ავტორი: tamaz58

ლოკოკინებთან ბრძოლის ბიოლოგიური ხერხები და მეთოდები

 

ლოქორები და ლოკოკინები – ბაღის დიდი მავნებლები, თითქმის ყველა მცენარეს აზიანებენ.

ცხელ და მშრალ ამინდში ისინი ბაღის მოფარებულ ადგილებში იმალებიან, სადაც შედარებით ბნელა, გრილა და ნესტია. ღამღამობით კი, როგორც კი აგრილდება, გაჩნდება ცვარი და განსაკუთრებით წვიმიან დღეებში გამოდიან ბაღში ანადგურებენ ახალგაზრდა მცენარეების ყლორტებს, ფოთლებს და ნაყოფს. ისინი ჭამენ ყველაფერს: ფოთლებს, ყვავილებს, ბალახს, მწიფე ნაყოფს და დეკორატიულ მცენარეებს.

ძირითადად ჯვარდებიან წვიმიან ამინდში, თუმცა წვიმის გარეშეც ახერხებენ განაყოფიერება, ერთი შეჯვარებისას მათ 500-მდე შთამომავლის მოცემა შეუძლია.

უდავოა, რომ ლოქორები და ლოკოკინები ბაღის მტრები არიან, თუმცა ეკოსისტემაში ფაუნის ყოველი წევრი თავის განუმეორებელ როლს ასრულებს და ეს როლი ყოველთვის მკვეთრად დადებითი ან უარყოფითი არ არის.

ასე რომ ლოქორები და ლოკოკინები ბაღში მნიშვნელოვან სანიტარულ ფუნქციასაც ასრულებენ, მკვდარ ან დაზიანებულ მცენარეთა გადამუშავებით. ამიტომ მებაღეები გვირჩევენ მათთან ბრძოლის დროს მსუბუქი საშუალებების გამოყენებას. 

პირველ რიგში საწინააღმდეგო ზომები მიმართული უნდა იყოს მცენარის გაძლიერებისკენ და დაუცველ მცენარეებთან ლოკოკინებისთვის მისასვლელი გზის შეზღუდვისკენ.

ახლა კი მათგან თავდაცვის რამდენიმე ხერხს შემოგთავაზებთ:

1) ბაღის ჰიგიენის შენარჩუნება: ლოკოკინები, სუფთა და მშრალ პირობებში ძალიან უხერხულად გრძნობენ თავს, ამიტომ მათთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ნაცადი ხერხი, ბაღის რეგულარული დასუფთავებაა.

ეს განსაკუთრებით ეფექტიანი და საჭიროა შემოდგომაზე. ბაღი საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდოს, მოშორდეს ფოთლები და მცენარეთა ნარჩენები მთლიანად, სადაც ლოკოკინები ზამთარში კომფორტულად იზამთრებენ.

2) უნდა შევძლოთ ფაუნის სხვა წარმომადგენლების: გომბეშოების, ბაყაყების, ზღარბების, პატარა ხვლიკების და ჩიტების „მოპატიჟება“, ისინი სიამოვნებით მიირთმევენ ლოკოკინებს. ბაღში ზოოპარკის მოწყობას არ გირჩევთ, მაგრამ თუ რომელიმე ზემოაღნიშნულ არსებას თქვენს ბაღში შეამჩნიეთ, მათ გაგდებას ან მოკვლას არ გირჩევთ.

3) აგროტექნიკა: მიწის კარგად დამუშავება, პირველ რიგში სარეველების მოშორება. ტექნიკა, რომელიც აუმჯობესებს მიწის ნაყოფიერებას და ნიადაგის სტრუქტურას.

4) ცხელი წყალი: ლოკოკინები ვერ იტანენ მაღალ ტემპერატურას. ცხელ მზიან დღეებში, როდესაც მოზრდილ მცენარეებს შორის არაა შიშველი ნიადაგი, გამძლე მცენარეები შეიძლება მორწყათ ცხელი წყლით. ლოკოკინები იღუპებიან 40°-მდე გაცხელებული წყლით დამუშავებისას.

მაგალითად, კომბოსტოს ფოთლები შეიძლება მოირწყას საკმაოდ ცხელი წყლით (60° C). ლოკოკინები კვდებიან ეგრევე, როგორც კი მათ შეეხება ეს ცხელი შხაპი, ამასთან კომბოსტო არანაირად არ დაზიანდება. დამუშავება უნდა დაიწყოთ შებინდებისას, როდესაც მავნებლები გამოცოცხლდებიან.

5) ხაფანგი:
A) ყველაზე ადამიანური ხერხი არის მათი დაჭერა. იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ლოკოკინა დაიჭიროთ, საღამოთი ბაღში ქაოსურად უნდა მოათავსოთ რაც შეიძლება მეტი სველი, ნოტიო ნივთი. იდეალურად შეეფერება ტომრები, ფანერისა და ქაღალდის ნაჭრები, სველი დაფები, ასევე კომბოსტოს ფოთლებიც. დილით უკვე შესაძლებელი იქნება მდიდარი „მოსავლის” აღება.

B) ლოკოკინებს ძალიან უყვართ ლუდი. (ხილის წვენიც) სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ლოკოკინებისთვის საყვარელ მცენარესთან ახლოს მიწაში ჩავფლათ ნახევრად სავსე ჭიქა ან ქილა მიწის დონეზე, ისე რომ ლოკოკინებს შეეძლოთ შიგნით ჩასვლა. დილით ჭურჭელში აუცილებლად იპოვნით რამდენიმე ათეულ მავნებელს. დილაობით რეგულარულად შეამოწმეთ და გაასუფთავეთ ჭურჭელი.

6) ბასრი ბარიერი: ლოკოკინის სხეული ძალიან რბილი და მგრძნობიარეა, ამიტომ რეკომენდირებულია დაიცვათ მცენარე 5-6 სანტიმეტრი სიმაღლის ბასრი ბარიერით. ამ მიზნისთვის შეიძლება გამოგადგეთ სხვადასხვა სახის საგნები და მასალები: რკინის ნაგლეჯი, კვერცხის ან კაკლის ნაჭუჭი, გრანიტის ნამსხვრევები, მარილი, სუპერფოსპატი…

7) კოფეინი: მეცნიერების თქმით კოფეინის 1-2%-იანი ხსნარი უფრო ძლიერ მავნებელსაც კი კლავს (მაგრამ ზოგიერთი მცენარის ფოთლები უფერულდება). 0.1%-იანი ყავის ხსნარი მავნებლებს აბნევს, უჩქარებს გულისცემას, სავარაუდოდ უნადგურებს ნერვულ სისტემას და აფრთხობს პლანტაციიდან. 
იმისთვის რომ გააკეთოთ 0.1 %-იანი ხსნარი საჭიროა 1 ფინჯან წყალში გახსნათ ორმაგი დოზა ხსნადი ყავა. მაგ ხსნარით ირწყვება ნიადაგი ან მცენარის ფოთლები.

8) მცენარეების შერჩევა: მიუხედავად იმისა რომ ლოკოკინები ჭამენ ყველაფერს, ისინი ვერ იტანენ არომატულ მცენარეებს (მაგრამ არა ყველას). პირველ რიგში ნიორს, შემდეგ: ლავანდას, ქონდარს, სანტოლინა, როზმარინს, დაფნას, რეჰანს.

დარგეთ ჩამოთვლილი მცენარეები იმ ხესთან რომელსაც ლოკოკინები აწუხებენ და მას აღარ გაეკარებიან. ასევე – ნივრის, მწარე წიწაკის და მდოგვის ნაყენი ცნობილი სახალხო რეცეპტია ლკოკინებთან და ლოქორებთან საბრძოლველად.

9) ელექტროკონტროლი: სპილენძთან კონტაქტი ლოკოკინებში მცირე ელექტრო შოკს იწვევს, ამიტომ ისინი არ მოისურვებენ გადალახონ სპილენძის ბარიერი. იყიდეთ სპილენძის წებოვანი ლენტი, სპილენძის ფირფიტები.

 ბაზარზე ასევე იყიდება სპეციალური ელემენტებით აღჭურვილი დისკები, რომელიც ლოკოკინებს, მათი გადაკვეთის საშუალებას არ ძლევს. 

წყარო: agronews.ge

Advertisements

თესლბრუნვა როგორც ბიოლოგიური ღონისძიება

     სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და ანეულების მეცნიერულად დასაბუთებულ მორიგეობას დროსა და სივრცეში (მინდვრებზე) თესლბრუნვა ეწოდება.

თესლბრუნვა გულისხმობს მეურნეობის პერსპექტიული განვითარების გეგმის საფუძველზე დროისა და ტერიტორიის მიხედვით, კულტურათა მორიგეობის დადგენას, რასაც თან ახლავს ნიადაგის დამუშავებისა და განოყიერების შესაბამისი სისტემა. თესლბრუნვაში მნიშვნელოვანია კულტურათა მონაცვლეობა, ვინაიდან ერთსა და იმავე ფართობზე ერთი სახის  მცენარის ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში თესვა უარყოფითად მოქმედებს როგორც მოსავლიანობაზე, ისე ნიადაგის მდგომარეობაზე, საკვებ ნივთიერებებზე სპეციფიკური მოთხოვნილების გამო.

მცენარეებს რამდენიმე წელი ნიადაგიდან მხოლოდ გარკვეული სახის ნივთიერებები გამოაქვთ და ნიადაგი იფიტება. ამასთან ნიადაგში და ნიადაგის ზედაპირზე ხდება კონკრეტული კულტურის დაავადებების გამომწვევისა და მავნებლების მოზამთრე  ფორმების დაგროვება, რომლებიც შემდეგ წელს უფრო აქტიურად შეუტევენ  იმავე კულტურას.

კულტურათა მონაცვლეობა არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ საბაზრო ან საწარმოო მოთხოვნების გათვალისწინებით.

 თესლბრუნვის დაგეგმვისას საჭიროა მრავალი ფაქტორის კომპლექსურად გათვალისწინება, კერძოდ ადგილობრივი ნიადაგურ-კლიმატური პირობების, დასათესი კულტურის თავისებურებების, საქონლის საკვებზე მეურნეობის საჭიროების, მეურნეობის საწარმოო სიმძლავრეების, საბაზრო ასპექტების და სხვა. 

 თესლბრუნვა ანუ კულტურული მცენარეების მონაცვლეობით თესვა–მოყვანა სახნავ–სათეს ფართობზე უძველესი ცივილიზა– ციიდან მომდინარეობს. ძველ რომში მიაჩნდათ, რომ ნაყოფთცვლა ნიადაგის თავისებურ დასვენებას წარმოადგენს.

თესლბრუნვა

თესლბრუნვის მიზნია: ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება,  ნიადაგის წინააღმდეგობის უნარის გაზრდა დაავადებებისა და მავნებლების მიმართ, სარეველების მიმართ მექანიკურ- ბიოლოგიური კონტროლის დონის ამაღლება, ნიადაგის გამდიდრება აზოტით (პარკოსნებით), ნიადაგის გაფხვიერება ინტენსიური ბიოლოგიური მეთოდით (ღრმა ფესვები), ნიადაგის გამდიდრება ჰუმუსით, ნიადაგის მინერალურ ნივთიერებათა მარაგის მობილიზება.

ნიადაგის ფორიანობაზე გავლენის მხრივ კულტურული მცენარეები შეიძლება დაიყოს სამ დიდ ჯგუფად:

  1. მცენარეები, რომლებიც ნიადაგის სტრუქტურას აუმჯობესებენ- მრავალწლიანი პარკოსნები და მარცვლოვანი ბალახები;
  2. მცენარეები, რომლებიც ნიადაგის სტრუქტურისადმი ნეიტრალურნი არიან – კარტოფილი, შაქრისა და საკვები ჭარხალი, კომბოსტო;
  3. მცენარეები, რომლებიც ნიადაგის სტრუქტურას აუარესებენ – ჭვავი, ქერი, ხორბალი, შვრი.

თესლბრუნვის თითეულ მინდორზე ითესება თითო კულტურა, უმეტესად მოკლე როტაციის ზოგიერთ თესლბრუნვაში,  რაც რთული სასოფლო–სამეურნეო ტექნიკისა და პროგრესული აგროტექნიკური წესების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ზოგჯერ ერთ მინდორზე ითესება ორი კულტურა, რომლებიც ხასიათდებიან გარემო პირობებისა და აგროტექნიკისადმი მსგავსი მოთხოვნილებებით. მინდორს, რომელზედაც ითესება ორი ან მეტი კულტურა შედგენილს  ანუ ნაკრებ მინდორს უწოდებენ. თუ ესა თუ ის კულტურა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოიყვანება ერთსა და იმავე მინდორზე, მას უცვლელ კულტურას უწოდებენ, ხოლო თუ ეს კულტურა მეურნეობაში ერთადერთია – მონოკულტურას.

ერთსა და იმავე მინდორზე არაუმეტეს რვა წლის განმავლობაში ზედიზედ მოსაყვან კულტურას განმეორებით კულტურას უწოდებენ. თესლბრუნვაში ჩაურთავ მინდორს, რომელზედაც მოიყვანება სასოფლო–სამეურნეო კულტურები, თესლბრუნვის გარეშე მინდორს უწოდებენ, ხოლო მინდორს, რომელიც დროებით გამოყოფილია  კულტურათა საერთო მორიგეობიდან და დაკავებულია რამდენიმე წლის განმავლობაში ერთი და იგივე კულტურით, გამოყოფილი მინდორი ეწოდება. პერიოდს,  რომლის განმავლობაში კულტურები და ანეულები გაივლიან მორიგეობას ყოველ მინდორზე თესლბრუნვის სქემით გათვალისწინებული თანმიმდევრობით თესლბრუნვის როტაცია ეწოდება. (როტაცია – ერთწლიანი ნასვენი).

