სტატიები

მიწათმოქმედების საფუძველი

მიწათმოქმედების, როგორც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი დარგის ამოცანაა მოსახლეობა უზრუნველყოს კვების პროდუქტებით და მრეწველობისათვის აწარმოოს ნედლეული. ამასთან შექმნას სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სახელმწიფო სარეზერვო ფონდი.

იწათმოქმედების მიზანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის ისეთი ტექნოლოგიის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ერთეულ ფართობზე მაღალი მოსავლის მიღებას ნაკლები დანახარჯებით. ამის მიხედვით, პირველი რიგის ამოცანა ნათესების სწორი სტრუქტურის შედგენაა, ორგანული და მინერალური სასუქების გეგმაზომიერი გამოყენება, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შემუშავება, პერსპექტიული უხვმოსავლიანი ჯიშებისა და ჰიბრიდების წარმოებაში დანერგვა, ცალკეული კულტურის შესაბამისად აგროტექნიკურ ღონისძიებათა სისტემის თანმიმდევრული და სწორი განხორციელება.

მცენარის სასიცოცხლო ფაქტორები

მცენარის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელია შემდეგი სასიცოცხლო ფაქტორები: სინათლე, სითბო, ჰაერი, წყალი და საკვები ნივთიერებები. აღნიშნული ფაქტორები იყოფა ორ ჯგუფად: კოსმოსური – სინათლე და სითბო და მიწიერი – ჰაერი, წყალი და საკვები ნივთიერებები.

მცენარის სასიცოცხლო ფაქტორების თანაბარი მნიშვნელობისა და შეუცვლელობის კანონი

ამ კანონის მთავარი არსი არის ის, რომ მცენარის არცერთი სასიცოცხლო ფაქტორი არ შეიძლება შეიცვალოს სხვა ფაქტორებით. მაგ, რაც არ უნდა დიდი რაოდენობით სასუქი შევიტანოთ ნიადაგში, იგი ვერ აანაზღაურებს ნიადაგის ტენის დეფიციტს. არ შეიძლება ფოსფორი შეიცვალოს კალიუმით ან აზოტით. მცენარის ცხოვრებაში თითოეული მათგანი ასრულებს ფიზიოლოგიურ ფუნქციას.

მინიმუმის, ოპტიმუმის და მაქსიმუმის კანონი

ამ კანონის ძალით სასოფლო-სამეურნეო კულტურების დონე განისაზღვრება იმ ელემენტებით, რომელებიც მინიმუმში იმყოფება. უკანასკნელი არ იძლევა საშუალებას მცენარის პროდუქტიულობის ასამაღლებლად სრულყოფილად იქნეს გამოყენებული სხვა ოპტიმალურად ან მაქსიმალურად წარმოდგენილი ფაქტორები. მაგ, თუ აზოტის რაოდენობა ნიადაგში თითოეულ ჰექტარზე საკმარისია ვთქვათ, 20ც მოსავლისათვის, ხოლო ფოსფორისა და კალიუმის მარაგი ეყოფა 80ც-ს, მოსავალი სულ ერთია მაინც 20ც-ის ფარგლებში იქნება. მაღალი მოსავლის მიღება მხოლოდ ყველა ფაქტორის ოპტიმალური უზრუნველყოფისას შეიძლება.

სინათლე და მისი რეგულირება

სინათლისადმი დამოკიდებულების მიხედვით სასოფლო-სამეურნეო კულტურები იყოფა სამ ჯგუფად: სინათლის მოყვარულ, ნახევრად ჩრდილის ამტან და ჩრდილის ამტან მცენარეებად. აქედან გამომდინარე ზოგიერთი მცენარე ნორმალური განვითარებისათვის გრძელ დღეს საჭიროებს, ზოგი კი პირიქით. გრძელი დღის მცენარეებია: ხორბალი, ქერი, კომბოსტო და სხვ. მოკლე დღის მცენარეებია: სიმინდი, ლობიო, სოია, ბამბა, ფეტვი და სხვ.

სითბოს რეჟიმი და რეგულირება

სოფლის მეურნეობაში გამოყენებულ კულტურებს სითბოსადმი სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. ამიტომ, აღმოცენებიდან ვეგეტაციის ბოლომდე აქტიურ ტემპერატურათა ჯამი მკვეთრად განსხვავებული აქვთ. მაგ. ხორბლისათვის აქტიურ ტემპერატურათა ჯამი შეადგენს 1600-32000, ჭვავისათვის_1700-21000C , კარტოფილისათვის_1300-30000C და ა. შ. სითბოსადმი დამოკიდებულების მიხედვით კულტურები იყოფა სამ ჯგუფად: დაბალი ტემპერატურის ამტანი (ჭვავი, ქერი, ხორბალი, იონჯა); ზომიერი ტემპერატურის მომთხოვნი (კარტოფილი, ჭარხალი, მზესუმზირა, ცერცვი); სითბოს მოყვარული (სიმინდი, ბრინჯი, ლობიო).

ნიადაგის ჰაერი და მისი რეგულირება

ჰაერი მცენარის განვითარებისათვის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. მასზეა დამოკიდებული ფესვთა სისტემის განვითარება და მიკროორგანიზმების ნორმალური ფუნქციონირება. მცენარეთა მოთხოვნილება ჰაერის მიმართ განსხვავებულია. ჰაერის მეტი მოთხოვნილებით გამოირჩევიან: შვრია, ქერი, მზესუმზირა, კარტოფილი, პარკოსანი კულტურები. ნაკლებად მომთხოვნია ბრინჯი.

ნიადაგის წყლის რეჟიმი და რეგულირება

წყალი მცენარის ნორმალური განვითარებისათვის ერთ-ერთი აუცილებელი სასიცოცხლო კომპონენტია, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების ტურგორის შენარჩუნებას, ფოტოსინტეზს, საკვები ნივთიერებების შეთვისებას და მცენარეში მათ გადაადგილებას. მცენარის მიერ წყლის აორთქლების უნარი იცავს მას გადახურებისაგან.

მცენარის მიერ ფესვების საშუალებით შეწოვილი წყლის მხოლოდ მცირე ნაწილი_0,2% იხარჯება ორგანული ნივთიერების შექმნაზე, დანარჩენ 99,8%-ს მცენარე აორთქლებს ჰაერში. წყლის იმ რაოდენობას, რომელსაც მცენარე აორთქლებს მშრალი ნივთიერების შესაქმნელად, ტრანსპირაციის კოეფიციენტი ეწოდება, ხოლო მშრალი ნივთიერების რაოდენობა (წონით ერთეულებში), რომელიც წარმოიქმნება წყლის ერთეულის აორთქლებით, არის ტრანსპირაციის პროდუქტიულობა.

ტრანსპირაციის კოეფიციენტი გამოხატავს მცენარის მოთხოვნილებას წყალზე, მაგრამ მცენარის თვისებებზე და აგრეთვე გარემო პირობებზე დამოკიდებით, მისი ოდენობა მეტად ცვალებადია. მასზე მოქმედებს მცენარის სახეობა, ჯიში, ასაკი, ხოლო გარემო პირობებიდან_ჰაერის ფარდობითი ტენიანობა, ქარი, ნიადაგის ტენიანობა, მისი ხსნარის ოსმოსური წნევა, ნიადაგის სტრუქტურა, საკვებ ნივთიერებათა შემცველობა.

სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში მცენარის მოთხოვნილება წყალზე იცვლება_მინიმალურია თესლის გაღივების დროს, შემდეგ მატულობს და მაქსიმუმს აღწევს ყვავილობის ან ყვავილობისწინა ფაზაში, ბოლოს ისევ თანდათან მცირდება. ზრდა_განვითარების იმ ფაზას, როცა მცენარეს წყლის მაქსიმალური რაოდენობა ესაჭიროება და განსაკუთრებით მგრძნობიარეა წყლის დანაკლისის მიმართ, კრიტიკული პერიოდი ეწოდება.

რუსუდან ძიძიშვილი

წყარო: agronews.ge

განახლებული ჩაის ჯიში ,,კოლხიდა”

 

 ,,ჩვენ არავის ჩრდილში მოქცევა არ გვსურს, მაგრამ მოვითხოვთ ჩვენს ადგილს მზის ქვეშ“

    ბერნჰარდ ფონბიულოვი

საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად  უცხო ქვეყნებიდან იმპორტირებულ, გაურკვეველი წარმოებისა და ხარისხის რვაას ტონა ჩაის მოიხმარს. ესეიგი, ყოველწლიურად ქვეყანაში 800 ტონა მზა ჩაი შემოდის, ქვეყნიდან კი ათეულ მილიონობით დოლარი გაედინება და ფინანსდება მეზობელი ქვეყნების ჩაის წარმოება, რაც დასანანია, რადგან , არცთუ დიდი ხნის წინათ, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი ჩაის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა იყო.

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონა თავისი ნიადაგურ-კლიმატური პირობებითა და ოროგრაფიული მდებარეობით ძალზე ჭრელია. აქედან გამომდინარე ფერმერულ მეურნეობებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს თითოეული მცენარის ბიოეკოლოგიურ მოთხოვნილებას და მის სრულ შესაბამისობას გარემო პირობებისადმი. დღეისათვის მოსახლეობა ორიენტირებულია ისეთი კულტურების გაშენებაზე, რომლებიც საბაზრო ღირებულებითა და ეფექტიანობით მომგებიანია.

ასე იყო თხილის შემთხვევაში.

ასევე ფართოდ მიმდინარეობს სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავალის“ ეგიდით კენკროვანი კულტურების გაშენება სახელმწიფოს მხრიდან ასპროცენტიანი დაფინანსებით.

ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას, თუმცა სუბტროპიკული ზონისათვის უკვე ადაპტირებული და შემოსავლიანი ჩაის კულტურასაც უნდა ექცეოდეს ჯეროვანი ყურადღება.

ამის თაობაზე ჩვენ ხშირად ვწერდით პრესაში და მოვითხოვდით ჩაის კულტურაც შეეტანათ ,,დანერგე მომავალის“ შეღავათიან პროგრამაში (აგრარული საქართველო 2016 #10, 2018 #3).

გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და მავნებელ-დაავადებათა აქტიური გავრცელების ფონზე მოსახლეობა კიდევ უფრო რწმუნდება ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისა და ახალი ნაკვეთების გაშენების მიზანშეწონილობაში, რადგანაც ჩაის კულტურა სტაბილურად ინარჩუნებს მის მდგრადობას გარემო პირობების რისკებისა და მავნებელ-დაავადებათა მიმართ, ამასთან იძლევა ყოველწლიურად სტაბილურ და მაღალანაზღაურებად პროდუქციას. ყოველწლიურად მატულობს მოსახლეობის მომართვიანობა ჩაის გასაშენებლად, ნერგების თუ თესლების შეძენის თაობაზე, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ვერ მოხერხდა ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა.

მისასალმებელია ამ მიმართულებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივა მოაწყოს საპილოტე ჩაის სანერგე და მოსახლეობას შეღავათიან ფასებში მიაწოდოს ნერგები ჩაის ნაკვეთის გასაშენებლად. ეს პროცესი მოგვაგონებს ჯერ კიდევ 1900-იან წლებში აჭარასა და გურიაში ჩაის პლანტაციების გასაშენებლად მოსახლეობისათვის თესლისა და ნერგის უსასყიდლოდ დარიგების ღონისძიებას, რითაც შემდგომში საფუძველი ჩაეყარა საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში მეჩაიეობის ინდუსტრიულ განვითარებას. მძიმეა ის ისტორიული რეალობა, რაც საქართველოში მეჩაიეობის დარგმა აყვავებიდან სრულ  განადგურებამდე განიცადა. ბოლო 25 წლის განმავლობაში სახელმწიფოსა და მოსახლეობის მიერ ჩაის კულტურისადმი არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ სოფლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უმუშევარი და სხვის მონა -მორჩილად აქცია.

განსაკუთრებით მძიმე იყო 2003-2012 წლები, როდესაც ხელისუფლებამ მასიურად დაიწყო ჩაის ნარგაობის ამოძირკვა და სხვა ალტერნატიული კულტურების გაშენებაზე ფიქრი. ჩადენილ სახელმწიფოებრივ უგუნურობას ნაბიჯ-ნაბიჯ გამოფხიზლება და ამ დარგის ხელახალი დაინტერესება მოჰყვა. ,,მწვანე ოქროს“ პლანტაციების რეაბილიტაციისათვის და გადამამუშავებელი საწარმოების შესაქმნელად საქართველოს ხელისუფლებამ 2016 წელს მიიღო ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაი“. 2019 წლისათვის ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსებით რეაბილიტირებულია 1500 ჰა-მდე ჩაის გაველურებული პლანტაცია. ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა დღესაც გრძელდება, თუმცა ჩაის ნარგაობის უდიდესი ნაწილი უკვე ამოძირკული და განადგურებულია. ერთ დროს ქვეყანაში არსებული 67 ათასი ჰა.

ჩაის ნარგაობიდან დღეისათვის 3-4 ათასი ჰა თუ მოიძებნება, ამიტომ ბუნებრივია დღის წესრიგში დგება ჩაის ახალი პლანტაციების გაშეენების აუცილებლობა. სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივაზიტაციის პირობებში ჩაის პლანტაციების დიდი მასივებით გაშენება ნაკლებად შესაძლებელია. გლეხურ და ფერმერულ მეურნეობებში მოსახლეობის სურვილია ჩაის ნარგაობა გააშენოს მცირე კონტურებზე სხვა კულტურებთან ერთად კომბინაციაში.

ჩვენი მოსახლეობის სასოფლო სამეურნეო სავარგულები, რომლებიც ისედაც მცირე კონტურიანი და რელიეფურად უმეტეს შემთხვევაში გორაკ ბორცვიანია, ასეთ ადგილებში ჩაის პლანტაციების გაშენება მრავალგზით მომგებიანია, უპირველესად შემოსავლიანობის თვალსაზრისით და მეორეს მხრივ ჩაის ნარგაობა ფერდობებზე ნიადაგის ეროზისააგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა. ალბათ ამ საკითხებში დაგვერწმუნება ყველა ის მოქალაქე, რომლებიც ჩაის მწარმოებელ ძირითად ქვეყნებში (იაპონია თურქეთი, შრი-ლანკა და სხვა.) ყოფილა და უნახავს ეზო პარკებში ლამაზად გაკრეჭილი, მოვლილი და ეგზოტიკურად მიმზიდველი ჩაის ნარგაობა. ნუთუ შეუძლებელია ჩვენი მოსახლეობის საკარმიდამო სავარგულებიც ასე ეგზოტიკურად არ გამოიყურებოდეს?!  მაშ რა არის საჭირო?

პირველეს ყოვლისა სახელმწიფოს მხრიდან ინიციატივა და დახმარება.

თუკი შესაძლებელია გურია, აჭარა და სამეგრელოს რეგიონებში ტყემლის, ქლიავის და სხვა ხეხილოვანი კულტურების ბაღების თანადაფინანსებით გაშენება, რატომ არ შეიძლება ,,დანერგე მომავალის“ პროგრამაში ჩაის კულტურაც მოიაზრებოდეს? მაშ რატომ შემოდიან უცხოელი კომპანიები და ცდილობენ იაფი მუშახელისა და ნედლეულის ხარჯზე მათთვის მომგებიანი ჩაის პროდუქციის დამზადებასა და რეალიზაციას?!

ამასთან მისასალმებელია ადგილობრივი ბიზნეს-კომპანიებისა და ბენეფიციარების საქმიანობა, რომლებიც წარმატებით ახორციელებენ სახელმწიფოსაგან იჯარით აღებულ რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციებიდან ძვირადღირებული, საექსპორტო და ადგილობრივი მოხმარების ჩაის პროდუქციის წარმოებას. ჯერ-ჯერობით ქვეყანაში კიდევ შემორჩენილია მეჩაიეობის დარგის საუკეთესო სპეციალისტები, მეცნიერ-მკვლევარები, რომლებთაც ძალუძთ ამ დარგის სრული რეაბილიტაციის პროცესში გადამწყვეტი სიტყვის თქმა. ამაზე მეტყველებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახურის შექმნა ფუნქციონირება. მიუხედავად მოკლე პერიოდისა სამეცნიერო კვლევითი სამსახურისა და ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრის თანამშრომელთა კვალიფიციური და აქტიური საქმიანობის საფუძველზე წარმატებით ხორციელდება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა. მჭიდრო კავშირს ამყარებენ ამ კულტურით დაინტერესებულ ბენეფიციარებთან. ამასთან ვცდილობთ ჩვენი საქმიანობა წარმოებასთან კი არ იყოს მხოლოდ რეკომენდაციებზე და კონსულტაციებზე ორიენტირებული, არამედ ვალდებული ვართ მოსახლეობას მივაწოდოთ ჩაის პერსპექტიული ჯიშებისა და ფორმების საბაზისო სარგავი და სათესლე მასალა ახალი პლანტაციების გასაშენებლად. აქვე მოკლედ მიმოვიხილავთ თუ რა კეთდება და რა გვაქვს გათვალისწინებული პერსპექტივაში მეჩაიეობის დარგში სამეცნიერო კვლევითი და პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად.

ჩვენ შევძელით ჩაის გენოფონდის მოძიება და მათ შორის საუკეთესო ჯიშ-ფორმების შერჩევა. უპირველეს ყოვლისა ჩვენი ყურადღება შეჩერდა ჩაის ჯიში ,,კოლხიდას“ ირგვლივ, რომელსაც თავისი მოსავლიანობითა და ხარისხობრივი მაჩვენებლებით ქვეყანაში ანალოგი არ გააჩნია. ჯიში ,,კოლხიდა“ მიეკუთვნება ჩინურ ფართოფოთლოვან ჩაის ფორმას. ეს ჯიში შერჩეულია ჯერ კიდევ გასული საუკუნის ორმოციან წლებში კლონური სელექციის გზით. მცენარე ძლიერ მზარდი ინტენსიური ტიპისაა. ხასიათდება ყლორტების უხვი წარმოქმნით და მაღალი რეგენერაციით. საშუალო მოსავლიანობა 10-12 ტ. ჰა-ზე. მისი ნორმალური დუყი შეიცავს 32-36 % ტანინს და 46-50 % ექსტრაქტულ ნივთიერებას.

