებს, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის. მათი გამოცდილებით გრელვადიანი და კონკრეტულ დარგს მორგებული სესხები ბევრად ეფექტური იქნებოდა.
არის პრობლემები, რომელთა გადაჭრის გარეშე ფერმერთა შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელთა გათვალისწინებაც ფერმერებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
1.    არ ვიცით, როგორი სადედე გუნდიდან და რა ხარისხის ქვირითიდან  არის მიღებული  ლიფსიტები, რის გამოც რისკის ქვეშ არის  მთელი წარმოების პროცესი. ვინაიდან, ქვირითში შეიძლება ლოკალიზებული იყოს  ბაქტერიული და ვირუსული  დაავადებები.
2.    ფერმერებმა შეძენის დროს უნდა მოითხოვონ, რომ ლიფსიტები  3 დღის ნაშიმშილები მაინც იყვნენ. თუ ამ პირობებს არ დაიცავენ ისინი დაკარგავენ რაოდენობის 10-15%.-ს.
 ყურადღება უნდა მიექცეს: ა)  ლიფსიტის გადმოყვანის დროს მის წონას.
ბ) ტრანსპორტირების დროს წყლის მოცულობაში ლიფსიტების რაოდენობას.
3.    ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ ჭურჭელში ჩასმამდე თევზი უნდა გაიბანოს სუფთა წყალში, სხეულისა და ლაყუჩების გასუფთავებისათვის უნდა გამოიყენონ 5%-იანი მარილწყალი.
 4.    ცოცხალი თევზის ჩასმა ტრანსპორტირების ჭურჭელში უნდა მოხდეს სწრაფად (არაუმეტეს 2 საათისა) და ფრთხილად.
5.    თევზის ტრანსპორტირება სასურველია ღამის საათებში, ადრე დილით ან საღამოს.
6.    ტრანსპორტირების დროს პერიოდულად უნდა გაისინჯოს წყლის ტემპერატურა.
7.    წყალი, რომლითაც განხორციელდა თევზის ტრანსპორტირება, არ შეიძლება ჩაისხას ტბორში.
8.    ავტოცისტერნამ ნორმით უნდა გადაზიდოს 30 ათასი ცალი ლიფსიტა, რასაც  ფერმერთა უმეტესობა არ იცავს. ამ დროს დანაკარგი შეიძლება იყოს 10-30 %, ნორმის შემთხვევაში 7-8 საათის მგზავრობის დროს დანაკარგი 5%-ს არ აღემატება. 12-15 გრამიანების გადაყვანის დრო 5-6 საათია. წყლის ტემპერატურა <10 °C
9.    ნებისმიერი თევზის ლარვის ტრანსპორტირება შესაძლებელია გამოჩეკიდან 4 დღის შემდეგ, როცა საცურაო ბუშტი შეივსება ჰაერით.
10.    ლარვების ტრანსპორტირების ნორმაა 100 000 ცალი 5 საათში, დროის ზრდასთან ერთად მცირდება რაოდენობაც.
11.     ძირითადად ფერმერები იყენებენ  რამდენიმე სატბორე მეურნეობა გამოვლილ წყალს. ამიტომ, აუცილებელია შესაბამისი ფილტრის გამოყენება მაინც.
12.    ლიფსიტის მიღებისთვის უნდა იყოს დამატებითი ტბორები, რომელსაც ექნება ადგილობრივი წყალმომარაგება, ამით ფერმერები გადაარჩენენ ლიფსიტის რაოდენობის 10-15%, ამ აუზებში მოძლიერდებიან ლიფსიტები.
13.    სასურველია იმ ტბორის ტემპერატურა, საიდანაც ლიფსიტები გადმოყავთ, დიდათ არ განსხვავდებოდეს მიმღები ტბორის ტემპერატურისგან.
14.    ყველაზე მთავარია წყალში ჟანგბადისა და ტემპერატურის კონტროლი. ლიფსიტის წონამატზე დიდ გავლენას ახდენს წყალში ჯანგბადის რაოდენობა.

15.    ძალიან მნიშვნელოვანია კალმახის კვება, რაც ფაქტობრივად განსაზღვრავს საკალმახე მეურნეობის წარმატებულ საქმიანობას.

მიხეილ ჭიჭაყუა, ბიოლოგიის დოქტორი, მთავარი ვეტ კონსულტანტი

დატოვე კომენტარი