კულტურათა მორიგეობის მეცნიერული საფუძვლები. თესლბრუნვის სწორი მორიგეობის დროს აკად. დ.პრიანიშნიკოვმა, მოსავლის ამაღლების მიზნით, გამოჰყო შემდეგი ძირითადი მიზეზები:

ქიმიური მიზეზები.  სხვადასხვა მცენარე სხვადასხვა რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს მოითხოვს. მაგალითად მარცვლოვან კულტურებს მეტი რაოდენობით აზოტი და ფოსფორი ესაჭიროებათ, კარტოფილს, შაქრის ჭარხალს, ბოჭკოვან კულტურებს შედარებით მეტი კალიუმი. პარკოსანი  ბალახები და სამარცვლე პარკოსნები ითვისებენ ბევრ კალიუმსა და ფოსფორს, ხოლო ფესვებზე განვითარებული კოჟრის ბაქტერიების საშუალებით  ითვისებენ ჰაერის აზოტს და ამდიდრებენ ნიადაგს.

ამიტომ მარცვლეული კულტურების მორიგეობა სათოხნ და პარკოსან კულტურებთან  გამორიცხავს ნიადაგის ცალმხრივ გაღარიბებას საკვები ნივთიერებებით და უზრუნველყოფს ეფექტიანად გამოყენებული იქნას საკვები ელემენტების მარაგი. დადგენილია, რომ ნორმალური მოსავლის დროს ერთწლიანი პარკოსანი კულტურები – ლობიო, ბარდა, ცერცველა,  ნიადაგში აგროვებენ 50-70კგ-ზე მეტ აზოტს ჰა-ზე, მრავალწლიანი პარკოსანი  ბალახები- იონჯა, სამყურა, ესპარცეტი კი 120–150 კგ/ჰა–ზე.

მცენარეები ხასიათდება საკვები ნივთიერებების შეთვისებისა და ნიადაგიდან გამოტანის  სხვადასხვა უნარით, რაც  დამოკიდებულია შესათვისებელი ელემენტების ნაერთების ფორმებზე,  მცენარეთა ფესვების სიდიდეზე და სანაწვერალო ანარჩენების რაოდენობაზე. ყველაზე მეტ სანაწვერალო ანარჩენს იძლევა მრავალწლიანი პარკოსანი და მარცვლოვანი ბალახები, საშუალო რაოდენობით – მარცვლოვანი კულტურები და ყველაზე მცირეს – კარტოფილი და შაქრის ჭარხალი.

მძლავრი  და ღრმად მიმავალი ფესვების მქონე მცენარე ითვისებს წყალსა და მინერალური კვების ელემენტებს ნიადაგის უფრო ღრმა ფენიდან, რაც სუსტად განვითარებული ფესვთა სისტემის მქონე მცენარეებისათვის მიუწვდომელია. სელისა და კარტოფილის ფესვები ჩადიან 0,8-1მ  სიღრმეზე, საშემოდგომო ხორბლისა და ჭვავის -1,5-1,6მ-ზე, სიმინდისა 2-2,5მ სიღრმეზე.

ფიზიკური მიზეზები. თესლბრუნვაში კულტურათა სწორი მორიგეობა ხელშემწყობად მოქმედებს ნიადაგის სტრუქტურაზე, სახნავი ფენის სიფხვიერეზე, მის ჰაეროვან და წყლის რეჟიმზე, ნიადაგის სიმტკიცეზე და მოცემული ფენის შენებაზე.

კულტურათა მორიგეობისას დიდი მნიშვნელობა აქვს გათვალისწინებული იქნას კულტურათა მოთხოვნილება წყლისადმი, რადგანაც ზოგიერთი კულტურები მაგალითად, მრავალწლიანი ბალახები, მზესუმზირა, შაქრის ჭარხალი, სუდანის ბალახი ძლიერ აშრობენ ნიადაგს, ამიტომ მათ შემდეგ არ შეიძლება ისეთი კულტურების გაშენება, რომლებიც ხასიათდებიან წყლისადმი გადიდებული მოთხოვნილებით.  აღნიშნულის გათვალისწინებით წყლისადმი მოთხოვნილების კლებადი  თანმიმდევრობით მინდვრის კულტურები შეიძლება განლაგდეს შემდეგი რიგით:  მრავალწლიანი ბალახები – ერთწლიან პარკოსან  მარცვლოვანთა ნარევები  – საშემოდგომო კულტურები  – სიმინდი – საგაზაფხულო მარცვლოვნები–კარტოფილი და ძირხვენები.

ბიოლოგიური მიზეზები. კულტურათა მორიგეობა სხვადასხვანაირად მოქმედებს სარეველების, მავნებლების და დაავადებების განვითარებაზე. ამიტომ კულტურათა მორიგეობით შესაძლებელია მიზანმიმართულად დაიგეგმოს მათთან ბრძოლის სტრატეგია. ფართოფოთლიანი, მაღალღეროიანი კულტურები (სიმინდი, მზესუმზირა) ჩრდილავს რა ნიადაგის ზედაპირს, ძლიერ თრგუნავს სარეველების განვითარებას, ვიდრე ვიწროფოთლიანი (შვრია, ქერი, ფეტვი) კულტურები,  ამასთან სწრაფმოზარდი საშემოდგომო ჭვავი და ხორბალი უფრო ადვილად, ვიდრე საგაზაფხულო ხორბალი და ფეტვი.  სათოხნი კულტურების მწკრივთაშორისების დამუშავებით მოყვანისას, სარეველა მცენარეთა განადგურების პირობები უმჯობესდება მარცვლეულისა და სხვა კულტურების  მთლიან ნათესებთან შედარებით. ამრიგად, სარეველებთან ბრძოლა ადვილია თუ სწორადაა დაგეგმილი საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების მორიგეობა: მარცვლეული კულტურების სათოხნ კულტურებთან ან სამარცვლე პარკოსნებთან, ვიწროფოთლიანი კულტურების ფართოფოთლიანებთან. ყველაზე მეტად სარეველები ნადგურდება სუფთა ანეულზე.

კულტურათა  განმეორებით და ზედიზედ თესვისას ხელშემწყობი პირობები იქმნება მავნებლების გასავრცელებლად. მაგალითად შაქრის ჭარხალზე გაძლიერებულად ვითარდება ჭარხლის ცხვირგრძელა, ფესვის ტილი და ნემატოდები, პარკოსან კულტურებზე კოჟრების ცხვირგრძელები. საშემოდგომო ხორბლის ზედიზედ თესვისას სწრაფად გავრცელების პირობები ექმნებათ პურის ბზუალებს, ხორბლის ხერხიებს.

ეკონომიკური მიზეზები. კულტურათა მორიგეობა მიზანშეწონილია შრომისა და ტექნიკური საშუალებების რაციონალურად გამოყენებისას, რომელშიც ჩართული იქნება სხვადასხვა ვადაში დასათესი და ასაღები კულტურები ან ჯიშები. ეკონომიკურად ხელსაყრელია თესლბრუნვების სპეციალიზირება, რომელშიც მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს წამყვანი კულტურების წილი. ასეთ თესლბრუნვებში მარცვლოვან კულტურებს შეიძლება ეკავოს 50–60%. თესლბრუნვების სპეციალიზაცია  ამაღლებს მემცენა– რეობის პროდუქციის წარმოებას, ზრდის კაპიტალ  დაბანდებათა  ეფექტიანობას, ამცირებს შრომით და მატერიალურ დანახარჯებს.                                                                                                                                                                                                                                თესლბრუნვების კლასიფიკაცია. კულტურათა შემადგენლობის, მორიგეობის, მინდორთა რაოდენობისა და სხვა ნიშნების მიხედვით  თესლბრუნვები ცალ-ცალკე ჯგუფებად იყოფა. თესლბრუნვაში წარმოდგენილი ძირითადი პროდუქციის სახის მიხედვით გამოყოფენ თესლბრუნვის  შემდეგ ტიპებს:  მინდვრის, საკვები და სპეციალიზირებული.

მინდვრის თესლბრუნვებს მიეკუთვნება ისეთი თესლბრუნვები, რომელიც გათვალისწინებულია მარცვლეული და ტექნიკური კულტურების საწარმოებლად.

საკვები თესლბრუნვები არის ისეთი თესლბრუნვები, რომლებიც გათვალისწინებულია საკვების წარმოებისათვის. საკვები კულტურების სიჭარბეზე დამოკიდებუებით  იგი იყოფა სათიბ- საძოვრის და ფერმისპირა თესლბრუნვად.

სათიბ – საძოვრიან თესლბრუნვაში ჭარბობს სხვადასხვა მიზნით გამოყენებული მრავალწლიანი ბალახები, ხოლო ფერმისპირა თესლბრუნვაში – სასილოსე  კულტურები, ძირხვენები და ბალახები – მწვანე საკვებად.

სპეციალური თესლბრუნვები გამოიყენება  ერთი ან რამდენიმე ძვირფასი კულტურის მოსაყვანად, რომლებიც განსაკუთრებულ ნაყოფიერ ნიადაგს მოითხოვენ, როგორიცაა ბოსტნეული კულტურები, თამბაქო და სხვა. ბრინჯი საჭიროებს მოყვანის სპეციალურ პირობებს, შესაბამისი ჰიდროტექნიკური ქსელის მოწყობას.

მიწათმოქმედების სპეციალიზაციაზე   დამოკიდებულებით მინდვრის თესლბრუნვები სპეციალიზდებიან კულტურების მცირე ჯგუფების მოვლა-მოყვანაზე, რის გამოც თესლბრუნვის ტიპები იყოფა სახეებად.გამოყოფენ შემდეგ სახეებს:

მარცვლოვან ანეულიანი, რომელშიც მარცვლეულის ნათესებთან მორიგეობს სუფთა ანეული.

გვალვიანი რაიონებისათვის ტიპიურია მორიგეობა:

1)სუფთა ანეული; 2)  საშემოდგომო ხორბალი; 3) საშემოდგომო ხორბალი; 4) სიმინდი.

მარცვლოვან ანეულიანი სათოხნიანი თესლბრუნვა–ეს ისეთი მორიგეობაა, რომელშიც მარცვლოვანი კულტურები იცვლება სუფთა ანეულით და სათოხნი კულტურებით, მარცვლოვანი კულტურები კი თესლბრუნვაში იკავებენ ფართობის 50%–ს.

სიდერალური თესლბრუნვა  _ ერთ ან ორ მინდორზე მოიყვანება სასიდერაციო კულტურები ხანჭკოლა ან ბარდა მწვანე სასუქად ჩასახნავად.

მარცვლოვან – ბალახოვანი თესლბრუნვა _ ფართობის უმეტესი ნაწილი უჭირავს მარცვლოვან კულტურებს დანარჩენი კი დაკავებულია მრავალწლიანი ბალახებით.

ბალახოვანი თესლბრუნვა _ ფართობის უმეტესი ნაწილი უჭირავს მრავალწლიან ბალახებს, დანარჩენ ფართობზე ითესება მარცვლეული, ტექნიკური კულტურები და ერთწლიანი ბალახები.

ბალახოვან სათოხნიანი თესლბრუნვები, სადაც სათოხნი კულტურების მინდვრებს ენაცვლება მრავალწლიანი ბალახები, რომლებიც იკავებენ ორ ან მეტ მინდორს.

მარცვლოვან– ბალახოვან, სათოხნიან ან ნაყოფთცვლითიფართობის ნახევარზე ნაკლები ტერიტორია ეთმობა მარცვლოვან კულტურებს, ნახევარი სათოხნ და პარკოსან კულტურებს. ასეთი თესლბრუნვის დროს არც ერთი კულტურა არ ითესება ორ წელიწადს ზედიზედ.

მარცვლოვან სათოხნიანი-მარცვლოვანი კულტურები – ითესება ფართობის ნახევარზე და იცვლება სათოხნი კულტურებით.

მინდვრების რაოდენობის მიხედვით გამოყოფენ  სამ, ოთხ, ხუთ, ექვს, შვიდ მინდვრიან თესლბრუნვებს.როტაციის ხანგრძლივობა მინდორთა რაოდენობის ტოლია. მეცხოველეობის მეურნეობებისათვის ხუთ მინდვრიანი თესლბრუნვა წარმოდგენილია შემდეგნაირად:

1.სამყურა–ბალახის ან იონჯა–ბალახის ნარევი;

2. საშემოდგომო ხორბალი;

3. სიმინდი(სამყურას ან ლობიოს შეთესვით);

4. ჭვავი სამყურა–ბალახის ან იონჯა–ბალახის ნარევთან ერთად.

 შვიდ მინდვრიანი თესლბრუნვა:
  1. სამყურა–ბალახის ნარევი ან იონჯა;
  2. სამყურა–ბალახის ნარევი ან იონჯა;
  3. საშემოდგომო ქერი ან შუალედური კულტურა;
  4. ჭვავი შეთესვით;
  5. კარტოფილი ან ჭარხალი ან ლობიო;
  6. საშემოდგომო ან საგაზაფხულო ხორბალი(შეთესვით ან შუალედური კულტურით) ;
  7. შვრია ან ქერი (სამყურა ბალახის ნარევთან ან იონჯასთან ერთად).
არამეცხოველეობის მეურნეობისათვის:
  1. სამყურა ბალახის ნარევი ან იონჯა;
  2. საშემოდგომო ხორბალი;
  3. შვრია ან ქერი შეთესვით ან ლობიო;
  4. კარტოფილი ან ჭარხალი ან ლობიო;
  5. საშემოდგომო ან საგაზაფხულო ხორბალი;
  6. ჭვავი სამყურა–ბალახის ნარევთან ან იონჯასთან ერთად.

