კიბუცი

კიბუცების ისტორია 1882 წელს პალესტინაში ებრაელთა სიონისტურ ჩასახლებას უკავშირდება. უმუშევრობა და ყოფის მძიმე პირობები მშრომელებს ურთიერთდასახმარებლად გაერთიანებას აიძულებდა. ეს ჯგუფები ერთად ასრულებდნენ საიჯარო სამუშაოებს, ქმნიდნენ საკუთარ საწარმოებს. ინდივიდუალური შემოსავლების ერთად თავმოყრა ჯგუფის ყოველი წევრის სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს უზრუნველყოფდა. განვითარება იწყო კოოპერატივებმა, სამომხმარებლო და სამრეწველო ამხანაგობებმა.

ისინი ისრაელის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 70%
აწარმოებენ

დასახლების სიონისტურმა საზოგადოებამ, 1910 წელს, ექსპერიმენტის სახით მუშათა ჯგუფს დასამუშავებლად მიწის ნაკვეთები გადასცა. სწორედ ეს მიიჩნევა პირველი კიბუცის (პატარა თანამეგობრობა) დაარსების თარიღად.
სასოფლო-სამეურნეო საწარმოო ამხანაგობამ სხვა ტიპის დასახლებებთან შედარებით სწრაფად დაამტკიცა თავისი უპირატესობა. შრომის კოლექტიური ფორმა იდეალური აღმოჩნდა სიონისტური მოძრაობის მიზნის – ეროვნული აღორძინების განსახორციელებლად.
კიბუცების სოციალური სტრუქტურა იმიგრანტთა სოციალურ იდეალს ასახავდა. მისი გულისგული წევრთა აბსოლუტური თანასწორობის პრინციპი იყო. ეს გამოიხატებოდა როგორც პირადი საჭიროებების დაკმაყოფილებაში, ასევე მათ მონაწილეობაში მეურნეობის წარმართვასა და დასახლების მართვაში. კიბუცის ყოველი წევრი განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შესაქმნელად იღვწოდა, მაგრამ პრინციპულად უქვემდებარებდა პირადულ ინტერესებს – საერთოს. ეს კი ყოველი ინდივიდის მკაცრ დისციპლინასა და თავდადებას განაპირობებდა. ვინაიდან ყოველ იმიგრანტს არ შესწევდა ცხოვრების ასეთი წესის ატანის ძალა, მეოთხე ალიის (ასვლის) დროს კოლექტიური დასახლებების უფრო ლიბერალური ტიპი – მოშავები ჩამოყალიბდა.
ეს დასახლებები `ებრაელთა ნაციონალური ფონდის’’ მიწებს ამუშავებდა, მაგრამ ოჯახებს ეფუძვნებოდა როგორც თანამეგობრობის სოციალურ ელემენტს. კოოპერაციის სიმძიმის ცენტრი შესყიდვებსა და ბაზარზე გასვლისაკენ ინაცვლებდა.

დემოკრატია
კიბუცის ერთ-ერთი ღირსება ბაზრის დემოკრატიულობის მაქსიმალურად განხორციელებაა. ამის დასტური უპირველესად კიბუცის მრავალრიცხოვანი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ინსტიტუტია. მათი დანიშნულება გადაწყვეტილებების დროს წევრთა რაც შეიძლება აქტიური, ხარისხიანი მონაწილეობაა.

