Month: დეკემბერი 2019

თხილის გავრცელების აგროეკოლოგიური ზონების დახასიათება

რეზიუმესაქართველოში ბუნებრივი პირობების მკვეთრი ცვალებადობა ქმნის ამა თუ იმ კულტურის გავრცელების შესაბამის ზონას. დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, სადაც ტენიანი სუბტროპიკული კლიამტია თხილის კულტურა სამრეწველო მნიშვნელობით ვრცელდება.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეული ზონები განსაკუთრებით შიდა კახეთის გაღმა მხარე, რომელიც ბუნებრივი პირობებით უახლოვდება დასავლეთ საქართველოს, რეკომენდირებული აგროტექნიკური სამუშაოების გატარებით გაზრდის თხილის საწარმოო გავრცელების არეალს. ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით უნდა მოხდეს მოსავლიანობის ზრდა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნება.

ბუნებრივი პირობების ცვალებადობა ქმნის ამა თუ იმ კულტურის გავრცელების შესაბამის ზონას:

შავი ზღვის სანაპირო ზოლის ტენიან სუბტროპიკულ ზონაში, რომელიც მოიცავს აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოს და აფხაზეთის რაიონებს; გავრცელების შესაძლებლობის მიხედვით დომინირებს ნოტიო სუბტროპიკული ჰავის მოყვარული აბორიგენული თხილის კულტურა.

აღმოსავლეთ საქართველოში შავი ზღვიდან მეტი დაშორების გამო, ჰავა შედარებით კონტინენტურია. ნალექების წლიური რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირეა და ჰავა შედარებით მშრალი;

თხილის კულტურის ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე ნორმალური ყვავილობა დამოკიდებულია ზამთრის პერიოდის ტემპერატურულ პირობებზე, მოსავლიანობა კი სავეგეტაციო პერიოდში ნიადაგის და ჰაერის ტენიანობის რეჟიმზე, რომელსაც უმთავრესად ატმოსფერული ნალექების რაოდენობა განაპირობებს.

აღმოსავლეთ საქართველოში თხილის გავრცელებისათვის ხელსაყრელია ცალკეული ზონები, განსაკუთრებით შიდა კახეთის გაღმა მხარე, რომელიც აგროკლიმატური მახასიათებლები უახლოვდება დასავლეთ საქართველოს თხილის გავრცელების ზონების მონაცემებს.

თხილის წარმოების ზონები შეიძლება შეირჩეს შიგა კახეთის გამოღმა მხარეში, გარე კახეთის ჩრდილო დასავლეთით, ქვემო ქართლის დასავლეთ და შიდა ქართლის მთისწინა ნაწილში, სადაც სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებების გატარებით გაფარ- თოვდება თხილის საწარმოო გავრცელების არეალი;

აგროკლიმატური ზონების მიხედვით ზამთრის ტემპერატურული პირობების განსხვავება სხვადასხვა პერიოდის ყვავილობის ჯიშების გაადგილებას მოითხოვს, სავეგეტაციო პერიოდში სითბოს რაოდენობა თხილის ჯიშების გავრცელების საზღვრებს, ხოლო ნალექების რაოდენობა წელიწადის დროების მიხედვით ბაღების მორწყვის ნორმებს და ვადებს განაპირობებს.

აჭარა-გურია

აჭარა-გურიის შავიზღვისპირეთის ზოლი, რომელიც ზღვის დონიდან 200 მ. სიმაღლემდე მდებარეობს, ხასიათდება ერთგვაროვანი აგროკლიმატური მაჩვენებლებით.

აჭარა-გურიის ვაკე უხვი ატმოსფერული ნალექებით ხასიათდება, ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა დაბლობ ნაწილში 13-14,50C, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 3850-4450 გრადუსის ფარგლებში იცვლება; იანვრის საშუალო ტემპერატურა მთელ აჭარაგ-ურიის ვაკეზე, მთისწინების ჩათვლით 4-70C -ის საზღვრებში იცვლება;

აღნიშნული პირობები ხელსაყრელია ყვავილობის ნორმალური მიმდინარეობისათვის; აჭარის ტერიტორიაზე ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 2600-3200 მ-ს უდრის, სავეგეტაციო პერიოდში 52-56% მოდის. ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 74-82%-ის ფარგლებშია.

აჭარა-გურიის ვაკეზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლში ძირითადად ეწერი და ალუვიური ტიპის ნიადაგებია, სანაპიროს დადაბლებულ ზოლში კი დაჭაობებული, აღმოსავლეთით შემაღლებულ ნაწილში წითელმიწა ნიადაგები, ბორცვების დამრეც ფერდობებზე კი მცირე სისქის გაეწრებული წითელმიწები.

აჭარა-გურიის მთისწინა და მთიანი მხარე მდებარეობს ზღვის დონიდან 200 მეტრზე, ზევით, სადაც ქედების ფერდობები მიმართულია დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთისაკენ. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 200-1500 მ. სიმაღლის ფარგლებში 14-დან 6,5 გრადუსამდე მცირდება;

ფერდობის დახრის მიმართულების მიხედვით შეიძლება შეირჩეს მიკროზონები, სადაც შესაძლებელია თხილის საადრეო ჯიშების გავრცელება; ნალექების საერთო რაოდენობა 3200-1600 მმ. ფარგლებშია; სავეგეტაციო პერიოდში მოდის 800 მმ-ზე მეტი.

აჭარა-გურიის მთისწინებსა და მთიანეთის ნიადაგები მრავალფეროვანია, ძირითადად გვხვდება ტყის ყომრალი და გაეწრებული ნიადაგები, რომლებიც ცვლიან წითელმიწა ნიადაგებს; მაღალმთიან ზოლში კი ტყის ყომრალი და გაეწრებული ნიადაგები იცვლება მთა-მდელოს კორდიან-ტორფიანი ნიადაგებით. მდ. სუფსის ხეობაში ალუვიური უკარბონატო, თიხნარი და ქვიშნარი ნიადაგებია.