განხილული მაგალითები არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც სანიმუშო თესლბრუნვის დაგეგმვისას. მეურნემ  წინასწარ უნდა განსაზღვროს, თუ რა შედეგს ელოდება, რა ცვლილებებს შეიტანს ესა თუ ის სქემა მეურნეობაში.  ამიტომ კონკრეტული სქემის შემუშავებისათვის მეურნემ ყურადღება უნდა მიაქციოს სამ ფაქტორს:

  1. ისეთი მცენარეების შერჩევას, რომლებიც უნდა შევიდეს თესლბრუნვაში, როგორც მთავარი, ისე მეორე ხარისხოვანი კულტურებიდან;
  2. კულტურის ადგილი ანუ თითეული კულტურის თესვის ფართობის ზუსტი განსაზღვრა;
  3. მცენარეთა მორიგეობის დაგეგმვა.

მრავალწლიანი პარკოსანი ბალახებიდან თესლბრუნვაში გამოიყენება იონჯა, სამყურა, ესპარცეტი, ძიძო, კურდღლის– ფრჩხილა და სხვა.  ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც ბიოლოგიური თავისებურებებით, ისე ქიმიური შედგენილობით, ამასთან განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებენ აგროკლიმატურ პირობებს, რაც გასათვალისწინებელია მათი აგროკლიმატური დარაიონებისას.

აღნიშნული კულტურები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების საქმეში. ისინი ფესვთა სისტემაზე დასახლებული კოჟრის ბაქტერიების წყალობით ახდენენ ატმოსფერული აზოტის დაგროვებას, რომელიც მათი გათიბვის შემდეგ, ნიადაგში რჩება, ბალახის ფესვთა სისტემისა და ნაწვერალის დიდ ორგანულ მასასთან ერთად. იონჯა ჰექტარ ფართობზე აგროვებს 250კგ აზოტს, საიდანაც ნიადაგში რჩება 100კგ. გარდა ამისა ბალახების ფესვთა სისტემის მიერ ნიადაგის ღრმა ფენებიდან შეითვისება საკვები ელემენტები: ფოსფორი, კირი, გოგირდი, რომელიც სახნავ ფენაში და მცენარის მიწისზედა ნაწილებში გროვდება.

შუალედური კულტურები. შუალედური კულტურები ეწოდება იმ კულტურებს, რომელიც მოიყვანება თესლბრუნვაში ძირითადი ნათესებისაგან თავისუფალ პერიოდში. მათ ძირითადად იყენებენ ცხოველების საკვების დასამზადებლად, როგორიცაა მწვანე საკვები, სენაჟი, სილოსი, ბალახის ფქვილი, აგრეთვე მწვანე სასუქებად. შუალედური კულტურების გამოყენება საშუალებას იძლევა სრულად იქნეს გამოყენებული მიწის ნაკვეთი, გაიზარდოს საკვების წარმოება და ხარისხი. სპეციალიზირებული თესლბრუნვების დროს  სუსტდება კულტურათა მაღალი კონცენტრაციის არახელშემწყობი შემდგომქმედება,  მდიდრდება ნიადაგი ორგანული ნივთიერებებით, აზოტით, იცავს ნიადაგს ეროზიისაგან, დამლაშებისაგან, აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და ზრდის მის ნაყოფიერებას. ასევე ასრულებენ სანიტარულ როლს სასოფლო – სამეურნეო კულტურათა დაავადებებთან, მავნებლებთან და სარეველებთან ბრძოლის პროცესში.

 შუალედური კულტურები იყოფა: საგაზაფხულო, სანაწვერალო,საშემოდგომო და მოზამთრე კულტურებად.

საშემოდგომო შუალედური კულტურები ითესება ზაფხულის ბოლოს საფარქვეშ ან ძირითადი კულტურების შემდეგ.  მათი აღება ხდება გაზაფხულზე და შემდეგ განთავისუფლებულ ნაკვეთზე ითესება ძირითადი კულტურები.  საშემოდგომო შუალედურ კულტურებად მოჰყავთ საშემოდგომო ჭვავი, საშემოდგომო ხორბალი ტრიტიკალე, საშემოდგომო ქერი, საშემოდგომო რაფსი, საშემოდგომო ცერცველა, მოზამთრე ბარდა, მოზამთრე შვრია.

სანაწვერალო შუალედურ კულტურებად იწოდება ძირითადი კულტურების აღების შემდეგ ნათესი კულტურები, რომლებიც ხასიათდებიან სწრაფი ზრდით და ზაფხულ–შემოდგომის პერიოდის მეტეოროლოგიური პირობები  ხელსაყრელია ზრდა– განვითარებისათვის.  მათ მიეკუთვნება სიმინდი, მზესუმზირა, რაფსი, ერთწლიანი ბალახები და სხვა.

სანათიბო კულტურები არის ის ნათესი კულტურები, რომლებიც ითესება ძირითადი კულტურების აღების შემდეგ. სანათიბო შუალედურ კულტურებად გამოიყენება იგივე კულტურები რომელიც გამოყენებულია სანაწვერალო შუალედურ კულტურებად.

შესათესი შუალედური კულტურები ითესება გაზაფხულზე ძირითადი კულტურების საფარქვეშ.  ამ მიზნით გამოიყენება ჩიტიფეხა, საშემოდგომო და საგაზაფხულო ცერცველა, ერთწლიანი კოინდარი, ბარდა, ხანჭკოლა, სამყურა, ესპარცეტი, ძიძო და სხვა.

წინამორბედი კულტურები. წინამორბედი კულტურები ეწოდება იმ კულტურებს, რომლებიც ხასიათდებიან ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების უნარით, ხელს უწყობენ გარკვეული სახის ნივთიერებათა დაგროვებას, ამცირებენ სარეველებისა და მავნებელ -დაავადებათა რიცხოვნობას. წინამორბედი კულტურები უზრუნველყოფენ ყოველი მომდევნო კულტურისათვის ხელსაყრელი ნიადაგური პირობების შექმნას.

ცნობილია, რომ პარკოსანი კულტურები უზრუნველყოფენ ნიადაგის გამდიდრებას აზოტით, რომელთა შემდგომი დადებითი გავლენა მომდევნო კულტურებზე რამდენიმე წლის განმავლობაში ვრცელდება. სიმინდის შემდეგ დათესილი ხორბალი ზიანდება ბზუალასაგან, სამყურასა და რიგი მრავალწლიანი ბალახების შემდეგ ნიადაგში დიდი რაოდენობით გვხვდება მავთულა ჭიები, კარტოფილის შემდეგ, ნაკარტოფილარზე პომიდორის დარგვისას ეს უკანასკნელი ავადდება ფიტოფტოროზით, ჭრაქით ან ყელის სიდამპლით. მუდმივად ერთსა და იმავე ნაკვეთზე ერთი და იგივე კულტურის თესვა ზოგჯერ იწვევს ამ მცენარის მიმართ „ნიადაგის დაღლილობის“ მოვლენას, მიუხედავად  სასუქების აქტიური გამოყენების დროს.  ამ კულტურის მოსავალი კატასტროფულად ეცემა, ხოლო ამავე დროს ამ ნიადაგზე შესაძლებელია სხვა კულტურის უხვი მოსავლის მიღება. ცნობილია სამყურათი დაღლილობა, რომლის თავიდან ასაცილებლად სამყურა იმავე მინდორზე უნდა დაბრუნდეს არა უადრეს 5-6 წლისა. ამიტომ კულტურათა სწორი მორიგეობისას გათვალისწინებულ უნდა იქნას თითეული კულტურის ბიოლოგიური თავისებურება.

„ორგანული სოფლის მეურნეობა“

წყარო: agronews.ge

ნიადაგიდან გამოტანილი ძირითადი საკვები ელემენტების შევსება დაპროგრამებული მოსავლის მისაღებად

 

სასუქების გამოყენების სწორი სისტემის აგებისას საჭიროა მხედველობაში იქნეს მიღებული ცალკეული კულტურების კვების თავისებურებანი. მინდვრის კულტურები განსხვავდებიან მოსავლის ფორმირებისათვის საჭირო საკვები ელემენტებზე მოთხოვნილების საერთო რაოდენობით, არაერთნაირი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში შთანთქმის ტემპით, ძირითადი ელემენტების _ აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის შეთვისების შეფარდებით.

ისეთი კულტურებისათვის, რომელნიც უფრო მომთხოვნი არიან კვების ელემენტებზე (შაქრის ჭარხალი, სიმინდი, კარტოფილი და სხვა), აუცილებელია, ყველა დანარჩენ თანაბარ პირობებში სასუქების შედარებით მაღალი დოზები.

ერთი და იგივე კულტურის სხვადასხვა ჯიში შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს კვების რეჟიმზე მომთხოვნელობით. სრაფად მწიფად ჯიშებს აქვთ საკვები ნივთიერებების შთანთქმის შედარებით მოკლე პერიოდი და უფრო მომთხოვნი არიან კვების პირობებისადმი, ვიდრე გვიან მწიფადი ჯიშები. მაგრამ, ვეგეტაციის თანაბარი ხანგრძლივობის პირობებში სხვადასხვა ჯიშები შეიძლება არათანაბრად პასუხობდეს სასუქების შეტანას.

სასუქების სწორი გამოყენება უნდა უზრუნველყოფდეს მცენარის კვების საუკეთესო პირობებს ვეგეტიციის მთელ პერიოდში, იგი უნდა შეესაბამებოდეს საკვებ ნვთიერებებზე მცენარის განსხვავებულ მოთხოვნილებას ზრდისა და განვითარების სხვადასხვა პერიოდში.

განოყიერების სისტემის დამუშავებისას, სასუქების დოზების, ვადების და გამოყენების წესების არჩევისას, საჭიროა მხედველობაში იქნეს მიღებული ცალკეული კულტურების განსხვავებული მგრძნობიარობა ნიადაგის ხსნარში საკვები ნივთიერებების კონცენტრაციისადმი (განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში), ფესვთა სისტემის შემთვისებლობის უნარზე და მისი განვითარების ხასიათზე (სიმძლავრე, ჩაღწევის სიღრმე და ა.შ.), არეს რეაქციისადმი დამოკიდებულება, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აზოტიანი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების გამოყენებული დოზების სწორ შეფარდებას ვეგეტაციის სხვადასხვა პერიოდში ბიოლოგიური მოთხოვნილების გათვალისწინებით. აზოტით ცალმხრივმა ჭარბმა კვებამ, მაგალითად, შეიძლება გამოიწვიოს ფოჩის გაძლიერებული, გახანგრძლივებული ზრდა ძირხვენებში და ტუბერებში, შეაკავოს მოსავლის სასაქონლო ნაწილის ფორმირება და შეამციროს მისი ხარისხი, ხოლო მარცვლეულ კულტურებში _ გამოიწვიოს ჩაწოლა. კულტურების მომწიფების დაჩქარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფოსფორით კვების მაღალ დონეს. ა აუცილებელია გავითვალისწინოთ არა მარტო კულტურის მაღალი და მყარი მოსავლის მიღება, არამედ, აგრეთვე მიღებული პროდუქციის ხარისხის შენარჩუნება და ამაღლება.

თესლბრუნვაში განოყიერების სწორი სისტემის აგებისას აუცილებელია აღირიცხოს აგრეთვე სხვადასხვა კულტურების აგროტექნიკური და მეურნეობრივი მნიშვნელობა. არ შეიძლება ფერმერულ მეურნეობაში არსებული სასუქი თანაბრად განაწილდეს თესლბრუნვის ყველა კულტურების მიხედვით, რადგან ამ დროს ვერ უზრუნველყოფთ მათი გამოყენების ეკონომიკურ ეფექტიანობას.

ყოველ თესლბრუნვაში არის წამყვანი კულტურა, რომელსაც მეტი მნიშვნელობა აქვს მოგების დასახული ამოცანების შესრულებისას, აღმოსავლეთ საქართველოში ასეთებია _ შაქრის ჭარხალი და საშემოდგომო მარცვლეული, დასავლეთ საქართველოში ჩაი და ვენახი, პარკოსნები და მარცვლეული კულტურები, მეცხოველეობის მიმართულების რაიონებში _ საკვები კულტურები (სიმინდი, ძირხვენები და სხვა). ჻ქალაქის საგარეუბნო მეურნეობებში_კარტოფილი, ბოსტნეული და სხვა. თესლბრუნვის წამყვანმა კულტურამ სასუქი უნდა მიიღოს პირველ რიგში და საკმარისი რაოდენობით. გარდა ამისა, ისეთი კულტურები, როგორიცაა სიმინდი, შაქრის ჭარხალი, კარტოფილი, არა მარტო მოითხოვენ მნიშვნელოვნად მეტი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს, არამედ, აგრეთვე უკეთ ანაზღაურებენ დახარჯულ სასუქებს მოსავლის მატებით, ამიტომ, მათ განოყიერებას ყველა თესლბრუნვაში დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. თესლბრუნვისათვის, რომელშიც მეტი ხვედრითი წილი ტექნიკურ და საკვებ ნივთიერებებზე მაღალ მომთხოვნ სხვა კულტურებს უჭირავს (ბოსტნეული, სიმინდი და სხვა) გათვალისწინებული უნდა იქნეს ორგანული და მინერალური სასუქებით მაღალი უზრუნველყოფა.

