განახლებული ჩაის ჯიში ,,კოლხიდა”

 

 ,,ჩვენ არავის ჩრდილში მოქცევა არ გვსურს, მაგრამ მოვითხოვთ ჩვენს ადგილს მზის ქვეშ“

    ბერნჰარდ ფონბიულოვი

საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად  უცხო ქვეყნებიდან იმპორტირებულ, გაურკვეველი წარმოებისა და ხარისხის რვაას ტონა ჩაის მოიხმარს. ესეიგი, ყოველწლიურად ქვეყანაში 800 ტონა მზა ჩაი შემოდის, ქვეყნიდან კი ათეულ მილიონობით დოლარი გაედინება და ფინანსდება მეზობელი ქვეყნების ჩაის წარმოება, რაც დასანანია, რადგან , არცთუ დიდი ხნის წინათ, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი ჩაის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა იყო.

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონა თავისი ნიადაგურ-კლიმატური პირობებითა და ოროგრაფიული მდებარეობით ძალზე ჭრელია. აქედან გამომდინარე ფერმერულ მეურნეობებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს თითოეული მცენარის ბიოეკოლოგიურ მოთხოვნილებას და მის სრულ შესაბამისობას გარემო პირობებისადმი. დღეისათვის მოსახლეობა ორიენტირებულია ისეთი კულტურების გაშენებაზე, რომლებიც საბაზრო ღირებულებითა და ეფექტიანობით მომგებიანია.

ასე იყო თხილის შემთხვევაში.

ასევე ფართოდ მიმდინარეობს სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავალის“ ეგიდით კენკროვანი კულტურების გაშენება სახელმწიფოს მხრიდან ასპროცენტიანი დაფინანსებით.

ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას, თუმცა სუბტროპიკული ზონისათვის უკვე ადაპტირებული და შემოსავლიანი ჩაის კულტურასაც უნდა ექცეოდეს ჯეროვანი ყურადღება.

ამის თაობაზე ჩვენ ხშირად ვწერდით პრესაში და მოვითხოვდით ჩაის კულტურაც შეეტანათ ,,დანერგე მომავალის“ შეღავათიან პროგრამაში (აგრარული საქართველო 2016 #10, 2018 #3).

გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და მავნებელ-დაავადებათა აქტიური გავრცელების ფონზე მოსახლეობა კიდევ უფრო რწმუნდება ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისა და ახალი ნაკვეთების გაშენების მიზანშეწონილობაში, რადგანაც ჩაის კულტურა სტაბილურად ინარჩუნებს მის მდგრადობას გარემო პირობების რისკებისა და მავნებელ-დაავადებათა მიმართ, ამასთან იძლევა ყოველწლიურად სტაბილურ და მაღალანაზღაურებად პროდუქციას. ყოველწლიურად მატულობს მოსახლეობის მომართვიანობა ჩაის გასაშენებლად, ნერგების თუ თესლების შეძენის თაობაზე, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ვერ მოხერხდა ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა.

მისასალმებელია ამ მიმართულებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივა მოაწყოს საპილოტე ჩაის სანერგე და მოსახლეობას შეღავათიან ფასებში მიაწოდოს ნერგები ჩაის ნაკვეთის გასაშენებლად. ეს პროცესი მოგვაგონებს ჯერ კიდევ 1900-იან წლებში აჭარასა და გურიაში ჩაის პლანტაციების გასაშენებლად მოსახლეობისათვის თესლისა და ნერგის უსასყიდლოდ დარიგების ღონისძიებას, რითაც შემდგომში საფუძველი ჩაეყარა საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში მეჩაიეობის ინდუსტრიულ განვითარებას. მძიმეა ის ისტორიული რეალობა, რაც საქართველოში მეჩაიეობის დარგმა აყვავებიდან სრულ  განადგურებამდე განიცადა. ბოლო 25 წლის განმავლობაში სახელმწიფოსა და მოსახლეობის მიერ ჩაის კულტურისადმი არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ სოფლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უმუშევარი და სხვის მონა -მორჩილად აქცია.

