ხორშაკი

მეტეოროლოგიური ელემენტები და მათი გავლენა მცენარეთა ზრდა-განვითარებაზე

 

ატმოსფეროს მდგომარეობას განსაზღვრავს ტემპერატურა, ჰაერის ტენიანობა და წნევა, ქარის მიმართულება და სიჩქარე, ღრუბლიანობა, ნალექები, მზის რადიაციის ინტენსივობა, ნიადაგის ტემპერატურა და ტენი, ატმოსფეროს გამჭვირვალობა და სხვ.

ჰაერის წნევა – ატმოსფეროს ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია. ეს არის ძალა, რომელიც აწვება ჰაერის სვეტს მიწის ზედაპირიდან_ატმოსფეროს ზედა საზღვრამდე, გამოისახება მილიმეტრებში ან პასკალებში. ჰაერის წნევის გასაზომად იყენებენ ბარომეტრ ანეროიდს.

მზის რადიაცია ენერგიის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. იგი შედგება 0,2-24 მკმ სიგრძის ელექტრომაგნიტური ტალღებისაგან.

მცენარისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფოტოსინთეზური აქტივობის ენერგიას, ანუ მზის რადიაციის იმ სპექტრს, რომელიც  ფოტოსინთეზის პროცესში იხარჯება. მისი ინტენსივობა მოქმედებს მცენარის ქიმიურ შედგენილობასა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ხარისხზე. მაგ, შაქრის ჭარხლის და ყურძნის შაქრიანობა დამოკიდებულია მზიანი დღეების რაოდენობაზე. მზის რადიაციის გასაზომად იყენებენ აქტინომეტრულ ხელსაწყოებს (აქტინომეტრი, პრანომეტრი, ალბედომეტრი და სხვ.).

ჰაერის ტემპერატურა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეტეოროლოგიური ელემენტია, რომელიც მცენარის ზრდა-განვითარებას განსაზღვრავს. მზის სხივური ენერგიის ნაწილი ხმარდება ჰაერის გათბობას, მცენარის მიერ წყლის აორთქლებას, ნაწილი კი გადაეცემა ნიადაგის ღრმა ფენებს.

მცენარეებში ყველა ფიზიოლოგიური პროცესი გარკვეულ ტემპერატურაზე მიმდინარეობს. აღინიშნება მცენარის სუნთქვის ქვედა ზღვარი (0°C), ინტენსიური სუნთქვა (36-40C°) და სუნთქვის ტემპერატურის მაქსიმუმი (50C°), რომლის ზევით მცენარე წყვეტს სასიცოცხლო პროცესს. ნიადაგის ტემპერატურა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც მოქმედებს მცენარის ზრდა-განვითარებაზე. ნიადაგის ტემპერატურის გასაზომად გამოიყენებენ ვერცხლისწყლიან თერმომეტრებს.

სოფლის მეურნეობაში მომუშავე სპეციალისტებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ნიადაგის ტემპერატურის რეგულირების საკითხი, რათა შეძლონ მცენარის განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნა. მაგალითად, ნიადაგის გაფხვიერება ამცირებს ნიადაგის ტემპერატურას, ნათესების მოსწორება, პირიქით_ადიდებს ტემპერატურას 1-2%-ით.

ნიადაგის ტემპერატურის დარეგულირება შეიძლება აგრეთვე მულჩირებით (ნიადაგის ზედაპრის დაფარვა ტორფით, მოჭრილი ჩალით და სხვ.).

ჰაერის ტენიანობა დიდ გავლენას ახდენს მცენარის ზრდა-განვითარებაზე. ჰაერის ტენიანობის შემცირებისას და ტემპერატურის მომატებისას იზრდება შაქრიანობა, ხორბლოვნებში ცილების შემცველობა და სხვ. მაგრამ ამ დროს იზრდება წყლის აორთქლების პროცესიც, ნიადაგი სწრაფად გამოშრება, რასაც მივყავართ მოსავლიანობის შემცირებამდე.

ჰაერის ტენიანობა მოქმედებს აგრეთვე მრავალი მავნებელ-დაავადების გავრცელებაზე.

ნიადაგის ტენიანობის ძირითად წყაროს ატმოსფერული ნალექები წარმოადგენენ. ამიტომ, მათი განაწილება რეგიონების მიხედვით განაპირობებს მცენარის ტენით უზრუნველყოფის ხარისხს.