განოყიერების სწორმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს არა მარტო წამყვანი, არამედ თესლბრუნვის ყველა სხვა კულტურების მოსავლიანობის ამაღლება მათ ქვეშ სასუქების უშუალოდ შეტანის გზით ან სასუქების შემდეგქმედებით, რომელნიც შეტანილია წამყვანი კულტურებისათვის. შემდეგქმედების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ცალკეული სასუქების თავისებურებაზე.

ნაკელი და ფოსფორიანი სასუქები (განსაკუთრებით ფოსფორიტის ფქვილი) დადებით გავლენას ახდენენ მინდვრის კულტურების მოსავლიანობაზე რიგი წლების განმავლობაში, აზოტიანი და კალიუმიანი სასუქების შემდეგქმედება უმნიშვნელოა.

განოყიერების სისტემის აგებისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე კულტურების მორიგეობის რიგი, წინამორბედის ხასიათი და მისი მოსავლიანობა. თავისთავად, კულტურათა მორიგეობა უზრუნველყოფს შედარებით მაღალი მოსავლის მიღებას მონოკულტურასთან შედარებით.

გარდა ამისა, თესლბრუნვაში გაადვილებულია ბრძოლა დაავადებასთან, მავნებლებთან და სარეველა მცენარეულობასთან. კკულტურების სწორი მორიგეობისას უფრო პროდუქტიულად გამოიყენება ნიადაგის საკვები თავისებურებანი და იზრდება როგორც მინერალური, ისე ორგანული სასუქების ეფექტიანობა.

თესლბრუნვის ცალკეული კულტურების განოყიერებაში სხვაობა დამოკიდებულია წინამორბედზე და მოსავალზე, აგრეთვე ფესვების და მიწისზედა მასის ნარჩენების რაოდენობაზე და მათში საკვები ელემენტების შემცველობაზე.

თესლბრუნვაში თუ ჭარბადაა კარტოფილი, ძირხვენები, სასილოსე და სხვა კალიუმის მოყვარული კულტურები, იზრდება მოთხოვნილება კალიუმიან სასუქებზე და მატულობს მათი ეფექტურობა. კკულტურების შედგენილობისა და თესლბრუნვაში მათი მორიგეობის მიხედვით არაერთნაირად წყდება აგრეთვე მოკირიანების საკითხებიც. ფფოსფორიტის ფქვილის ეფექტიანობაც მნიშვნელოვნად იზრდება თესლბრუნვაში, მსუბუქ კორდიან-ეწერ ნიადაგებზე ხანჭკოლის მოყვანისას, რომელსაც უნარი აქვს შეითვისოს ფოსფორი ძნელადხსნადი შენაერთებიდან.

სათოხნი კულტურების შემდეგ, რომელნიც კარგი მოვლის პირობებში მინდორს ტოვებენ სარეველებისაგან სუფთას და ამავე დროს მოითხოვენ დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს ნიადაგიდან და რომელთა მოსავალსაც გვიან იღებენ, სასუქების ეფექტურობა და მათზე მომდევნო კულტურების მოთხოვნილება მაღლდება, განსაკუთრებით, თუკი აღნიშნული წინამორბედების მოსავალი მაღალი იყო, ხოლო სასუქები მათ ქვეშ შეტანილი იყო საშუალო რაოდენობით. კკარგად განოყიერებული კულტურების შემდეგ მომდევნო კულტურებისათვის სასუქების დოზები შეიძლება შემცირდეს. მმრავალწლოვანი პარკოსანი ბალახების და სამარცვლე პარკოსნების შემდეგ, რომელნიც ამდიდრებენ ნიადაგს აზოტით, მაგრამ აღარიბებენ ფოსფორით და კალიუმით. აზოტიან სასუქებზე მოთხოვნა მცირდება, ხოლო ფოსფორიან და კალიუმიან სასუქებზე ძლიერდება.

ამრიგად, სასუქების განაწილება თესლბრუნვის მინდვრების მიხედვით დამოკიდებულია კულტურის აგროტექნიკურ და მეურნეობრივ მნიშვნელობაზე, თესლბრუნვაში მის ადგილზე, წინამორბედის ხასიათზე და ცალკეული მინდვრების განოყიერების ხარისხზე.

მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების პროდუქციის წარმოების საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი ეკუთვნის ქიმიის ფართო გამოყენებას მცენარეთა კვების თავისებურებების გათვალისწინებით, რომლისგანაც ყველაზე დიდი ხვედრითი წილი მინერალურ მაკრო და მიკრო სასუქებზე მოდის. დაპროგრამებული მოსავლის მისაღებად მხედველობაში მიღებული უნდა იყოს თითოეული კულტურის მიერ სუბსტრატიდან გამოტანილი მინერალური ნივთიერების რაოდენობა, რომლებიც ქვემოთ ცხრილშია მოცემული.

ევროკავშირის აგრარული ორგანიზაციების და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სოფლის მეურნეობის კომისიის (ფაო) მონაცემებით, მინერალური სასუქების გამოყენებისა და მოსავლიანობის ზრდა თითქმის პირდაპირ დამოკიდებულებაშია და გამოიხატება კორელაციის კოეფიციენტით 75-დან 89%-მდე. ამას ემატება მათი გამოყენების ხელშეწყობა, რომელშიც მთავარი ფაქტორი ნიადაგის ზღვრულ ტენტევადობას (ზტტ) ეკუთვნის და რომელიც ნიადაგების სტრუქტურიდან გამომდინარე 60-70%-ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს.

ცხრილი 1.1 მინდვრის და ტექნიკური კულტურების მიერ ძირითადი საკვები ელემენტების გამოტანა ნიადაგიდან 1 ტონა პროდუქციაზე, კგ/ჰა.

დადგენილია, რომ მინერალური სასუქების შეძენაზე და გამოყენებაზე (შეტანაზე) დახარჯული 1 ლარი იძლევა 2,5-5 ლარ და მეტ სასოფლოსამეურნეო პროდუქციას კულტურისა და ნიადაგისაგან დამოკიდებულებით, ანუ რენტაბელობა 250-500%-ის ფარგლებშია.

მინერალური სასუქების გამოყენების ორგანიზაცია მეტად სერიოზული საკითხია. მათი ტრანსპორტირება, ფერმერულ მეურნეობაში მიტანა, შენახვა, შესატანად მომზადება, დოზებისა და შეფარდების სწორი ანგარიში მრავალ ტექნიკასა და ცოდნას მოითხოვს. ამ მიზნით მრავალ ქვეყანაში შექმნილია სპეციალური საწარმოო-სამეცნიერო გაერთიანებები, შენდება სასუქების შესანახი მსხვილი მექანიზებული საწყობები, რაიონებში უნდა შეიქმნას ექსტენციური მომსახურების სამსახურები, რომლებიც პრაქტიკულად უხელმძღვანელებენ ქიმიზაციის პროდუქტების სწორ და მაღალეფექტიან გამოყენებას საქართველოს სოფლის მეურნეობაში.

თანამედროვე მსოფლიოს მინერალური სასუქების წარმოების დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს კონცენტრირებული და კომპლექსური სასუქების წარმოების უწყვეტი ზრდა. აამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო ეკონომიკური თვალსაზრისით (შორ მანძილზე ტრანსპორტირება, შეფუთვა, შენახვა და ნიადაგში შეტანა) არამედ ასეთი სასუქები ნაკლებად შეიცავენ უსარგებლო ტოქსიკურ ნივთიერებებს, რაც ხშირად იწვევს გარემოს დაბინძურებას.

სასუქების როლი მოსავლიანობის გადიდებაში ძალზე დიდია. თუ მიღებულ მოსავალს 100%-ად მივიღებთ, მინერალურ სასუქზე მოდის მოსავლის მატების დაახლეობით ნახევარზე მეტი. ამერიკელი მეცნიერების აზრით მოსავლის გადიდებაში სხავადსხვა ფაქტორებს შემდეგი როლი ეკუთვნის (პროცენტებში): სასუქებს-41, ჰერბიციდებს-13-20, ხელსაყრელ ამინდს-15, ჰიბრიდულ თესლს-8, ირიგაციას-15, დანარჩენს-8%. გერმანელი სპეციალსიტები მოსავლის ნახევარზე მეტს მიაკუთვნებენ სასუქების გამოყენებას ხოლო ფრანგები-50-70%.

სასუქების გამოყენების მაღალი ეფექტიანობის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს ჩაის კულტურა. მმინერალური სასუქების გამოყენებით ჩაის მოსავლიანობა 10-12-ჯერ და მეტად იზრდება და 8 ტონას აჭარბებს მაშინ, როდესაც უსასუქო ჩაის პლანტაციის მოსავალი 500-1000 კგ შეადგენს ჰექტარზე. ჩაის პლანტაციებში სასუქების გამოყენებაზე მოდის მოსავლის დაახლოებით 80-85%-ზე მეტი.

სოფლის მეურნეობის ქიმიზაციის განვითარებას, ჩვენს ქვეყანაში სასუქების წარმოებისა და გამოყენების გაფართოებას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. განსაზღვრულია მინერალური სასუქის გაუმჯობესების ღონისძიებანი, რუსთავის მინერალური სასუქების საწარმო ყოველწლიურად ამზადებს 4 მლნ ჰა ფართობის გამოსაკვებ აზოტოვან სასუქებს. მაღალკონცენტრირებული სასუქის წარმოება სასუქის გამოშვების საერთო მოცულობის სულ ცოტა 90%-ია.

მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს რომ მინერალურ სასუქებში აზოტის, ფოსფორის და კალიუმის ((N, P2O5 და K2O სახით) თოთოეული კილოგრამი სწორად შეთანაწყობილი და შეტანილი იძლევა დამატებით საშუალოდ 10 კგ ხორბალს, ან მისი ეკვივალენტურ სხვა რაოდენობის სასაქონლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. გამოკვლევებით დადგენილია, რომ 100 კგ ამონიუმის გვარჯილისაგან მინდვრის კულტურების მოსავლის საშუალო მატება შეადგენს: მარცვლოვნებისათვის 400-500 კგ, კარტოფილისათვის 2,0-3,0 ტ. და შაქრის ჭარხლისათვის 4,0-5,0 ტ 1 ჰექტარზე. კკიდევ მეტია აზოტის ეფექტი გამოკვებაში მისი გამოყენებისას, სადაც თითოეული მისი კილოგრამი იძლევა 15 კგ მარცვლის მატებას.

მინერალური სასუქების ეფექტიანობა დამოკიდებულია მოძრავი საკვები ელემენტებით ნიადაგის უზრუნველყოფაზე, ნალექების რაოდენობაზე, აგროტექნიკის დონეზე და სხვა პირობებზე.

მინერალური სასუქები განსაკუთრებით მაღალ ეფექტს იძლევა ღარიბ კორდიან-ეწერ ნიადაგებზე. სასუქების მაღალეფექტიანი გამოყენებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მჟავე ნიადაგების მოკირიანებას, ბიცობიანი ნიადაგების მოთაბაშირებას, მორწყვას და ორგანული სასუქების გამოყენებას. მჟავე ნიადაგებზე კარგ შედეგს იძლევა ფოსფორიტის ფქვილის შეტანა.

ცხრილი 1.2 მოსავლის ნამატი მინერალური სასუქების გამოყენებით

თანამედროვე მიწათმოქმედებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებას, რომელიც გულისხმობს მინერალური სასუქების გამოყენებას მკაცრად ოპტიმიზებული ნორმებით.

ავთანდილ კორახაშვილი,

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი

ჟურნალი აგრარული საქართველო

ნიადაგური ფაქტორების გავლენა მოსავლიანობაზე

მცენარესა და ნიადაგს შორის ურთიერთმოქმედება და ურთიერთგავლენა მეტად მრავალმხრივია.

უპირველეს ყოვლისა მცენარის ზრდა-განვითარების მსვლელობასა და ინტენსივობაზე მოქმედებენ ნიადაგის ფიზიკური (სტრუქტურა, მექანიკური შედგენილობა, ტენტევადობა, ბმულობა, სიმკვრივე და ა.შ.) და ქიმიური თვისებები (ნიადაგის რეაქცია, ჰუმუსი, მარილიანობის რეჟიმი, ძირითადი საკვები ნივთიერებები და ა.შ.), აგრეთვე ნიადაგში მობინადრე მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, სოკოები და ა.შ) შედგენილობა და რაოდენობა.

აღსანიშნავია დედაქანის მოქმედება ნიადაგზე, რაც როგორც შედეგი გავლენას ახდენს მცენარეზეც. თავის მხრივ მცენარე აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, ამდიდრებს მას ორგანული ნარჩენებით, არეგულირებს აერობული და ანაერობული მიკრორგანიზმების მოქმედებას, ხელს უწყობს აზოტის დაგროვებას და სხვ.

მცენარის ორგანიზმი 75-ზე მეტ ქიმიურ ელემენტს შეიცავს, რომელთაგან 16 აბსოლუტურად აუცილებელია მცენარის ზრდა-განვითარებისა და სიცოცხლისუნარიანობისათვის. ესენია: ორგანოგენული ელემენტები – ნახშირბადი, ჟანგბადი, წყალბადი და აზოტი; ნაცრის ელემენტები –ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და გოგირდი; მიკროელემენტები – ბორი, მანგანუმი, სპილენძი, თუთია, მოლიბდენი და კობალტი.