განსაკუთრებით მძიმე იყო 2003-2012 წლები, როდესაც ხელისუფლებამ მასიურად დაიწყო ჩაის ნარგაობის ამოძირკვა და სხვა ალტერნატიული კულტურების გაშენებაზე ფიქრი. ჩადენილ სახელმწიფოებრივ უგუნურობას ნაბიჯ-ნაბიჯ გამოფხიზლება და ამ დარგის ხელახალი დაინტერესება მოჰყვა. ,,მწვანე ოქროს“ პლანტაციების რეაბილიტაციისათვის და გადამამუშავებელი საწარმოების შესაქმნელად საქართველოს ხელისუფლებამ 2016 წელს მიიღო ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაი“. 2019 წლისათვის ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსებით რეაბილიტირებულია 1500 ჰა-მდე ჩაის გაველურებული პლანტაცია. ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა დღესაც გრძელდება, თუმცა ჩაის ნარგაობის უდიდესი ნაწილი უკვე ამოძირკული და განადგურებულია. ერთ დროს ქვეყანაში არსებული 67 ათასი ჰა.

ჩაის ნარგაობიდან დღეისათვის 3-4 ათასი ჰა თუ მოიძებნება, ამიტომ ბუნებრივია დღის წესრიგში დგება ჩაის ახალი პლანტაციების გაშეენების აუცილებლობა. სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივაზიტაციის პირობებში ჩაის პლანტაციების დიდი მასივებით გაშენება ნაკლებად შესაძლებელია. გლეხურ და ფერმერულ მეურნეობებში მოსახლეობის სურვილია ჩაის ნარგაობა გააშენოს მცირე კონტურებზე სხვა კულტურებთან ერთად კომბინაციაში.

ჩვენი მოსახლეობის სასოფლო სამეურნეო სავარგულები, რომლებიც ისედაც მცირე კონტურიანი და რელიეფურად უმეტეს შემთხვევაში გორაკ ბორცვიანია, ასეთ ადგილებში ჩაის პლანტაციების გაშენება მრავალგზით მომგებიანია, უპირველესად შემოსავლიანობის თვალსაზრისით და მეორეს მხრივ ჩაის ნარგაობა ფერდობებზე ნიადაგის ეროზისააგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა. ალბათ ამ საკითხებში დაგვერწმუნება ყველა ის მოქალაქე, რომლებიც ჩაის მწარმოებელ ძირითად ქვეყნებში (იაპონია თურქეთი, შრი-ლანკა და სხვა.) ყოფილა და უნახავს ეზო პარკებში ლამაზად გაკრეჭილი, მოვლილი და ეგზოტიკურად მიმზიდველი ჩაის ნარგაობა. ნუთუ შეუძლებელია ჩვენი მოსახლეობის საკარმიდამო სავარგულებიც ასე ეგზოტიკურად არ გამოიყურებოდეს?!  მაშ რა არის საჭირო?

პირველეს ყოვლისა სახელმწიფოს მხრიდან ინიციატივა და დახმარება.

თუკი შესაძლებელია გურია, აჭარა და სამეგრელოს რეგიონებში ტყემლის, ქლიავის და სხვა ხეხილოვანი კულტურების ბაღების თანადაფინანსებით გაშენება, რატომ არ შეიძლება ,,დანერგე მომავალის“ პროგრამაში ჩაის კულტურაც მოიაზრებოდეს? მაშ რატომ შემოდიან უცხოელი კომპანიები და ცდილობენ იაფი მუშახელისა და ნედლეულის ხარჯზე მათთვის მომგებიანი ჩაის პროდუქციის დამზადებასა და რეალიზაციას?!