კოლხეთის დაბლობი

კოლხეთის დაბლობი დასავლეთ საქართველოს ყველაზე დაბალი ადგილია, რომელსაც მდ. რიონი ორ ნაწილად ყოფს; დაბლობი მოიცავს აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოს და აფხაზეთის ტერიტორიების დაბლობ ნაწილს, სადაც გაერთიანებულია ზღვის დონიდან 200 მეტრ სიმაღლემდე არსებული ფართობები.

კოლხეთის დაბლობზე წლის ყველა სეზონში თბილი, შავი ზღვიდან მონაბერი ნოტიო ჰაერის მასების ზეგავლენით. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია, თბილი ზამთარია და ცხელი, შედარებით მშრალი ზაფხულით.

აღნიშნულ ზოლში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,5-14,5 გრადუსის ფარგლებშია. ყველაზე ცივი თვის საშუალო წლიური ტემპერატურა 3,5-60C, ატმოსფერული ნალექები 1400-2000 მმ-მდეა, ნალექების წლიური რაოდენობიდან 40-55% სავეგეტაციო პერიოდში მოდის.

კოლხეთის დაბლობი გამოირჩევა ჰაერის მაღალი შეფარდებითი ტენიანობით, რაც ხელსაყრელია სითბოს და ტენის მოყვარული თხილის კულტურისათვის; სამგრელოში ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 75-84%-ს აღწევს, იმერეთში 72-77%, გურია-აჭარაში კი 79-83%-ს.

კოლხეთის დაბლობზე მდ. რიონის ხეობის დინების გასწვრივ დამახასიათებელია ძლიერი ქარების ზემოქმედება, რომლებით განსაკუთრებით საზიანოა ყვავილობის პერიოდში.

ამიტომ აუცილებელია ქარსაფარი ზოლების გაშენება ქარის ქროლვის, სიძლიერის და ინტენსივობის გათავლისწინებით. დაბლობის სანაპირო ზოლში გავრცელებულია წითელმიწა გაეწერებული ნიადაგები, რომელიც ესაზღვრება ალუვიურ, ჭაობიან და ყვითელმიწა-ყომრალ ნიადაგებს.

მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს კერძოდ, იმერეთში, უხვი ნალექების მიუხედავად ზაფხულში ადგილი აქვს გვალვასაც. რაც უარყოფითად მოქმედებს მოსავლიანობაზე, ამ შემთხვევაში საჭიროა ბაღის მორწყვა.

შიდა ქართლი

შიდა ქართლის დაბლობზე ჰავა ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალია, სიმაღლის მატებით ჰავა ზომიერად ნოტიო ხდება. ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით.

ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა შიდა ქართლის დასავლეთ ნაწილში ზღვის დონიდან 600-1500 მ. სიამღლემდე 10,5-4,5 გრადუსს შორის იცვლება. იანვრის საშუალო ტემპერატურა კი _ 0,5-2,0 გრადუსია.

გაზაფხულის საგვიანო წაყინვები აპრილის მეორე ნახევარში წყდება; ნალექების წლიური ჯამი 900 მმ-ზე მეტია. ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 600 მმ-ს უდრის. ჰაერის შეფარდებითი სინოტივე 75%-ს შეადგენს.

აღნიშნული მაჩვენებლები ხელსაყრელ რეჟიმს ქმნის თხილის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის.

ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით მორწყვის ჯერადობა დამოკიდებულია გვალვიანი პერიოდის ხანგრძლივობაზე. ზონაში გაბატონებულია ჩრდილო-დასავლეთისა და მისი საწინააღმდეგო სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ქარები.

ქარებს საშუალო წლიური სიჩქარე და ძლიერ ქარიან დღეთა რიცხვი ზონაში საკმაოდ დიდია. ქარის ზეგავლენის მიხედვით ზონა I კატეგორიას მიეკუთვნება, ამიტომ ძირითადი ქარსაფარი 5-8 რიგიანი, ხოლო დამატებითი 2 რიგიანი უნდა იყოს.

შიდა ქართლის ნიადაგური საფარი მრავალფეროვანია. გვხვდება ალუვიური ტიპის, ასევე ყავისფერი და რენძინო-ყავისფერი, მთა-ტყე მდელოს და ტორფიანი ნიადაგები. ზონაში დიდი ფართობი უჭირავს ყომრალ და რენძინო-ყომრალ ნიადაგს.

კახეთი

კახეთი ხასიათდება ზომიერად ნოტიო ჰავით, ზომიერად ცივი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა და სითბოს ჯამი მდ. ალაზნის მარცხენა მხარეს შედარებით ნაკლებია ვიდრე მარჯვენა მხარეს, თხილის შესაძლო გავრცელების საზღვრებში 4200-18000-ის ფარგლებშია. ნალექების წლიური ჯამი 1200 მმ –ს ჭარბობს. ნალექების საერთო რაოდენობიდან 68-70% სავეგეტაციო პერიოდში მოდის.

თხილის მოსავლის მისაღებად საჭიროა ჰაერისა და ნიადაგის სათანადო ტენიანობა.ჰაერის საშუალო წლიური შეფარდებითი ტენიანობა ზონის უმეტეს ნაწილში 72-74% ფარგლებშია.