ამ ელემენტებიდან სამს – ნახშირბადს, ჟანგბადსა და წყალბადს, რომელთა წილად მოდის მცენარის მშრალი მასის 93,5%, მცენარე ღებულობს ჰაერიდან და ნიადაგიდან წყალთან ერთად.

აზოტის – მცენარის  კვებისათვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტის _ ძირითად წყაროს წარმოადგენს ნიადაგის ორგანული ნივთიერებები, აგრეთვე შესაბამისი ბაქტერიების მიერ ფიქსირებული ჰაერის აზოტი.

წლის განმავლობაში ბალახოვანი მცენარეების და ნიადაგში მობინადრე ცოცხალი ორგანიზმების კვდომის განუწყვეტელ პროცესთან და ორგანული შენაერთების დაგროვებასთან ერთად მიმდინარეობს მათი მინერალიზაცია მცენარისათვის შესათვისებელი აზოტის ფორმების –  ამონიუმის და ნიტრატების – წარმოქმნით.

ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებებს მცენარე შთანთქავს ნიადაგის ხსნარიდან ადვილად ხსნადი მარილების სახით. მცენარისათვის საჭირო ამ ელემენტების ძირითადი ნაწილი ნიადაგში უხსნად, მცენარისათვის ძნელად შესათვისებელი ან შეუთვისებელი შენაერთებით და ნივთიერებებითაა წარმოდგენილი.

ეს უხსნადი ორგანული და მინერალური შენაერთები საკვები ნივთიერებების სამარაგო ფონდს წარმოადგენენ, რომლებიც ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების ზეგავლენით თანდათანობით გადადიან ხსნად, მცენარისათვის ადვილად შესათვისებელ ფორმაში. ნაცრის ელემენტების დაგროვება სწარმოებს ნიადაგის მინერალური ნაწილის გამოფიტვის, ან ორგანული ნივთიერებების მინერალიზაციის შედეგად.

სხვადასხვა ბოტანიკურ-სამეურნეო ჯგუფის მცენარეები ოპტიმალური ზრდა-განვითარებისათვის საკვები ელემენტების მიმართ განსხვავებულ მოთხოვნილებას ამჟღავნებენ.

ასე, მაგალითად, მარცვლოვანი ბალახები მაღალი მოსავლის მისაღებად დიდი რაოდენობით აზოტს საჭიროებენ, რომელიც ნიადაგში ამონიუმის მარილების ან ნიტრატების ფორმით უნდა იყოს. პარკოსანი ბალახები კი, რომლებიც თვითონ ითვისებენ ატმოსფერულ აზოტს აზოტმაფიქსირებელი ბაქტერიების საშუალებით, პირველ რიგში ფოსფორსა და კალიუმს მოითხოვენ.

განსხვავებულია ერთი და იგივე მცენარის მოთხოვნილება საკვებ ელემენტებზე ვეგეტაციის სხვადასხვა ფაზაში. ასე, მაგალითად, მარცვლოვანი ბალახები დათესვიდან ბარტყობამდე უფრო მეტად ფოსფორს საჭიროებენ, ბარტყობის ფაზაში – აზოტს, აღებისას-უპირატესად კალიუმს.

საკვები ნივთიერებების მიმართ მოთხოვნილების მიხედვით მცენარეები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა: ა) მცენარეები, რომლებიც ეგუებიან მწირე ნიადაგებს, ე.წ. ოლიგოტროფები; ბ) მცენარეები, რომლებიც მხოლოდ ნოყიერ, მდიდარ ნიადაგებზე ხარობენ, ე.წ. ეუტროფები; გ) მათ შორის გარდამავალი, საშუალო ნოყიერების ნიადაგზე მოზარდი მცენარეები, ე.წ. მეზოტროფები.

მწირი ნიადაგებისათვის დამახასიათებელია ისეთი ბალახები, როგორიცაა ჩვეულებრივი ნამიკრეფია, ძიგვა, ორსახლა ბუსუსტანა, კურდღლის ბალახი, ჩვეულებრივი მანანა და სხვ.

საშუალო ნაყოფიერების ნიადაგებზე გვხვდება ბუნებრივ საკვებ სავარგულებზე გავრცელებული მარცვლოვანი და პარკოსანი მცენარეების უმრავლესობა – მდელოს ტიმოთელა, სათითურა, მდელოს წივანა, უფხო შვრიელა, ლურჯი იონჯა, მდელოს (წითელი) სამყურა, მხოხავი (თეთრი) სამყურა და მრავალი სხვა.

საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებს მოითხოვენ სოსნოვსკის დიყი, ორსახლა ჭინჭარი, ველური კანაფი, თესლფოთოლა ქაფურა, მამულა, მარიამსხალა და სხვ.

მცენარის უნარი გამოიყენოს ნიადაგში არსებული აზოტი, ნაცრის ელემენტები და სხვა საკვები ნივთიერებები დამოკიდებულია უპირველეს ყოვლისა მისი ფესვთა სისტემის განვითარების ხარისხზე: რაც უფრო მძლავრი და განშტოებულია ფესვთა სისტემა, რაც უფრო დიდია ფესვების შემწოვი ზედაპირი, მით უფრო სრულად შეუძლია მცენარეს გამოიყენოს ნიადაგში არსებული მისთვის აუცილებელი მაკრო და მიკროელემენტები.

ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფესვების როლი, რომლებიც განლაგებულია ნიადაგის ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ზედა ფენაში, სადაც ამ ნივთიერებების მინერალიზაციის შედეგად წარმოიქმნება აზოტის, ფოსფორის და სხვა ელემენტების მცენარისათვის შესათვისებელი ფორმები.

ყურადსაღებია აგრეთვე საკვები ბალახების ცალკეული სახეობების ფესვთა სისტემათა განსხვავებული უნარი გამოიყენონ მინერალური აზოტის, ფოსფორის, კალიუმის და სხვა ელემენტების ნაერთების ერთი და იგივე და სხვადასხვა ფორმები, ასევე ნიადაგის ორგანულ ნივთიერებებში არსებული აზოტი და ნაცრის ელემენტები.

ასე, მაგალითად, მარცვლოვანები უკეთ იყენებენ კალიუმის ნიადაგში არსებულ შესათვისებელშენაერთებს, ვიდრე პარკოსნები; ზოგიერთი პარკოსანი (ხანჭკოლა) კარგად იყენებს ძნელად შესათვისებელ ფოსფატებს, რის უნარსაც მარცვლოვანები მოკლებულია.

განსაკუთრებული ეკოლოგიური მნიშვნელობა აქვს მდელოს მცენარეების აზოტით უზრუნველყოფას. მდელოს ბალახებისათვის აზოტის წყაროს წარმოადგენს ატმოსფერული და სხვა წყალი, ნიადაგში არსებული აზოტი, მიკროორგანიზმების მიერ ფიქსირებული ატმოსფერული აზოტი, პირუტყვის მიერ გამოყოფილი ექსკრემენტები და სასუქები.

აზოტის ჩამოთვლილ წყაროებს შორის მეტად უმნიშვნელოა ატმოსფერული წყლები და განსაკუთრებით მცირე კი ნიადაგის ტენი და გრუნტის წყლები. რამდენამდე მეტი აზოტი შემოაქვს მდელოებზე ნაღვარევ წყლებს, მითუმეტეს წვრილმიწა, ორგანული ნივთიერებებით მდიდარი ლამის დალექვისას, აგრეთვე სავარგულის მორწყვისას ჩამდინარე წყლებით.

აზოტის დიდ რაოდენობას აგროვებენ ნიადაგში მიკროორგანიზმები აზოტის ფიქსაციის შედეგად (პარკოსნების კოჟრის ბაქტერიები, ნიადაგში ბინადარი აზოტისფიქსატორები).

ცნობილია, რომ მდელოს მცენარეებისათვის მისაწვდომი აზოტი ნიადაგში წარმოდგენილია ამონიური და ნიტრატული ფორმით, ამიტომ მცენარეთა იმ სახეობებს, რომლებსაც უნარი აქვთ უფრო სრულად გამოიყენონ ამონიური აზოტი, გარკვეული უპირატესობა აქვთ იმავე მცენარეულ თანასაზოგადოებაში წარმოდგენილ  და ნიტრატულ კვებას შეხამებულ სახეობებთან შედარებით.

მცენარისათვის მისაწვდომი მინერალური აზოტის შემცველობა ნიადაგში საკმაოდ მცირეა და 100 გ მშრალ ნიადაგში 5-20 მგ ფარგლებში მერყეობს, მ.შ. ნიტრატების რაოდენობა 100 გ მშრალ ნიადაგში 1 მგ არ აღემატება. ამასთან საძოვრის ნიადაგში ზოგჯერ 3-4 ჯერ მეტი მინერალური აზოტია, ვიდრე სათიბებზე, იგი მეტად არათანაბრადაა განაწილებული და ექსკრემენტების გამოყოფის ადგილებზე 600-700 მგ-მდე დიდდება (100 გ მშრალ ნიადაგში).

ამით არის განპირობებული ასეთ ლოკალურ ადგილებზე ბალახის გადახრუკვა და ამიაკის აქროლება. ამონიუმის და ნიტრატების მცენარის მიერ შეთვისებული რაოდენობის აღდგენა ნიადაგში წარმოებს ამონიფიკაციის და ნიტრიფიკაციის პროცესების ხარჯზე, რომლებიც სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობენ, ხოლო წარმოქმნილი ამონიუმი და ნიტრატები სწრაფად შთაინთქმება ხოლმე მცენარეების მიერ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ნიტრატების მცირე რაოდენობა ნიადაგში ამონიუმთან შედარებით განპირობებულია არა მარტო მცენარეების მიერ მათი უფრო სწრაფი შთანთქმით, არამედ იმითაც, რომ ამონიფიკაცია მიმდინარეობს ეკოლოგიური თვისებებით საკმაოდ განსხვავებული მრავალი სახეობის მიკროორგანიზმების ცხოველმოქმედების შედეგად და ხორციელდება ეკოლოგიური პირობების უფრო ფართო ფარგლებში, ვიდრე ნიტრიფიკაცია.

ამონიფიკაცია წარმოებს როგორც აერობულ, ასევე ანაერობულ პირობებში ლპობის ბაქტერიების, აქტინომიცეტების და ობის სოკოების მიერ. მათი ცხოველმოქმედების შედეგად გამოიყოფა ამიაკი, რომლის მცირე ნაწილი ნეიტრალდება ნიადაგში ორგანული და არაორგანული მჟავებით; ამ პროცესების შედეგად წარმოქმნილ ამონიუმის მარილებს ითვისებენ უშუალოდ მცენარეები (ან მიკროორგანიზმები), ხოლო ნაწილის დაჟანგვით მიიღება  ნიტრატები.

ნიტრიფიკაციაში, რომელიც მხოლოდ აერობულ პირობებში მიმდინარეობს, მონაწილეობენ ბაქტერიების სახეობათა შეზღუდული რიცხვი-უმეტესად Nitrosomonas, რომლებიც განაპირობებენ ამონიუმის დაჟანგვას ნიტრიტებად და Nitrobacter, რომელთა მეშვეობითაც წარმოებს ნიტრიტების დაჟანგვა ნიტრატებად.

ნიადაგში წარმოქმნილი ნიტრატები შთაინთქმება მცენარეთა მიერ, ამასთან მათი ნაწილი შესაძლებელია გამოირეცხოს ნიადაგ-გრუნტის წყლის ზედაპირთან ახლო განლაგებულ ტენიან ნიადაგებზე, ან ხანგრძლივი წვიმიანი პერიოდის დროს. გასათვალისწინებელია, რომ ნიტრატების ნაწილი დენიტრიფიკაციის შედეგად გარდაიქმნება მოლეკულურ აზოტად.

აზოტის მიმართ მეტი მოთხოვნილებით ხასიათდებიან მაღალი კოინდარი, სათითურა, მდელოს მელაკუდა, მხოხავი ჭანგა, მრავალწლოვანი კოინდარი, ჩვეულებრივი თივაქასრა, ტყის ჭყიმი, პონტიური დიყი, ბლაგვფოთლა ღოლო და სხვ.

აზოტის მიმართ მცირე მოთხოვნილებებით გამოირჩევიან ცხვრის წივანა, სწორმდგომი ძიგვა, ცისფერი ისლი, ორსახლა ბუსუსტანა, მონაცისფრო ისლი, შებუსული ხარნუყა, ეწრის გვიმრა, ოთხფურცელა, მარწყვა ბალახი და სხვ.

მცენარეთათვის მისაწვდომი ფოსფორით ღარიბ ნიადაგებზე კარგად ხარობს ძიგვა, ცხვრის წივანა, ჩვეულებრივი ნამიკრეფია, საშუალო ცახცახა, მინდვრის გვირილა, მახრჩობელა, შავი ისლი.

ფოსფორით მდიდარ ნიადაგებს მოითხოვენ მხოხავი ჭანგა, მდელოს მელაკუდა, თელისფოთოლა ქაფურა, მდელოს ნემსიწვერა და სხვ. კალიუმით მდიდარ ნიადაგებისათვის დამახასიათებელია სათითურა, ქაჩალი ისლი, ჭაობის ენდრონიკა, სვიისებრი იონჯა. იმ ნიადაგებზე, რომლებიც მცენარისათვის მისაწვდომი კალიუმის სიმცირეს განიცდიან, გვხვდება წითელი წივანა, მახრჩოებელა, ძიგვა, ყვითელთავთა, ჩვეულებრივი გობის ცხვირა და სხვ.