კოლხიდას ნედლეულისაგან დამზადებული პროდუქცია ხასიათდება ინდოეთისა და შრი-ლანკის მაღალმთიანი რაიონებიდან მიღებული ჩაის გემოთი და არომატით. ასეთი ჯიშ-ფორმების მქონე ქვეყანაში რამდენად პარადოქსულია ის შეფასებები, რაც გამოითქმება ხოლმე სხვადასხვა პუბლიკაციებში, სახელდობრ მეჩაიეობის საწარმოო მიმართულების ფერმერული მეურნეობებისათვის დღევანდელ ეტაპზე ოპტიმალურად ითვლება ერთ ჰა-ზე 10-12 ცენტნერი ჩაის ნედლეულის წარმოება, რაც ჩვენი ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და ჩაის მოვლა-მოყვანის კომპლექსური ღონისძიებების გატარების ფონზე სრულიად არაადეკვატურია.

ჩვენი მრავალწლიანი დაკვირვებებით დადგენილია, რომ ხანდაზმულ რეაბილიტირებულ პლანტაციებში სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებების გატარების შედეგად შესაძლებელია 3-4 ტონა ხარისხიანი ნედლეულის მიღება, ხოლო ჩაის ახლად გაშენებული პლანტაციების მოსავლიანობის პოტენციური შესაძლებლობა მინიმუმ 7-8 ტონით განისაზღვრება.

ჩვენი მიზანია ისედაც მცირემიწიანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა ინტენსიური სოფლის მეურნეობის განვითარება, ანუ ყოველი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული პროგრესული ტექნოლოგიებისა და პერსპექტიული ჯიშების დანერგვით მაქსიმალურ მოსავალს იძლეოდეს. სწორედ ამ მიზანს ითვალისწინებს ჩვენს მიერ მოძიებული ჩაის ჯიში ,,კოლხიდას“ განახლება და მისი მოსახლეობაში ფართოდ დანერგვა.

აღნიშნული ჯიში გასულ საუკუნეში მეჩაიების სხვადასხვა რეგიონებში თუ  5 ათას ჰა-მდე იყო გაშენებული დღეისათვის ის განადგურებულია. მხოლოდ ცალკეული ნარგაობის სახით შემორჩენილია ყოფილი ჩაის სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის ექსპერიმენტულ ბაზაზე, (ანასეული) რომელიც გასხვისებულია და შპს ,,ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკას“ (გიორგი ხუჭუა) საკუთრებაშია.

ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ჩვენ შევძელით აღნიშნული შპს-ს საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციებიდან გამოგვეყო 500-კვ.მ. ფართობზე გადარჩენილი ვეგეტატიურად გამრავლებული ჩაის ჯიში კოლხიდას ნარგაობა.

2019 წლის გაზაფხულზე  ნაკვეთი შემოიღობა, სარეველებისაგან გაიწმენდა, ნიადაგი დამუშავდა და მინერალური სასუქები შევიდა, რამაც მთლიანად შეცვალა პლანტაციის არსებული მდგომარეობა.

თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა ნაკვეთის სადედე-საკალმე დანიშნულებით გამოყენება, რაც გულისხმობდა ბუჩქების გაზაფხულზე ნახევრად-მძიმე გასხვლას, წამოსული ვეგეტაციის სრულყოფილად შენარჩუნებას და საზაფხულო დაკალმებისათვის მათ გამოყენებას.

მაის-ივნისის გვალვებმა ერთგვარად შეასუსტა ყლორტების ვეგეტაცია, თუმცა აგვისტოს ბოლოსათვის   საკალმე ყლორტების საშუალო სიმაღლემ 0,5- 0,7 მ-ს მიაღწია. პარარელურად აგვისტოში ვაწარმოებდით სათბურის პირობებში ჩაის დასაკალმებელი კვლების მოწყობას.

დასაკალმებელ სუბსტრატად გამოვიყენეთ წითელმიწა ნიადაგის ზედა სტრუქტურული ჰუმუსოვანი ფენა. ნიადაგი გაიცრა 10 მმ-იან საცერში და ჩაიყარა 10×25 სმ. ზომის დრენაჟირებულ პარკებში. თითოეულ პარკში ნიადაგის მასა საშუალოდ 1,5 კგ-ს შეადგენდა. შევსილი პარკები მოთავსებული იქნა კვლებში ვერტიკალურად, რომლებიც დაკალმების წინ ირწყვებოდა სრულ ტენტევადობამდე. როდესაც პლანტაციაში საკალმე ტოტების 2/3 ნაწილი იყო ნახევრად გამერქნიანებული ( მოწითალო- რუხი შეფერილობის), რაც კალენდარულად აგვისტოს ბოლო დეკადას ემთხვეოდა, დავიწყეთ საკალმე ტოტების შერჩევითი აჭრა, მათი ლაბორატორიაში შემოტანა და კალმების დამზადება ჩაის მცენარის მწვანე კალმებით დაფესვიანებას საუკუნეზე მეტი ისტორია აქვს, როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებში ასევე საქართველოში.

ამ მეთოდს განსაკუთრებით ფართოდ  ვიყენებდით გასული საუკუნის 60-90-იან წლებში, როდესაც მასიურად წარმოებდა ქართული სელექციური ჩაის ჯიშებისა და განსაკუთრებით ჯიში ,,კოლხიდას“ ნერგების სამრეწველო წარმოება. ასე რომ საკმაოდ მდიდარი გამოცდილების ფონზე, თუმცა მინიატურული მასშტაბით ჩვენ ისევ შევეცადეთ ჩაის პერსპექტიული ჯიშების ამ წესით გამრავლებას. ამ მიზნით ბასრი მაკრატლის გამოყენებით ნაზარდებისაგან ვამზადებდით  ერთფოთლიან კალმებს 4-5 სმ. ღეროთი. დამზადებული კალმები რაც შეიძლება დაჩქარებულ პერიოდში ირგვებოდა ჩვენს მიერ წინასწსარ მომზადებულ სუბსტრატში ორი ცალის რაოდენობით ერთმანეთისაგან 3-4 სმ. დაშორებით. კალმები სუბსტრატში თავსდებოდა 2-3 სმ. სიღრმეზე, დარგვისას ნიადაგი თითების დაჭერით კალმის ირგვლივ იტკეპნებოდა, რაც განაპირობებდა სუბსტრატისა და ცოცხალი ღეროს უკეთეს შემხებლობას. სათბურში ჩაის მწვანე კალმების მზის სხივების ინტენსიური ზემოქმედებისაგან დასაცავად დაჩრდილული იქნა ორფენა სპეციალური ბადე ქსოვილით .

ჩაის კალმების დაფესვიანების ფიზიოლოგიური პროცესები რთულია და ის ბევრადაა დამოკიდებული ჰაერის ტემპერატურის, შეფარდებითი ტენიანობის, ნიადაგის სითბოსა და სხვა მრავალ ფაქტორებზე. დაკალმება ჩატარდა აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში. სულ დაკალმდა 4000 მდე კალამი.

 დაკალმების არეში ჰაერის შეფარდებითი ტენიანობისა და ჩაის კალმებზე ტრანსპირაციული პროცესების მინიმალიზაციის მიზნით ვაწარმოებდით წყლის წვრილდისპერსიული ჭავლით ფოთლების დასველებას 20-30 წთ-ის ინტერვალით. საჭიროების შემთხვევაში ხდებოდა სათბურის განიავება. პერიოდულად სუბსტრატს ვასუფთავებდით სარეველებისაგან, ხოლო კალმებს იღლიური კვირტებიდან განვითარებული ყვავილებისაგან. რეგულარულად ვაკვირდებოდით კალმებზე დაფესვიანების პროცესის მიმდინარეობას.

დაკალმებიდან 30-40 დღის შემდეგ კალმების ფუძე-გადანაჭერზე უკვე შეინიშნებოდა კალიუსის წარმოქმნა, რომელიც თანდათან მსხვილდებოდა  და მე-50-60 დღეს საწყისს აძლევდა პირველადი ნაზი ფესვების განვითარებას.

ნოემბერ-დეკემბერში კალმების რწყვის ინტესივობა კლებულობს, რაც ხელს უწყობს ნიადაგში სითბოს შენარჩუნებას და ფესვთა სისტემის უკეთ ფორმირებას. ამ წესით გადაზამთრებული კალმები გაზაფხულზე ტემპერატურული მაჩვენებლების ზრდასთან ერთად იწყებენ იღლიური კვირტიდან ნაზარდის განვითარებას. პარალელურ რეჟიმში მოეწყობა ნერგების სარეველებისაგან გაწმენდა, გაფხვიერება და განოყიერება, რაც ხელს შეუწყობს 2020 წლის შემოდგომაზე სტანდარტული სარგავი მასალის მიღებას.

წინასწარი მონაცემებით ჩაის კულტურისათვის  ოპტიმალური მოვლის პირობებში მწვანე კალმებით დაფესვიანება მერყეობს 80-90%-ის ფარგლებში, ხოლო სტანდარტული ნერგების გამოსავლიანობა 70-80 %-ს შეადგენს. ჩაის მწვანე კალმებით გამრავლებაზე ასე დეტალურად იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ თითოეულ ფერმერს, გლეხს ექნეს შესაძლებლობა თავისსავე საკარმიდამო ნაკვეთზე მოაწყოს ე.წ. მინი სათბური და თვითონვე უზრუნველყონ სარგავი მასალის წარმოება. ჩვენი სამსახური მომავალი წლისათვის გეგმავს ჩაის დასაკალმებელი სპეციალური სათბურის დამატებით მოწყობას 9-10 ათასი ნერგის წარმადობით. წარმოებული ელიტური ჩაის ჯიში ,,კოლხიდა“  ნერგი შეღავათიან ფასებში მიეწოდება მომხმარებელს, როგორც საბაზისო ნერგი პირველადი სადედე-საკალმე, და სათესლე ნაკვეთების გასაშენებლად, საიდანაც შემდგომში თვითონვე უზრუნველყოფენ სარგავი მასალის კვლავწარმოებას.

აქვე შესაძლებელია დაინტერესებულმა პირებმა შექმნან მობილური სპეციალური სანერგეები ჩაის ნერგების გამოსაყვანად და სარეალიზაციოდ, რაც   სერიოზულ მოგებას მოუტანს მწარმოებელს. ჩვენ მზად ვართ ამ საქმეში ყველა დაინტერესებულ პირს გაუწიოთ მეთოდური და პრაქტიკული დახმარება და შესაძლებლობის ფარგლებში ვუზრუნველყოთ ჩაის საკალმე მასალითაც კი. აქვე  დავძენთ იმასაც, რომ ვეგეტატიურად გამრავლებული ჩაის ჯიში ,,კოლხიდას“ ნერგებით შესაძლებელია გაშენდეს ჩაის სპეციალური სათესლე პლანტაცია, რომელიც მე-4 მე-5 წლიდან იწყებს მსხმოიარობას და თესლის მომწიფებას. მისი თესლიდან გაშენებული საფოთლე პლანტაციები ასევე უხვმოსავლიანი და მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით ხასიათდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩაის ჯიში კოლხიდა მაღალპროდუქტიულია მხოლოდ მისთვის დარაიონებულ ზონებში.  გურია, აჭარა, სამეგრელოს ზღვისპირა რეგიონებში.

რაც შეეხება იმერეთს და შესაბამისად სხვა ზონებს აქ უმჯობესია ჩაის ახალი პლანტაციები გაშენდეს ადგილობრივი პოპულაციისა და სხვა სელექციური ჯიშების თესლებითა და ნერგებით. ასევე პოპულარულია ჩაის ჯიში ,,კიმინის“ თესლითა და ნერგებით პლანტაციების გაშენება

დასასრულს გვინდა შევნიშნოთ, რომ მეჩაიეობის დარგს საქართველოში უნიკალური მეცნიერული და პრაქტიკული საფუძვლები გააჩნია.

აუცილებელია ამ პოტენციალის  გონივრული გამოყენება დევიზით:  ,,მომავლისათვის მნიშვნელოვანია არა ის რაც თქვენ აღმოაჩინეთ, არამედ ის რასაც თქვენ აწარმოებთ“.

ამდენად საბაზრო-ეკონომიკის პირობებში საქართველოს შეუძლია არსებული რეზერვებისა და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების ფონზე მოახდინოს მეჩაიეობის დარგის ეტაპობრივი აღორძინება და სოფლის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება და ის ჩაის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა იქნება მათ შორის.

 ზაურ გაბრიჩიძე ს.მ.მ. დოქტორი პროფესორი,

იოსებ ბასილია ს.მ.მ. დოქტორი,

რუსუდან ტაკიძე ს.მ. აკადემიური დოქტორი,

ნიკა გუნთაძე – მაგისტრანტი,     

ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახური, 

ოზურგეთი, ანასეული

წყარო: ჟურნალი აგრარული საქართველო

მევენახეობის სპეციფიკური ზონა „სვირი” _ ღვინო „სვირი“

გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა “სვირი” მდებარეობს მდ. რიონის შენაკად მდ. ყვირილას მარცხენა სანაპირო ზოლში, ჩრდილო განედის 420071და აღმოსავლეთ გრძედის 420551კოორდინატებზე, შუა იმერეთის სამხრეთი მთისწინების ჩრდილო დაქანებებზე. მოიცავს ქვემო იმერეთის სოფლებს: პირველი სვირი, მეორე სვირი, როდინაულის ადმინისტრაციული საზღვრებს. აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან საშუალოდ 220 მ უდრის.

კლიმატი – აღნიშნული სპეციფიკური ზონა მიეკუთვნება ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქს და ხასიათდება რბილი, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით.

მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2100 საათს, სავეგეტაციო პერიოდში 1550 ს-თს უდრის. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და 14,0°-ს უდრის, ყველაზე თბილი თვის (აგვისტო) ტემპერატურა 24,20-ს, ყველაზე ცივი თვის (იანვარი) +4,40-ს უდრის.

ჰაერის საშუალო დღე-ღამური ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა მარტის ბოლო რიცხვებში, 10°-ზე დაბლა ქვევით დაცემა ნოემბრის მესამე დეკადაში აღინიშნება. ამრიგად, 10°-ზე ზევით ტემპერატურის პერიოდის ხანგრძლივობა უდრის 230-235 დღეს. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი საშუალოდ 4300° აღემატება.

ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 1500 მმ-ს, სავეგეტაციო პერიოდში კი _ 675 მმ-ს უდრის. ნალექების საშუალო თვიური რაოდენობა უდიდესია ზამთრის თვეებში (175-180 მმ), უმცირესი (71 მმ) კი – აგვისტოში.

ივლისში და აგივსტოში მოსული ნალექების რაოდენობა (76-71 მმ) თითქმის უთანაბრდება მათ აორთქლებას. ეს კი მიგვანიშნებს ცალკეულ წლებში ამ თვეებში ვენახების მორწყვის საჭიროებაზე.

სეტყვა მოსალოდნელია მთელი წლის განმავლობაში, თუმცა უმნიშვნელო რაოდენობით (0,7-1,0 დღე). სეტყვა ყველაზე ხშირად (0,3 დღე) მაისში მოდის.

ძირითადად გაბატონებულია დასავლეთის (36%) და აღმოსავლეთის (35%) მიმართულების ქარები; ნაწილობრივ მათ ენაცვლება სამხრეთ-აღმოსავლეთის (12%) ქარები. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 2,2 მ/წმ უდრის. სეზონების მიხედვით ქარები მეტად ძლიერია გაზაფხულზე. ძლიერ  ქარიან დღეთა რიცხვი 34-ს უდრის.

მავნე ქარების ზემოქმედების მიხედვით სპეციფიკური ზონა მიეკუთვნება ძლიერი ქარების მოქმედების მეორე ჯგუფის რაიონებს. ამიტომ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მიმართული ძირითადი ქარსაფრები უნდა გაშენდეს 250 მ-ის დაცილებით. ძირითად ქარსაფრებში მწკრივების რაოდენობა 4-ზე, დამატებითში კი 2-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

შემოდგომით, პირველი წაყინვების დადგომა, ვაზის ფოთოლცვენის დასრულების (25.XI) შემდეგ, ნოემბრის ბოლო რიცხვებში იწყება.

ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო, 0 წელიწადში ერთხელ აქ მოსალოდნელია მინიმალური ტემპერატურის -130-მდე დაცემა. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი შესაძლოა -19, -200-მდე დაეცეს, რაც ძალზე იშვიათი შემთხვევაა.

ნიადაგები – ღვინო “სვირის” წარმოებისათვის არსებული ტერიტორია დასავლეთ საქართველოს და კერძოდ კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილებშია წარმოდგენილი და უშუალოდ ჩრდილო და სამხრეთ კავკასიონის მთისწინების დაბოლოებას ემიჯნება. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ვაკე რელიეფით ხასიათდება, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი კი, რომელიც მთისწინების გორაკბორცვიან ზონაშია წარმოდგენილი სუსტად დაქანებულ ფერდობებსა და მცირე ტერასის მიერ, გავაკებებს წარმოადგენენ, რომელიც მიმართულია ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთისაკენ.

ქვედა სარტყელში წარმოდგენილია ალუვიური და დელუვიური ნიადაგების ნაირსახეობები და სახესხვაობები, შუა სარტყელში კი ეწერი ნიადაგების ნაირსახეობები და და სახესხვაობები.

ზემოთ დასახელებული ნიადაგები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც პროფილისა და ჰუმუსიანი ფენის სისქით, ასევე მექანიკურ შედგენილობათა ხირხატიანობის მიხედვით.

ზემოთ დასახელებული ნიადაგებიდან ალუვიური ნიადაგები წარმოდგენილია მდინარე ყვირილას პირველ და მეორე ტერასაზე. ამ ნიადაგების პროფილის სისქე 1 მეტრს აღემატება, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-40 სმ-ის ფარგელბშია. მექანიკური შედგენილობის მიხედვით მეორე ტერასაზე წარმოდგენილი შედარებით ძველი ალუვიური ნიადაგები ძირითადად მძიმე თიხნარი და თიხებია, ხოლო შედარებით ახალი ალუვიური ნიადაგები საშუალო და მსუბუქი თიხნარებია. ზოგიერთ მონაკვეთებზე დამახასიათებელია ხირხატიანობა.

დელუვიური ნიადაგები წარმოდგენილია მთისწინების გორაკბორცვიანი ზონის ქვედა კალთების დაბოლოებებზე შედარებით მცირე მონაკვეთების სახით. ამ ნიადაგების პროფილის სისქეც ერთ მეტრს აღემატება, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი 40-50 სმ-ის ფარგლებშია. ხასიათდება თიხიანი მექანიკური შედგენილობით.