ზონაში გავრცელებულია ტყის ყომრალი და გაეწერებული ტყის ყომრალი ნიადაგები, მთისწინების ზოლში გვხვდება ტყის ყავისფერი ნიადაგები, რომელიც გამოირჩევა ჰუმუსიანი გარდამავალი ჰორიზონტების 30-40 სმ სისქით და 6-7%-იანი შემცველობით. მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდელოს ყავისფერი დამლაშებული და შავმიწა ნიადაგებია გავრცელებული;

თხილის კულტურის გავრცელების არეალისა და მოსავლიანობის მაჩვენებლის ზრდა, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით უნდა მოხდეს.

აღსანიშავია, რომ თხილის კულტურის ზრდა-განვითარებაზე ჰავას უმნიშვნელოვანესი გავლენა აქვს. თხილის ფართობების გაზრდა რეკომენდირებულია ამ კულტურის გავრცელების ისტორიულ-ტრადიციულ რაიონებში არსებული ხელსაყრელი კლიმატური ზონებისა და მიკროზონების გამოვლენის ხარჯზე. სამრეწველოდ დარაიონებული ჯიშების ბიოლოგიური თავისებურების გათვალისწინებით.

ავტორები: ი. ვასაძე; ნ. მიროტაძე, ვ. გოგიტიძე /სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია./

წყარო: აგროკავკასია

მიწათმოქმედების საფუძველი

მიწათმოქმედების, როგორც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი დარგის ამოცანაა მოსახლეობა უზრუნველყოს კვების პროდუქტებით და მრეწველობისათვის აწარმოოს ნედლეული. ამასთან შექმნას სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სახელმწიფო სარეზერვო ფონდი.

იწათმოქმედების მიზანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის ისეთი ტექნოლოგიის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ერთეულ ფართობზე მაღალი მოსავლის მიღებას ნაკლები დანახარჯებით. ამის მიხედვით, პირველი რიგის ამოცანა ნათესების სწორი სტრუქტურის შედგენაა, ორგანული და მინერალური სასუქების გეგმაზომიერი გამოყენება, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შემუშავება, პერსპექტიული უხვმოსავლიანი ჯიშებისა და ჰიბრიდების წარმოებაში დანერგვა, ცალკეული კულტურის შესაბამისად აგროტექნიკურ ღონისძიებათა სისტემის თანმიმდევრული და სწორი განხორციელება.

მცენარის სასიცოცხლო ფაქტორები

მცენარის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელია შემდეგი სასიცოცხლო ფაქტორები: სინათლე, სითბო, ჰაერი, წყალი და საკვები ნივთიერებები. აღნიშნული ფაქტორები იყოფა ორ ჯგუფად: კოსმოსური – სინათლე და სითბო და მიწიერი – ჰაერი, წყალი და საკვები ნივთიერებები.

მცენარის სასიცოცხლო ფაქტორების თანაბარი მნიშვნელობისა და შეუცვლელობის კანონი

ამ კანონის მთავარი არსი არის ის, რომ მცენარის არცერთი სასიცოცხლო ფაქტორი არ შეიძლება შეიცვალოს სხვა ფაქტორებით. მაგ, რაც არ უნდა დიდი რაოდენობით სასუქი შევიტანოთ ნიადაგში, იგი ვერ აანაზღაურებს ნიადაგის ტენის დეფიციტს. არ შეიძლება ფოსფორი შეიცვალოს კალიუმით ან აზოტით. მცენარის ცხოვრებაში თითოეული მათგანი ასრულებს ფიზიოლოგიურ ფუნქციას.

მინიმუმის, ოპტიმუმის და მაქსიმუმის კანონი

ამ კანონის ძალით სასოფლო-სამეურნეო კულტურების დონე განისაზღვრება იმ ელემენტებით, რომელებიც მინიმუმში იმყოფება. უკანასკნელი არ იძლევა საშუალებას მცენარის პროდუქტიულობის ასამაღლებლად სრულყოფილად იქნეს გამოყენებული სხვა ოპტიმალურად ან მაქსიმალურად წარმოდგენილი ფაქტორები. მაგ, თუ აზოტის რაოდენობა ნიადაგში თითოეულ ჰექტარზე საკმარისია ვთქვათ, 20ც მოსავლისათვის, ხოლო ფოსფორისა და კალიუმის მარაგი ეყოფა 80ც-ს, მოსავალი სულ ერთია მაინც 20ც-ის ფარგლებში იქნება. მაღალი მოსავლის მიღება მხოლოდ ყველა ფაქტორის ოპტიმალური უზრუნველყოფისას შეიძლება.

სინათლე და მისი რეგულირება

სინათლისადმი დამოკიდებულების მიხედვით სასოფლო-სამეურნეო კულტურები იყოფა სამ ჯგუფად: სინათლის მოყვარულ, ნახევრად ჩრდილის ამტან და ჩრდილის ამტან მცენარეებად. აქედან გამომდინარე ზოგიერთი მცენარე ნორმალური განვითარებისათვის გრძელ დღეს საჭიროებს, ზოგი კი პირიქით. გრძელი დღის მცენარეებია: ხორბალი, ქერი, კომბოსტო და სხვ. მოკლე დღის მცენარეებია: სიმინდი, ლობიო, სოია, ბამბა, ფეტვი და სხვ.

სითბოს რეჟიმი და რეგულირება

სოფლის მეურნეობაში გამოყენებულ კულტურებს სითბოსადმი სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. ამიტომ, აღმოცენებიდან ვეგეტაციის ბოლომდე აქტიურ ტემპერატურათა ჯამი მკვეთრად განსხვავებული აქვთ. მაგ. ხორბლისათვის აქტიურ ტემპერატურათა ჯამი შეადგენს 1600-32000, ჭვავისათვის_1700-21000C , კარტოფილისათვის_1300-30000C და ა. შ. სითბოსადმი დამოკიდებულების მიხედვით კულტურები იყოფა სამ ჯგუფად: დაბალი ტემპერატურის ამტანი (ჭვავი, ქერი, ხორბალი, იონჯა); ზომიერი ტემპერატურის მომთხოვნი (კარტოფილი, ჭარხალი, მზესუმზირა, ცერცვი); სითბოს მოყვარული (სიმინდი, ბრინჯი, ლობიო).