ეკონომიკური თანასწორობა

კიბუცთა მოძრაობის მიზანი, ექსპლუატაციისაგან თავისუფალი უკლასო თანამეგობრობის შექმნაა. წარმოების საშუალებებზე კოლექტიური საკუთრება, კოლექტიური წარმოება და კოლექტიური მოხმარება კიბუცის წევრთა ეკონომიკურ თანასწორობას უზრუნველყოფს.
მაგრამ თანასწორობის პრინციპები სულაც არ ნიშნავს, რომ ყველამ ერთი და იგივე აკეთოს და ერთსა და იმავე ქონება ჰქონდეს. სწორედ ამ მხრივ არის ინდივიდუალური მიდგომა. ცალკერძ, თითოეულისაგან – შესაძლებლობებისდა მიხედვით. ადამიანებს სხვადასხვა უნარი შესწევთ და ყოველ მათგანს ინდივიდუალური შესაძლებლობების შესატყვისი წვლილი შეაქვს საერთო საქმეში. და პირიქითაც, ზუსტად ასეა – თითოეული მოთხოვნისდა მიხევდით. ანუ, იქაც იმით ხელმძღვანელობენ, რომ ინდივიდუალური მოთხოვნები ყველას განსხვავებული აქვს. აცნობიერებენ : შესაძლებლობები და შრომის შედეგები მოთხოვნილებებთან არა რის დაკავშირებული. კიბუცში მთლიანობაში არის კავშირი შრომის შედეგებსა და მოთხოვნათა დაკმაყოფილებას შორის, მაგრამ ეს კავშირი ინდივივუალურ დონეზე აღარ არის. ეს ნიშნავს, რომ სამომხმარებლო საჭიროებების განაწილებისას არ ანსხვავებენ ინჟინერსა და უბრალო მუშას.
ასეთი უკიდურესი კოლექტიურობის ფუძემდებლური პირობა ნებისმიერი გაწეული შრომის ფარდი შეფასება და პირადი ქონების არქონაა (თავისუფალ პირად მოხმარებაში მხოლოდ ჯიბის ფულია). კიდევ ერთი აუცილებელი წინაპირობა – ყოველგვარი კერძო ეკონომიური მუშაობის აკრძალვა, რადგანაც დაქირავებული შრომისას ინდივიდუალური შედეგების გათვლაა შესაძლებელი, რადგან დაქირავებული შრომა უარყოფითად მოქმედებს სოციალურ სფეროზე და თვით კიბუცის პრინციპზე, ამ საკითხში კიბუცებისთვის კომპრომისი გამორიცხულია. კიბუცის წევრთა მიერ მის ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავალი ავტომატურად ამხანაგობას გადაეცემა.
კიბუცში თითქმის გამორიცხულია პრესტიჟული მოთხოვნები რადგანაც ეს, ძირითადად, ანონიმურ საზოგადოებას ახასიათებს, სადაც ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ. კიბუცში კი ყველა ყველას თხემით ტერფამდე იცნობს. ამიტომ პრესტიჟული ეფექტებისაკენ ლტოლვა ნაკლებია. მით უფრო, რომ ამის შესაძლებლობა ძალიან მცირეა – თუ კერძო ავტომობილი არავისა აქვს, როგორღა მოიწონებ თავს პრესტიჟული ავტოთი?
შრომის უშუალო და ინდივიდუალურ ანაზღაურებასა და სათანადო მატერიალურ სტიმულებზე უარის თქმით, კიბუცის მოდელი ბურჟუაზიული ეკონომისტების ფუძემდებლურ პოსტუპატს – თითქოსდა, დიდი შედეგები მხოლოდ კონკურენციისა და ეკონომიკური უთანასწორობის პირობებშია შესაძლებელი – ეწინააღმდეგება.
კიბუცის ეფექტიანობა პირიქით – უფრო მაღალ მორალურ, სოციალურ და პოლიტიკურ მრწამსზეა დაფუძვნებული. ადამიანი `ეკონომიკურ არსებად’’ (`ჰომო ეკონომიკუსი’’) რჩება, ნებაყოფლობით თანხმდება ინდივიდუალურ-მატერიალურ მოთხოვნათა შეზღუდვაზე კოლექტიური კეთილდღეობის სასარგებლოდ, რისი ზრდაც, თავის მხრივ, ინდივიდუალურ მოთხოვნათა უფრო მეტად დაკმაყოფილების წინაპირობაა. ამავდროულად ადამიანი `სოციალური არსებაცაა’’ (`ჰომო სოციალისი’’), რომელიც მზადაა და უნარი შესწევს კიბუცის პრონციპებისა და ფასეულობათა განხორციელებაში მიიღოს მონაწილეობა ეს პრინციპები და ფასეულობებია : თანასწორობა, სამართლიანობა, ურთიერთდახმარება და იმის გაცნობიერება, რომ ყველას თავისუფლება და თვითრეალიზაციის სისრულე კოლექტიურ ორგანიზაციულ პირობაზე – ბატონობისა და ეკონომიკური იძულებისაგან თავისუფლებაზეა დამოკიდებული. ასე თანხვდება ინდივიდისა და კოლექტივის ინტერესები…

ავტორი ანდრო ხეთერელი

დატოვე კომენტარი