ჰუმუსის შემცველობა როგორც ალუვიურ, ისე დელუვიური ნიადაგების აქტიურ ფენაში ძირითადად 2,5-1,5%-ის ფარგელბშია, ქვედა ფენებში კი თანდათან უფრო მცირდება. ჰიდროლიზურ აზოტს მეტწილად მცირე რაოდენობით შეიცავენ და ძირითადად 2,5 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. ასევე დაბალი მაჩვენებლებით ხასიათდება დაბალი ფოსფორის შემცველობაც და 8,0 მგ-ს არ აღემატება 100 გრ. ნიადაგში. გაცვლითი კალიუმი ფართო საზღვრებში ცვალებადობს და ძირითადად 5,0-4,0 მგ-ის ფარგლებშია 100 გრ. ნიადაგში. ნიადაგის არეს რეაქცია ძირითადად ნეიტრალური და სუსტი ტუტეა. ზოგიერთ შემთხვევაში კი სუსტი მჟავისაკენ არის გადახრილი და PH-ის მაჩვენებელი 5,8-7,6-ის ფარგლებში მერყეობს. კარბონატებს ზოგიერთ მონაკვეთებში მცირე რაოდენობით შეიცავენ, ეწერი ნიადაგები წარმოდგენილი ზონის შუა სარტყელში. მისი პროფილის სისქე 70-100 სმ-ის ფარგლებშია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 25-35 სმ-ის ფარგლებში მერყეობს. ხასიათდება მძიმე თიხნარი და თიხიანი მექანიკური შედგენილობით, სუსტი მჟავე რეაქციით. ჰუმუსის შემცველობა აქტიურ ფენაში ძირითადად 2,5-1,5%-ის ფარგლებშია ქვევით კი თანდათან უფრო მცირდება, ძირითადი საკვები ელემნენტები (NPK) ძირითადად შემცველობით მეტწილად ნაკლებია.

ნეშომპალა-კარბონატული და ყომრალი ნიადაგები წარმოდგენილია მიკროზონის ზედა ნაწილში. გორაკ-ბორცვიანი რელიეფის ფორმებზე. ამ ნიადაგების პროფილის სისქე 60-100 სმ-ის, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-40 სმ-ის ფარგლებში მერყეობს. ხასიათდება მძიმე თიხნარი და თიხიანი მექანიკური შედგენილობით, ჰუმუსის შემცველობა აქტიურ ფენაში ძირითადად 2-3%-ის ფარგლებშია ქვევით კი თანდათან კლებულობს, ძირითადი საკვები ელემენტები (NPK) შემცველობით მიხედვით ეს ნიადაგები მეტწილად დაბალი მაჩვენებლებით ხასიათდებია. ცალკეულ შემთხვევებში კი საშუალო მაჩვენებელს აღწევს. ნიადაგის არეს რეაქცია PH ყომრალ ნიადაგებში ძირითადად ნეიტრალურია ან სუსტი მჟავისაკენ არის გადახრილი და PH-ის მაჩვენებელი 5,6-7,0-ის ფარგლებშია. ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებში კი საშუალო და სუსტი ტუტეა და PH-ის მაჩვენებელი 7,3-8,0-ის ფარგლებშია. კარბონატების შემცველობა ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებში ძირითადად 2,5-16,0%-ის ფარგლებში მერყეობს, ცალკეულ შემთხვევაში კი უფრო მეტსაც აღწევს.

აგროტექნოლოგიური რეგლამენტები

“სვირის” დასახელების ღვინომასალის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.

ჯიში ცოლიკოური

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 170-270 მეტრამდე;

დარგვის სქემა: 2,0 X 1,5; 2,5 X 1,5;

შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.

სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი და თავისუფალი.

დატვირთვის ნორმა: 1მ2 8-10 კვირტი.

მოსავალი: ჰა-ზე 6-7 ტ.

ჯიში ციცქა

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 170-270 მეტრამდე

დარგვის სქემა: 2,0 x 1,5 მ. 2,5 x 1,5 მ.

შტამბის სიმაღლე: 80-90 სმ.

სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი და თავისუფალი.

დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 7-8 კვირტი.

მოსავალი: 1 ჰა-ზე 6 ტონა.

ჯიში კრახუნა

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 170-270 მეტრამდე

დარგვის სქემა: 2,0 x 1,5 მ. 2,5 x 1,5 მ.

შტამბის სიმაღლე: 80-90 სმ.

სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი და თავისუფალი.

დატვირთვის ნორმა 1მ²-ზე: 7-8 კვირტი.

მოსავალი: 1 ჰა-ზე 6 ტონა.

ნიადაგის მოვლა-დამუშავება

ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავება, ბალახიან-კორდიანი სისტემა, ნიადაგის მულჩირება.

განოყიერება

ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული რეგ­ლა­მენ­ტე­ბით.

ფიტოსანიტარული რეგლამენტი:

ძირითადი დაავადებები: ნაცარი, ჭრაქი.

მავნებლები: ტკიპები, ვაზის ცრუფარიანა, ყურძნის ჭია.

ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.

ჯიში ცოლიკოურის, ციცქას და კრახუნას სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

ცოლიკოური – დასავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, საგვიანო სიმწიფის პერიოდის, საშუალოზე ძლიერი ზრდის. გავრცელების ძირითად რაიონებში საშუალო საჰექტარო მოსავალი 6-7 ტონას შეადგენს. მტევნის საშუალო წონა 150-160 გ, მწიფე ყურძენში შაქრიანობა 200-250 გ/დმ3 აღწევს 7,5-9,5 გ/დმ3მჟავიანობის შენარჩუნებით. მისგან დამზადებულ ადგილობრივ და ევროპული ტიპის ღვინოებს ახასიათებს დიდი სხეული, ჰარმონიულობა, სიხალისე და გემური მაჩვენებლები.

ციცქა – ქართული თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. იგი მიეკუთვნება იმერეთის აბორიგენულ ვაზის ჯიშთა ჯგუფს. საგვიანო პერიოდის სიმწიფისაა. ხასიათდება საშაულოზე დაბალი სიძლიერის ზრდით. კონდიციური საჰექტარო მოსავლიანობა 5-6 ტონის ფარგლებში მერყეობს. მტევნის საშუალო წონა 130-150 გ. მწიფე ყურძენში შაქრიანობა 180 გ/დმ3 აღწევს, ხოლო მჟავიანობა 6,9-10,5 გ/დმ3.

ჯიში მაღალხარისხიანი პროდუქციის მომცემია, წარმატებით გამოიყენება  ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად.

კრახუნა – ქართული თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. იგი მიეკუთვნება იმერეთის აბორიგენულ ვაზის ჯიშთა ჯგუფს. საგვიანო პერიოდის სიმწიფისაა, საშაულო ზრდის სიძლიერის. კონდიციური მოსავალი ჰა-ზე 6 ტონამდეა. მტევნის საშუალო წონა 140-160 გ. მწიფე ყურძენში შაქარი 210-230 გ/დმ3, მჟავიანობა 7,5-8,5 გ/დმ3.

ჯიში მაღალხარისხიანი პროდუქციის მომცემია, წარმატებით გამოიყენება  ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად.

ღვინო „სვირი“ – ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა. იგი მზადდება ცოლიკოურისა და ციცქას ჯიშის ყურძნისაგან (აგრეთვე რეკომენდირებულია ჯიში კრახუნა) ფერმენტირებულ ჭაჭაზე ტკბილის დადუღებით (ჭაჭის რაოდენობა შეადგენს ტკბილის მოცულობის 5-6%).

ღვინო „სვირი“ ხასიათდება მუქი ჩალისფერით მოყვითალო ელფერით, ხილის ტონებით, განვითარებული ბუკეტით, ექსტრაქტულობით და ჰარმო­ნიუ­ლო­ბით.

ღვინო “სვირის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

მოცულობით სპირტშემცველობა, % _ 11,0-12,5;

შაქრების მასური კონცენტრაცია – არა უმეტეს 4 გ/დმ3;

ტიტრული მჟავიანობა – 5,5-7,0 გ/დმ3;

აქროლადი მჟავიანობა – არა უმეტეს 1,2 გ/დმ3;

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არა ნაკლებ 18 გ/დმ3;

დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისს ¹1493/1999 დადგენილებას.

სპეციფიკური ზონის ფართობი

„სვირის“ სპეციფიკური ზონის ფართობი დაახლოებით შეადგენს 27 კმ2.

მდებარეობა, ნიადაგურ-კლიმატური პირობები, ჯიში ცოლიკოურის არომატი და ღვინის დაყენების თავისებურება უზრუნველყოფს ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი, მშრალი სუფრის ღვინო “სვირის” მიღებას.

წყარო: ჟურნალი აგრარული საქართველო

საქართველოს გეობოტანიკური დარაიონების ძირითადი პრინციპები და დარაიონების სქემა

გეობოტანიკური დარაიონების საკითხისადმი მიძღვნილი სამეცნიერო შრომების ანალიზი ცხადყოფს, რომ შეუძლებელია (და გაუმართლებელიცაა) გეობოტანიკური დარაიონების ერთიანი (უნივერსალური) კრიტერიუმების დადგენა. გასათვალისწინებელია კონკრეტული ობიექტის (ტერიტორიის) ხასიათი, მისი გეოლოგიური წარსული, რელიეფისა და მცენარეულობის ფორმირების თავისებურებები, მცენარეულობაზე ანთროპოგენური წნეხის გავლენა და სხვა მრავალი ფაქტორი.

საქართველოს ტერიტორიის რთული გეოლოგიური ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ადგილობრივი მცენარეულობის ფორმირების თავისებურებების, ბუნებრივ მცენარეულობაზე ანთროპოგენური ზემოქმედების ფორმებისა და მასშტაბების, სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით მიმაჩნია, რომ საქართველოს გეობოტანიკური დარაიონებისას უმთავრესი ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგს:

• თანამედროვე ძირეული (პირველადი) მცენარეულობა და მისი ჰორიზონტალური (შავი ზღვიდან დაშორების კვალად) და ვერტიკალურ-ზონალური (ზღვის დონიდან სიმაღლის მატების კვალად) განაწილება.

• უძველესი (მესამეულ-რელიქტური) მცენარეულობის წარმომადგენლების (ფიტოცენოზები, ფიტოცენოზებში იარუსობრივად დაქვემდებარებული სინუზიები) პოზიციები თანამედროვე მცენარეულ საფარში.

გარდა ამ მთავარი კრიტერიუმებისა, მხედველობაში მისაღებია უახლოეს გეოლოგიურ წარსულში (ჰოლოცენში) მიმდინარე ბუნებრივი მცენარეულობის დინამიკა (სუქცესიები), განპირობებული ბუნებრივი ფაქტორების (უწინარესად ჰავის) ცვალებადობის გავლენით.

უახლოეს (ისტორიულ) წარსულში საქართველოს ძირეული (პირველადი) მცენარეულობის უმთავრესმა წარმომადგენელმა – ტყის მცენარეულობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გავლენით. იგი განსაკუთრებით მასშტაბურია (თვისობრივად, რაოდენობრივად) საქართველოს მთათაშორის ბარში და მიმდებარე მთიან ტერიტორიაზე (მთის ქვედა სარტყელი, ზ. დ. 1000-1200 მმდე). ამ ტერიტორიაზე ბუნებრივი პირველადი (ზონალური) ტყეები ბევრგან შეიცვალა მეორეული (ნაწარმოები) ტყეებით, ბუჩქნარებით და ბალახეულობით.

ძირეული (პირველადი) მცენარეულობიდან ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გავლენით (ტყეებისა და სათიბ-საძოვრების გამოყენება) ჩამოყალიბდა ანთროპოგენური მცენარეულობა, რომელთა შორის მრავლადაა უკვე მნიშვნელოვნად შეცვლილ ადგილობრივ ბუნებრივ პირობებთან საკმაოდ კარგად შეგუებული (თვითგანახლებადი, სტაბილური) ფიტოცენოზები – ტყის, ბუჩქნარის, მდელოს, სტეპის და ა.შ. სადღეისოდ საქართველოში, მის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე შექმნილია ძირეული და მეორეული (ნაწარმოები) მცენარეულობის ურთიერთშეთანაწყობის უამრავი ვარიანტი.

აუცილებელია ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებული იქნეს ქვეყნის გეობოტანიკური დარაიონებისას.

საქართველოს (როგორც საერთოდ მთიანი ქვეყნების) გეობოტანიკური დარაიონებისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძირეული მცენარეულობის ვერტიკალურ-ზონალურ განაწილებას – ე.წ. მცენარეულობის სარტყლიანობის ტიპს და მათ რეგიონულ ვარიანტებსა და სუბვარიანტებს.* ამდენად, ლოგიკურია, რომ საქართველოს ტერიტორიის მთიან ნაწილში დარაიონების ძირითადი ერთეულის (გეობოტანიკური რაიონი) გამოყოფისათვის მისაღებია ე.წ.

*სარტყლიანობის ტიპი – ძირეული მცენარეულობით შექმნილი სარტყელთა სისტემაა; სარტყლიანობის ტიპის ვარიანტი და სუბვარიანტი – განისაზღვრება სარტყლისა და ქვესარტყლის ფარგლებში მცენარეულობის სტრუქტურის თავისებურებებით (ლიტერატურა: გრებენშჩიკოვი, 1957; ლავრენკო, 1964, და სხვ.).

სექტორალური პრინციპი: გეობოტანიკური რაიონი მოიცავს მთიანი ტერიტორიის გარკვეულ სექტორს, მთის ძირიდან დაწყებული უმაღლეს ჰიფსომეტრიულ ნიშნულამდე (ქედის თხემი, მწვერვალი), რომლის ფარგლებში რამდენიმე მცენარეული სარტყელი და ქვესარტყელია წარმოდგენილი. რაც შეეხება საქართველოს მთათაშორის ტერიტორიას (კოლხეთის ვაკე დაბლობი, ივერიის ბარი), აქ გეობოტანიკური დარაიონებისას მთავარ კრიტერიუმად შეიძლება მივიღოთ მცენარეულობის (მცენარეული საფარის) ჰორიზონტალური ცვალებადობა, რომელსაც უწინარესად განაპირობებს შავი ზღვიდან დაშორება. ივერიის ბარში, სადაც შავი ზღვის კლიმატმარეგულირებელი როლი სუსტია, გეობოტანიკური დარაიონებისას მნიშვნელობა იზრდება ისეთი ფაქტორებისა, როგორიცაა სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან ჰაერის მასების ხშირი შემოდინება (ამ ფაქტორების როლი მცენარეულობის რეგიონულ ცვალებადობაში ზოგან ძალზე მნიშვნელოვანია).

საქართველოში (როგორც მთიან ქვეყნებში) გეობოტანიკურ რაიონებს შორის საზღვარი ხშირ შემთხვევაში თანხვდება მაღალი ქედების თხემს, და ეს ბუნებრივია: მაღალი ქედი, რომელიც წარმოადგენს დაბრკოლებას ჰაერის მასების ჰორიზონტალური გადაადგილების გზაზე, განაპირობებს ქედების მოპირისპირე მხარეების (მეზობელი რეგიონების) ბუნებრივ პირობებს (უწინარესად ჰავას) შორის მეტ-ნაკლებ განსხვავებას, რაც შესაბამისად ბუნებრივ მცენარეულობაზეც აისახება. ბარში და ზეგნებზე (პლატოებზე) გეობოტანიკური რაიონების გამიჯვნისას შეიძლება გამოვიყენოთ პირობითი საზღვარი, – რომელიმე თვალსაჩინო ობიექტზე (მდინარე, დასახლებული პუნქტი და ა.შ.) გამავალი პირობითი ხაზი.

საქართველოს გეობოტანიკური დარაიონების წარმოდგენილ სქემაში დარაიონების უმსხვილეს ერთეულად მიღებულია გეობოტანიკური  არე. საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილია 3 გეობოტანიკური არე: დასავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს და სამხრეთ საქართველოს გეობოტანიკური არეების მცენარეულობა ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულია გავრცელების (ჰორიზონტალური; სარტყლიანობის ტიპი), სტრუქტურული ორგანიზაციისა და დინამიკის (სუქცესიური ცვლის) მიხედვით.

გეობოტანიკურ არეში გამოყოფილია გეობოტანიკური ოლქები. ოლქები ერთმანეთისაგან საკმაოდ მკვეთრად განსხვავებულია მცენარეულობის გავრცელებისა (ჰორიზონტალური; სარტყლიანობის ტიპი, სარტყლიანობის ტიპის ვარიანტები) და სტრუქტურული ორგანიზაციის მიხედვით, აგრეთვე მცენარეულობის დინამიკით. საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილია 10 გეობოტანიკური ოლქი.

გეობოტანიკურ ოლქში გამოყოფილია გეობოტანიკური რაიონები. რაიონები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია მცენარეულობის გავრცელების (ჰორიზონტალური; სარტყლიანობის ტიპის ვარიანტები და სუბვარიანტები), სტრუქტურული ორგანიზაციისა და დინამიკის მიხედვით. საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილია 25 გეობოტანიკური რაიონი (იხ. სქემა).

გეობოტანიკურ რაიონში ქვერაიონების გამოყოფა (რაც ფრიად საჭიროა) შესაძლებელი გახდება ქვეყნის ყველა რეგიონის ბუნებრივი მცენარეულობის დეტალური გეობოტანიკური შესწავლის შემდეგ. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს მრავალ რეგიონში (სვანეთი, რაჭა, მთიანი კახეთი, ქიზიყი და სხვ.) ბუნებრივი მცენარეულობა საკმაოდ კარგადაა შესწავლილი და უკვე არის მომზადებული საფუძველი ამ რეგიონებში გეობოტანიკური ქვერაიონების გამოსაყოფად.

გეობოტანიკური დარაიონების ერთეულების (გეობოტანიკური ოლქები, გეობოტანიკური რაიონები) აღსანიშნავად ძირითადად გამოყენებულია ფიზიკურ-გეოგრაფიული, ასევე საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინციების დასახელებანი (სვანეთი, თუშეთი, აჭარა-გურია და ა.შ.). ეს სრულიად გამართლებულად მიმაჩნია, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინციები ბუნებრივი პირობებითაც (მათ შორის მცენარეულობით) ერთმანეთისაგან მეტ-ნაკლებად განსხვავებულია.

 რევაზ ქვაჩაკიძე , პროფესორი

წყარო: ჟურნალი აგრარული საქართველო

ჩა­ის მცე­ნა­რის გამ­რავ­ლე­ბის, გა­შე­ნე­ბი­სა და მოვ­ლა-მოყ­ვა­ნის ტექ­ნო­ლო­გია

 

ჩა­ის მცე­ნა­რე მრავლ­დე­ბა თეს­ლით და ვე­გე­ტა­ტი­ურ­ად (კალ­მე­ბის და­ფეს­ვი­ან­ებ­ით და გა­დაწ­ვე­ნით). გამ­რავ­ლე­ბის ამ ორ წესს აქვს თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი.