მცენარის ტენით უზრუნველყოფა დამოკიდებულია არამარტო ნალექების რაოდენობაზე, არამედ ზედაპირის საფარზე და თვისებებზე, რომელზეც იგი მოდის. მცენარეული საფარი საკმაო რაოდენობით აკავებს მოსული წვიმის სახით ატმოსფერულ ნალექებს, რომელიც იცვლება მისი სიხშირის მიხედვით. ძალიან ხშირი ნარგავები აკავებენ მეტი რაოდენობით ნალექებს.

თოვლის საბურველი წარმოადგენს ნიადაგში ტენის მარაგს და იქცევა მცენარეების წყლით მომარაგების წყაროდ. ნიადაგში ტენის მარაგი დამოკიდებულია ნიადაგის სტრუქტურაზე, ტენის შეთვისება_გამტარიანობაზე, აერაციაზე, ტენტევადობაზე.

სოფლის მეურნეობის წარმოებისათვის ძირითადი მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ ნიადაგის ტენის იმ ნაწილს, რომელიც მისაწვდომია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის და უზრუნველყოფს მოსავლის ფორმირებას, რომელსაც პროდუქტიულ ტენს უწოდებენ.

მცენარეებისათვის ნიადაგში არსებული ტენის მარაგი ზოგჯერ არ არის მისაწვდომი. ამ დროს გარკვეული ნაწილი შეკავებულია ნიადაგის ნაწილაკების მიერ ისე, რომ იგი აღემატება მცენარის მიერ ფესვთა შეწოვის ძალას და ამიტომ მცენარისათვის შეუთვისებელია.

ნიადაგის იმ ტენიანობას, რომლის დროსაც ტენიანობის დეფიციტი მცენარეთა უჯრედებში ვერ აღსდგება მინიმალური ტრანსპირაციის პირობებში, ჭკნობის ტენიანობა – ,,ჭკნობის კოეფიციენტი” ეწოდება. თუ ნიადაგის ტენის მარაგი ტოლია ჭკნობის კოეფიციენტისა, მაშინ მცენარეს არ შეუძლია ნორმალურად აწარმოოს ზრდა-განვითარება და მოსავლის ფორმირება.

სოფლის მეურნეობისათვის სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენები

– წაყინვებს უწოდებენ ჰაერის მინიმალური ტემპერატურის ან ნიადაგის მოქმედ ზედაპირზე 0°-მდე და დაბლა დაწევას წლის შედარებით თბილ პერიოდში (გაზაფხული, შემოდგომა).

ტემპერატურას, რომლის ქვემოთ ვეგეტაციაში მყოფი მცენარეები ზიანდებიან ან იღუპებიან, კრიტიკულს უწოდებენ. კრიტიკული ტემპერატურები სხვადასხვაა. მცენარეთა დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია წაყინვების ინტენსიურობასა და მისი მოქმედების ხანგრძლივობაზე. არსებობს წაყინვების და ზამთრის ყინვების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც პირობითად იყოფა ორ ჯგუფად:

I – ფიზიკური;

II – ბიოლოგიური.

გამოსხივების შემცირება – ნიადაგიდან და მცენარეებიდან გამოსხივება შეიძლება შემცირდეს კვამლის გამოყენებით, რაც რამდენადმე ამცირებს წაყინვების მოქმედებას.

ნამის წერტილის აწევა – იგი შესაძლებელია ჰაერის ტენიანობის გაზრდით, რასაც აღწევენ ნიადაგის უხვად მორწყვით, რომლის დროს წყლის ორთქლი კონდენსირდება და გამოიყოფა ფარული სითბო. ამ შემთხვევაში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 1-2°C-ით.

ჰაერის გათბობა – ჰაერის გასათბობად გამოიყენება თხევადი საწვავები. მისი ეფექტიანობა დამოკიდებულია მათბურების რაოდენობაზე. 1 ცალი მათბური 1 ჰა_ზე იძლევა 1°C-მდე ტემპერატურის ეფექტს (1-1.5 მ სიმაღლეზე), ხოლო 500 ცალი_3-4°C-მდე.

ჰაერის ფენების ერთმანეთში შერევა _ ეფექტურია ე.წ. საქარე დანადგარი (,,ვენტილიატორი”), რადიაციული წაყინვების დროს, რომელსაც ჰაერის ცივი და თბილი მასები მოძრაობაში მოჰყავს და ერთმანეთში ურევს. დანადგარმა მცენარეები შეიძლება დაიცვას –4, _6C°-ის დროს. უფრო დაბალი ტემპერატურების დროს მიზანშეწონილია კომპლექსური ღონისძიების განხორციელება – საქარე დანადგარებთან ერთად თხევადი საწვავების მათბურები და სხვ.

