მიწათმოქმედების საფუძველი

მიწათმოქმედების, როგორც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი დარგის ამოცანაა მოსახლეობა უზრუნველყოს კვების პროდუქტებით და მრეწველობისათვის აწარმოოს ნედლეული. ამასთან შექმნას სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სახელმწიფო სარეზერვო ფონდი.

იწათმოქმედების მიზანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის ისეთი ტექნოლოგიის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ერთეულ ფართობზე მაღალი მოსავლის მიღებას ნაკლები დანახარჯებით. ამის მიხედვით, პირველი რიგის ამოცანა ნათესების სწორი სტრუქტურის შედგენაა, ორგანული და მინერალური სასუქების გეგმაზომიერი გამოყენება, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შემუშავება, პერსპექტიული უხვმოსავლიანი ჯიშებისა და ჰიბრიდების წარმოებაში დანერგვა, ცალკეული კულტურის შესაბამისად აგროტექნიკურ ღონისძიებათა სისტემის თანმიმდევრული და სწორი განხორციელება.

მცენარის სასიცოცხლო ფაქტორები

მცენარის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელია შემდეგი სასიცოცხლო ფაქტორები: სინათლე, სითბო, ჰაერი, წყალი და საკვები ნივთიერებები. აღნიშნული ფაქტორები იყოფა ორ ჯგუფად: კოსმოსური – სინათლე და სითბო და მიწიერი – ჰაერი, წყალი და საკვები ნივთიერებები.

მცენარის სასიცოცხლო ფაქტორების თანაბარი მნიშვნელობისა და შეუცვლელობის კანონი

ამ კანონის მთავარი არსი არის ის, რომ მცენარის არცერთი სასიცოცხლო ფაქტორი არ შეიძლება შეიცვალოს სხვა ფაქტორებით. მაგ, რაც არ უნდა დიდი რაოდენობით სასუქი შევიტანოთ ნიადაგში, იგი ვერ აანაზღაურებს ნიადაგის ტენის დეფიციტს. არ შეიძლება ფოსფორი შეიცვალოს კალიუმით ან აზოტით. მცენარის ცხოვრებაში თითოეული მათგანი ასრულებს ფიზიოლოგიურ ფუნქციას.

მინიმუმის, ოპტიმუმის და მაქსიმუმის კანონი

ამ კანონის ძალით სასოფლო-სამეურნეო კულტურების დონე განისაზღვრება იმ ელემენტებით, რომელებიც მინიმუმში იმყოფება. უკანასკნელი არ იძლევა საშუალებას მცენარის პროდუქტიულობის ასამაღლებლად სრულყოფილად იქნეს გამოყენებული სხვა ოპტიმალურად ან მაქსიმალურად წარმოდგენილი ფაქტორები. მაგ, თუ აზოტის რაოდენობა ნიადაგში თითოეულ ჰექტარზე საკმარისია ვთქვათ, 20ც მოსავლისათვის, ხოლო ფოსფორისა და კალიუმის მარაგი ეყოფა 80ც-ს, მოსავალი სულ ერთია მაინც 20ც-ის ფარგლებში იქნება. მაღალი მოსავლის მიღება მხოლოდ ყველა ფაქტორის ოპტიმალური უზრუნველყოფისას შეიძლება.

სინათლე და მისი რეგულირება

სინათლისადმი დამოკიდებულების მიხედვით სასოფლო-სამეურნეო კულტურები იყოფა სამ ჯგუფად: სინათლის მოყვარულ, ნახევრად ჩრდილის ამტან და ჩრდილის ამტან მცენარეებად. აქედან გამომდინარე ზოგიერთი მცენარე ნორმალური განვითარებისათვის გრძელ დღეს საჭიროებს, ზოგი კი პირიქით. გრძელი დღის მცენარეებია: ხორბალი, ქერი, კომბოსტო და სხვ. მოკლე დღის მცენარეებია: სიმინდი, ლობიო, სოია, ბამბა, ფეტვი და სხვ.