ჩა­ის მცე­ნა­რის თეს­ლით გამ­რავ­ლე­ბის და­დე­ბი­თი მხა­რე­ებ­ია: თეს­ლნერ­გი გა­რე­მოს არ­ახ­ელ­საყ­რელ პი­რო­ბებს უკ­ეთ ეგ­უ­ე­ბა, ვიდ­რე ვე­გე­ტა­ცი­ურ­ად გამ­რავ­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი მცე­ნა­რე, შრო­მის ნაკ­ლე­ბი ხარ­ჯი და სარ­გა­ვი მა­სა­ლის სი­ია­ფე. დე­და მცე­ნა­რის მავნებელ-დაავადებათა შემ­დგომ თა­ობ­ა­ზე გა­და­ცე­მის სა­შიშ­რო­ე­ბა ნაკ­ლე­ბია.

თეს­ლით გამ­რავ­ლე­ბის უარ­ყო­ფი­თი მხა­რეა თეს­ლნერ­გე­ბის არ­ა­ერ­თგვა­როვ­ნე­ბა და პლან­ტა­ცი­ის სიჭ­რე­ლე. ნერ­გე­ბის ნე­ლი ტემ­პით ზრდა და ყვა­ვი­ლო­ბი­სა­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა.

ვე­გე­ტა­ცი­უ­რი გამ­რავ­ლე­ბის და­დე­ბი­თი მხა­რე­ებ­ია: ერ­თგვა­რო­ვა­ნი შედ­გე­ნი­ლო­ბის პლან­ტა­ცი­ის მი­ღე­ბა, მოვ­ლი­თ სა­მუ­შა­ო­თა მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის სი­ად­ვი­ლე, სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

ვე­გე­ტა­ტი­უ­რი გამ­რავ­ლე­ბის უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ებ­ია: აგ­რო­ტექ­ნი­კის სირ­თუ­ლე, ახ­ა­ლი თა­ობ­ის­ად­მი მავნებელ-დაავადებათა გა­და­ცე­მის სა­შიშ­რო­ე­ბა.

ჩა­ის პლან­ტა­ცი­ის თეს­ლით გა­შე­ნე­ბი­სას მიმართავენ ორ ხერხს:

  1. რო­დე­საც სარ­გა­ვი მა­სა­ლა გა­მო­ყავთ სპე­ცი­ალ­ურ სა­ნერ­გე­ში თეს­ლის თეს­ვი­სა და მიღებული ნა­თე­სა­რე­ბის გაზრ­­­დის გზით;
  2. რო­დე­საც პლან­ტა­ცი­ებს აშ­ენ­ებ­ენ წი­ნას­წარ, სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბულ ნაკ­ვე­თებ­ზე, თეს­ლის უშ­უ­ალ­ოდ მუდ­­­მივ ად­გილ­ზე ჩათეს­ვით.

იმ­ის­ათ­ვის, რომ მი­ვი­ღოთ მა­ღალ­მო­სავ­ლი­ა­ნი, სრულ­ფა­სო­ვა­ნი ჩა­ის ფოთლის საკრეფი პლან­ტა­ცი­ე­ბი, სა­ჭი­როა გვქონ­დეს მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნი ელ­იტ­უ­რი ჩა­ის თეს­ლი (ელ­ი­ტა-ჯი­ში­სათ­ვის სა­უკ­ეთ­ე­სო). ას­ე­თი თეს­ლის მი­ღე­ბა კი შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ამ მიზ­ნით სპე­ცი­ალ­ურ­ად გა­შე­ნე­ბულ სა­თეს­ლე პლან­ტა­ცი­ებ­იდ­ან. თესლს პირ­ველ რიგ­ში, სე­ლექ­ცი­უ­რი ჩა­ის სა­თეს­ლე და სა­ფოთ­ლე პლან­ტა­ცი­ებ­ში ამ­ზა­დე­ბენ.

ჩა­ის სა­თეს­ლე პლან­ტა­ცი­ებ­ის გა­სა­შე­ნებ­ლად უმ­ჯო­ბე­სია ქა­რი­სა­გან და­ცუ­ლი ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი და და­სავ­ლე­თი ექს­პო­ზი­ცი­ის, მცი­რედ და­ქა­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი. და­გეგ­მვის დროს მან­ძი­ლი მწკრი­ვებს შო­რის – 3, ხო­ლო მცე­ნა­რე­თა შო­რის მწკრივ­ში 1 მეტ­რი უნ­და იყ­ოს. თეს­ვა უმ­ჯო­ბე­სია გა­ზაფ­ხულ­ზე, ბუ­დობ­რი­ვი წე­სით. თეს­ლის აღება-დამ­ზა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა ექვ­სი და მე­ტი წლის პლან­ტა­ცი­ებ­იდან. პირ­ველ რიგ­ში, კრე­ფის დაწ­ყე­ბი­სას ყვე­ლა ჩა­მოც­ვე­ნი­ლი, გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი და ცა­რი­ე­ლი თეს­ლი­სა­გან ფარ­თო­ბი უნ­და გან­თა­ვი­სუფლ­დეს და შემ­დგომ შე­იძ­ლე­ბა თეს­ლის დამ­ზა­დე­ბა.

ჩა­ის თეს­ლი მწიფ­დე­ბა გა­ნა­ყო­ფი­ერ­ებ­იდ­ან ერ­თი წლის შემ­დეგ და ეს პე­რი­ო­დი ორ თვეს გრძელ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, თეს­ლის დამ­ზა­დე­ბაც სხვა­დას­ხვა დროს ხდე­ბა. ჩი­ნუ­რი ჩა­ის თეს­ლის და­სამ­ზა­დებ­ლად სა­უკ­ეთ­ე­სო დროა: პირ­ვე­ლი კრე­ფი­სათ­ვის 15 ოქ­ტომ­ბრი­დან 1 ნო­ემ­ბრამ­დე, მე­ო­რე კრე­ფა კი იწ­ყე­ბა 1 ნო­ემ­ბრი­დან 20 ნო­ემ­ბრამ­დე. ჩა­ის თეს­ლის შეგ­რო­ვე­ბის სა­უკ­ეთ­ე­სო ხერ­ხია კრე­ფა ბუჩ­ქე­ბი­დან.

ჩა­ის თეს­ლით გამ­რავ­ლე­ბა გავრ­ცე­ლე­ბუ­ლი მე­თო­დია. იგი იძ­ლე­ვა სა­შუ­ალ­ებ­ას, მოკ­ლე დრო­ში მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნას დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ით ჩა­ის ნა­თე­სა­რე­ბი, არ მო­ით­ხოვს რთულ აგ­რო­ტექ­ნი­კურ ღო­ნის­ძი­ებ­ებს.

თეს­ლით გამ­რავ­ლე­ბას აქვს ნაკ­ლო­ვა­ნი მხა­რე­ებ­იც: თეს­ლი­დან აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ჩაი და­თიშ­ვის გა­მო არ­ა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია, მცე­ნა­რე ნე­ლა იზრ­დე­ბა და მე­ტი მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვს გე­ნე­რა­ცი­უ­ლი განვითარებისაკენ.

თეს­ლით გამ­რავ­ლე­ბუ­ლი პლან­ტა­ცია არაერთგვა­რო­ვა­ნია და დუ­ყე­ბით თა­ნაბ­რად შე­მოს­ვლა არ ხდე­ბა, არც მი­ღე­ბული პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხია ერთნაირი. შე­და­რე­ბით გა­თა­­ნაბ­რე­ბუ­ლი მა­სა­ლა შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ მცე­ნა­რე­თა გა­მოზრ­დით სა­ნერ­გე­ში, სა­დაც მორ­ფო­ლო­გი­უ­რი და სხვა ნი­შან-თვი­სე­ბე­ბის მი­ხედ­ვით არ­ჩე­ვენ თეს­ლნერ­გებს, თუმ­ცა ამ დრო­საც ძნე­ლია, წი­ნას­წარ გან­ვსაზ­ღვროთ მა­თი გვალ­ვა და ყინ­ვა­გამ­ძლე­ო­ბა, პრო­დუქ­ტი­ულ­ო­ბა და სხვა.

ჩა­ის თეს­ლის დამზადება და შე­ნახ­ვა. ჩა­ის სა­თეს­ლე პლან­ტა­ცი­იდ­ან თეს­ლის კრე­ფა იწ­ყე­ბა გაშენებიდან მე­ხუ­თე-მე­ექვ­სე წელს. პირ­ველ რიგ­ში თეს­ლი მწიფ­დე­ბა სამ­ხრეთ და აღ­მო­სავ­ლეთის ექსპოზიციის ფერ­დო­ბებ­ზე. კრე­ფა იწ­ყე­ბა 15 ოქ­ტომ­ბრი­დან და გრძელდება დე­კემ­ბრის შუა რიც­ხვებ­ამდე. მცენარის თეს­ლი საკ­რე­ფად მზად არ­ის მა­შინ, რო­დე­საც ბუჩ­ქზე ნა­ყო­ფის კო­ლო­ფე­ბის 2-3% დამ­სკ­და­რია. შეგ­რო­ვილ თესლს ყრი­ან ტომ­რებ­ში ან ყუ­თებ­ში, უკ­ე­თ­ებ­ენ სა­თა­ნა­დო ეტ­იკ­ეტ­ებს, კრე­ფის ად­გი­ლის, დრო­ი­სა და ჯი­შის აღ­ნიშ­ვნით და გა­და­აქვთ ფარ­დუ­ლებ­ში გა­საშ­რო­ბათ. გაწ­მენ­დილ­სა და ჩრდილ­ში გამ­შრალ თესლს, რომ­ლის ტე­ნი­ან­ო­ბა 25-35% ფარ­გლებ­ში უნ­და იყ­ოს, ატა­რებენ დამხარისხებელ ბარაბანში და 12 მმ-იან საცრებში. თეს­­ლი, რომ­ლის დი­ამ­ეტ­რი 12 მმ-ზე ნაკ­ლე­ბია, და­სა­თე­სად არ იყენებენ.

ჩა­ის თეს­ლი სა­ჭი­რო­ებს აღ­ებ­ის შემ­დგომ სტრატიფი­კა­ციის ანუ დამ­წი­ფე­ბის პე­რი­ოდს. ეს დრო მან უნ­და გა­ი­არ­ოს ან შე­მოდ­გო­მა­ზე მუდ­მივ ად­გილ­ზე თეს­ვი­სას, ან სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში შე­ნახ­ვი­სას.

ჩა­ის თეს­ლი აღ­მო­ცე­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ხან­მოკ­ლე (7-8 თვე) უნ­არ­ით ხა­სი­ათ­დე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თეს­ვა გათ­ვა­­ლის­წი­ნე­ბუ­ლია შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, თე­ს­ლს ტომ­რე­ბით ან ყუ­თე­ბით დრო­ებ­ით ინ­ახ­ავ­ენ და­ხუ­რულ შე­ნო­ბა­ში, სა­დაც ტერ­მპე­რა­ტუ­რა უნ­და იყ­ოს 2-10 გრა­­დუ­სის ფარ­გლებ­ში. თუ პლან­ტა­ცი­ის გა­შე­ნე­ბა თეს­ლის თეს­ვით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია გა­ზაფ­ხულ­ზე, მა­შინ თეს­ლი სა­ჭი­რო­ებს ხან­გრძლივ შე­ნახ­ვას სპე­ცი­ალ­ურ ტრან­შე­ებ­ში.

ვე­გე­ტა­­­რი გამ­რავ­ლე­ბის ხერ­ხე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ის მცე­ნა­რის ვე­გე­ტა­ტი­უ­რი გამ­რავ­ლე­ბის ხერ­ხე­ბის გა­მოც­და ჩა­ის კულ­ტუ­რის და­ნერ­გვას­თან ერ­თად და­იწ­ყო. ჩა­ის ამ­რავ­ლე­ბენ გე­ნე­რა­ცი­ულ­ად (თეს­ლით) და ვე­გე­ტა­ტი­ურ­ად (კალ­მე­ბით, გა­დაწ­ვე­ნით და სხვა). გამ­რავ­ლე­ბის ყო­ველ ხერხს აქვს როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხა­რე.

პირ­ვე­ლი მეც­ნი­ერ­ულ­ად გა­მარ­თუ­ლი ცდე­ბი ჩა­ის მცე­ნა­რის ვე­გე­ტა­ტი­უ­რი გამ­რავ­ლე­ბის სა­კით­ხებ­ზე, ჩა­ატ­ა­რა აკ­ად. ტ. კვა­რაც­ხე­ლი­ამ. ჩა­ის მცე­ნა­რის ვე­გე­ტა­ტი­უ­რი გამ­რავ­­ლე­ბის, კერ­ძოდ და­კალ­მე­ბის სა­კით­ხებს სხვა­დას­ხვა დროს სწავ­ლობ­დნენ ქ. ბახ­ტა­ძე, შ. ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი, მ. კო­­­ლე­­ლიშ­ვი­ლი, ს. ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი, ვ. კუ­ტუ­ბი­ძე და სხ­ვები.

:ჩა­ის მცე­ნა­რის ვე­გე­ტა­ტი­უ­რი გამ­რავ­ლე­ბის ხერ­ხე­ბი­დან ყვე­ლა­ზე სრუ­ლ­­­ყო­ფი­ლად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს კალ­მით გამ­რავ­ლე­ბას. კა­ლა­მი ჩა­ის ბუჩ­ქის ტო­ტის, ყლორ­ტისა და ფეს­ვის ამ­ონ­აყ­რისგან მოჭ­რი­ლი ნა­წი­ლია, რო­მელ­საც რგა­ვენ გრუნ­ტში და­სა­ფეს­ვი­ან­ებ­ლად და და­მო­უკ­იდ­ებ­ელი მცე­ნა­რის მი­სა­ღე­ბად.

კალ­მის და­ფეს­ვი­ან­ებ­ის ხა­რის­ხი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს სხვა­დას­­ხვა, რაც და­მო­კი­დე­ბუ­ლია კალ­მე­ბის დიამეტრზე, სიგრ­­­­ძე­ზე და იმ ტო­ტე­ბის ხნო­ვა­ნე­ბა­ზე, სა­იდ­ან­აც აღ­ებ­ულ­ია ის­ი­­ნი.

სა­უკ­ეთ­ე­სო კალ­მებს ვღე­ბუ­ლობთ ახ­ალ­გაზრ­და ყლორ­ტე­ბი­დან, რომ­ლებ­საც 2-3 ფო­თო­ლი და კვირ­ტი აქვს. გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი­დან კალ­მე­ბის და­ფეს­ვი­ან­ებ­ა­ზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ნი­ად­აგ­ობ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი. სა­უკ­ეთ­ე­სო ხა­რის­ხის კალ­მე­ბიც კი, თუ ის­ი­ნი შეუფერებელ ნი­ად­აგ­ში და­ირ­­­გვე­ბა, სასურველ შე­დეგს ვერ მოგვ­ცემს.

მცე­ნა­რის მემ­კვიდ­რუ­ლი ნიშ­ან-თვისებების შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და სარ­გა­ვი მა­სა­ლის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წესით მი­ღე­ბი­სათ­ვის დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ან­იჭ­ებ­ენ ვე­გე­ტა­ტი­ურ გამ­რავ­ლე­ბას მწვა­ნე კალ­მე­ბის და­ფეს­ვი­ან­ებ­ით. სა­ამ­ის­ოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლია სპე­ცი­ალ­უ­რი სა­ნერ­გე­ე­ბი. ნისლ­წარ­მომ­ქმნელ და­ნად­გა­რებ­ში ჩა­ის მწვა­ნე კალ­მე­ბის და­ფეს­ვი­ან­ებ­ამ 96-100 პრო­ცენტს მი­აღ­წია. სტან­დარ­ტუ­ლი ნერ­გე­ბის გა­მო­სავ­ლი­ან­ო­ბამ 80-85 პრო­ცენტს. 1-1,5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და პო­ლი­ეთ­ილ­ენ­ის პარკებში სტან­­­დარ­ტუ­ლი ნერ­გე­ბის მი­წის კო­მით გა­მოყ­ვა­ნა, რო­მელ­თა მუდ­მივ ად­გილ­ზე გა­დარ­გვის შემ­თხვე­ვა­ში გა­ხა­რე­ბა 100% უახ­ლოვ­დე­ბა,  რაც გა­მო­რიც­ხავს ას­ე­თი პლან­ტა­ცი­ებ­ის მეჩ­ხე­რი­ან­ო­ბას.

:  ვე­გე­ტა­ტი­უ­რი გამ­რავ­ლე­ბის ხერ­ხე­ბი­დან ყვე­ლა­ზე იო­ლი და მი­საწვ­დო­მია გა­დაწ­ვე­ნით გამ­რავ­ლე­ბა. ეს მე­თო­დე­ბია: მი­წის უბ­რა­ლო შე­მოყ­რა, უბ­რა­ლო გა­დაწ­ვე­ნა, ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი ან რა­დი­ალ­უ­რი გა­დაწ­ვე­ნა და სხვა

:  ვე­გე­ტა­ცი­ის დაწ­ყე­ბი­სას ჩა­ის ბუჩქს გა­დაჭ­რი­ან 3-4 სმ-ის სი­მაღ­ლე­ზე ნი­ად­აგ­ის ზე­და­პი­რი­დან. რო­დე­საც ამ­ონ­აყ­ა­რი ყლორ­­ტე­ბი მი­აღ­წევს 15-20 სმ სი­მაღ­ლეს, მათ შე­მო­აყ­რი­ან სტ­რუქ­­­­ტუ­რულ, ნა­ყო­ფი­ერ, ფხვი­ერ, ტე­ნი­ან მი­წას.

ყლორ­ტებს ზრდას­თან ერ­თად შემოაყ­რი­ან ნი­ად­აგს. ასე იმ­ე­ორ­ებ­ენ 2-3-ჯერ, ვიდ­რე შე­მოყ­რი­ლი კო­ნუ­სის სი­მაღ­ლე 30-40, ფუ­ძის დი­ამ­ეტ­რი კი 50-60 სმ-ს არ მი­აღ­წევს. სა­მი თვის შემ­დეგ მი­წა­შე­მოყ­რილ ყლორ­ტებს უღ­ვივ­დე­ბათ ფე­ს­ვ­­თა სის­ტე­მა.