ამასთან მისასალმებელია ადგილობრივი ბიზნეს-კომპანიებისა და ბენეფიციარების საქმიანობა, რომლებიც წარმატებით ახორციელებენ სახელმწიფოსაგან იჯარით აღებულ რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციებიდან ძვირადღირებული, საექსპორტო და ადგილობრივი მოხმარების ჩაის პროდუქციის წარმოებას. ჯერ-ჯერობით ქვეყანაში კიდევ შემორჩენილია მეჩაიეობის დარგის საუკეთესო სპეციალისტები, მეცნიერ-მკვლევარები, რომლებთაც ძალუძთ ამ დარგის სრული რეაბილიტაციის პროცესში გადამწყვეტი სიტყვის თქმა. ამაზე მეტყველებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახურის შექმნა ფუნქციონირება. მიუხედავად მოკლე პერიოდისა სამეცნიერო კვლევითი სამსახურისა და ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრის თანამშრომელთა კვალიფიციური და აქტიური საქმიანობის საფუძველზე წარმატებით ხორციელდება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა. მჭიდრო კავშირს ამყარებენ ამ კულტურით დაინტერესებულ ბენეფიციარებთან. ამასთან ვცდილობთ ჩვენი საქმიანობა წარმოებასთან კი არ იყოს მხოლოდ რეკომენდაციებზე და კონსულტაციებზე ორიენტირებული, არამედ ვალდებული ვართ მოსახლეობას მივაწოდოთ ჩაის პერსპექტიული ჯიშებისა და ფორმების საბაზისო სარგავი და სათესლე მასალა ახალი პლანტაციების გასაშენებლად. აქვე მოკლედ მიმოვიხილავთ თუ რა კეთდება და რა გვაქვს გათვალისწინებული პერსპექტივაში მეჩაიეობის დარგში სამეცნიერო კვლევითი და პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად.

ჩვენ შევძელით ჩაის გენოფონდის მოძიება და მათ შორის საუკეთესო ჯიშ-ფორმების შერჩევა. უპირველეს ყოვლისა ჩვენი ყურადღება შეჩერდა ჩაის ჯიში ,,კოლხიდას“ ირგვლივ, რომელსაც თავისი მოსავლიანობითა და ხარისხობრივი მაჩვენებლებით ქვეყანაში ანალოგი არ გააჩნია. ჯიში ,,კოლხიდა“ მიეკუთვნება ჩინურ ფართოფოთლოვან ჩაის ფორმას. ეს ჯიში შერჩეულია ჯერ კიდევ გასული საუკუნის ორმოციან წლებში კლონური სელექციის გზით. მცენარე ძლიერ მზარდი ინტენსიური ტიპისაა. ხასიათდება ყლორტების უხვი წარმოქმნით და მაღალი რეგენერაციით. საშუალო მოსავლიანობა 10-12 ტ. ჰა-ზე. მისი ნორმალური დუყი შეიცავს 32-36 % ტანინს და 46-50 % ექსტრაქტულ ნივთიერებას.

კოლხიდას ნედლეულისაგან დამზადებული პროდუქცია ხასიათდება ინდოეთისა და შრი-ლანკის მაღალმთიანი რაიონებიდან მიღებული ჩაის გემოთი და არომატით. ასეთი ჯიშ-ფორმების მქონე ქვეყანაში რამდენად პარადოქსულია ის შეფასებები, რაც გამოითქმება ხოლმე სხვადასხვა პუბლიკაციებში, სახელდობრ მეჩაიეობის საწარმოო მიმართულების ფერმერული მეურნეობებისათვის დღევანდელ ეტაპზე ოპტიმალურად ითვლება ერთ ჰა-ზე 10-12 ცენტნერი ჩაის ნედლეულის წარმოება, რაც ჩვენი ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და ჩაის მოვლა-მოყვანის კომპლექსური ღონისძიებების გატარების ფონზე სრულიად არაადეკვატურია.

ჩვენი მრავალწლიანი დაკვირვებებით დადგენილია, რომ ხანდაზმულ რეაბილიტირებულ პლანტაციებში სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებების გატარების შედეგად შესაძლებელია 3-4 ტონა ხარისხიანი ნედლეულის მიღება, ხოლო ჩაის ახლად გაშენებული პლანტაციების მოსავლიანობის პოტენციური შესაძლებლობა მინიმუმ 7-8 ტონით განისაზღვრება.