ნიადაგის მჟავიანობის და ტუტიანობა

ნიადაგის მჟავიანობის და ტუტიანობის მიმართ  მდელო-საძოვრულ მცენარეებს რამდენამდე განსხავავებული დამოკიდებულება აქვთ, თუმცა ნიადაგის რეაქცია, ისევე როგორც ფუძეებით და საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფა, არ ახდენს ისეთ მძლავრ გავლენას მდელოს ბალახნარზე, როგორც ეს სახნავ მიწებზე აღინიშნება.

ცნობილია, რომ ნიადაგის რეაქცია შეიძლება იყოს მჟავე (pH 6,7-ზე ნაკლები) ნეიტრალური (pH 6,7-7,0-ის ფარგლებში) და ტუტე (pH 7-ზე მეტი). მდელოს მცენარეულობის ცალკეული სახეოებები ნიადაგის რეაქციის მიმართ არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იჩენენ;

მჟავე ნიადაგებზე კარგად ხარობს სწორმდგომი ძიგვა, კორდის მახრჩობელა, კოკომჟავა, ოთხფურცელა მარწყვა ბალახი, პატარა ხრიალა, მონაცრისფრო ისლი და სხვ.

ტუტე რეაქციის მქონე ნიადაგებისათვის დამახასიათებელია მლაშე გლერტა, ძირტკბილა, შოროქნის ცოცხი და სხვ.

მაღალყუათიანი, საკვებად ძვირფასი მარცვლოვანი და პარკოსანი ბალახების დიდი უმრავლესობა მოსავლის მაქსიმუმს ბუნებრივ და ნათეს სათიბ-საძოვრებზე იძლევა ნიადაგის ოდნავ მჟავე რეაქციის (pH 6,0-6,5) დროს, ცხადია ყველა სხვა ფაქტორის ნორმის ფარგლებში უზრუნველყოფის პირობებში.

ამ ბალახების საკმარისად მაღალი მოსავლის მიღება შეიძლება წყლის, მინერალური კვების ელემენტების და სხვა პირობების ოპტიმალური პარამეტრების ფონზე pH-ის უფრო ფართო ფარგლების (5,7-7,5) დროსაც. ამით არის გაპირობებული მჟავე ნიადაგებზე კირის შეტანის აუცილებლობა და ეფექტურობა. ასე მაგალითად, იონჯის თივის მოსავალი მჟავე ნიადაგებზე კირის სხვადასხვა ნორმით შეტანით ასეთგვარად იცვლებოდა: pH 5,3 – მოსავალი 2,7ტ/ჰა, pH 0,57_4,5 ტ/ჰა, pH 0,6_5,9 ტ/ჰა, pH 0,65_6,5 ტ/ჰა.

აღსანიშნავია, რომ აღმონაცენი უფრო მგრძნობიარეა ნიადაგის რეაქციის მიმართ, ვიდრე ზრდასრული მცენარე. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ კირის შეტანა გაცილებით უფრო ეფექტურია გამდელოებისას ბალახის თესვის წინ, ვიდრე ჩამოყალიბებული ბალახნარის მქონე ბუნებრივ მდელოზე.

ტუტე რექაციის მქონე ნიადაგები, რომლებსაც მნიშვნელოვანი ფართობი უკავიათ გვალვიან რაიონებში, უმთავრესად დამლაშებული, ბიცი და ბიცობი ნიადაგებით არის წარმოდგენილი. ასეთ ნიადაგებზე გავრცელებულია ჰალოფიტები მცენარეები, რომლებიც ეგუებიან ნიადაგის დამლაშებას. საქართველოში დამლაშებული ნიადაგები ზამთრის საძოვრებზეა წარმოდგენილი, ძირითადად უწრეტ და სუსტი წყალწრეტის დაბლობ-ვაკეებზე (ალაზნის ვაკე, ლაკბე, ჩათმა), დახრილ ვაკეებზე (ელდარი, ტარიბანა, სოღანლუღი და სხვ.). ჰალოფიტებიდან აქ ფართოდ არის წარმოდგენილი მლაშე გლერტა, ჩარანი, ხურხუმო, ყარღანი, იალღუნი, ავშანი, წითელწვერა და მრავალი სხვ.

უდაბნოს და ნახევრად უდაბნოს ბუნებრივ საკვებ სავარგულებზე, აგრეთვე ზღვის, ტბების და მდინარეების ნაპირებზე, მოძრავ (ბარხანები) და უძრავ ქვიშრობებზე გავრცელებულია მცენარეთა განსაკუთრებული ჯგუფი ე.წ. ფსამოფიტები.

მათ აქვთ ღეროებზე ყლორტების და დამატებითი ფესვების განვითარების უნარი, ახასიათებთ მთავარი ფესვის ინტენსიური ზრდა, დატოტვა, გრძელი ფესვები და ფესურები, რომლებიც სწრაფად აღწევენ ნიადაგის დატენიანებულ ჰორიზონტს და სიღრმეში 4-5 მეტრამდე, ხოლო ჰორიზონტალურად 10-20 მეტრამდე იზრდებიან.

ფსამოფიტების უმრავლესობის ფოთოლი წვრილი, ძლიერ რედუცირებულია, ზოგიერთ მათგანს ფოთოლი საერთოდ არ გააჩნია. საქართველოში ფსამოფიტები გავრცელებული არიან ნახევრად უდაბნოში, ზოგიერთი ტბის, წყალსაცავის და მდინარის ნაპირებზე. მათ მიეკუთვნება ქვიშრობის ისლი, ამობურცული ისლი, ფრთისებრი სელინი, უძრავ ქვიშრობებზე-ციმბირული კაპუეტა, გიგანტური ელიმუსი, წითელწვერა, ავშანი და სხვ.

ნიადაგის საჰაერო რეჟიმი

ნიადაგის საჰაერო რეჟიმს, ე.ი. ნიადაგში ჰაერის რაოდენობასა და შედგენილობას, როგორც უშუალო, ასევე არაპირდაპირი გავლენა აქვს საკვები სავარგულების მცენარეებზე. ეს განპირობებულია იმით, რომ ნიადაგის ჰაერი მცენარეთა უმრავლესობისათვის და ნიადაგში მობინადრე ორგანიზმებისათვის ჟანგბადის ძირითადი წყაროა, რომელიც საჭიროა აგრეთვე თესლის გაღივებისათვის.

მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ ნიადაგის ჰაერში გოგირდწყალბადის, ნახშირორჟანგის და ზოგჯერ მეთანის შემცველობამ შესაძლოა მიაღწიოს ისეთ რაოდენობას, რომელიც შეაჩერებს, ან მთლიანად გამორიცხავს ბალახოვანი მცენარეების ზოგიერთი სახეობის ცხოველმოქმედებას, თესლის გაღივებას, უარყოფითად იმოქმედებს ბაქტერიების რამდენიმე ჯგუფსა და ნიადაგში მობინადრე ცხოველებზე.

ჰაერის ნაკლებობა ნიადაგში განაპირობებს აგრეთვე ნიადაგის ქიმიური თვისებების ცვლილებებს. ატმოსფეროს ჰაერთან შეადარებით ნიადაგის ჰაერი უფრო მდიდარია წყლის ორთქლით, მნიშვნელოვნად მეტს შეიცავს ნახშირორჟანგს და რამდენამდე ნაკლებს ჟანგბადს.

ნიადაგში არსებული ჰაერის რაოდენობა დამოკიდებულია ნიადაგის ფორიანობასა, ფორების მოცულობასა და წყლით მათი შევსების დონეზე.

ანაერობიოზის  (უჟანგბადობის) პირობებში შენელებულია მცენარეთა მკვდარი ნაწილების მინერალიზაცია, არ წარმოებს ნიტრიფიკაცია, ნახშირორჟანგის ნაცვლად წარმოიქმნება მეთანი, ნიადაგში არსებული არაორგანული ნივთიერებების მინერალიზაციის შედეგად წარმოქმნილი სულფატები გარდაიქმნებიან გოგირდწყალბადად. რკინისა და მანგანუმის ჟანგები გადადიან ზეჟანგებში, რასაც ნიადაგის გალებება მიჰყვება, ხოლო რკინის ზეჟანგს და ორვალენტიან მანგანუმს კი ტოქსიკური თვისებები გააჩნია. ჟანგბადის ნაკლებობა მკვეთრად აფერხებს ფესვის ზრდას, აერობული მიკროორგანიზმების სიცოცხლისუნარიანობას.

სათიბ-საძოვრებზე გავრცელებული ბალახების სხვადასხვა სახეობა არაერთგვაროვან დამოკიდებულებას ამჟღავნებს ნიადაგის ჰაერაციის მიმართ. საკვებად ძვირფასი თითქმის ყველა მცენარე მოსავლის მაქსიმუმს იძლევა კარგი აერაციის მქონე ნიადაგებზე. უფრო მეტად მომთხოვნი ამ მხრივ არიან ფესურიანი მარცვლოვანები (თეთრი ნამიკრეფია, მხოხავი ჭანგა, წითელი წივანა, უფხო შვრიელა, მდელოს მელაკუდა და სხვ).

ამავე დროს ზოგიერთი ბალახი ფესვებში უჯრედშორისების მძლავრი სისტემის განვითარების გამო კარგად ეგუება ცუდად აერირებულ ტენიან ნიადაგს. მათ მიეკუთვნება მკვრივბუჩქიანი მარცვლოვანები (ჭრელი და ცხვრის წივანა, ძიგვა, ლესინგის ვაციწვერა, კეწეწურა, მახრჩობელა და სხვ), აგრეთვე წყლის მოყვარული ჭაობის მცენარეები (ლერწამი, ლელქაში, ლელი და სხვ).

ი. სარჯველაძე / ინტენსიური მიწათმოქმედება/

წყარო: აგროკავკასია

სოია, ჯიშები, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია



 

 სოია ერთწლიანი მცენარეა, მიეკუთვნება პარკოსანთა ოჯახს. სოიას მარცვალი შეიცავს 30-40% ცილას, 20% ცხიმს, 30% სახამებელს, აგრეთვე ბ1 ვიტამინს, ამის გამო მას დიდი სახალხო სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. მისგან მზადდება ფქვილი, ნამცხვარი, მაკარონი, კონსერვები, რძე, ხაჭო, საკვები ზეთი, მარგარინი, ყავა, ხელოვნური ქსოვი-ლი, საღებავი წებო, ლაქი და სხვ.

სოიას დიდი გამოყენება აქვს მეცხოველეობაში, როგორც ცილებით მდიდარ საკვებს. სიმინდთან ერთად მისი მწვანე მასისგან მზადდება საუკეთესო ხარისხის სილოსი. სოია უხვფოთლიანი, სწრაფმზარდი მცენარეა, ამიტომ საუკეთესო სასიდერაციო კულტურაა. ის მოჰყავთ როგორც სუფთა სახით, ისე სიმინდთან შეთესილი. სოიას ფესვთა სისტემა მთავარღერძიანია, რის გამოც ღრმად ჩადის ნიადაგში, ფესვებზე კოჟრის ბაქტერიები სახლობენ, რომლებიც ნიადაგში აგროვებენ აზოტს.

ყვავილი ვითარდება ფოთლის იღლიებიდან, რომელთაც ლურჯი, თეთრი ან იისფერი აქვთ. პარკი შეიძლება იყოს: ბრტყელი, ცილინდრული, ნამგლისებრი და სწორი, შეფერვით – რუხი ყავისფერი ან ჩალისფერი. სოიას მარცვალი ფორმით მრგვალი, მომრგვალო, შავი, ყვითელი, ელიფსური ან მოგრძო თირკმლისებურია, ყავისფერი ან მოწითალო.

ჯიშები

საქართველოში გავრცელებული და დარაიონებულია: კოლხიდა 4, იმერული, გურული, ჭიათურული, ნატახტრის 1, მოწინავე 7, ადრეულა 6 და სხვ. ნიადაგის დამუშავება. ნიადაგი სოიასთვის ზუსტად ისე მუშავდება, როგორც სიმინდისათვის, ანუ ის მოიცავს ნიადაგის მზრალად დამუშავებას, წინამორბედის აღებისთანავე ნაწვერლის აჩეჩვას და სხვ.

განოყიერება

სოიას ნათესის გასანოყიერებლად გამოიყენება როგორც ორგანული, ისე მინერალური სასუქები. წმინდად ნათეს სოიაში ორგანული სასუქი ძირითადი ხვნის წინ უნდა იქნას შეტანილი, მინერალური სასუქები – მზრალად ხვნის დროს. ამასთან, გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს მცენარის დამატებითი გამოკვება აზოტით. დასავლეთ საქართველოში ჰექტარზე შეტანილ უნდა იქნას 3,5-5,0 ცენტნერი სუპერფოსფატი და 0,7-0,8 ც. კალიუმიანი სასუქი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარის პირობებში შეაქვთ 2,5-3,3ც. სუპერფოსფატი და 0,7-0,8ც. კალიუმიანი სასუქი.

ზოტიანი სასუქების მცირე დოზა კარგ ეფექტს იძლევა ზრდის დასაწყისში.