შე­მოდ­გო­მა­ზე და­ფეს­ვი­ან­ებ­ულ ყლორ­ტებს ირ­გვლივ მი­წას აც­ლი­ან, ყლორ­ტებს დე­და­ბუჩქს აც­ილ­ებ­ენ, მი­ღე­ბულ მცე­­ნა­რე­ები უკ­ეთ­ე­სი და­ფეს­ვი­ან­ებ­ის მიზ­ნით გადააქვთ და რგა­ვენ სა­ნერ­გე­ებ­ში.

  :  ყლორ­ტე­ბი უკ­ეთ­ეს­ად ფეს­ვი­ან­დე­ბა, რო­დე­საც ბუჩ­ქი­დან რკა­ლი­სე­ბუ­რად გა­და­ღუ­ნა­ვენ და ნი­ად­აგ­ში ამ­აგ­რე­ბენ. სა­ამ­ის­ოდ ყლორ­ტი უნ­და იყ­ოს 50-60 სმ-ის სიგრ­ძი­ს, რა­საც იგი ერთ სა­ვე­გე­ტა­ციო პე­რი­ოდში აღ­წევს.

შე­მოდ­გო­მა­ზე ყო­ვე­ლი გა­დაწ­ვე­ნი­ლი ტო­ტი მრა­ვალ და­ფეს­ვი­ან­ებ­ულ ახ­ალ ყლორტს გვაძ­ლევს, მათ აშ­ორ­ებ­ენ დე­­­­და ტო­ტის ფუ­ძეს­თან და რგა­ვენ მუდ­მივ ად­გი­ლას.

გამ­რავ­ლე­ბის ეს ხერ­ხი მე­ტად ხელ­საყ­რე­ლია ჩა­ის პლან­­­­­ტაციებში მეჩხერიანობის აღმოფხვრის მიზნით, შპა­ლერების შესავსებად.

რეზო ჯაბნიძე,

სსმმ აკადემიის აკადემიკოსი

წყარო: ჟურნალი აგრარული საქართველო

მეტეოროლოგიური ელემენტები და მათი გავლენა მცენარეთა ზრდა-განვითარებაზე

 

ატმოსფეროს მდგომარეობას განსაზღვრავს ტემპერატურა, ჰაერის ტენიანობა და წნევა, ქარის მიმართულება და სიჩქარე, ღრუბლიანობა, ნალექები, მზის რადიაციის ინტენსივობა, ნიადაგის ტემპერატურა და ტენი, ატმოსფეროს გამჭვირვალობა და სხვ.

ჰაერის წნევა – ატმოსფეროს ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია. ეს არის ძალა, რომელიც აწვება ჰაერის სვეტს მიწის ზედაპირიდან_ატმოსფეროს ზედა საზღვრამდე, გამოისახება მილიმეტრებში ან პასკალებში. ჰაერის წნევის გასაზომად იყენებენ ბარომეტრ ანეროიდს.

მზის რადიაცია ენერგიის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. იგი შედგება 0,2-24 მკმ სიგრძის ელექტრომაგნიტური ტალღებისაგან.

მცენარისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფოტოსინთეზური აქტივობის ენერგიას, ანუ მზის რადიაციის იმ სპექტრს, რომელიც  ფოტოსინთეზის პროცესში იხარჯება. მისი ინტენსივობა მოქმედებს მცენარის ქიმიურ შედგენილობასა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ხარისხზე. მაგ, შაქრის ჭარხლის და ყურძნის შაქრიანობა დამოკიდებულია მზიანი დღეების რაოდენობაზე. მზის რადიაციის გასაზომად იყენებენ აქტინომეტრულ ხელსაწყოებს (აქტინომეტრი, პრანომეტრი, ალბედომეტრი და სხვ.).

ჰაერის ტემპერატურა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეტეოროლოგიური ელემენტია, რომელიც მცენარის ზრდა-განვითარებას განსაზღვრავს. მზის სხივური ენერგიის ნაწილი ხმარდება ჰაერის გათბობას, მცენარის მიერ წყლის აორთქლებას, ნაწილი კი გადაეცემა ნიადაგის ღრმა ფენებს.

მცენარეებში ყველა ფიზიოლოგიური პროცესი გარკვეულ ტემპერატურაზე მიმდინარეობს. აღინიშნება მცენარის სუნთქვის ქვედა ზღვარი (0°C), ინტენსიური სუნთქვა (36-40C°) და სუნთქვის ტემპერატურის მაქსიმუმი (50C°), რომლის ზევით მცენარე წყვეტს სასიცოცხლო პროცესს. ნიადაგის ტემპერატურა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც მოქმედებს მცენარის ზრდა-განვითარებაზე. ნიადაგის ტემპერატურის გასაზომად გამოიყენებენ ვერცხლისწყლიან თერმომეტრებს.

სოფლის მეურნეობაში მომუშავე სპეციალისტებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ნიადაგის ტემპერატურის რეგულირების საკითხი, რათა შეძლონ მცენარის განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნა. მაგალითად, ნიადაგის გაფხვიერება ამცირებს ნიადაგის ტემპერატურას, ნათესების მოსწორება, პირიქით_ადიდებს ტემპერატურას 1-2%-ით.

ნიადაგის ტემპერატურის დარეგულირება შეიძლება აგრეთვე მულჩირებით (ნიადაგის ზედაპრის დაფარვა ტორფით, მოჭრილი ჩალით და სხვ.).

ჰაერის ტენიანობა დიდ გავლენას ახდენს მცენარის ზრდა-განვითარებაზე. ჰაერის ტენიანობის შემცირებისას და ტემპერატურის მომატებისას იზრდება შაქრიანობა, ხორბლოვნებში ცილების შემცველობა და სხვ. მაგრამ ამ დროს იზრდება წყლის აორთქლების პროცესიც, ნიადაგი სწრაფად გამოშრება, რასაც მივყავართ მოსავლიანობის შემცირებამდე.

ჰაერის ტენიანობა მოქმედებს აგრეთვე მრავალი მავნებელ-დაავადების გავრცელებაზე.

ნიადაგის ტენიანობის ძირითად წყაროს ატმოსფერული ნალექები წარმოადგენენ. ამიტომ, მათი განაწილება რეგიონების მიხედვით განაპირობებს მცენარის ტენით უზრუნველყოფის ხარისხს.

მცენარის ტენით უზრუნველყოფა დამოკიდებულია არამარტო ნალექების რაოდენობაზე, არამედ ზედაპირის საფარზე და თვისებებზე, რომელზეც იგი მოდის. მცენარეული საფარი საკმაო რაოდენობით აკავებს მოსული წვიმის სახით ატმოსფერულ ნალექებს, რომელიც იცვლება მისი სიხშირის მიხედვით. ძალიან ხშირი ნარგავები აკავებენ მეტი რაოდენობით ნალექებს.

თოვლის საბურველი წარმოადგენს ნიადაგში ტენის მარაგს და იქცევა მცენარეების წყლით მომარაგების წყაროდ. ნიადაგში ტენის მარაგი დამოკიდებულია ნიადაგის სტრუქტურაზე, ტენის შეთვისება_გამტარიანობაზე, აერაციაზე, ტენტევადობაზე.

სოფლის მეურნეობის წარმოებისათვის ძირითადი მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ ნიადაგის ტენის იმ ნაწილს, რომელიც მისაწვდომია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის და უზრუნველყოფს მოსავლის ფორმირებას, რომელსაც პროდუქტიულ ტენს უწოდებენ.

მცენარეებისათვის ნიადაგში არსებული ტენის მარაგი ზოგჯერ არ არის მისაწვდომი. ამ დროს გარკვეული ნაწილი შეკავებულია ნიადაგის ნაწილაკების მიერ ისე, რომ იგი აღემატება მცენარის მიერ ფესვთა შეწოვის ძალას და ამიტომ მცენარისათვის შეუთვისებელია.

ნიადაგის იმ ტენიანობას, რომლის დროსაც ტენიანობის დეფიციტი მცენარეთა უჯრედებში ვერ აღსდგება მინიმალური ტრანსპირაციის პირობებში, ჭკნობის ტენიანობა – ,,ჭკნობის კოეფიციენტი” ეწოდება. თუ ნიადაგის ტენის მარაგი ტოლია ჭკნობის კოეფიციენტისა, მაშინ მცენარეს არ შეუძლია ნორმალურად აწარმოოს ზრდა-განვითარება და მოსავლის ფორმირება.

სოფლის მეურნეობისათვის სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენები

– წაყინვებს უწოდებენ ჰაერის მინიმალური ტემპერატურის ან ნიადაგის მოქმედ ზედაპირზე 0°-მდე და დაბლა დაწევას წლის შედარებით თბილ პერიოდში (გაზაფხული, შემოდგომა).

ტემპერატურას, რომლის ქვემოთ ვეგეტაციაში მყოფი მცენარეები ზიანდებიან ან იღუპებიან, კრიტიკულს უწოდებენ. კრიტიკული ტემპერატურები სხვადასხვაა. მცენარეთა დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია წაყინვების ინტენსიურობასა და მისი მოქმედების ხანგრძლივობაზე. არსებობს წაყინვების და ზამთრის ყინვების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც პირობითად იყოფა ორ ჯგუფად:

I – ფიზიკური;

II – ბიოლოგიური.

გამოსხივების შემცირება – ნიადაგიდან და მცენარეებიდან გამოსხივება შეიძლება შემცირდეს კვამლის გამოყენებით, რაც რამდენადმე ამცირებს წაყინვების მოქმედებას.

ნამის წერტილის აწევა – იგი შესაძლებელია ჰაერის ტენიანობის გაზრდით, რასაც აღწევენ ნიადაგის უხვად მორწყვით, რომლის დროს წყლის ორთქლი კონდენსირდება და გამოიყოფა ფარული სითბო. ამ შემთხვევაში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 1-2°C-ით.

ჰაერის გათბობა – ჰაერის გასათბობად გამოიყენება თხევადი საწვავები. მისი ეფექტიანობა დამოკიდებულია მათბურების რაოდენობაზე. 1 ცალი მათბური 1 ჰა_ზე იძლევა 1°C-მდე ტემპერატურის ეფექტს (1-1.5 მ სიმაღლეზე), ხოლო 500 ცალი_3-4°C-მდე.

ჰაერის ფენების ერთმანეთში შერევა _ ეფექტურია ე.წ. საქარე დანადგარი (,,ვენტილიატორი”), რადიაციული წაყინვების დროს, რომელსაც ჰაერის ცივი და თბილი მასები მოძრაობაში მოჰყავს და ერთმანეთში ურევს. დანადგარმა მცენარეები შეიძლება დაიცვას –4, _6C°-ის დროს. უფრო დაბალი ტემპერატურების დროს მიზანშეწონილია კომპლექსური ღონისძიების განხორციელება – საქარე დანადგარებთან ერთად თხევადი საწვავების მათბურები და სხვ.

ყინვაგამძლე ჯიშების გამოყვანა სელექციური გზით. სელექციონერები მუშაობენ მცენარეების ისეთი ჯიშების გამოყვანაზე, რომლებიც საკმაოდ ყინვაგამძლენი იქნებიან. ისინი გვიან დაიწყებენ ვეგეტაციას წაყინვების შეწყვეტის შემდეგ და ადრე დამწიფდებიან, წაყინვების დაწყებამდე.

მცენარეთა კვების რეჟიმის რეგულირება – ნიადაგში სასუქების შეტანა უნდა ჩატარდეს დადგენილ ვადებში, რადგან დაგვიანების შემთხვევაში მცენარეებმა შეიძლება ვეგეტაცია გააგრძელონ შემოდგომის ბოლომდე და ამ დროს უმნიშვნელო წაყინვებიც დააზიანებს.

ინცირება (წაჩქმეტა) – მას ძირითადად იყენებენ ციტრუსოვანი კულტურებისთვის ადრე შემოდგომაზე.

კულტურას აცლიან დაახლოებით 10-15 სმ სიგრძის წვეროებს, მცენარე იძულებულია შეწყვიტოს ზრდა და გადავიდეს მოსვენებით მდგომარეობაში. ამ დროს ნაზარდები იწრთობიან დაბალ ტემპერატურაზე და ზამთრის ყინვებს შედარებით უკეთ იტანენ.

– ეს მეთოდი ძლიერი ყინვების შემთხვევაში იცავს მცენარის მიწით დაფარულ ნაწილს. გადარჩენილი ნაწილებიდან გაზაფხულზე საკმაოდ ძლიერი ნაზარდები ვითარდება.

შეფუთვა – ციტრუსების დასაცავად ფართოდ იყენებენ სამფენოვანი დოლბანდით შეფუთვას, თუმცა მისი ეფექტი 1.5-2°C არ აღემატება. იყენებენ აგრეთვე, დოლბანდის შემცველ, უქსოვად ქსოვილს–,,ციტრუსს”, რომელიც ყინვების დროს დოლბანდთან შედარებით 2°C-ით უფრო მეტი ეფექტით გამოირჩევა.

გვალვები _  გვალვების წარმოშობის მიზეზს, უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენს ძლიერი ატმოსფერული პროცესები, რომლებსაც განაპირობებს ჩრდილოეთიდან ან ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრა, რომელიც ხორციელდება ანტიციკლონების სახით და საბოლოოდ მოაქვს მშრალი ამინდები.

ასეთ პირობებში დედამიწის ზედაპირს ძლიერად ათბობს მზის რადიაცია, რომლისგანაც თბება მიწისპირა ჰაერის ფენა და მიმდინარეობს ტემპერატურის მატება. ასეთი ჰაერის პირობებში ინტენსიურად მიმდინარეობს ნიადაგის ზედაპირიდან აორთქლება და მცენარეების მაღალი ტრანსპირაცია, რომლის შედეგად მოკლე პერიოდში იხარჯება ნიადაგის ტენი და მისი მარაგი, ატმოსფერული ნალექების უქონლობის გამო იგი არ ივსება. ამ დროს მცენარეები განიცდიან ტენის ნაკლებობას და ადგილი აქვს გვალვას.

ხორშაკი (ატმოსფერული გვალვა) – კომპლექსურ მეტეოროლოგიურ მოვლენას წარმოადგენს, რომელიც ხასიათდება მაღალი ტემპერატურებით, ჰაერის დაბალი ტენიანობითა და ძლიერი ქარით. აღნიშნული ფაქტორები იწვევს მცენარეების ტრანსპირაციის გადიდებას, ნიადაგის ზედაპირიდან ინტენსიურ აორთქლებას, რაც ძალზე უარყოფითად მოქმედებს სასოფლო_სამეურნეო კულტურების ზრდა-განვითარებასა და მოსავლის ფორმირებაზე.

წვიმა _ წვიმას, რომელიც მოკლე დროში იძლევა დიდი რაოდენობით ნალექებს, უწოდებენ თავსხმას. იგი ხასიათდება ხანგრძლივობით და ინტენსიურობით.

უხვი წვიმის წყლის ნაკადი არ ჩაიჟონება ნიადაგში და სწრაფად მიექანება დამრეცი ადგილებისაკენ, რეცხავს ნიადაგის ზედაპირის ნაყოფიერ ფენას, იწვევს ეროზიას, იგი აყოვნებს თესლების აღმოცენებას, იწვევს მოსავლის დანაკარგს, პროდუქციის ხარისხის გაუარესებას და ა.შ. თავსხმა წვიმებით გამოწვეული ეროზიის საწინააღმდეგოდ, საჭიროა ნიადაგის ზედაპირზე მცენარეული საფარის შექმნა, განსაკუთრებით ეროზიასაშიშ ადგილებში, ტერასების მოწყობა და სხვა მელიორაციული ღონისძიებები.

სეტყვა – მისი წარმოშობა დაკავშირებულია ჰაერის ძლიერ აღმავალ დენებთან, რომელიც ფორმირდება და გვევლინება ელჭექის ხასიათის ღრუბლებიდან. ყველაზე მეტი სეტყვიანობა აღინიშნება მაის-ივნისში. იგი განსაკუთრებით საშიშია მცენარეების ყვავილობისა და ნაყოფების მომწიფების პერიოდში, როცა მათ არ შეუძლიათ აღიდგინონ დაზიანებული ორგანოები და მოგვცენ მოსავალი. სეტყვის ღრუბლებზე ხელოვნური ზემოქმედების მეთოდის საფუძველს წარმოადგენს მსხვილი სეტყვის წარმოქმნის პროცესის შეჩერება. ამ მიზნით სეტყვის ღრუბლების განვითარების დაწყებიდან რამდენიმე წუთის (15-20 წთ.) შემდეგ, მათ ესვრიან სპეციალურ რაკეტებს ან ქვემეხის ჭურვებს, რომლებსაც შეაქვთ ღრუბლებში სეტყვის თავიდან აცილების სათანადო რეაგენტები.

ამოხუთვა – ამ მოვლენისაგან შეიძლება დაზიანდეს საშემოდგომო ხორბალი, ჩაის ფოთლები, როცა ისინი ხანგრძლივი დროის მანძილზე იმყოფებიან ღრმა თოვლის საბურველის ქვეშ (30 სმ და მეტი). მოცემულ პირობებში მცენარის სიცოცხლისუნარიანობა მაღალი რჩება და იგი სუნთქვაზე ხარჯავს საკვები ნივთიერებების მნიშვნელოვან მარაგს, რის გამოც მცენარე შეიძლება დაიღუპოს. ამოხუთვას აჩქარებს სოკოვანი დაავადება, რომელიც ამოხუთვის ხშირი თანამგზავრია.

ლპობა _ საშემოდგომო ნათესების ამოლპობა, ნაწილობრივ ან მთლიანად, შესაძლებელია მათი წყლით დაფარვის შემთხვევაში 20 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში. ასეთ პირობებში მცენარეები იღუპებიან ჟანგბადის უქონლობისა და საკვები ნივთიერებების უკმარისობის შედეგად. ამობერვა – ნიადაგის ფორებში, წყლის გაყინვის დროს, წარმოიქმნება ყინულის კრისტალები, რომლებიც ხეთქავენ და ბერავენ ნიადაგს, მასთან ერთად ფესვებიანად ამოიწევა მცენარეებიც. როცა ნიადაგი გალღვება, ის თანდათან ჩაჯდება, ხოლო მცენარეების ნაწილი მაინც ამოწეული დარჩება ნიადაგიდან. ყველაზე ინტენსიურად ეს პროცესი მიმდინარეობს ჭარბტენიან, უსტრუქტურო და გვიან მოხნულ ნიადაგებზე. მასთან ბრძოლის ღონისძიებას წარმოადგენს ნიადაგის დროული დამუშავება, თესვის ჩატარება ოპტიმალურ ვადებში და ა.შ.