ყინვაგამძლე ჯიშების გამოყვანა სელექციური გზით. სელექციონერები მუშაობენ მცენარეების ისეთი ჯიშების გამოყვანაზე, რომლებიც საკმაოდ ყინვაგამძლენი იქნებიან. ისინი გვიან დაიწყებენ ვეგეტაციას წაყინვების შეწყვეტის შემდეგ და ადრე დამწიფდებიან, წაყინვების დაწყებამდე.

მცენარეთა კვების რეჟიმის რეგულირება – ნიადაგში სასუქების შეტანა უნდა ჩატარდეს დადგენილ ვადებში, რადგან დაგვიანების შემთხვევაში მცენარეებმა შეიძლება ვეგეტაცია გააგრძელონ შემოდგომის ბოლომდე და ამ დროს უმნიშვნელო წაყინვებიც დააზიანებს.

ინცირება (წაჩქმეტა) – მას ძირითადად იყენებენ ციტრუსოვანი კულტურებისთვის ადრე შემოდგომაზე.

კულტურას აცლიან დაახლოებით 10-15 სმ სიგრძის წვეროებს, მცენარე იძულებულია შეწყვიტოს ზრდა და გადავიდეს მოსვენებით მდგომარეობაში. ამ დროს ნაზარდები იწრთობიან დაბალ ტემპერატურაზე და ზამთრის ყინვებს შედარებით უკეთ იტანენ.

– ეს მეთოდი ძლიერი ყინვების შემთხვევაში იცავს მცენარის მიწით დაფარულ ნაწილს. გადარჩენილი ნაწილებიდან გაზაფხულზე საკმაოდ ძლიერი ნაზარდები ვითარდება.

შეფუთვა – ციტრუსების დასაცავად ფართოდ იყენებენ სამფენოვანი დოლბანდით შეფუთვას, თუმცა მისი ეფექტი 1.5-2°C არ აღემატება. იყენებენ აგრეთვე, დოლბანდის შემცველ, უქსოვად ქსოვილს–,,ციტრუსს”, რომელიც ყინვების დროს დოლბანდთან შედარებით 2°C-ით უფრო მეტი ეფექტით გამოირჩევა.

გვალვები _  გვალვების წარმოშობის მიზეზს, უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენს ძლიერი ატმოსფერული პროცესები, რომლებსაც განაპირობებს ჩრდილოეთიდან ან ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრა, რომელიც ხორციელდება ანტიციკლონების სახით და საბოლოოდ მოაქვს მშრალი ამინდები.

ასეთ პირობებში დედამიწის ზედაპირს ძლიერად ათბობს მზის რადიაცია, რომლისგანაც თბება მიწისპირა ჰაერის ფენა და მიმდინარეობს ტემპერატურის მატება. ასეთი ჰაერის პირობებში ინტენსიურად მიმდინარეობს ნიადაგის ზედაპირიდან აორთქლება და მცენარეების მაღალი ტრანსპირაცია, რომლის შედეგად მოკლე პერიოდში იხარჯება ნიადაგის ტენი და მისი მარაგი, ატმოსფერული ნალექების უქონლობის გამო იგი არ ივსება. ამ დროს მცენარეები განიცდიან ტენის ნაკლებობას და ადგილი აქვს გვალვას.

ხორშაკი (ატმოსფერული გვალვა) – კომპლექსურ მეტეოროლოგიურ მოვლენას წარმოადგენს, რომელიც ხასიათდება მაღალი ტემპერატურებით, ჰაერის დაბალი ტენიანობითა და ძლიერი ქარით. აღნიშნული ფაქტორები იწვევს მცენარეების ტრანსპირაციის გადიდებას, ნიადაგის ზედაპირიდან ინტენსიურ აორთქლებას, რაც ძალზე უარყოფითად მოქმედებს სასოფლო_სამეურნეო კულტურების ზრდა-განვითარებასა და მოსავლის ფორმირებაზე.

წვიმა _ წვიმას, რომელიც მოკლე დროში იძლევა დიდი რაოდენობით ნალექებს, უწოდებენ თავსხმას. იგი ხასიათდება ხანგრძლივობით და ინტენსიურობით.