ნიადაგის ჰაერი და მისი რეგულირება

ჰაერი მცენარის განვითარებისათვის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. მასზეა დამოკიდებული ფესვთა სისტემის განვითარება და მიკროორგანიზმების ნორმალური ფუნქციონირება. მცენარეთა მოთხოვნილება ჰაერის მიმართ განსხვავებულია. ჰაერის მეტი მოთხოვნილებით გამოირჩევიან: შვრია, ქერი, მზესუმზირა, კარტოფილი, პარკოსანი კულტურები. ნაკლებად მომთხოვნია ბრინჯი.

ნიადაგის წყლის რეჟიმი და რეგულირება

წყალი მცენარის ნორმალური განვითარებისათვის ერთ-ერთი აუცილებელი სასიცოცხლო კომპონენტია, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების ტურგორის შენარჩუნებას, ფოტოსინტეზს, საკვები ნივთიერებების შეთვისებას და მცენარეში მათ გადაადგილებას. მცენარის მიერ წყლის აორთქლების უნარი იცავს მას გადახურებისაგან.

მცენარის მიერ ფესვების საშუალებით შეწოვილი წყლის მხოლოდ მცირე ნაწილი_0,2% იხარჯება ორგანული ნივთიერების შექმნაზე, დანარჩენ 99,8%-ს მცენარე აორთქლებს ჰაერში. წყლის იმ რაოდენობას, რომელსაც მცენარე აორთქლებს მშრალი ნივთიერების შესაქმნელად, ტრანსპირაციის კოეფიციენტი ეწოდება, ხოლო მშრალი ნივთიერების რაოდენობა (წონით ერთეულებში), რომელიც წარმოიქმნება წყლის ერთეულის აორთქლებით, არის ტრანსპირაციის პროდუქტიულობა.

ტრანსპირაციის კოეფიციენტი გამოხატავს მცენარის მოთხოვნილებას წყალზე, მაგრამ მცენარის თვისებებზე და აგრეთვე გარემო პირობებზე დამოკიდებით, მისი ოდენობა მეტად ცვალებადია. მასზე მოქმედებს მცენარის სახეობა, ჯიში, ასაკი, ხოლო გარემო პირობებიდან_ჰაერის ფარდობითი ტენიანობა, ქარი, ნიადაგის ტენიანობა, მისი ხსნარის ოსმოსური წნევა, ნიადაგის სტრუქტურა, საკვებ ნივთიერებათა შემცველობა.

სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში მცენარის მოთხოვნილება წყალზე იცვლება_მინიმალურია თესლის გაღივების დროს, შემდეგ მატულობს და მაქსიმუმს აღწევს ყვავილობის ან ყვავილობისწინა ფაზაში, ბოლოს ისევ თანდათან მცირდება. ზრდა_განვითარების იმ ფაზას, როცა მცენარეს წყლის მაქსიმალური რაოდენობა ესაჭიროება და განსაკუთრებით მგრძნობიარეა წყლის დანაკლისის მიმართ, კრიტიკული პერიოდი ეწოდება.

რუსუდან ძიძიშვილი

წყარო: agronews.ge

განახლებული ჩაის ჯიში ,,კოლხიდა”

 

 ,,ჩვენ არავის ჩრდილში მოქცევა არ გვსურს, მაგრამ მოვითხოვთ ჩვენს ადგილს მზის ქვეშ“

    ბერნჰარდ ფონბიულოვი

საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად  უცხო ქვეყნებიდან იმპორტირებულ, გაურკვეველი წარმოებისა და ხარისხის რვაას ტონა ჩაის მოიხმარს. ესეიგი, ყოველწლიურად ქვეყანაში 800 ტონა მზა ჩაი შემოდის, ქვეყნიდან კი ათეულ მილიონობით დოლარი გაედინება და ფინანსდება მეზობელი ქვეყნების ჩაის წარმოება, რაც დასანანია, რადგან , არცთუ დიდი ხნის წინათ, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი ჩაის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა იყო.

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონა თავისი ნიადაგურ-კლიმატური პირობებითა და ოროგრაფიული მდებარეობით ძალზე ჭრელია. აქედან გამომდინარე ფერმერულ მეურნეობებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს თითოეული მცენარის ბიოეკოლოგიურ მოთხოვნილებას და მის სრულ შესაბამისობას გარემო პირობებისადმი. დღეისათვის მოსახლეობა ორიენტირებულია ისეთი კულტურების გაშენებაზე, რომლებიც საბაზრო ღირებულებითა და ეფექტიანობით მომგებიანია.

ასე იყო თხილის შემთხვევაში.

ასევე ფართოდ მიმდინარეობს სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავალის“ ეგიდით კენკროვანი კულტურების გაშენება სახელმწიფოს მხრიდან ასპროცენტიანი დაფინანსებით.

ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას, თუმცა სუბტროპიკული ზონისათვის უკვე ადაპტირებული და შემოსავლიანი ჩაის კულტურასაც უნდა ექცეოდეს ჯეროვანი ყურადღება.

ამის თაობაზე ჩვენ ხშირად ვწერდით პრესაში და მოვითხოვდით ჩაის კულტურაც შეეტანათ ,,დანერგე მომავალის“ შეღავათიან პროგრამაში (აგრარული საქართველო 2016 #10, 2018 #3).

გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და მავნებელ-დაავადებათა აქტიური გავრცელების ფონზე მოსახლეობა კიდევ უფრო რწმუნდება ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისა და ახალი ნაკვეთების გაშენების მიზანშეწონილობაში, რადგანაც ჩაის კულტურა სტაბილურად ინარჩუნებს მის მდგრადობას გარემო პირობების რისკებისა და მავნებელ-დაავადებათა მიმართ, ამასთან იძლევა ყოველწლიურად სტაბილურ და მაღალანაზღაურებად პროდუქციას. ყოველწლიურად მატულობს მოსახლეობის მომართვიანობა ჩაის გასაშენებლად, ნერგების თუ თესლების შეძენის თაობაზე, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ვერ მოხერხდა ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა.

მისასალმებელია ამ მიმართულებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივა მოაწყოს საპილოტე ჩაის სანერგე და მოსახლეობას შეღავათიან ფასებში მიაწოდოს ნერგები ჩაის ნაკვეთის გასაშენებლად. ეს პროცესი მოგვაგონებს ჯერ კიდევ 1900-იან წლებში აჭარასა და გურიაში ჩაის პლანტაციების გასაშენებლად მოსახლეობისათვის თესლისა და ნერგის უსასყიდლოდ დარიგების ღონისძიებას, რითაც შემდგომში საფუძველი ჩაეყარა საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში მეჩაიეობის ინდუსტრიულ განვითარებას. მძიმეა ის ისტორიული რეალობა, რაც საქართველოში მეჩაიეობის დარგმა აყვავებიდან სრულ  განადგურებამდე განიცადა. ბოლო 25 წლის განმავლობაში სახელმწიფოსა და მოსახლეობის მიერ ჩაის კულტურისადმი არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ სოფლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უმუშევარი და სხვის მონა -მორჩილად აქცია.

განსაკუთრებით მძიმე იყო 2003-2012 წლები, როდესაც ხელისუფლებამ მასიურად დაიწყო ჩაის ნარგაობის ამოძირკვა და სხვა ალტერნატიული კულტურების გაშენებაზე ფიქრი. ჩადენილ სახელმწიფოებრივ უგუნურობას ნაბიჯ-ნაბიჯ გამოფხიზლება და ამ დარგის ხელახალი დაინტერესება მოჰყვა. ,,მწვანე ოქროს“ პლანტაციების რეაბილიტაციისათვის და გადამამუშავებელი საწარმოების შესაქმნელად საქართველოს ხელისუფლებამ 2016 წელს მიიღო ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაი“. 2019 წლისათვის ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსებით რეაბილიტირებულია 1500 ჰა-მდე ჩაის გაველურებული პლანტაცია. ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა დღესაც გრძელდება, თუმცა ჩაის ნარგაობის უდიდესი ნაწილი უკვე ამოძირკული და განადგურებულია. ერთ დროს ქვეყანაში არსებული 67 ათასი ჰა.

ჩაის ნარგაობიდან დღეისათვის 3-4 ათასი ჰა თუ მოიძებნება, ამიტომ ბუნებრივია დღის წესრიგში დგება ჩაის ახალი პლანტაციების გაშეენების აუცილებლობა. სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივაზიტაციის პირობებში ჩაის პლანტაციების დიდი მასივებით გაშენება ნაკლებად შესაძლებელია. გლეხურ და ფერმერულ მეურნეობებში მოსახლეობის სურვილია ჩაის ნარგაობა გააშენოს მცირე კონტურებზე სხვა კულტურებთან ერთად კომბინაციაში.

ჩვენი მოსახლეობის სასოფლო სამეურნეო სავარგულები, რომლებიც ისედაც მცირე კონტურიანი და რელიეფურად უმეტეს შემთხვევაში გორაკ ბორცვიანია, ასეთ ადგილებში ჩაის პლანტაციების გაშენება მრავალგზით მომგებიანია, უპირველესად შემოსავლიანობის თვალსაზრისით და მეორეს მხრივ ჩაის ნარგაობა ფერდობებზე ნიადაგის ეროზისააგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა. ალბათ ამ საკითხებში დაგვერწმუნება ყველა ის მოქალაქე, რომლებიც ჩაის მწარმოებელ ძირითად ქვეყნებში (იაპონია თურქეთი, შრი-ლანკა და სხვა.) ყოფილა და უნახავს ეზო პარკებში ლამაზად გაკრეჭილი, მოვლილი და ეგზოტიკურად მიმზიდველი ჩაის ნარგაობა. ნუთუ შეუძლებელია ჩვენი მოსახლეობის საკარმიდამო სავარგულებიც ასე ეგზოტიკურად არ გამოიყურებოდეს?!  მაშ რა არის საჭირო?

პირველეს ყოვლისა სახელმწიფოს მხრიდან ინიციატივა და დახმარება.

თუკი შესაძლებელია გურია, აჭარა და სამეგრელოს რეგიონებში ტყემლის, ქლიავის და სხვა ხეხილოვანი კულტურების ბაღების თანადაფინანსებით გაშენება, რატომ არ შეიძლება ,,დანერგე მომავალის“ პროგრამაში ჩაის კულტურაც მოიაზრებოდეს? მაშ რატომ შემოდიან უცხოელი კომპანიები და ცდილობენ იაფი მუშახელისა და ნედლეულის ხარჯზე მათთვის მომგებიანი ჩაის პროდუქციის დამზადებასა და რეალიზაციას?!