ყინულის ქერქი – წარმოიქმნება ზამთარში ჰაერის ტემპერატურის გათბობისას, თოვლის დნობისაგან ან წვიმის შემდეგ ნიადაგის ზედაპირზე აღნიშნული ფაქტორების გაყინვისას. ყინულის ქერქის სისქე მერყეობს 20-50 მმ-მდე, ზოგჯერ 150 მმ-მდეც. იგი მექანიკურად აზიანებს საშემოდგომო ნათეს კულტურებს, ხელს უწყობს ნიადაგის ზედაპირის ამობერვას და გაყინვას. მის წინააღმდეგ ბრძოლის კარგ საშუალებას წარმოადგენს ზედაპირზე თოვლის საფარის შეჩერება.

რუსუდან ძიძიშვილი,

სმმ დოქტორი, პროფესორი

წყარო: ჟურნალი საქართველო

სახნავი მიწების ინტენსიური გამოყენება – თესლბრუნვა

ნიადაგის ნაყოფიერების გადიდებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის მატების მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს თესლბრუნვები.

თესლბრუნვების შემოღებისას უზრუნველოყოფილი უნდა იქნეს: ნათესის ფართობის  მოსავლიანობით ფერმერული მეურნეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება, სახნავი   მიწების მიზანშეწონილი (სწორი) გამოყენება და კულტურათა სწორად შერჩევა-    განაწილება, მეცხოველეობის საკვები ბაზის შექმნა და სხვა.

თესლბრუნვის სქემის შედგენისას უპირველეს ყოვლისა ყურადღება უნდა მიექცეს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სწორ მორიგეობას, მათი ზრდიას პირობების და მოთხოვნილებათა გათვალისწინებით.

დადგენილია რომ ერთი და იგივე კულტურის ერთსა და იმავე ადგილზე ხანგრძლივი პერიოდით თესვა ჩვეულებრივ იწვევს ნიადაგის განოყიერების შემცირებას, მინდვრებზე სარეველების,კულტურათა დაავადებების და მავნებელების განვითარებას. აღნიშნული კი იწვევს მოსავლიანობის მნიშვნელოვან შემცირებას და ზოგჯერ მატ სრულ დაღუპვას.

კულტურათა სწორი მორიგეობის დასადგენად აუცილებელია მთელ რიგ   რონისძიებათა გათვალისწინება, რომელთაგან ძირითად პირობას წარმოადგენს ნიადაგში არსებული საკვები ნივთიერებების სწორად გამოყენება.

ცნობილია, რომ სხვადასხვა მცენარე თავისი ზრდა განვითარებისათვის ნიადაგიდან საკვებ ნივთიერებებს ერთნაირად არ იყენებს. მაგალითად პურეული კულტურები მეტი რაოდენობით მოითხოვს აზოტსა და ფოსფორს; პარკოსანი კულტურები–პირიქით, კოჟრის ბაქტერიების საშუალებით ნიადაგში აგროვებს აზოტს; საკვები ძირხვენები და კარტოფილი უფრო მეტად ხარჯავს კალიუმს, შედარებით ნაკლებად მოიხმარს ნიადაგის აზოტს და ფოსფორს.

კულტურათა მორიგეობის დროს აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს     კულტურის ფესვთა სისტემის გავრცელება ნიადაგში (სიღრმეში), გამომდინარე აღნიშნულიდან კულტურები საკვებ ელემენტებს ნიადაგის სხვადასხვა ფენებიდან  იყენებენ მაგალითად პურეული თავისი ფუნჯა ფესვთა სისტემით საკვებს ნიადაგის  ზედა ფენებიდან იღებს, მაშინ როდესაც პარკოსანი მცენარეები ინვითარებენ რა მთავარღერძიან ფესვთა სისტემას, საკვებ ნიადაგის ქვედა ფენებიდან იღებს.

სარეველების მიერ პურეული კულტურები ჩვეულებრივ ძლიერ იჩაგრება, მაშინ როდესაც სათოხნი კულტურები(კარტოფილი, მზესუმზირა, სიმინდი, ძირხვენები) სათანადო მოვლით (მწკრივთა შორის დამუშავება, რიგებში სარეველების გამარგვლა) ხელსუწყობს სარეველების გასუფთავებას.

მრავალწლოვანი საკვები ბალახები ხელს შლის სარეველების ზრდა განვითარებას და ნაკვეთს მომდევნო კულტურისათვის სარეველებისაგან სუფთას ტოვებს. ასევე სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს შავი ანეული (კულტურის ღების შემდეგ ფართობის რამდენჯერმე დამუშავება).

კულტურათა მორიგეობა არის საუკეთესო საშუალება მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებებთან ბრძოლის საქმეში.

კულტურათა მორიგეობა-ისეთი მცენარეების შეცვლა, რომლებიც ნიადაგიდან  ცოტა წყალს იღებენ (სიმინდი, სორგო და სხვა) ისეთებიც რომლებიც წყალს მეტი რაოდენობით მოითხოვენ (სამარცველ პურეულები), საუკეთესო პირობებს ქმნის კულტურულ მცენარეთა ზრდა განვითარებისათვის.

კულტურათა მორიგეობა ხელს უწყობს სტრუქტურული  ნიადაგის ჩამოყალიბებას, ნიადაგში ჰაერის კარგად შეღწევას და ტენის ადვილად გამოყენებას. აღნიშნულის მიღწევა მნიშვნელოვნად განპირობებულია მრავალწლოვანი მარცვლოვნებისა და  პარკოსნების ნარევების თესვით. ბალახების ხანგრძლივობა თესლბრუნვაში დამოკიდებულია თესლბრუნვის ხასიათზე და ბუნებრივ პირობებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია თესლბრუნვაში კულტურათა სწორი მორიგეობა. ცალკეულ კულტურათა ადგილის განსაზღვრა თელსბრუნვაში უზრუნველყოფს თესლბრუნვის ეფექტურობას დამის მნიშვნელობას ფერმერული მეურნეობისათვის.

თესლბრუნვის ორი ძირითადი ტიპი

თესლბრუნვის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: მინდვრის და საკვები თესლბრუნვები. საკვები თესლბრუნვები იყოფა ფერმისპირა და სათიბ-საძოვრულ თესლბრუნვებათ. მინდვრის თესლბრუნვები უზრუნველყოფს ნიადაგის ნაყოფიერების პურეული კულტურებისა და ზოგიერთი ტექნიკური მცენარეებისათვის.

საკვები თესლბრუნვები (საკარმიდამო, ფერმისპირა, სათიბ-საძოვრული) მიზნად ისახავს დაკმაყოფილდეს ფერმერული მეცხოველეობა საკვები ბაზით. მინდვრის თესლბრუნვებში შესაძლებელია პურეული კულტურების თესვა ზედიზედ ორ წელზე მეტხანს ერთი და იგივე მინდორზე, ასევე მრავალწლოვანი მარცვლოვან-პარკოსანი ბალახები ითესებოდეს ნარევების სახით თავთავიანი პურეულების საფარქვეშ.

საშემოდგომო კულტურებისათვის საშემოდგომო ხორბალი და საშემოდგომო ჭვავი) თესლბრუნვაში საუკეთესო წინა მორბედია სუფთა ანეულები და მათ შორის შავი ანეული, ტენიან რეგიონებში სარეველებისაგან სუფთა მიწებზე შეიძლება  საშემოდგომო კულტურბი მოთესილი ანეულების შედეგადაც დაითესოს. მაგრამ შავ ანეულს საშემოდგომო კულტურები უფრო მაღალ მოსავალს იძლევა.

საგაზაფხულო ხორბალისათვის(სარეველებისაგან ძლიერ იჩაგრება) საუკეთესო წინამორბედს წარმოადგენს მრავალწლიანი ნასვენი და მყარი მიწები,  მრავალწლოვანი ბალახები, სათოხნი კულტურები (სიმინდი, მზესუმზირა და სხვა),საშემოდგომო კულტურები. ქერის კულტურა ასევე იჩაგრება სარეველებისაგან და მოითხოვს ნიადაგში ადვილად ხსნად საკვებ ნივთიერებებს, მისთცის საუკეთესო წინამორბედია განოყიერებული საშემოდგომო ან სათოხნი კულტურები.

შვრია ნიადაგისადმი ნაკლებ მომთხოვნია და სარეველებით სხვებზე ნაკლებად იჩაგრება, ამიტომ იგი შეიძლება მოთავსდეს  ყველა მინდორში.

სამარცვლე პარკოსანი კულტურები უფრო მომთხოვნი არიან ნიადაგისადმი ვიდრე ჭვავი, ქერი და შვრია.ისინი ნიადაგში აზოტის დამგროვებლები არიან, ამიტომ მრავალი კულტურიოსათვის კარგ წინამორბედს წარმოადგენს.

თვით ეს მცენარეები უნდა მოთავსდეს ისეთი წინამორბედის შემდეგ რომელნიც თავის შემდეგ მინდორში ფოსფორს და კალიუმს საკმარისი რაოდენობით ტოვებენ. თესლბრუნვებში მათთვის საუკეტესოა მრავალწლიანი ბალახის ან განოყიერებული საშემოდგომო კულტურის ფართობი.

სათოხნი კულტურები (კარტოფილი, სიმინდი, სორგო, მზესუმზირა, შაქრის ჭარხალი) კარგ მოსავალს იძლევა მრავალწლიანი ბალახები და საშემოდგომო    კულტურების შემდეგ, ასევე პარკოსნების შემდეგ თესვისას.

სათოხნი კულტურების   მწკრივთა შორის დამუშავების შედეგად სარეველებისაგან ფართობს ტოვებენ სუფთად და სხვა კულტურებისათვის საუკეთესო წინამორბედს წარმოადგენს, განსაკუთრებით   საგაზაფხულო პურეული კულტურებისთვის.

ბაღჩეული კულტურები (საზამთრო, გოგრა) კარგ მოსავალს იძლევა მრავალწლოვანი ბალახების შემდეგ ნასვენ და  მყარ   მიწებზე  თესვისას.

მრავალწლოვანი ბალახები თავის მხრივ კარგი წინამორბედია საგაზაფხულო და საშემოდგომო კულტურებისათვის, რადგან მათი თესვის შემდეგ ნიადაგი მდიდრდება აზოტით და ორგანული ნივთიერებებით, იძენს მტკიცე წვრილმარცვლოვან სტრუქტურას.

საკვები თესლბრუნვები

საკვები თესლბრუნვები იყოფა ორ ტიპად: ფერმისპირა, რომლის ძირითად მიზანს შეადგენს უზრუნველყოფა უმთავრესად წვნიანი საკვებით და სათიბ-საძოვრული  თესლბრუნვები, რომელთა მიზანია ცხოველთა უზრუნველყოფა თივით ან საძოვრული მწვანე საკვებით.

ფერმისპირა თესლბრუნვები

ფერმისპირა თესლბრუნვები ეწყობა ფერმის ახლოს (მახლობლად), იმისათვის რომ ცხოველმა ფერმის ახლოს ძოვოს და წვნიანი საკვების გადაზიდვაზე დიდი შრომა და ტრანსპორტი არ დაგვჭირდეს.

ფერმისპირა თესლბრუნვაში შეაქვთ საგაზაფხულო პურეულები ბალახების შეთესვით, 3-4 მინდორი მრავალწლოვანი და ერთწლოვანი ბალახებით.  მრავალწლოვანი და ერთწლოვანი ბალახების შეტანა შესაძლებლობას იძლევა მოვაწყოთ მწვანე კონვეიერი ე.ი. უზრუნველვყოთ ცხოველთა მოთხოვნილება საძოვრული საკვებითBბუნებრივი საძოვრებისა და ნათესი საკვები კულტურების ხარჯზე, ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.

ფერმისპირა თესლბრუნვის მრავალნაირი ტიპი არსებობს. მაგალითად 5-6 მინდვრიანი თესლბრუნვა, სადაც ერთ მინდორზე დაითესება მწვანე საკვებად ცერცველა შვრიით,1-2 მინდორზე ძირხვენები და სასილოსე კულტურები, 2 მინდორზე-სამყურა ტიმოთელათი და ერთ მინდორზე-საგაზაფხულო მარცვლეული კულტურები.

მეღორეობისათვის ფერმისპირა თესლბრუნვის ტიპი შეიძლება იყოს: 1. საგაზაფხულო მარცვლეული, სადაც მრავალწლიანი ბალახებია შეთესილი იონჯას ჭარბობით. 2. მრავალწლოვანი ბალახები თივად და მწვანე საკვებად. 3. მრავალწლოვანი ბალახები საძოვრად. 4. ბაღჩეული. 5. ერთწლოვანი ბალახები საძოვრად.6. სასილოსე კულტურები და ძირხვენები. 7. მიწავაშლა(თესლბრუნვის გარეშე).

აღნიშნული ტიპის თესლბრუნვა შეიცავს სხვადასხვა ტიპის თესლბრუნვებს, რომლებიც უზტრუნველყოფს ცხოველს ძოვების მთელ პერიოდს-მწვანე კონვეიერის ფორმით.

ფერმისპირა თესლბრუნვის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს ცხოველთა უზრუნველყოფა საკვებით, ამიტომ მისი დაგეგმვა უნდა მოხდეს მინდვრის თესლბრუნვის დაგეგმვასტან ერთად.

სათიბ-საძოვრული თესლბრუნვა

სათიბ-საძოვრული თესლბრუნვა ეწყობა მცირე პროდუქტიულ, გადაგვარებულ მდელოებზე მრავალწლოვანი და ერთწლოვანი ბალახების მორიგეობით.სათიბ-საძოვრულითესლბრუნვა მოიცავს ორ პერიოდს: მინდვრის პერიოდს, როცა მოხნული მდელო ერთწლიანი მინდვრის კულტურებისათვის გამოიყენება და მდელოს პერიოდს, როდესაც თესლბრუნბვის მინდვრების ნაწილი მრავალწლოვანი ბალახნარევებით ითესება.

მინდვრის პერიოდის ხანგრძლივობა თესლბრუნვაში ძირითადად დამოკიდებულია  საკვების ფართობის ტიპზე და განისაზღვრებაიმ პერიოდით, რომლის განმავლობაშიც ბელტი საკმარისად დაიშლება(2-4 წელი, ზოგჯერ 4-5 წელი).

მდელოს პერიოდის   ხანგრძლივობა ნიადაგის პირობების, ბალახნარევების შემადგენლობისა და გამოყენების პირობების მიხედვით შეიძლება 4-7 წლამდ მერყეობდეს. სათიბ საძოვრულ თესლბრუნვას საფუძვლად უდევს ორგანულ ნივთიერებათა დაგროვება და მისი დაშლა ორწლოვანი და მრავალწლოვანი ბალახების მორიგეობის საშუალებით.

ორგანული ნივთიერების დასაშლელად და ბელტის მაღალი ნაყოფიერების გამოსაყენებლად თესლბრუნვის მინდვრისპერიოდში მრავალწლოვანიბალახების შემდეგ მარცვლეული და საკვები კულტურები ითესება.

სათიბ-საძოვრულ თესლბრუნვაში მრავალწლოვანი საკვები ბალახების თესვა-მოყვანის მტავარ მიზანს შეადგენს მწვანე საძოვრული საკვებისა და თივის მიღება. სათიბ-საძოვრული პერიოდი აგროტექნოლოგიურად განისაზღვრება ნიადაგობრივი პირობებით, ბალახნარევების შემადგენლობით და მათი გამოყენების დროით. სათიბ-საძოვრის პერიოდის პირველ ორ წელს მრავალწლოვანი ბალახები ჩვეულებრივ თივად გამოიყენება შემდგ საძოვრად და თივად, იმის მიხედცით თუ რა მოთხოვნაა თივაზე და საძოვარზე.

მინდვრის პერიოდისათვის კულტურების შერჩევის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დასათესი კულტურების მნიშვნელობა სავარგულებთან და მავნებლებთან ბრძოლის საქმეში.

მინდვრის პერიოდისათვის კულტურების შერჩევის დროს მხედველობაში უნდა ვიქონიოთ დასათესი კულტურების მნიშვნელობა სარეველებთან და მანვებლებტან ბრძოლის საქმეში.

მარცვლეულ კულტურებთან და ერთწლოვან ბალახებთან ერთად მინდვრის პერიოდში შეტანილი უნდა იქნეს, როგორც სარეველებთან ბრძოლის ხელშემწყობი საშუალება, სთოხნი და ბოსტნის კულტურები, ხოლო თესლბრუნვის გარეშე მინდორზე ითესება მიწავაშლა.

მაგალითად: 1. მრავალწლოვანი ბალახები თივად; 2-4 მრავალწლოვანი ბალახები მწვანე საკვებად და საძოვრად, 5. ხორბალი, 6. სუდანურა, 7. სიმინდი გასაძოვებლად, 8. პურეულები მრავალწლოვანი ბალახის შეთესვით.

წყარო:https://agrokavkaz.ge/category/agronews

კაკლოვანი, კენკროვანი და სუბტროპიკული კულტურების საძირეთა სტანდა

კაკლოვანი კულტურები

თხილი – (როგორც გარეული, ისე საბაღო ფორმები) მრავლდება: თესლით და ვეგეტატურად, მაგრამ თესლით გამრავლების შემთხვევაში ადგილი აქვს შთამომავლობით ნიშანთვისებების ე.წ. “გათიშვას”. ერთწლიანი ნათესარის სიმაღლე – 40 სმ; ძირითადი ფესვების რაოდენობა 2-3. ფესვის სიგრძე 20-25 სმ; ნათესარის სიმსხო 10-15 მმ;

კაკალი – მრავლდება როგორც თესლით, ისე ვეგეტაციური წესით. ადრინდელ პერიოდში მიღებული იყო თესლით გამრავლება, ბოლო დროს მისი გამრავლება ხდება ვეგეტაციური მეთოდით (გადაწვენით, კალმით, და მყნობით), თუმცა პრაქტიკული გამოყენება უფრო მყნობით გამრავლებას აქვს. საძირე კაკლის ნათესარები – სტანდარტული საძირე სიმაღლე – 15 სმ სამყნობი ადგილის დიამეტრი 10-12 მმ. საძირეები ზიბოლდა, შავი კაკალი, იაპონური და მანჯურიის ნათესარები.

პეკანი – მრავლდება თესლით, ფესვის ამონაყრებით, კალმებით. მყნობა წარმოებს 2 წლის მცენარეზე. პეკანის ყლორტიდან იჭრება 25-30 სმ სიგრძის და 10 მმ დიამეტრის კალამი. პეკანის ერთწლიანი ნათესარის სიმაღლე უნდა იყოს არა ნაკლები 10-30 სმ და 10 მმ დიამეტრის.