ჩვენი მიზანია ისედაც მცირემიწიანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა ინტენსიური სოფლის მეურნეობის განვითარება, ანუ ყოველი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული პროგრესული ტექნოლოგიებისა და პერსპექტიული ჯიშების დანერგვით მაქსიმალურ მოსავალს იძლეოდეს. სწორედ ამ მიზანს ითვალისწინებს ჩვენს მიერ მოძიებული ჩაის ჯიში ,,კოლხიდას“ განახლება და მისი მოსახლეობაში ფართოდ დანერგვა.

აღნიშნული ჯიში გასულ საუკუნეში მეჩაიების სხვადასხვა რეგიონებში თუ  5 ათას ჰა-მდე იყო გაშენებული დღეისათვის ის განადგურებულია. მხოლოდ ცალკეული ნარგაობის სახით შემორჩენილია ყოფილი ჩაის სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის ექსპერიმენტულ ბაზაზე, (ანასეული) რომელიც გასხვისებულია და შპს ,,ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკას“ (გიორგი ხუჭუა) საკუთრებაშია.

ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ჩვენ შევძელით აღნიშნული შპს-ს საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციებიდან გამოგვეყო 500-კვ.მ. ფართობზე გადარჩენილი ვეგეტატიურად გამრავლებული ჩაის ჯიში კოლხიდას ნარგაობა.

2019 წლის გაზაფხულზე  ნაკვეთი შემოიღობა, სარეველებისაგან გაიწმენდა, ნიადაგი დამუშავდა და მინერალური სასუქები შევიდა, რამაც მთლიანად შეცვალა პლანტაციის არსებული მდგომარეობა.

თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა ნაკვეთის სადედე-საკალმე დანიშნულებით გამოყენება, რაც გულისხმობდა ბუჩქების გაზაფხულზე ნახევრად-მძიმე გასხვლას, წამოსული ვეგეტაციის სრულყოფილად შენარჩუნებას და საზაფხულო დაკალმებისათვის მათ გამოყენებას.

მაის-ივნისის გვალვებმა ერთგვარად შეასუსტა ყლორტების ვეგეტაცია, თუმცა აგვისტოს ბოლოსათვის   საკალმე ყლორტების საშუალო სიმაღლემ 0,5- 0,7 მ-ს მიაღწია. პარარელურად აგვისტოში ვაწარმოებდით სათბურის პირობებში ჩაის დასაკალმებელი კვლების მოწყობას.

დასაკალმებელ სუბსტრატად გამოვიყენეთ წითელმიწა ნიადაგის ზედა სტრუქტურული ჰუმუსოვანი ფენა. ნიადაგი გაიცრა 10 მმ-იან საცერში და ჩაიყარა 10×25 სმ. ზომის დრენაჟირებულ პარკებში. თითოეულ პარკში ნიადაგის მასა საშუალოდ 1,5 კგ-ს შეადგენდა. შევსილი პარკები მოთავსებული იქნა კვლებში ვერტიკალურად, რომლებიც დაკალმების წინ ირწყვებოდა სრულ ტენტევადობამდე. როდესაც პლანტაციაში საკალმე ტოტების 2/3 ნაწილი იყო ნახევრად გამერქნიანებული ( მოწითალო- რუხი შეფერილობის), რაც კალენდარულად აგვისტოს ბოლო დეკადას ემთხვეოდა, დავიწყეთ საკალმე ტოტების შერჩევითი აჭრა, მათი ლაბორატორიაში შემოტანა და კალმების დამზადება ჩაის მცენარის მწვანე კალმებით დაფესვიანებას საუკუნეზე მეტი ისტორია აქვს, როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებში ასევე საქართველოში.