ამასთან მისასალმებელია ადგილობრივი ბიზნეს-კომპანიებისა და ბენეფიციარების საქმიანობა, რომლებიც წარმატებით ახორციელებენ სახელმწიფოსაგან იჯარით აღებულ რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციებიდან ძვირადღირებული, საექსპორტო და ადგილობრივი მოხმარების ჩაის პროდუქციის წარმოებას. ჯერ-ჯერობით ქვეყანაში კიდევ შემორჩენილია მეჩაიეობის დარგის საუკეთესო სპეციალისტები, მეცნიერ-მკვლევარები, რომლებთაც ძალუძთ ამ დარგის სრული რეაბილიტაციის პროცესში გადამწყვეტი სიტყვის თქმა. ამაზე მეტყველებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახურის შექმნა ფუნქციონირება. მიუხედავად მოკლე პერიოდისა სამეცნიერო კვლევითი სამსახურისა და ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრის თანამშრომელთა კვალიფიციური და აქტიური საქმიანობის საფუძველზე წარმატებით ხორციელდება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა. მჭიდრო კავშირს ამყარებენ ამ კულტურით დაინტერესებულ ბენეფიციარებთან. ამასთან ვცდილობთ ჩვენი საქმიანობა წარმოებასთან კი არ იყოს მხოლოდ რეკომენდაციებზე და კონსულტაციებზე ორიენტირებული, არამედ ვალდებული ვართ მოსახლეობას მივაწოდოთ ჩაის პერსპექტიული ჯიშებისა და ფორმების საბაზისო სარგავი და სათესლე მასალა ახალი პლანტაციების გასაშენებლად. აქვე მოკლედ მიმოვიხილავთ თუ რა კეთდება და რა გვაქვს გათვალისწინებული პერსპექტივაში მეჩაიეობის დარგში სამეცნიერო კვლევითი და პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად.

ჩვენ შევძელით ჩაის გენოფონდის მოძიება და მათ შორის საუკეთესო ჯიშ-ფორმების შერჩევა. უპირველეს ყოვლისა ჩვენი ყურადღება შეჩერდა ჩაის ჯიში ,,კოლხიდას“ ირგვლივ, რომელსაც თავისი მოსავლიანობითა და ხარისხობრივი მაჩვენებლებით ქვეყანაში ანალოგი არ გააჩნია. ჯიში ,,კოლხიდა“ მიეკუთვნება ჩინურ ფართოფოთლოვან ჩაის ფორმას. ეს ჯიში შერჩეულია ჯერ კიდევ გასული საუკუნის ორმოციან წლებში კლონური სელექციის გზით. მცენარე ძლიერ მზარდი ინტენსიური ტიპისაა. ხასიათდება ყლორტების უხვი წარმოქმნით და მაღალი რეგენერაციით. საშუალო მოსავლიანობა 10-12 ტ. ჰა-ზე. მისი ნორმალური დუყი შეიცავს 32-36 % ტანინს და 46-50 % ექსტრაქტულ ნივთიერებას.

კოლხიდას ნედლეულისაგან დამზადებული პროდუქცია ხასიათდება ინდოეთისა და შრი-ლანკის მაღალმთიანი რაიონებიდან მიღებული ჩაის გემოთი და არომატით. ასეთი ჯიშ-ფორმების მქონე ქვეყანაში რამდენად პარადოქსულია ის შეფასებები, რაც გამოითქმება ხოლმე სხვადასხვა პუბლიკაციებში, სახელდობრ მეჩაიეობის საწარმოო მიმართულების ფერმერული მეურნეობებისათვის დღევანდელ ეტაპზე ოპტიმალურად ითვლება ერთ ჰა-ზე 10-12 ცენტნერი ჩაის ნედლეულის წარმოება, რაც ჩვენი ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და ჩაის მოვლა-მოყვანის კომპლექსური ღონისძიებების გატარების ფონზე სრულიად არაადეკვატურია.

ჩვენი მრავალწლიანი დაკვირვებებით დადგენილია, რომ ხანდაზმულ რეაბილიტირებულ პლანტაციებში სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებების გატარების შედეგად შესაძლებელია 3-4 ტონა ხარისხიანი ნედლეულის მიღება, ხოლო ჩაის ახლად გაშენებული პლანტაციების მოსავლიანობის პოტენციური შესაძლებლობა მინიმუმ 7-8 ტონით განისაზღვრება.

ჩვენი მიზანია ისედაც მცირემიწიანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა ინტენსიური სოფლის მეურნეობის განვითარება, ანუ ყოველი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული პროგრესული ტექნოლოგიებისა და პერსპექტიული ჯიშების დანერგვით მაქსიმალურ მოსავალს იძლეოდეს. სწორედ ამ მიზანს ითვალისწინებს ჩვენს მიერ მოძიებული ჩაის ჯიში ,,კოლხიდას“ განახლება და მისი მოსახლეობაში ფართოდ დანერგვა.

აღნიშნული ჯიში გასულ საუკუნეში მეჩაიების სხვადასხვა რეგიონებში თუ  5 ათას ჰა-მდე იყო გაშენებული დღეისათვის ის განადგურებულია. მხოლოდ ცალკეული ნარგაობის სახით შემორჩენილია ყოფილი ჩაის სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის ექსპერიმენტულ ბაზაზე, (ანასეული) რომელიც გასხვისებულია და შპს ,,ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკას“ (გიორგი ხუჭუა) საკუთრებაშია.

ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ჩვენ შევძელით აღნიშნული შპს-ს საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციებიდან გამოგვეყო 500-კვ.მ. ფართობზე გადარჩენილი ვეგეტატიურად გამრავლებული ჩაის ჯიში კოლხიდას ნარგაობა.

2019 წლის გაზაფხულზე  ნაკვეთი შემოიღობა, სარეველებისაგან გაიწმენდა, ნიადაგი დამუშავდა და მინერალური სასუქები შევიდა, რამაც მთლიანად შეცვალა პლანტაციის არსებული მდგომარეობა.

თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა ნაკვეთის სადედე-საკალმე დანიშნულებით გამოყენება, რაც გულისხმობდა ბუჩქების გაზაფხულზე ნახევრად-მძიმე გასხვლას, წამოსული ვეგეტაციის სრულყოფილად შენარჩუნებას და საზაფხულო დაკალმებისათვის მათ გამოყენებას.

მაის-ივნისის გვალვებმა ერთგვარად შეასუსტა ყლორტების ვეგეტაცია, თუმცა აგვისტოს ბოლოსათვის   საკალმე ყლორტების საშუალო სიმაღლემ 0,5- 0,7 მ-ს მიაღწია. პარარელურად აგვისტოში ვაწარმოებდით სათბურის პირობებში ჩაის დასაკალმებელი კვლების მოწყობას.

დასაკალმებელ სუბსტრატად გამოვიყენეთ წითელმიწა ნიადაგის ზედა სტრუქტურული ჰუმუსოვანი ფენა. ნიადაგი გაიცრა 10 მმ-იან საცერში და ჩაიყარა 10×25 სმ. ზომის დრენაჟირებულ პარკებში. თითოეულ პარკში ნიადაგის მასა საშუალოდ 1,5 კგ-ს შეადგენდა. შევსილი პარკები მოთავსებული იქნა კვლებში ვერტიკალურად, რომლებიც დაკალმების წინ ირწყვებოდა სრულ ტენტევადობამდე. როდესაც პლანტაციაში საკალმე ტოტების 2/3 ნაწილი იყო ნახევრად გამერქნიანებული ( მოწითალო- რუხი შეფერილობის), რაც კალენდარულად აგვისტოს ბოლო დეკადას ემთხვეოდა, დავიწყეთ საკალმე ტოტების შერჩევითი აჭრა, მათი ლაბორატორიაში შემოტანა და კალმების დამზადება ჩაის მცენარის მწვანე კალმებით დაფესვიანებას საუკუნეზე მეტი ისტორია აქვს, როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებში ასევე საქართველოში.

ამ მეთოდს განსაკუთრებით ფართოდ  ვიყენებდით გასული საუკუნის 60-90-იან წლებში, როდესაც მასიურად წარმოებდა ქართული სელექციური ჩაის ჯიშებისა და განსაკუთრებით ჯიში ,,კოლხიდას“ ნერგების სამრეწველო წარმოება. ასე რომ საკმაოდ მდიდარი გამოცდილების ფონზე, თუმცა მინიატურული მასშტაბით ჩვენ ისევ შევეცადეთ ჩაის პერსპექტიული ჯიშების ამ წესით გამრავლებას. ამ მიზნით ბასრი მაკრატლის გამოყენებით ნაზარდებისაგან ვამზადებდით  ერთფოთლიან კალმებს 4-5 სმ. ღეროთი. დამზადებული კალმები რაც შეიძლება დაჩქარებულ პერიოდში ირგვებოდა ჩვენს მიერ წინასწსარ მომზადებულ სუბსტრატში ორი ცალის რაოდენობით ერთმანეთისაგან 3-4 სმ. დაშორებით. კალმები სუბსტრატში თავსდებოდა 2-3 სმ. სიღრმეზე, დარგვისას ნიადაგი თითების დაჭერით კალმის ირგვლივ იტკეპნებოდა, რაც განაპირობებდა სუბსტრატისა და ცოცხალი ღეროს უკეთეს შემხებლობას. სათბურში ჩაის მწვანე კალმების მზის სხივების ინტენსიური ზემოქმედებისაგან დასაცავად დაჩრდილული იქნა ორფენა სპეციალური ბადე ქსოვილით .

ჩაის კალმების დაფესვიანების ფიზიოლოგიური პროცესები რთულია და ის ბევრადაა დამოკიდებული ჰაერის ტემპერატურის, შეფარდებითი ტენიანობის, ნიადაგის სითბოსა და სხვა მრავალ ფაქტორებზე. დაკალმება ჩატარდა აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში. სულ დაკალმდა 4000 მდე კალამი.

 დაკალმების არეში ჰაერის შეფარდებითი ტენიანობისა და ჩაის კალმებზე ტრანსპირაციული პროცესების მინიმალიზაციის მიზნით ვაწარმოებდით წყლის წვრილდისპერსიული ჭავლით ფოთლების დასველებას 20-30 წთ-ის ინტერვალით. საჭიროების შემთხვევაში ხდებოდა სათბურის განიავება. პერიოდულად სუბსტრატს ვასუფთავებდით სარეველებისაგან, ხოლო კალმებს იღლიური კვირტებიდან განვითარებული ყვავილებისაგან. რეგულარულად ვაკვირდებოდით კალმებზე დაფესვიანების პროცესის მიმდინარეობას.

დაკალმებიდან 30-40 დღის შემდეგ კალმების ფუძე-გადანაჭერზე უკვე შეინიშნებოდა კალიუსის წარმოქმნა, რომელიც თანდათან მსხვილდებოდა  და მე-50-60 დღეს საწყისს აძლევდა პირველადი ნაზი ფესვების განვითარებას.

ნოემბერ-დეკემბერში კალმების რწყვის ინტესივობა კლებულობს, რაც ხელს უწყობს ნიადაგში სითბოს შენარჩუნებას და ფესვთა სისტემის უკეთ ფორმირებას. ამ წესით გადაზამთრებული კალმები გაზაფხულზე ტემპერატურული მაჩვენებლების ზრდასთან ერთად იწყებენ იღლიური კვირტიდან ნაზარდის განვითარებას. პარალელურ რეჟიმში მოეწყობა ნერგების სარეველებისაგან გაწმენდა, გაფხვიერება და განოყიერება, რაც ხელს შეუწყობს 2020 წლის შემოდგომაზე სტანდარტული სარგავი მასალის მიღებას.