წაბლი – მრავლდება თესლით, ძირკვის ამონაყრებით და გადაწვენით. წაბლის ერთ-ორწლიანი თესლნერგის სიმაღლე _ 20-35 სმ; ღეროს დიამეტრი ფესვის ყელთან 6-12 მმ; კალმით გამრავლების დროს – კალმის სიგრძე – 25-30 სმ უნდა იყოს. ხოლო სიმსხო _ 5-დან 15 მმ-მდე. ფესვის კალმები _ 15-20 სმ სიგრძის. წაბლი მრავლდება ძირკვის ამონაყრებით, 20-30 სმ სიმაღლეზე მიწის შემოყრით ფესვიანდება.

ნუში (კურკოვანი კულტურა) – ნათესარების სიმაღლე 25-30 სმ; ფესვის ყელის დიამეტრი 6-9 მმ, ფესვის სიგრძე 15 სმ; კლონური საძირე ვაკიეტი ტიტანი _ მრავლდება მწვანე კალმით, კალმის სიგრძე 18-20 სმ, დიამეტრი 10 მმ.

კენკროვანი კულტურები

მარწყვი – ორ-სამწლიანი მარწყვის სადედიდან მიღებული პწკალებიდან მიიღება ჩითილი 3-5 ფოთლით, 5 სმ ფესვის სიგრძით და დაირგვება.

მარწყვი მრავლდება დაფესვიანებული ულვაშებით. შავი, წითელი და თეთრი მოცხარი_ მრავლდება თესლით, ფესვის ამონაყრებით, დაკალმებით, დაწინდვით და მწვანე კალმებით. ძირითადად ჰორიზონტალური გადაწიდვნით. ამონაყრები 15-20 სმ სიგრძის, კალმის დიამეტრი 10 მმ. მწვანე დაკალმებით, კალმის სიგრძე 30 სმ, დიამეტრი 6-10 მმ.

ხურტკმელი – მრავლდება ერთწლიანი ყლორტი 15 სმ სიგრძის, 10-12 მმ დიამეტრის, ფესვის ამონაყრების კალამი 20 სმ სიგრძის, ფესვების რაოდენობა _ 6-15 ცალი. ნაზარდების სიგრძე 13 სმ.

ჟოლო და მაყვალი – მრავლდება ერთწლიანი გამერქნებული კალმებით 10-12 სმ სიგრძის 8 მმ-ს დიამეტრით და ფესვის ამონაყრებით.

მოცვი – ყლორტებიდან მზადდება 10-12 სმ სიგრძის გამერქნებული კალმები. სათბურისათვის მიღებულია 25 სმ სიგრძის კალამი საყვავილე კვირტების მოშორებით. კალმის დიამეტრი 6-8 მმ.

კივი (აქტინიდია) – ნათესების სიმაღლე 15 სმ; ფესვის სიგრძე 15 სმ ღეროს დიამეტრი 8-10მმ.

ქაცვი – მრავლდება ძირითადად 18-20 სმ სიგრძის კალმების დაფესვიანებით;

კოწახური – მრავლდება მწვანე დაკალმებით არა უმეტეს 10 წლის მსხოიარე ბუჩქიდან. ახალგაზრდა ყლორტიდან 3-4 სმ სიგრძის კალამს ამზადებენ,

ცხრატყავა – მრავლდება 12 სმ სიგრძის კალმით. ღეროს სიმსხო _ 6-8 მმ დიამეტრის.

ძახველი – მრავლდება 15-20 სმ სიგრძის კალმით, სიმსხო 8-10 მმ დიამეტრის.

მშრალი სუბტროპიკული კულტურები

ბროწეული – საძირეებად ბროწეულის ნათესარები გამოიყენება. მრავლდება ბუჩქის დაყოფით, ტოტის გადაწვენით, კალმების დაფესვიანებით. ძირითადად გამრავლება წარმოებს დაკალმებით. კალმები მზადდება 1-2 წლის ყლორტებიდან. გამოიყენება მომწიფებული 1-2 წლის ამონაყრები 5 მმ დიამეტრის და მზადება 20-25 სმ სიგრძის კალმები.

ლეღვი – მრავლდება თესლით, კალმებით, ყლორტების გადაწვენით, ფესვის ამონაყრებით, ძირითადად გამოიყენება მხოლოდ კალმებით გამრავლება. კალმის ოპტიმალური სიგრძე არის 18-20 სმ. სტანდარტული მაჩვენებელი 25-30 სმ, მეტი სიგრძის კალამი კარგად ფესვიანდება.მისი დიამეტრი უნდა იყოს არა ნაკლები 12-15 მმ.

აღმოსავლეთის ხურმა – მრავლდება თესლით, დაკალმებით, კვირტის დაკალმის მყნობით. ძირითადი წესია კავკასიური ხურმის თესლით გამრავლება და მასზე მყნობა.

კავკასიური ხურმის ნათესარი ინვითარებს ფუნჯა ფესვებს, როდესაც ნათესარი მიაღწევს 4-5 სმ სიმაღლეს საჭიროა ფესვების პიკირება, რომელიც გადაირგვება სანერგის პირველ მინდორზე მყნობისათვის კარგია 8-10მმ სიმსხოს დიამეტრის საძირე _ ფესვის ყელიდან 5 სმ სიმაღლეზე.

ფეიჰოა – მრავლდება როგორც თესლით ისე ვეგეტატიურად. ერთწლიანი ნათესარის ღეროს სიმაღლე უნდა იყოს 35 სმ, ფესვის ყელის სიმსხო არანაკლებ 4 მმ-ს, ფოთლის რაოდენობა ვეგეტაციის დასასრულს 20 ცალი. 2 წლიანი ნათესარის საძირის სტანდარტად მიღებულია ღეროს სიმაღლე 45 სმ; დიამეტრი 6 მმ; ფეიჰოას გამრავლება ძირითადად მიღებულია დაკალმება. კალმის სიგრძე 8-10 სმ. გადაირგვება სანერგის პირველ მინდორზე.

ავაკადო – თესლით გამრავლების დროს ნათესარი მიაღწევს რა 20 სმ გადაირგვება სანერგის მინდორზე. იმყნობა კვირტით. საძირის სამყნობი ადგილის სიმსხო უნდა იყოს 10-15 მმ დიამეტრის.

ზეთისხილი – მრავლდება თესლით, კალმებით, ფსვის ამონაყრებით, ყლორტის გადაწვენით. ძირითადად გამოიყენება გამერქნებული კალამი. უნდა იქნეს აღებული კალამი 2-5 წლიანი ტოტიდან 1,5-2,5 სმ დიამეტრის 30-50 სმ სიგრძის. კალმები იჭრება 20-25 სმ სიგრძის. დაფესვიანება მიმდინარეობს ნელა 2 წლის განმავლობაში. მწვანე დაკალმების მეთოდით კალამი იჭრება _ 10-12 სმ სიგრძის.

იაპონური მუშმულა (ზღმარტლი) – მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. საძირედ გამოიყენება ვეგეტატურად ნამრავლი იაპონური ზღმარტლი და კომში. ნათესარის სიმაღლე 40-50 სმ. კალმები მზადდება 2-3 კვირის ფაზაში. კალმებით გამრავლების დროს, მას იღებენ 12,5- 15 სმ სიგრძის და ირგვება სათბურში.

უნაბი – გამრავლება წარმოებს თესლით და ვეგეტატიურად _ გადაწვენით, კალმებით, ფესვის ამონაყრებით. რეკომენდირებულია უნაბის გამრავლება მიწის შემოყრით და ჰორიზონტალური გადაწვენით. 15-20 სმ სიგრძის ყლორტებს შემოაყრიან მიწას და შემოდგომაზე აშორებენ დედა მცენარეს.

კალმებით გამრავლებისათვის ტოტებიდან ჭრიან ერთწლიან ნაზარდებს და რგავენ სათბურში. უნაბი იძლევა მრავალრიცხოვან ფესვის ამონაყარს. თითო მცენარიდან მიიღება 80-120 სმ სიმაღლის, 8-12 მმ დიამეტრის 30-50 ამონაყარი. ფესვის დიამეტრი უნდა იყოს 8-10 მმ. კალმების სიგრძე 9-10 სმ.

რეკომენდაციების ავტორები: იუზა ვასაძე; გივი ბადრიშვილი; ვაჟა კვალიაშვილი /სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია/

წყარო: აგროკავკასია

რა უნდა ვიცოდეთ მცენარის ფესვის შესახებ

ფესვი ძირითადი ვეგეტატიური ორგანოა; იგი განუვითარდათ მხოლოდ უმაღლეს მცენარეებს, ხმელეთზე გადმოსახლებასა და ახალ პირობებთან შესაგუებლად, ასევე სხეულის დანაწევრებასთან დაკავშირებით.

ფესვის ფუნქციას შეადგენს მცენარის მომარაგება ნიადაგიდან წყლით, მინერალური საკვებით და მისი დამაგრება ნიადაგში. სახეცვლილებასთან დაკავშირებით ფესვი მრავალ სხვა დანიშნულებასაც ასრულებს.

არსებობს მთავარი, გვერდითი და დამატებითი ფესვები.

მთავარი ფესვი ჩანასახოვანი ფესვის ზრდით და განვითარებით წარმოიქმნება. გვერდითი ფესვები ფესვის შინაგანი ქსოვილისგან ვითარდება და მთავარი ფესვის განტოტვაა.

ასხვავებენ პირველი, მეორე, მესამე და შემდეგი რიგის გვერდით ფესვებს. დამატებითი ფესვები წარმოიქმნებიან ღეროებიდან და ზოგჯერ მცენარის ფოთლებიდანაც. აგებულებით და ფუნქციით დამატებითი ფესვები ისეთივეა, როგორიც მთავარი და გვერდითი ფესვები.

ფორმის მიხედვით არსებობს ფესვის შემდეგი ძირითადი ტიპები: მთავარღერძიანი, ფუნჯა და ძაფნაირი.

→ მთავარღერძიან ფესვთა სისტემა შემდეგნაირად წარმოიქმნება – თესლის გაჯირჯვების შემდეგ, პირველად, თესლში არსებული ფესვის ჩანასახი იწყებს განვითარებას. იგი თესლის კანიდან თესლის ღივის სახით, გარეთ გამოდის.

როგორი მდებარეობაც არ უნდა ჰქონდეს თესლს და ფესვის ღივს, იგი აუცილებლად მიმართულებას ნიადაგისკენ აიღებს. შვეულად მოზარდი ფესვი იწყებს დატოტვას;

ტოტები თავის მხრივ კიდევ იტოტებიან და წარმოიქმნება პირველი, მეორე, მესამე და შემდგომი რიგის ფესვები. ჩანასახიდან წარმოქმნილი ფესვი სიმსხოთი განსხვავდება გვერდითი ფესვებისაგან. ასეთ ფესვს მთავარღერძიანი ფესვი ჰქვია. იგი უვითარდებათ ორლებნიან მცენარეებს.

→ ფუნჯა ფესვთა სისტემის წარმოქმნა სხვანაირად მიმდინარეობს. თესლიდან გამოსული ფესვის ღივი მალე კვდება და მის ნაცვლად თანაბარი სიმსხოს, დამატებითი ფესვები ვითარდება. ასე წარმოქმნილი ფესვი ძალიან ჰგავს სამხატვრო ფუნჯს, რის გამოც მას ფუნჯა ფესვი უწოდეს. ფუნჯა ფესვი აქვთ ერთლებნიანებს, მაგალითად მარცვლოვნებს: სიმინდი, ხორბალი, ქერი და ა.შ.

→ ძაფნაირი ფესვი ძაფივით წვრილი და დატოტვილი ფესვია, უვითარდება ხანმოკლე სიცოცხლის მქონე მცენარეებს _ ეფემერებს, რომლებიც მხოლოდ 2,5 თვეს ცოცხლობენ და გაზაფხულზე ყველა მცენარეზე ადრე აღმოცენდებიან (ჟუნჟრუკო).

ღეროსგან ფესვი შემდეგი მორფოლოგიური ნიშნებით განსხვავდება: იგი რედუცირებულ ფოთლებსაც კი არ ივითარებს (გამონაკლის მცენარეებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში), ფესვზე არც კვირტებია, ხოლო მისი წვერი შალითით არის დაფარული.

ფესვის განვითარების სიმძლავრე ნიადაგში ძალიან დიდია. ფესვების მიერ დაკავებული სივრცე მრავალჯერ აღემატება ვარჯის მიერ ჰაერში დაკავებულ სივრცეს.

არიან მცენარეები, რომელთაც მეტად ღრმა ფესვთა სისტემა უვითარდებათ; ცერცვეკალა, რომელიც გვალვიანი ველებისა და უდაბნოების ბინადარია და მიწისზედა ნაწილები 50 სმ სიმაღლეზე უვითარდება – მსუბუქ ნიადაგებში, ფესვებს 20 მ სიღრმეზე ივითარებს.

აბზინდა, რომელიც 60-120 სმ სიმაღლის იზრდება, ფესვებს 3,5 სმ სიღრმეზე ივითარებს. კომბოსტოს ფესვი სიღრმით 1,5 მ-ზე ჩადის, განზე კი 1-1,2 მ დიამეტრის მანძილზე ვრცელდება. ბალახების ფესვების მასა ხშირად იმდენია, რამდენიც მიწისზედა, ან მასზე მეტი.

საინტერესოა ვიცოდეთ, თუ რას უდრის ფესვის შემწოვი ზედაპირი. მაგალითად, ხორბლის ყველა ფესვის ზედაპირი უდრის 4,16 მ2-ს, აქედან შემწოვ ზედაპირზე მხოლოდ 1მ2 მოდის. საქმე იმაშია, რომ ფესვი მთელ თავის სიღრმეზე კი არ იწოვს ხსნარებს, არამედ მხოლოდ შემწოვ ზონაში.

ფესვის შემწოვი ანუ ბეწვებიანი ზონა. ფესვის ამ ნაწილში მფარავ ქსოვილს – კანის უჯრედებს გამონაზარდი ბეწვები აქვთ. შემწოვი ზონა რამოდენიმე მილიმეტრით ან სანტიმეტრით განისაზღვრება.

ფესვის ბეწვები, ოსმოსური წნევისა და უჯრედის შემწოვი ძალის გავლენით, ნიადაგიდან წყალხსნარს იწოვენ და ამით მცენარეს ამარაგებენ. ბალახოვანი მცენარეების ფესვის ბეწვები უფრო გრძელია, ვიდრე ხეების.

ფესვის აბსოლუტური სიღრმის გარდა, არჩევენ ფესვის სამუშაო სიღრმეს, ე.ი. სიღრმეს, სანამდეც აღწევს ნიადაგში ფესვების უმეტესი ნაწილი.

ფესვთა სისტემის სიმძლავრე და ზრდა დამოკიდებულია გარემო პირობებზე და მცენარის მემკვიდრულ ბუნებაზე. გარემო პირობებიდან დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს, სიმკვრივეს, სიფხვიერეს, ნიადაგის მექანიკურ შემადგენლობას, ტენითა და საკვებით უზრუნველყოფას, სითბოს და სხვა.

ზრდის დროს ფესვი იქით უფრო ისწრაფვის და ინტენსიურად იზრდება, საითაც მისთვის შესაფერისი ოპტიმალური პირობებია.

ფესვის ზრდის სიმძლავრეზე მემკვიდრულ ბუნებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მემკვიდრული სუსტი ფესვი გარემო პირობების ხელოვნური გაუმჯობესებით შეიძლება მძლავრ ფესვად გარდაიქმნას.

ზრდის ხასიათის, ნიადაგში მისი სიღრმის და ჰორიზონტალურად ზრდის ინტენსივობის მიხედვით, ფესვის სისტემის ტიპები სქემატურად შეგვიძლია სამ ძირითად ტიპს მივაკუთვნოთ:

1. ღრმად მზარდი ფესვი, როდესაც მთავარი და გვერდითი ფესვები ნიადაგში სიღრმით იზრდება;

2. ჰორიზონტალურად მზარდი ფესვი. ასეთ შემთხვევაში, მთავარი ფესვი კვდება, გვერდითი და დამატებითი ფესვები კი ჰორიზონტალურად იზრდება;

3. შუალედური ტიპის ფესვი_ უფრო მიზანშეწონილი და ხელსაყრელი, რადგან ის იჭერს ნიადაგის დიდ მოცულობას და უკეთ იყენებს მას.

ფესვის ზონები

როგორც აგებულებით, ისე ფუნქციის შესრულებითაც ფესვი მთელ სიგრძეზე განსხვავებული ზონებისგან შედგება. როგორც მთავარი, ისე ყველა დანარჩენი ფესვების წვერი მკვრივი აგებულების ქსოვილით _ ფარით ანუ შალითით არის დაფარული.

ფარი (შალითა) ფესვის პირველ ზონას შეადგენს. ფარი სათითესავით არის წამოცმული მეორე ზონაზე, რომელსაც ჩანასახოვანი ზონა ეწოდება.

აქ პირველადი წარმომშობი ქსოვილია _ პირველადი მერისტემა. მისი ნაზი, ახალგაზრდა უჯრედები სიცოცხლის მანძილზე ინარჩუნებენ გაყოფის უნარს – იყოფიან, მრავლდებიან და დასაწყისს აძლევენ ფესვის ყველა ქსოვილს. სწორედ აქედან ეძლევა დასაწყისი ფესვის ზრდას. ამიტომაა, რომ ფესვი წვერით იზრდება და ყველაზე ნორჩი და ახალგაზრდა ნაწილები წვეროში აქვს.

ზრდის ზონა

მერისტემის მიერ ახლადწარმოქმნილი უჯრედების დაჭიმვა_ ზრდა ფესვის ამ ნაწილში ხდება. ამიტომ, ფესვის ზრდა ყველაზე მეტად აქ შეინიშნება.

ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ ფესვის ღივს ტუშით თანაბარ ნაწილებად დავყოფთ. რამდენიმე ხნის შემდეგ დანაყოფები ყველაზე მეტად ჩანასახოვანი ზონის ზემოთ დაგრძელდება, რაც ამ ნაწილის ზრდაზე მიგვითითებს.

ფესვის სახეცვლილებანი

• კოჟრებიანი ფესვი

პარკოსანი მცენარის ფესვებზე სახლდებიან ე. წ. კოჟრის ბაქტერიები. ისინი ჯერ პარაზიტულ ცხოვრებას ეწევიან, შემდეგ ამგვარ ცხოვრებას თავს ანებებენ და იწყებენ ატმოსფეროდან თავისუფალი აზოტის შეთვისებას, რომლითაც ამარაგებენ პარკოსან მცენარეებსაც.