უხვი წვიმის წყლის ნაკადი არ ჩაიჟონება ნიადაგში და სწრაფად მიექანება დამრეცი ადგილებისაკენ, რეცხავს ნიადაგის ზედაპირის ნაყოფიერ ფენას, იწვევს ეროზიას, იგი აყოვნებს თესლების აღმოცენებას, იწვევს მოსავლის დანაკარგს, პროდუქციის ხარისხის გაუარესებას და ა.შ. თავსხმა წვიმებით გამოწვეული ეროზიის საწინააღმდეგოდ, საჭიროა ნიადაგის ზედაპირზე მცენარეული საფარის შექმნა, განსაკუთრებით ეროზიასაშიშ ადგილებში, ტერასების მოწყობა და სხვა მელიორაციული ღონისძიებები.

სეტყვა – მისი წარმოშობა დაკავშირებულია ჰაერის ძლიერ აღმავალ დენებთან, რომელიც ფორმირდება და გვევლინება ელჭექის ხასიათის ღრუბლებიდან. ყველაზე მეტი სეტყვიანობა აღინიშნება მაის-ივნისში. იგი განსაკუთრებით საშიშია მცენარეების ყვავილობისა და ნაყოფების მომწიფების პერიოდში, როცა მათ არ შეუძლიათ აღიდგინონ დაზიანებული ორგანოები და მოგვცენ მოსავალი. სეტყვის ღრუბლებზე ხელოვნური ზემოქმედების მეთოდის საფუძველს წარმოადგენს მსხვილი სეტყვის წარმოქმნის პროცესის შეჩერება. ამ მიზნით სეტყვის ღრუბლების განვითარების დაწყებიდან რამდენიმე წუთის (15-20 წთ.) შემდეგ, მათ ესვრიან სპეციალურ რაკეტებს ან ქვემეხის ჭურვებს, რომლებსაც შეაქვთ ღრუბლებში სეტყვის თავიდან აცილების სათანადო რეაგენტები.

ამოხუთვა – ამ მოვლენისაგან შეიძლება დაზიანდეს საშემოდგომო ხორბალი, ჩაის ფოთლები, როცა ისინი ხანგრძლივი დროის მანძილზე იმყოფებიან ღრმა თოვლის საბურველის ქვეშ (30 სმ და მეტი). მოცემულ პირობებში მცენარის სიცოცხლისუნარიანობა მაღალი რჩება და იგი სუნთქვაზე ხარჯავს საკვები ნივთიერებების მნიშვნელოვან მარაგს, რის გამოც მცენარე შეიძლება დაიღუპოს. ამოხუთვას აჩქარებს სოკოვანი დაავადება, რომელიც ამოხუთვის ხშირი თანამგზავრია.

ლპობა _ საშემოდგომო ნათესების ამოლპობა, ნაწილობრივ ან მთლიანად, შესაძლებელია მათი წყლით დაფარვის შემთხვევაში 20 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში. ასეთ პირობებში მცენარეები იღუპებიან ჟანგბადის უქონლობისა და საკვები ნივთიერებების უკმარისობის შედეგად. ამობერვა – ნიადაგის ფორებში, წყლის გაყინვის დროს, წარმოიქმნება ყინულის კრისტალები, რომლებიც ხეთქავენ და ბერავენ ნიადაგს, მასთან ერთად ფესვებიანად ამოიწევა მცენარეებიც. როცა ნიადაგი გალღვება, ის თანდათან ჩაჯდება, ხოლო მცენარეების ნაწილი მაინც ამოწეული დარჩება ნიადაგიდან. ყველაზე ინტენსიურად ეს პროცესი მიმდინარეობს ჭარბტენიან, უსტრუქტურო და გვიან მოხნულ ნიადაგებზე. მასთან ბრძოლის ღონისძიებას წარმოადგენს ნიადაგის დროული დამუშავება, თესვის ჩატარება ოპტიმალურ ვადებში და ა.შ.

ყინულის ქერქი – წარმოიქმნება ზამთარში ჰაერის ტემპერატურის გათბობისას, თოვლის დნობისაგან ან წვიმის შემდეგ ნიადაგის ზედაპირზე აღნიშნული ფაქტორების გაყინვისას. ყინულის ქერქის სისქე მერყეობს 20-50 მმ-მდე, ზოგჯერ 150 მმ-მდეც. იგი მექანიკურად აზიანებს საშემოდგომო ნათეს კულტურებს, ხელს უწყობს ნიადაგის ზედაპირის ამობერვას და გაყინვას. მის წინააღმდეგ ბრძოლის კარგ საშუალებას წარმოადგენს ზედაპირზე თოვლის საფარის შეჩერება.

რუსუდან ძიძიშვილი,

სმმ დოქტორი, პროფესორი

წყარო: ჟურნალი საქართველო