ამ მეთოდს განსაკუთრებით ფართოდ  ვიყენებდით გასული საუკუნის 60-90-იან წლებში, როდესაც მასიურად წარმოებდა ქართული სელექციური ჩაის ჯიშებისა და განსაკუთრებით ჯიში ,,კოლხიდას“ ნერგების სამრეწველო წარმოება. ასე რომ საკმაოდ მდიდარი გამოცდილების ფონზე, თუმცა მინიატურული მასშტაბით ჩვენ ისევ შევეცადეთ ჩაის პერსპექტიული ჯიშების ამ წესით გამრავლებას. ამ მიზნით ბასრი მაკრატლის გამოყენებით ნაზარდებისაგან ვამზადებდით  ერთფოთლიან კალმებს 4-5 სმ. ღეროთი. დამზადებული კალმები რაც შეიძლება დაჩქარებულ პერიოდში ირგვებოდა ჩვენს მიერ წინასწსარ მომზადებულ სუბსტრატში ორი ცალის რაოდენობით ერთმანეთისაგან 3-4 სმ. დაშორებით. კალმები სუბსტრატში თავსდებოდა 2-3 სმ. სიღრმეზე, დარგვისას ნიადაგი თითების დაჭერით კალმის ირგვლივ იტკეპნებოდა, რაც განაპირობებდა სუბსტრატისა და ცოცხალი ღეროს უკეთეს შემხებლობას. სათბურში ჩაის მწვანე კალმების მზის სხივების ინტენსიური ზემოქმედებისაგან დასაცავად დაჩრდილული იქნა ორფენა სპეციალური ბადე ქსოვილით .

ჩაის კალმების დაფესვიანების ფიზიოლოგიური პროცესები რთულია და ის ბევრადაა დამოკიდებული ჰაერის ტემპერატურის, შეფარდებითი ტენიანობის, ნიადაგის სითბოსა და სხვა მრავალ ფაქტორებზე. დაკალმება ჩატარდა აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში. სულ დაკალმდა 4000 მდე კალამი.

 დაკალმების არეში ჰაერის შეფარდებითი ტენიანობისა და ჩაის კალმებზე ტრანსპირაციული პროცესების მინიმალიზაციის მიზნით ვაწარმოებდით წყლის წვრილდისპერსიული ჭავლით ფოთლების დასველებას 20-30 წთ-ის ინტერვალით. საჭიროების შემთხვევაში ხდებოდა სათბურის განიავება. პერიოდულად სუბსტრატს ვასუფთავებდით სარეველებისაგან, ხოლო კალმებს იღლიური კვირტებიდან განვითარებული ყვავილებისაგან. რეგულარულად ვაკვირდებოდით კალმებზე დაფესვიანების პროცესის მიმდინარეობას.

დაკალმებიდან 30-40 დღის შემდეგ კალმების ფუძე-გადანაჭერზე უკვე შეინიშნებოდა კალიუსის წარმოქმნა, რომელიც თანდათან მსხვილდებოდა  და მე-50-60 დღეს საწყისს აძლევდა პირველადი ნაზი ფესვების განვითარებას.

ნოემბერ-დეკემბერში კალმების რწყვის ინტესივობა კლებულობს, რაც ხელს უწყობს ნიადაგში სითბოს შენარჩუნებას და ფესვთა სისტემის უკეთ ფორმირებას. ამ წესით გადაზამთრებული კალმები გაზაფხულზე ტემპერატურული მაჩვენებლების ზრდასთან ერთად იწყებენ იღლიური კვირტიდან ნაზარდის განვითარებას. პარალელურ რეჟიმში მოეწყობა ნერგების სარეველებისაგან გაწმენდა, გაფხვიერება და განოყიერება, რაც ხელს შეუწყობს 2020 წლის შემოდგომაზე სტანდარტული სარგავი მასალის მიღებას.