სითბოს რეჟიმი და რეგულირება

სოფლის მეურნეობაში გამოყენებულ კულტურებს სითბოსადმი სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. ამიტომ, აღმოცენებიდან ვეგეტაციის ბოლომდე აქტიურ ტემპერატურათა ჯამი მკვეთრად განსხვავებული აქვთ. მაგ. ხორბლისათვის აქტიურ ტემპერატურათა ჯამი შეადგენს 1600-32000, ჭვავისათვის_1700-21000C , კარტოფილისათვის_1300-30000C და ა. შ. სითბოსადმი დამოკიდებულების მიხედვით კულტურები იყოფა სამ ჯგუფად: დაბალი ტემპერატურის ამტანი (ჭვავი, ქერი, ხორბალი, იონჯა); ზომიერი ტემპერატურის მომთხოვნი (კარტოფილი, ჭარხალი, მზესუმზირა, ცერცვი); სითბოს მოყვარული (სიმინდი, ბრინჯი, ლობიო).

ნიადაგის ჰაერი და მისი რეგულირება

ჰაერი მცენარის განვითარებისათვის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. მასზეა დამოკიდებული ფესვთა სისტემის განვითარება და მიკროორგანიზმების ნორმალური ფუნქციონირება. მცენარეთა მოთხოვნილება ჰაერის მიმართ განსხვავებულია. ჰაერის მეტი მოთხოვნილებით გამოირჩევიან: შვრია, ქერი, მზესუმზირა, კარტოფილი, პარკოსანი კულტურები. ნაკლებად მომთხოვნია ბრინჯი.

ნიადაგის წყლის რეჟიმი და რეგულირება

წყალი მცენარის ნორმალური განვითარებისათვის ერთ-ერთი აუცილებელი სასიცოცხლო კომპონენტია, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების ტურგორის შენარჩუნებას, ფოტოსინტეზს, საკვები ნივთიერებების შეთვისებას და მცენარეში მათ გადაადგილებას. მცენარის მიერ წყლის აორთქლების უნარი იცავს მას გადახურებისაგან.

მცენარის მიერ ფესვების საშუალებით შეწოვილი წყლის მხოლოდ მცირე ნაწილი_0,2% იხარჯება ორგანული ნივთიერების შექმნაზე, დანარჩენ 99,8%-ს მცენარე აორთქლებს ჰაერში. წყლის იმ რაოდენობას, რომელსაც მცენარე აორთქლებს მშრალი ნივთიერების შესაქმნელად, ტრანსპირაციის კოეფიციენტი ეწოდება, ხოლო მშრალი ნივთიერების რაოდენობა (წონით ერთეულებში), რომელიც წარმოიქმნება წყლის ერთეულის აორთქლებით, არის ტრანსპირაციის პროდუქტიულობა.

ტრანსპირაციის კოეფიციენტი გამოხატავს მცენარის მოთხოვნილებას წყალზე, მაგრამ მცენარის თვისებებზე და აგრეთვე გარემო პირობებზე დამოკიდებით, მისი ოდენობა მეტად ცვალებადია. მასზე მოქმედებს მცენარის სახეობა, ჯიში, ასაკი, ხოლო გარემო პირობებიდან_ჰაერის ფარდობითი ტენიანობა, ქარი, ნიადაგის ტენიანობა, მისი ხსნარის ოსმოსური წნევა, ნიადაგის სტრუქტურა, საკვებ ნივთიერებათა შემცველობა.

სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში მცენარის მოთხოვნილება წყალზე იცვლება_მინიმალურია თესლის გაღივების დროს, შემდეგ მატულობს და მაქსიმუმს აღწევს ყვავილობის ან ყვავილობისწინა ფაზაში, ბოლოს ისევ თანდათან მცირდება. ზრდა_განვითარების იმ ფაზას, როცა მცენარეს წყლის მაქსიმალური რაოდენობა ესაჭიროება და განსაკუთრებით მგრძნობიარეა წყლის დანაკლისის მიმართ, კრიტიკული პერიოდი ეწოდება.

რუსუდან ძიძიშვილი

წყარო: agronews.ge

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s