თესვა, თესვის წესი და თესვის ვადა

საქართველოში სოიას თესვის ვადად მიჩნეულია 10-დან 20 აპრილამდე. სოიას სიმინდთან შეთესვის დროს თესვის ნორმაა 8-10კგ ჰა-ზე. ხოლო სოიას სუფთად თესვის შემთხვევაში ჰა-ზე საშუალოდ 3040კგ თესლი ითესება. ფართო მწკრივებად თესვის დროს მწკრივებს შორის დაშორება 60-70სმ, ხოლო მცენარეებს შორის _ 18-20სმ-ია. იყენებენ ზოლებრივ თესვასაც, ზოლებს შორის მანძილი 60-70 სმ-ის, ხოლო ზოლში მწკრივებს შორის 15-45სმ დაშორებაა. სოია ითესება აგრეთვე კვადრატულ-ბუდობრივად 60×60 ან 70×70სმ-ის. დაცილებით, ბუდნაში 5-6 მცენარის დატოვებით.

სოია ითესება 4-5სმ სიღრმეზე. ნათესის მოვლა. სოიას ნათესის აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდეგ ნიადაგმა ქერქი თუ გაიკეთა, აუცილებელია მისი კბილებიანი ფარცხით დაფარცხვა. ამის შემდეგ, სარეველების გამოჩენისთანავე ტარდება I კულტივაცია და თოხნა და უნდა გამეჩხერდეს დადგენილ სიხშირემდე, ხოლო 15-20 დღის შემდეგ – II კულტივაცია და თოხნა.

მოსავლის აღება

სოია იჭრება მზიან ამინდში, ფოთლებისა და პარკების შეხმობისას, ცვენადი ჯიშები კი უნდა მოიჭრას შუა იარუსის პარკების მომწიფებისთანავე.
სიმინდში შეთესილი სოია სიმინდის მარცვლის აღების შემდეგ უნდა იქნას აღებული დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ.

სოიას გამოლეწვა შეიძლება ხორბლის სალეწი მანქანით. მარცვლის დამტვრევის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა შემცირდეს სალეწი აპარატის ბრუნვათა რიცხვის რაოდენობა.

რუსუდან ძიძიშვილი,

სმ მეცნიერების დოქტორი

წყარო: agronews.ge

მცენარის ყვავილი, ნაყოფი, თესლი

ყვავილის ტიპები _ არჩევენ ორსქესიან და გაყოფილსქესიან ყვავილებს. ორსქესიან ყვავილებს ორივე სასქესო ორგანო აქვს: ბუტკოც და მტვრიანაც. გაყოფილსქესიანებს კი აქვთ ან მხოლოდ ბუტკო, ან მხოლოდ მტვრიანები. მცენარეთა უმეტესობა ორსქესიანია (71%). არსებობს ერთსახლიანი და ორსახლიანი მცენარეები. ერთსახლიანია(7%) – ის მცენარეები, რომელზეც ორივე სქესის ყვავილი მოიპოვება( სიმინდი, გოგრა, კიტრი, მუხა). ორსახლიანებია(5%) – ის მცენარეები, როცა ერთ მცენარეზე არის ერთი სქესის ყვავილები, ხოლო იმავე მცენარის მეორე ინდივიდზე არის მეორე სქესის ყვავილი (ლეღვი). არსებობს ასევე მრავალსახლიანი მცენარეები(10%), რომელთაც ერთ მცენარეზე მამრობითი ყვავილი აქვთ, მეორეზე მდედრობითი და მესამეზე კი ორსქესიანი ყვავილები აქვთ. გვხვდება ასევე პოლიგამიური მცენარეები, რომელთა ერთიდაიგივე ინდივიდზე გვხვდება მამრობითიც, მდედრობითიც და ორსქესიანი ყვავილებიც (ნესვი).

ყვავილედის ტიპები 
მცენარეებზე ყვავილები გვხვდება ერთეულად ან შეკრებილი ყვავილედებად. აგებულების მიხედვით არჩევენ შემდეგი სახის ყვავილედებს – მტევანს, თავთავს, კალათ, ქოლგას და ა.შ.

1. მტევანი; 2. ცოცხი ანუ საგველა; 3. მარტივი თავთავი; 4. რთული თავთავი; 5. მარტივი თავთავი 6. მარტივი ქოლგა; 7. კალათი; 8. რთული ქოლგა; 9. ტარო;

ყვავილის აგებულება

ყვავილის შემადგენელი ნაწილებია: ყვავილსაჯდომი, ჯამის ფოთოლაკები, გვირგვინის ფურცლები, ბუტკო და მატვრიანები.
ჯამის ფოთოლაკები – მცირე ზომის მწვანე ფოთოლაკებია, რომელიც ყვავილის გარეთაა და ქვემოთ. მისი ფორმა და ზომა სხვადასხვა მცენარეში განსხვავებულია.

გვირგვინის ფურცლები – სხვადასხვა ფრად შეფერილი, სხვადასხვა სიდიდის და ფორმის ფურცლებია.

მტვრიანა – მამრობითი სასქესო ორგანოა. მისი რაოდენობა სხვადასხვა მცენარეში სხვადასხვაა. მტვრიანა შედგება სამტვრე პარკისა და ძაფისაგან. სამტვრე პარკს აქვს 2 ნახევარი. ყოველი ნახევარი კიდევ 2 ბუდეს შეიცავს. სულ აქვს 4 ბუდე. ბუდეებში წარმოიქმნება მტვრის მარცვლები.

მტვრის მარცვლის სიცოცხლისუნარიანობა ნარჩუნდება სხვადასხვა მცენარეში სხვადასხვა დროის განმავლობაში. რამდენიმე საათიდან რამოდენიმე დღე-ღამემდე ან რამოდენიმე წლამდე. მაგ. ვაშლის მტვრის მარცვალი ინახება 70-210 დღე, ქლიავი – 180-220 დღე, მზესუმზირის 1 წელი, ფინიკის პალმის 10 წელი. პურეულების მტვრის მარცვალი(სიმინდი, ხორბალი, ჭვავი) -3-5 დღე (თუ დაცული იქნება შენახვის წესები).

ბუტკო (გინეცეუმი) – ბუტკოც შეიძლება იყოს რამოდენიმე, უმეტეს შემთხვევაში კი ერთია. ის შედგება ნასკვის, სვეტის და დინგისგან. დინგი გამოყოფს ნივთიერებას (სეკრეცულს), რომელიც იკრობს მტვრის მარცვალს და ის ხელს უწყობს მის გაღივებას. სვეტს დამაკავშირებელი და გამტარი ფუნქცია აქვს დინგსა და ნასკვს შორის. ნასკვი ბუტკოს მთავარი ორგანოა, სადაც ხდება თესლის ჩამოყალიბება. ნასკვში მოთავსებულია ერთი ან რამოდენიმე თესლკვირტი. დამტვერიანების ანუ მტვრის მარცვლის ბუტკოს დინგზე მოხვედრის შემდეგ ის იწყებს გაღივებას. წარმოიქმნება მტვრის მილი. ის იზრდება იმ ნივთიერებათა ხარჯზე, რომელიც არის მტვრის მარცვალში. ასევე ის იყენებს დინგის ნივთიერებებს.

მოხვდება რა ნასკვში, მტვრის მილი უმეტეს შემთხვევაში შედის თესლკვირტში. მიაღწევს რა ჩანასახის პარკს გადაღვრის მასში თავის შემადგენლობას. ორი გენერაციული ბირთვიდან (სპერმა უჯრედი) ერთი უერთდება კვერცხუჯრედს, მეორე კი ცენტრალურ უჯრედს. ხდება ორმაგი განაყოფიერება( აღმოაჩინა ნავაშინმა 1898წ). განაყოფიერების შემდეგ ნასკვიდან ვითარდება ნაყოფი, ხოლო თესლკვირტში ვითარდება თესლი, კვერცხუჯრედიდან კი, რომელიც მოთავსებულია ჩანასახის პარკში – მომავალი მცენარის ჩანასახი.

ყვავილობა

სხვადასხვა მცენარეს ყვავილობა სხვადასხვა დროს ახასიათებს. ასევე სხვადასხვაა ყვავილობის ხანგრძლივობაც. ყვავილობაში იგულისხმება პერიოდი პირველი ყვავილის გაშლიდან ბოლო ყვავილის დაყვავილებამდე.

ერთწლიანები რა თქმა უნდა ყვავილობენ პირველსავე წელიწადს. ორწლიანები ყვავილობენ სიცოცხლის მეორე წელს.

მრავალწლიანები ყვავილობენ ბევრჯერ ( ყოველ წელს), მაგრამ იწყებენ ყვავილობას სხვადასხვა დროს: მრავალწლიანი ბალახები ყვავილობას იწყებენ პირველსავე წელს, ხე-მცენარეები – V, X, XV წელს. ხეხილოვანი მცენარეები 1-2 წლის შემდეგ. არის მრავალწლიანი მცენარეები, რომლებიც ერთხელ ყვავიან სიცოცხლის განმავლობაში.

ცალკეული ყვავილის ყვავილობის ხანგრძლივობა სხვადასხვა მცენარეში სხვადასხვაა. ეს პროცესი, ისევე როგორც მთელი მცენარის ყვავილობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მემკვიდრულ თავისებურებებზე და გარემო ფაქტორებზე(განათება, ტემპერატურა, ტენიანობა, კვება და სხვა). ზოგი მცენარის ყვავილი იშლება მოკლე დროით, მაგ. 20-30წთ-ით, ზოგის (ორქიდეა) – 70-80 დღეა გაშლილი, ზოგი 1 დღით (ბამბა). სხვადასხვა მცენრეში ყვავილები იშლება სხვადასხვა დროს. ამაზეა დაფუძნებული ე.წ. ყვავილობის საათი, რომლის მიხედვით ზუსტად შეიძლება დროის დადგენა.

დამტვერიანება

ეს არის ყვავილის მტვრის გადატანა ბუტკოზე. დამტვერიანების მიხედვით არჩევენ მცენარეების 2 ჯგუფს: თვითდამამტვერიანებელ და ჯვარედინდამამტვერიანებელ მცენარეებს. უმეტესობა მცენარეებისა ჯვარედინდამამტვერიანებელია, მხოლოდ მცირე რაოდენობაა თვითდამამტვერიანებელი. თვითდამტვერიანება ნიშნავს, როცა ცალკეული ყვავილის მტვერი ამტვერიანებს თავისავე ბუტკოს დინგს. ასეთებს მიეკუთვნებიან: ხორბალი, წერი, შვრია, ბარდა, ლობიო, პომიდორი, ბამბა, სელი და სხვა….. ზოგჯერ თვითდამამტვერიანებელ მცენარეს ახასიათებს ჯვარედინდამტვერვაც. მაგ. ბამბაში და სელში 3-5% ჯვარედინდამტვერვაც ხდება.

ჯვარედინდამტვერვა ეწოდება ერთი მცენარიდან მეორე მცენარის ყვავილის ბუტკოზე მტვრის გადატანას. მტვერი გადადის ქარის, მწერის, წყლის, ფრინველის… საშუალებით. მწერებს იზიდავს მტვერი და ნექტარი(შაქრიანი სითხე, რომელიც გროვდება მცენარის ჯირკვლებში. განსაკუთრებულ როლს დამტვერიანებაში ასრულებენ ფუტკრები, რომლებიც აგროვებენ ნექტარს. იმ მცენარეებს, რომლებიც მწერების საშუალებით იმტვერებიან აქვთ მათ მისაზიდად მკვეთრი შეფერილობა, სურნელი, ივითარებენ ყვავილედს. მწერით დამამტვერიანებელ მცენარეებს ენტომოფილები ეწოდება. მნიშვნელოვანი რაოდენობა მცენარეებისა იმტვერება ქარის საშუალებით(19%), მათ ანემოფილებს უწოდებენ ( სიმინდი, ჭვავი). ამ მცენარეებს არ აქვთ მიმზიდველი ყვავილები. ისინი ივითარებენ დიდი რაოდენობით მტვერს, რომელიც ადვილად გადადის ქარის საშუალებით. ზოგ მცენარეს აქვს გარკვეული მოწყობილობა იმისათვის, რომ არ მოხდეს თვითდამტვერვა. მათ ახასიათებთ ე.წ. დიქოგამია, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ბუტკო და მტვრიანა სხვადასხვა დროს მწიფდება(სიმინდი). ასევე ზოგს ახასიათებს ჰეტეროსტილია: მაღალი ბუტკო და დაბალი მტვერიანები(წიწიბურა). მრავალი ჯვარედინდამამტვერიანებელი მცენარე შეიძლება დაიმტვეროს საკუთარი მტვერითაც, მაგრამ ამ შემთხვევაში თაობა ნაკლებ სიცოცხლისუნარიანი გამოდის.

არსებობს ასევე ხელოვნური დამტვერიანება (ჰიბრიდიზაცია), რომელსაც აწარმოებს ადამიანი ახალი ჯიშების მიღების მიზნით.

ნაყოფი

ნაყოფი ძირითადად ვითარდება ნასკვისგან. არჩევენ ნამდვილ ნაყოფს და ცრუ ნაყოფს. ნამდვილი, როგორც ზემოთ ვთქვით ვითარდება ნასკვისაგან, ხოლო ცრუ ნაყოფის წარმოქმნაში მონაწილეობს აგრეთვე ყვავილის სხვა ნაწილებიც.