წინასწარი მონაცემებით ჩაის კულტურისათვის  ოპტიმალური მოვლის პირობებში მწვანე კალმებით დაფესვიანება მერყეობს 80-90%-ის ფარგლებში, ხოლო სტანდარტული ნერგების გამოსავლიანობა 70-80 %-ს შეადგენს. ჩაის მწვანე კალმებით გამრავლებაზე ასე დეტალურად იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ თითოეულ ფერმერს, გლეხს ექნეს შესაძლებლობა თავისსავე საკარმიდამო ნაკვეთზე მოაწყოს ე.წ. მინი სათბური და თვითონვე უზრუნველყონ სარგავი მასალის წარმოება. ჩვენი სამსახური მომავალი წლისათვის გეგმავს ჩაის დასაკალმებელი სპეციალური სათბურის დამატებით მოწყობას 9-10 ათასი ნერგის წარმადობით. წარმოებული ელიტური ჩაის ჯიში ,,კოლხიდა“  ნერგი შეღავათიან ფასებში მიეწოდება მომხმარებელს, როგორც საბაზისო ნერგი პირველადი სადედე-საკალმე, და სათესლე ნაკვეთების გასაშენებლად, საიდანაც შემდგომში თვითონვე უზრუნველყოფენ სარგავი მასალის კვლავწარმოებას.

აქვე შესაძლებელია დაინტერესებულმა პირებმა შექმნან მობილური სპეციალური სანერგეები ჩაის ნერგების გამოსაყვანად და სარეალიზაციოდ, რაც   სერიოზულ მოგებას მოუტანს მწარმოებელს. ჩვენ მზად ვართ ამ საქმეში ყველა დაინტერესებულ პირს გაუწიოთ მეთოდური და პრაქტიკული დახმარება და შესაძლებლობის ფარგლებში ვუზრუნველყოთ ჩაის საკალმე მასალითაც კი. აქვე  დავძენთ იმასაც, რომ ვეგეტატიურად გამრავლებული ჩაის ჯიში ,,კოლხიდას“ ნერგებით შესაძლებელია გაშენდეს ჩაის სპეციალური სათესლე პლანტაცია, რომელიც მე-4 მე-5 წლიდან იწყებს მსხმოიარობას და თესლის მომწიფებას. მისი თესლიდან გაშენებული საფოთლე პლანტაციები ასევე უხვმოსავლიანი და მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით ხასიათდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩაის ჯიში კოლხიდა მაღალპროდუქტიულია მხოლოდ მისთვის დარაიონებულ ზონებში.  გურია, აჭარა, სამეგრელოს ზღვისპირა რეგიონებში.

რაც შეეხება იმერეთს და შესაბამისად სხვა ზონებს აქ უმჯობესია ჩაის ახალი პლანტაციები გაშენდეს ადგილობრივი პოპულაციისა და სხვა სელექციური ჯიშების თესლებითა და ნერგებით. ასევე პოპულარულია ჩაის ჯიში ,,კიმინის“ თესლითა და ნერგებით პლანტაციების გაშენება

დასასრულს გვინდა შევნიშნოთ, რომ მეჩაიეობის დარგს საქართველოში უნიკალური მეცნიერული და პრაქტიკული საფუძვლები გააჩნია.

აუცილებელია ამ პოტენციალის  გონივრული გამოყენება დევიზით:  ,,მომავლისათვის მნიშვნელოვანია არა ის რაც თქვენ აღმოაჩინეთ, არამედ ის რასაც თქვენ აწარმოებთ“.

ამდენად საბაზრო-ეკონომიკის პირობებში საქართველოს შეუძლია არსებული რეზერვებისა და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების ფონზე მოახდინოს მეჩაიეობის დარგის ეტაპობრივი აღორძინება და სოფლის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება და ის ჩაის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა იქნება მათ შორის.

 ზაურ გაბრიჩიძე ს.მ.მ. დოქტორი პროფესორი,

იოსებ ბასილია ს.მ.მ. დოქტორი,

რუსუდან ტაკიძე ს.მ. აკადემიური დოქტორი,

ნიკა გუნთაძე – მაგისტრანტი,     

ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახური, 

ოზურგეთი, ანასეული

წყარო: ჟურნალი აგრარული საქართველო

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s