ბაქტერიების ცხოველქმედების შედეგად, ფესვებზე შემსხვილებები ჩნდება, რასაც კოჟრებს უწოდებენ. ამრიგად, კოჟრებიანი ფეხი სიმბიოზური ფესვია, სადაც კოჟრის ბაქტერია და პარკოსანი მცენარე თანაცხოვრობს.

კოჟრის ბაქტერიების დახმარებით პარკოსნები აზოტით უხვად მარაგდებიან, რის გამოც ისინი ცილებით მდიდარნი არიან. ცილების დიდი რაოდენობის შემცველობის გამო, პარკოსნები ძვირფასი სასურსათო და საკვები კულტურებია და ცხოველთა კვებაში პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს.

დიდია პარკოსნების აგროტექნიკური მნიშვნელობაც, რადგან ისინი ნიადაგში საკმაო რაოდენობით ტოვებენ აზოტს, რითაც ამაღლებენ ნიადაგის ნაყოფიერებას და საუკეთესო წინამორბედებს წარმოადგენენ ყველა კულტურისთვის.

• მიკორიზა (სოკოფესვა)

მიკორიზა (სოკოფესვა) სახეცვლილი სიმბიოზური ფესვია. ის უვითარდება ისეთ მწვანე მცენარეებს, რომელთაც ფესვებზე შემწოვი ბუსუსები არა აქვთ და ამიტომ, ნიადაგიდან წყლის შეწოვა უძნელდებათ.

მიკორიზა (სოკოფესვა) აქვთ: მკვრივბუჩქოვან მარცვლოვან ბალახებს, წიწვიანებს, მუხას და სხვა.

როდესაც სოკო დასახლდება მწვანე მცენარის ფესვებზე, სოკოს ჰიფებად_ძაფებად დატოტვილი სხეული, მთელი ზედაპირით იწოვს ნიადაგიდან წყალხსნარს და აწოდებს მწვანე მცენარეს.

მწვანე მცენარე მიწოდებულ წყალს გზავნის ფოთლებში, სადაც ხდება ფოტოსინთეზი და წამოქმნილ ორგანულ ნაერთებს იყენებს თვითონ და ასარგებლებს სოკოსაც. ასე მყარდება სიმბიოზი უქლოროფილო სოკოსა და ქლოროფილიან, მწვანე მცენარეს შორის.

• მკვებავი ანუ საკვებ ნივთიერებათა დამგროვებელი ფესვი

მკვებავი ფესვები აქვს: ჭარხალს, სტაფილოს, თალგამურას და სხვა ორწლიან მცენარეებს.

სიცოცხლის პირველ წელს ორწლიანი მცენარეები ფესვს იმსხვილებენ, სადაც სამარაგო ნივთიერებებს აგროვებენ, მეორე გაზაფხულზე საყვავილე ღერო ადრე ვითარდება ფესვში დაგროვილი საკვები მარაგის ხარჯზე. საყვავილე ღერო ყვავილობს და თესლსა და ნაყოფს იძლევა.

• პარაზიტული ფესვი

პარაზიტული ფესვი საწოვრად ან ჰაუსტორიუმადაა გადაქცეული. იგი უვითარდება პარაზიტ მცენარეებს, ე.ი. ისეთებს, რომლებსაც დაუკარგავთ ფოთოლიც, ქლოროფილიც და ფოტოსინთეზის უნარიც.

ამიტომ, საკვებად ისინი მზა ორგანულ ნივთიერებებს ითხოვენ, რომელთაც სხვა მცენარეებიდან იღებენ.

პარაზიტი მცენარე ემაგრება მწვანე მცენარეს, თავის სახეცვლილ ფესვებს _ საწოვრებს ათავსებს მწვანე მცენარის ლაფანში და საცრიანი მილებიდან იწოვს ორგანულ საკვებს.

არსებობენ ღეროზე მოპარაზიტე (აბრეშუმა) და ფესვზე მოპარაზიტე მცენარეები (კელაპტარა). პარაზიტული ფესვი აქვს ფითრსაც. ზამთარში ის ხშირად გვხვდება ფოთლებგაძარცვულ ხეებზე, მწვანე ბუჩქების სახით.

მისამაგრებელი ფესვი ახასიათებს ხვიარა ღეროს მქონე მარადმწვანე მცენარეს _ სუროს. სუროს წვრილი ღერო აქვს, რომელსაც სწორად დგომა არ შეუძლია. ამიტომ, სხვა მცენარეს ან საგანს ემაგრება. ხეზე დაყრდნობის სიმტკიცისთვის მას გამოუმუშავდა მისამაგრებელი ფესვები, რომლებიც კვებას არ ემსახურება. ნიადაგიდან საკვები ხსნარის შეწოვისთვის სუროს ჩვეულებრივი ფესვები აქვს ნიადაგში.

ავტორი: ილია მჭედლიძე, სმმ დოქტორი

წყარო: აგროკავკასია

კურკოვან კულტურათა ზრდისა და მსხმოიარობის კანონზომიერებანი

კურკოვნებს ახასიათებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება: მსგავსი ერთკურკიანი წვნიანი ნაყოფები, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტების წარმოქმნის მაღალი უნარი, კვირტების ჯგუფურად განლაგება ყლორტის მუხლთან და სხვა.

ატამი

ატამი (Prunus Persica, მოძველებული დასახელება – Persica Mill ). ყველაზე გავრცელებული კურკოვანი კულტურაა მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 100-ზე მეტ სახეობას.

ატამი პატარა ტანის 3-4 მეტრიანი ხეა, ფესვთა სისტემა მიწის ზედაპირთან ახლოს ვითარდება. ფესვების ძირითადი მასა განლაგებულია 10-50 სმ-ის სიღრმეზე.

მსხმოიარობს მხოლოდ ერთწლიან ნაზარდებზე, ამიტომ მცენარის ასაკის მატებასთან ერთად მსხმოიარობის ზონა ინაცვლებს პერიფერიებზე და ვარჯის ცენტრი შიშვლდება. ამ ბიოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე მოითხოვს ინტენსიურ გასხვლას.

ატამი სინათლის და სითბოს მოყვარული მცენარეა. ნაყოფების ნორმალურად მომწიფებისათვის საჭიროა 2500-დან 26000 აქტიურ ტემპერატურათა ჯამი. მინიმალური ტემპერატურა კი არ უნდა ეცემოდეს 20-220დაბლა. ჯიშების უმეტესი ნაწილი არ მოითხოვს ჯვარედინ დამტვერვას (თვითფერტილია).

მოსვენების პერიოდი ატამს მოკლე აქვს და გენერაციული კვირტები სწრაფად გადიან განვითარების ციკლს. ამის გამო, ატმის გენერაციული კვირტები ხშირად ზიანდება ზამთრის დაბალი ტემპერატურისა და გაზაფხულის წაყინვებისაგან.

ატამი ხასიათდება სიმწიფის სხვადასხვა პერიოდის ჯიშების მრავალფეროვნებით, ამიტომ შესაძლებელია ჯიშური კონვეირის შექმნა და ხილის წარმოება ივნისის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე.

ატმის ჯიშებს ყოფენ 4 ჯგუფად (პუატოს კლასიფიკაცია)

1. ნამდვილი ატმები (საპობი) – შებუსული ზედაპირით;

2. პავიები (სახრავი) – შებუსული ზედაპირით;

3. ნექტარინები (საპობი) – შეუბუსავი ზედაპირით;

4. ბრუნიონები (სახრავი) – შეუბუსავი ზედაპირით.

ამჟამად მსოფლიოში მე-3 და მე-4 ჯგუფის ატმები გამოყოფილია ერთი ქვეჯგუფად და მას კრებით სახელს ნექტარინებს (ვაშლატამა) უწოდებენ.

ატამი ადრე შედის მსხმოიარობაში. მოსავალს იძლევა დარგვიდან მე-2-3 წელს, ხასიათდება ხანმოკლე სიცოცხლით (12-15 წელი), თუმცა ჯიშის, საძირისა და გარემო პირობებისაგან შესაბამისად შეიძლება იცოცხლოს 20-25 წლამდეც. საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში 20 – 25 ტონა/ჰა-ზე შეადგენს, ნექტარინების მოსავლიანობა ჩვეულებრივ 15-20 %-ით ნაკლებია მათთან შედარებით.

ქლიავი

ქლიავი (Prunus domestica). ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურკოვანი კულტურაა, ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში. მიეკუთვნება Prunus -ის გვარს, რომელიც აერთიანებს 100-ზე მეტ სახეობას.

ქლიავის მიწისზედა ნაწილების განვითარება ჯიშებისა და ეკოლოგიური პირობების მიხედვით ძლიერ ცვალებადობს – ბუჩქიდან დიდი ტანის ხეებამდე.

ქლიავი ითვლება ზამთარგამძლე, ტენისა და სინათლის მოყვარულ სახეობად, თუმცა სინათლის ნაკლებად მომთხოვნია ვიდრე სხვა კურკოვანი კულტურები.

ქლიავის სიცოცხლის ხანგრძლივობა ვაშლთან და მსხალთან შედარებით მცირეა. ახალგაზრდა ასაკში ქლიავი ძლიერ იზრდება, სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ კი ზრდას შედარებით ანელებს. ქლიავის ჯიშები შეიძლება მოითხოვდეს ჯვარედინ დამტვერვას ან თვითფერტილი იყოს.

ქლიავი მსხმოიარობს სხვადასხვა სიძლიერის ერთწლიან ტოტებზე, დეზებზე და სანაყოფე თაიგულზე. მოკლე წლიურ ტოტებზე საყვავილე კვირტები ცალკეულად არის განლაგებული, ხოლო უფრო ძლიერ ტოტებზე – უფრო ჯგუფურად.

ქლიავის ხეებზე შემჩნეულია, რომ წლიური ტოტების დამოკლებით საზრდელი კვირტების რაოდენობა მცირდება, ამის გამო სუსტი ზრდის ხეებზე განტოტვა წყდება, ვარჯი შიშვლდება და ხშირად სანაყოფე ტოტებიც ხმება.

შინაური ქლიავის ჯიშები ნაყოფის შეფერვის და ფორმის მიხედვით იყოფა შემდეგ ჯგუფებად: უნგრულები (მუქ ლურჯად შეფერილი, მოგრძო, თავში და ბოლოში შევიწროებული ნაყოფებით) – სტენლი, შავქლიავა, იტალიური უნგრულა, რენკლოდები (მომწვანო-მოყვითალი, მრგვალი ნაყოფებით) – ალტანის რენკლოდი, მწვანე რენკლოდი და კვერცხისებური ქლიავები (მსხვილი, კვერცხისებური ფორმის, ყვითელი ან წითელი ნაყოფებით – ვაშინგტონი, ჯეფერსონი) და სხვა.

ქლიავის ნარგაობა მსხმოიარობაში შედიან დარგვიდან მე-3-4 წელს. საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში შეადგენს 15 – 17 ტონა/ჰა.

ხელსაყრელი პირობების დროს ბაღი საწარმოო ღირებულებას ინარჩუნებს 35-40 წელს, ცალკეული ხეები კი ცოცხლობს 50-70 წელსაც. ქლიავის ყველა ჯიშსა და სახეობას მეტ-ნაკლებად ახასიათებს ფესვის ამონაყრების განვითარება.

 

გარგარი

გარგარი (Prunus Armeniaca, მოძველებული სინონიმი – Armeniaca Mill) მსოფლიოს ყველა კუთხეში გვხვდება, თუმცა სხვა კურკოვანი კულტურებთან შედარებით ნაკლებად არის გავრცელებული.

ეს აიხსნება იმ ფაქტორით, რომ მისი წარმატებით მოყვანა შესაძლებელია მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც გაზაფხულის გვიანი წაყინვების საშიშროება ნაკლებია – ამ მიზეზით (ბევრგან) მაღალი მოსავლის მიღება შესაძლებელია მხოლოდ 3-4 წელიწადში ერთხელ. გარდა ამისა, გარგარი მიმღებიანია ვერტიცილიოზური გახმობის მიმართ, რაც ხშირად მთელი ნარგაობის განადგურებას იწვევს.

გარგარი დიდი ტანის ხე მცენარეა. სიმაღლით 5-7 მეტრამდე და ზოგჯერ 10- 15 მეტრამდეც.

გარგარისათვის დამახასიათებელია ვეგეტაციის ადრეული დაწყება, კვირტების სწრაფი მომწიფება და ყლორტების წარმოქმნის მაღალი უნარი. ძალიან ხშირად ერთ სავეგეტაციო პერიოდში ხდება გვერდითი ყლორტების ორი გენერაცია. ამასთან ერთად, გარგარს ჩვეულებრივ აქვს ზრდის ორი, ხოლო გრძელ სავეგეტაციო პერიოდში – ზრდის სამი ტალღა. ეს განაპირობებს ახალგაზრდა მცენარეების ინტენსიურ ზრდას და მსხმოიარობაში ადრეულ შესვლას.

გარგარი თვითფერტილია, თუმცა მაღალი მოსავლის მისაღებად მოითხოვს ჯვარედინ დამტვერვას.

გარგარი მსხმოიარობს სხვადასხვა ტიპის გენერაციულ ტოტებზე, ძლიერ, საშუალო და სუსტ ერთწლიან ნაზარდებზე, დეზებზე და სანაყოფე თაიგულებზე.

გარგარი ითვლება გვალვაგამძლე მცენარედ, ამასთან მომთხოვნია ნიადაგის აერაციული პირობების მიმართ.

გარგარის ბაღი მსხმოიარობაში შედიან დარგვიდან მე-3-4 წელს. საშუალო მოსავლიანობა შეადგენს 15 – 20 ტონა/ჰა. ხელსაყრელი პირობებში ბაღი საწარმოო ღირებულებას ინარჩუნებს 20-30 წელს.

ბალი

ბალი (Prunus Avium, მოძველებული სინონიმი – Cerasus avium ) მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული, თუმცა ნაკლები ყინვაგამძლეობის გამო მისი წარმოების რაიონები შეზღუდულია. გარდა ამისა, მსოფლიოში შეიმჩნევა ფართობების შემცირების ტენდენცია, რაც კრეფის სიძნელით არის გამოწვეული.

ბალს ახასიათებს ძლიერი ზრდა, ყლორტების წარმოქმნის სუსტი და კვირტების გაღვიძების კარგი უნარი. ლიდერი ყოველთვის გამოკვეთილია, ტოტების განლაგება კი იარუსულია, ამიტომ ვარჯი კარგად განათებული და მეჩხერია.

ბალი მსხმოიარობს როგორც ერთწლიან ტოტებზე, ისე სანაყოფე თაიგულებზე. ბლის სანაყოფე თაიგულები 10-12 წლამდე ცოცხლობს. მეწლეობა არ ახასიათებს. ბლის ზოგიერთი ჯიში თვითგანაყოფიერებით იძლევა მოსავალს (დროგანა ყვითელი და სხვა), თუმცა ძირითადად ჯიშები მოითხოვენ ჯვარედინ დამტვერვას.

ბალი სინათლისმოყვარული მცენარეა, მოითხოვს ზომიერად თბილ კლიმატს და კარგად ეგუება კარბონატულ ნიადაგებს. ტენის სიჭარბის შემთხვევაში ნაყოფი ხშირად სკდება.

ნაყოფის რბილობის სიმკვრივის მიხედვით ბლის ჯიშები იყოფა ორ ჯგუფად:

• გინი, რომლის ნაყოფის რბილობი ნაზია და წვნიანი, ასეთი ჯიშები ვერ იტანს ტრანსპორტირებას და შენახვის უნარიც დაბალი აქვს;

• ბიგარო, რომლის რბილობი მკვრივია, კარგად იტანს ტრანსპორტს და შედარებით შენახვისუნარიანია.

ბლის სიმწიფის პერიოდი მოიცავს მაისის დასაწყისიდან ივლისის ბოლოს.

ბალი მოსავალს ძლიერ საძირეზე იძლევა დარგვიდან მე-4-6 წელს, ხოლო ნაგალა საძირეზე – მე-3 წელს. ბაღის საექსპლოატაციო ხანგრძლივობა – 25-35 წელია. საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში 10 – 15 ტონა/ჰა-ზე შეადგენს, ხოლო თანამედროვე ინტენსიურ ბაღებში – 20 – 25 ტონა/ჰა.

ალუბალი

ალუბალი (Prunus cerasus, მოძველებული სინონიმი – Cerasus vulgaris) გვხვდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თუმცა მისი წარმოება შეზღუდულია, ძირითადად აწარმოებენ გადამუშავების მიზნით, თუმცა გამოიყენება ნედლადაც.

ალუბალი წარმოადგენს ტანდაბალ ხეს ან ბუჩქს, რომელიც ივითარებს სფეროსებრ ვარჯს. ხშირად იძლევა ფესვის ამონაყარს. ძირითადად მსხმოიარობს გასული წლის ნაზარდზე, ნაკლებად თაიგულებზე.

ალუბალი ხასიათდება შეგუებულობის მაღალი დიაპაზონით – სითბოს მიმართ არა აქვს დიდი მოთხოვნილება, კარგად იტანს დიდ სიცხეს და ყინვაგამძლეობაც მაღალი აქვს (გავრცელებული ჯიშები დაუზიანებლად იტანენ -30 0C ტემპერატურას).

ალუბლის ჯიშების ერთი ჯგუფი მოსავალს იძლევა როგორც ჯვარედინი დამტვერვით, ასევე თვითგანაყოფიერებით (ლიუბსკაია, ქართული ალუბლები), ხოლო მეორე ჯგუფი მოითხოვენ მხოლოდ ჯვარედინდამტვერვას (ოსტჰეიმის გრიოტი, პოდბელსკი).

ნაყოფის შეფერვის მიხედვით ალუბლის ჯიშები იყოფა სამ ჯგუფად:

• მორელები ანუ გრიოტები, მუქი ნაყოფებით და შეფერილი წვენით;

• ამორელები – ვარდისფერი ნაყოფებით და შეუფერავი წვენით;

• დიუკები – ბლისა და ალუბლის ჰიბრიდები, მუქი მსხვილი ნაყოფებით.

ალუბალი მსხმოიარობაში შედის ადრე დარგვიდან მე-2-5წელს, ბაღის საექსპლოატაციო ხანგრძლივობა – 20-25 წელია. საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში 10 – 12 ტონა/ჰა-ზე შეადგენს.

წყარო: აგროკავკასია