ნაყოფები არსებობს წვნიანი და მშრალი. მშრალ ნაყოფს აქვს მშრალი ნაყოფსაფარი (პერიკარპიუმი), რომელიც შეიძლება გაიხსნას და მაშინ თესლი ცვივა გარეთ, ან შეიძლება დარჩეს გაუხსნელი. ამიტომ მშრალი ნაყოფები იყოფა: ხსნად(ცვენად) და უხსნად (არაცვენად) ნაყოფებად. არაცვენადი ნაყოფებს თესლურა აქვს ტყავისებური ნაყოფსაფარი (პერიკარპიუმი), შიგნით მოთავსებულია ერთი თავისუფალი მარცვალი. კაკალი – ერთთესლიანი ნაყოფია, მარცვალი – აქვს ხორბალს, ქერს, ჭვავს, შვრიას, სიმინდს. ნაყოფედი აქვს ჭარხალს, 2-3 თესლიანი ერთად შეკრული. ცვენადი ნაყოფი აქვს:

პარკოსნებს, რომელთა ნაყოფს პარკი ეწოდება – ლობიო, ბარდა, სოია. ასევე ცვენდი ნაყოფია ჭოტი( რაფსი), კოლოფი( ბამბა, სელი).


თესლი

გარეგნული აგებულება, თესლი შედგება ჩანასახისგან, სამარაგო (საკვები) ნივთიერებისგან და კანისგან, მისი ზომები და ფორმა სხვადასხვაა. ის შეიძლება იყოს მრგვალი, ბრტყელი, ცილინდრული, უსწორმასწორო ზედაპირით, თირკმლისებური, ოვალური. თესლის შეფერილობაც სხვადასხვაა.

შინაგანი აგებულება,  ჩანასახი – ეს არის ჩანასახოვანი მცენარე. ის შედგება ფესვისგან, პირველადი ფოთლისგან(ორლებნიანებში -2 – ია, ერთლებნიანებში -1, შიშველთესლიანებში-რამოდენიმე) და კვირტისაგან, რომელიც არის მომავალი ღეროს და ფოთლების ჩანასახი.

სამარაგო(საკვები) ნივთიერებების მიხედვით თესლებს ყოფენ 4 ჯგუფად:

1. თესლი ენდოსპერმით – პურეულები, კარტოფილი, სტაფილო(ძირითადად ერთლებნიანები).

2. თესლი ენდოსპერმის გარეშე – ორლებნიანები, ჩანასახი დიდია, საკვები ნივთიერება გროვდება ლებნებში: პარკოსნები, გოგროვანები…..

3. თესლი პერისპერმით – აქ ძლიერ განვითარებულია თესლკვირტის ნუცელუსი სამარაგო ნივთიერებით.

4. თესლი ენდოსპერმით და პაერისპერმით – იშვიათად გვხვდება, სამარაგო ნივთიერება ენდოსპერმშიცაა და პერისპერმშიც ( შავი პილპილი).

ქიმიური შედგენილობა

ქიმიური შედგენილობის მიხედვით გამოიყოფა შემდეგი ჯგუფები:

1. ზეთოვანი მცენარეები – რომელთა თესლი შეიცავს 40-65% ცხიმს: სელი, მზესუმზირა, კანაფი, აბუსალათინი…….

2. სახამებლიანი მცენარეები – შეიცავენ 50-60% სახამებელს: პურეულები

3. ცილოვანი მცენარეები – შეიცავენ 25-40% ცილებს: პარკოსნები მცენარეთა 90% აქვს ზეთოვანი თესლი, 7% სახამებლიანი.

თესლის მოსვენებითი მდგომარეობა

თესლი დათესვამდე რაღაც პერიოდში არის მოსვენებით მდგომარეობაში, ამ დროს სასიცოცხლო პროცესები შენელებულია. ამ პერიოდს პურეულებში ეწოდება “აღებისშემდგომი მომწიფება”. სხვადასხვა მცენარეს ეს პერიოდი სხვადასხვა ხანგრძლივობით აქვს. არჩევენ “ ღრმა მოსვენებით მდგომარეობას”. ამ დროს, მიუხედავად ხელსაყრელი პირობებისა, თესლი არ აღმოცენდება. ასევე არსებობს “ იძულებითი მოსვენებითი მდგომარეობა”, რომელიც გამოწვეულია ერთ-ერთი ფაქტორის არ არსებობით. ასეთ დროს შეიძლება მრავალი მცენარის თესლმა შეინარჩუნოს აღმოცენების უნარი. მაგ: ბოსტნეულთა თესლი ინახება 4-8 წელი, პურეულთა – 10 წლამდე, ზოგიერთი სარეველას თესლი რამოდენიმე ათეული წელი.

თესლის გაღივება

1. იმისათვის, რომ თესლი გაღივდეს საჭიროა გარკვეული გარემო პირობები. უპირველეს ყოვლისა წყალი, რომელიც იწვევს თესლის გაჯირჯვებას. უჯრედები იწყებენ გაძლიერებულ ფუნქციონირებას, ძლიერდება მათში ფერმენტაციული პროცესები, სკდება თესლის კანი.

2. გაღივებისთვის ასევე საჭიროა ჰაერი. ჟანგბადი უზრუნველყოფს თესლის სუნთქვას, რომელიც გაღივებისას ძლიერდება.

3. შემდეგი ფაქტორია – ტემპერატურა, რომელიც სხვადასხვა მცენარისათვის სხვადასხვაა. პურეულები ღივდება 0-50°C-მდე, სიმინდი – 100°C-ზე, კიტრი 150°C-ზე.

ზოგიერთი მცენარისთვის ასევე აუცილებელია სინათლეც.

ზოგი მცენარის თესლი ღივდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ ვამყოფებთ მათ დაბალ ტემპერატურაზე. ამ პროცესს სტრატიფიკაცია ეწოდება. მაგ. მსხალი, ვაშლი, ალუბალი, ზოგი ბალახოვანი და საკვები მცენარე და სხვა. მცენარეთა თესლს ამყოფებენ ნოტიო ქვიშაში ზამთრის განმავლობაში. გაზაფხულზე ასეთი თესლი კარგად ღივდება. ზოგ მცენარეს აქვს სქელი საფარი(კანი), რაც ხელს უშლის შიგნით წყლის შეღწევას და გაღივება ჭიანურდება. ამ დროს იყენებენ სკარიფიკაციას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თესლს უზიანებენ გარსს(ხეხავენ ქვიშაში). ასეთია მაგ. ხანჭკოლა.

როცა თესლი ღივდება, ჯერ იწყებს ზრდას ფესვაკი, შემდეგ ღერაკი. იმ ადგილას, სადაც ფესვი გადადის ღეროში – ფესვის ყელს უწოდებენ. აღმონაცენის მონაკვეთს ლებნებიდან ფესვის ყელამდე ეწოდება ლებნისქვეშა მუხლი ან ჰიპოკოტილე, ხოლო მონაკვეთს ლებნიდან კენწრულ კვირტამდე – ეპიკოტილე ან ლებნისზედა მუხლი ეწოდება. კენწრული კვირტისაგან გაიზრდება ღერო ფოთლებით. როცა მცენარე განივითარებს მწვანე ორგანოს(ფოთლებს), უკვე ხდება დამოუკიდებელი.

ნაყოფის და თესლის მნიშვნელობა – დიდია. ისინი არა მარტო საკვებ ნივთიერებას შეიცავენ, არამედ არიან დიეტური პროდუქციის და ვიტამინების წყარო. თესლი ბუნებაში ვრცელდება სხვადასხვა გზით – ქარით, ცხოველით, ფრინველით…

ლ.ალფაიძე,

ე.მოთიაშვილი,

ნ. ჭანკვეტაძე

წყარო: agronews.ge

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი მიწის ბაზრის განუვითარებლობაა

როგორც ISET Policy Institute-ს კვლევაშია ნათქვამი არარეგისტრირებული მიწების დიდი რაოდენობა ხელს უშლის მიწების კონსოლიდაციასა და დარგში პროდუქტიულობის გაზრდას.

იუსტიციის სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, მიწის რეგისტრაციის 2016 წლის რეფორმის ფარგლებში, 543 139 ფიზიკურმა პირმა  130 943 ჰა მიწა დაარეგისტრირა,  1 431 იურიდიულმა პირმა კი _1 793 ჰა, ხოლო საჯარო საკუთრებაში მოექცა  34 131 საჯარო დაწესებულების  169 241 ჰა მიწა.

2016 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებულ იქნა 1 212 173 ჰა მიწა, ხოლო შემდგომ  დამატებით 301 976 ჰა. დღეისთვის მთლიანი რეგისტრირებული მიწის ფართობი შეადგენს 1 514 149 ჰა, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწების 45%-ია, ხოლო დანარჩენი 55% არ არის რეგისტრირებული. 2016 წლის შემდეგ რეგიონებში ყველაზე დიდი ფართობის რეგისტრირება მოხდა კახეთში, ხოლო ყველაზე დიდი რაოდენობის ნაკვეთების რეგიტრაცია მოხდა იმერეთში.

რაც შეეხება საკვების ფასებს, წინა წელთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 3.2%-ით გაიზარდა, რამაც სფი 1.0 პროცენტული პუქტით გაზარდა. 2019 წლის იანვარში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა სურსათის შემდეგ ჯგუფებში შემავალმა პროდუქტებმა:  თევზეული (+12.3%), პური და პურპროდუქტები (+10%), ბოსტნეული და ბაღჩეული (+6.5%).

2019 წლის იანვარში ბოსტნეულის კატეგორიაში შემავალი პროდუქტების ფასები 2018 წლის დეკემბეთან შედარებით 15.8%-ით, ხოლო 2018 წლის იანვართან შედარებით 6.5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2019 წლის იანვარში კომბოსტოს ფასები ყველაზე მეტად, 75%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. კომბოსტოს ფასების ასეთი ზრდა გასაკვირია, როცა წელი მხოლოდ ახლა დაიწყო.

ვაჭრობის სტატისტიკის მიხედვით, კომბოსტოს იმპორტის როგორც ღირებულება, ისე რაოდენობაც გაიზარდა. 2019 წლის იანვარში კომბოსტოს იმპორტის ღირებულებამ 80 311 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს – 44 048 აშშ დოლარს, 82%-ით აღემატება. იმავე პერიოდში, კომბოსტოს იმპორტის რაოდენობა 132%-ით გაიზარდა, 200.64 ტონიდან 466.38 ტონამდე. იმპორტის ზრდას, წესით, ფასების შემცირება უნდა გამოეწვია, თუ ადგილობრივი წარმოება არ არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, კომბოსტოს ფასების ზრდა შესაძლოა, ადგილობრივი წარმოების შემცირებას გამოეწვია. სამწუხაროდ, წარმოების შესახებ სტატისტიკური მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

საქსტატის 2018 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. ეს იგივე ზრდის ტემპია, რაც 2017 წელს დაფიქსირდა.

2017 წელი საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის საკმაოდ ბევრი გამოწვევით ხასიათდებოდა,  რის შედეგადაც სექტორში პროდუქციის გამოშვება 3.5%-ით შემცირდა.

2017 წლისგან განსხვავებით, სოფლის მეურნეობას 2018 წელს დადებითი ზრდის ტემპი ჰქონდა, თუმცა ეს ზრდა საკმაოდ მოკრძალებული,  0.7% იყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან მშპ-ში შემცირებას განაგრძობს და 2018 წელს 7.7% შეადგინა, მაშინ როცა 2017 წელს ეს მაჩვენებელი 8.0% იყო.

ქვეყნის მთლიან მშპ-ში სოფლის მეურნეობის დაბალი წილი გასაკვირი არაა, იქიდან გამომდინარე, რომ 2017 წელს მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 6.4% იყო (CIA-ს შეფასება). ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია განვითარებულ ქვეყნებში და 1%-დან 3%-მდე მერყეობს. ამდენად, საქართველოს ეკონომიკისათვის ამ მაჩვენებლის შემცირება არ იქნებოდა საზიანო, რომ არა ერთი ფაქტი – საქართველოში სამუშაო ძალის დაახლოებით 40% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2018 წელს სოფლის მეურნეობაში დასაქმების მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 26% იყო, თუმცა განვითარებულ (OECD-ის) ქვეყნებში იგი 5%-ს არ სცდება.

სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა მაღალი მაჩვენებლით (40%-ის ფარგლებში), საქართველო ისეთი ქვეყნების რიცხვშია, როგორიცაა გაბონი, განა, ჰაიტი, ინდოეთი, კენია, მაროკო, ნიგერია, პაკისტანი, ვიეტნამი და სხვ. თუ მსოფლიო ბანკის 2018 წლის მონაცემებში ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შევხედავთ, ყველა მათგანს უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე საქართველოს: აზერბაიჯანი – 37%, სომხეთი – 33%, თურქეთი – 19%, რუსეთი – 7%.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფერმერთა უმრავლესობა მიეკუთვნება ე.წ. „შემთხვევით ფერმერებს“ და არა „მოწოდებით ფერმერებს“, სოფლის მეურნეობაში დასაქმების მაღალ მაჩვენებელს იწვევს ისიც, რომ ეკონომიკის სხვა სექტორებში სამუშაო ადგილების სიმცირეა. ამასთანავე, „შემთხვევითი ფერმერების“ უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს ცოდნისა და უნარების მხრივ. ამდენად, სოფლის მეურნეობაში არსებული მაღალი დასაქმების მაჩვენებელი და მშპ-ში ამ სექტორის შემცირებული წილი იმაზე მიუთითებს, რომ საჭიროა პროფესიული განათლების გაძლიერება და სტრუქტურული ცვლილებები სექტორში.

agronews.ge

წყარო: agronews.ge