წინასწარი მონაცემებით ჩაის კულტურისათვის  ოპტიმალური მოვლის პირობებში მწვანე კალმებით დაფესვიანება მერყეობს 80-90%-ის ფარგლებში, ხოლო სტანდარტული ნერგების გამოსავლიანობა 70-80 %-ს შეადგენს. ჩაის მწვანე კალმებით გამრავლებაზე ასე დეტალურად იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ თითოეულ ფერმერს, გლეხს ექნეს შესაძლებლობა თავისსავე საკარმიდამო ნაკვეთზე მოაწყოს ე.წ. მინი სათბური და თვითონვე უზრუნველყონ სარგავი მასალის წარმოება. ჩვენი სამსახური მომავალი წლისათვის გეგმავს ჩაის დასაკალმებელი სპეციალური სათბურის დამატებით მოწყობას 9-10 ათასი ნერგის წარმადობით. წარმოებული ელიტური ჩაის ჯიში ,,კოლხიდა“  ნერგი შეღავათიან ფასებში მიეწოდება მომხმარებელს, როგორც საბაზისო ნერგი პირველადი სადედე-საკალმე, და სათესლე ნაკვეთების გასაშენებლად, საიდანაც შემდგომში თვითონვე უზრუნველყოფენ სარგავი მასალის კვლავწარმოებას.

აქვე შესაძლებელია დაინტერესებულმა პირებმა შექმნან მობილური სპეციალური სანერგეები ჩაის ნერგების გამოსაყვანად და სარეალიზაციოდ, რაც   სერიოზულ მოგებას მოუტანს მწარმოებელს. ჩვენ მზად ვართ ამ საქმეში ყველა დაინტერესებულ პირს გაუწიოთ მეთოდური და პრაქტიკული დახმარება და შესაძლებლობის ფარგლებში ვუზრუნველყოთ ჩაის საკალმე მასალითაც კი. აქვე  დავძენთ იმასაც, რომ ვეგეტატიურად გამრავლებული ჩაის ჯიში ,,კოლხიდას“ ნერგებით შესაძლებელია გაშენდეს ჩაის სპეციალური სათესლე პლანტაცია, რომელიც მე-4 მე-5 წლიდან იწყებს მსხმოიარობას და თესლის მომწიფებას. მისი თესლიდან გაშენებული საფოთლე პლანტაციები ასევე უხვმოსავლიანი და მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით ხასიათდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩაის ჯიში კოლხიდა მაღალპროდუქტიულია მხოლოდ მისთვის დარაიონებულ ზონებში.  გურია, აჭარა, სამეგრელოს ზღვისპირა რეგიონებში.

რაც შეეხება იმერეთს და შესაბამისად სხვა ზონებს აქ უმჯობესია ჩაის ახალი პლანტაციები გაშენდეს ადგილობრივი პოპულაციისა და სხვა სელექციური ჯიშების თესლებითა და ნერგებით. ასევე პოპულარულია ჩაის ჯიში ,,კიმინის“ თესლითა და ნერგებით პლანტაციების გაშენება

დასასრულს გვინდა შევნიშნოთ, რომ მეჩაიეობის დარგს საქართველოში უნიკალური მეცნიერული და პრაქტიკული საფუძვლები გააჩნია.

აუცილებელია ამ პოტენციალის  გონივრული გამოყენება დევიზით:  ,,მომავლისათვის მნიშვნელოვანია არა ის რაც თქვენ აღმოაჩინეთ, არამედ ის რასაც თქვენ აწარმოებთ“.

ამდენად საბაზრო-ეკონომიკის პირობებში საქართველოს შეუძლია არსებული რეზერვებისა და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების ფონზე მოახდინოს მეჩაიეობის დარგის ეტაპობრივი აღორძინება და სოფლის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება და ის ჩაის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა იქნება მათ შორის.

 ზაურ გაბრიჩიძე ს.მ.მ. დოქტორი პროფესორი,

იოსებ ბასილია ს.მ.მ. დოქტორი,

რუსუდან ტაკიძე ს.მ. აკადემიური დოქტორი,

ნიკა გუნთაძე – მაგისტრანტი,     

ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახური, 

ოზურგეთი, ანასეული

წყარო: ჟურნალი აგრარული საქართველო

მევენახეობის სპეციფიკური ზონა „სვირი” _ ღვინო „სვირი“

გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა “სვირი” მდებარეობს მდ. რიონის შენაკად მდ. ყვირილას მარცხენა სანაპირო ზოლში, ჩრდილო განედის 420071და აღმოსავლეთ გრძედის 420551კოორდინატებზე, შუა იმერეთის სამხრეთი მთისწინების ჩრდილო დაქანებებზე. მოიცავს ქვემო იმერეთის სოფლებს: პირველი სვირი, მეორე სვირი, როდინაულის ადმინისტრაციული საზღვრებს. აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან საშუალოდ 220 მ უდრის.

კლიმატი – აღნიშნული სპეციფიკური ზონა მიეკუთვნება ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქს და ხასიათდება რბილი, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით.

მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2100 საათს, სავეგეტაციო პერიოდში 1550 ს-თს უდრის. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და 14,0°-ს უდრის, ყველაზე თბილი თვის (აგვისტო) ტემპერატურა 24,20-ს, ყველაზე ცივი თვის (იანვარი) +4,40-ს უდრის.

ჰაერის საშუალო დღე-ღამური ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა მარტის ბოლო რიცხვებში, 10°-ზე დაბლა ქვევით დაცემა ნოემბრის მესამე დეკადაში აღინიშნება. ამრიგად, 10°-ზე ზევით ტემპერატურის პერიოდის ხანგრძლივობა უდრის 230-235 დღეს. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი საშუალოდ 4300° აღემატება.

ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 1500 მმ-ს, სავეგეტაციო პერიოდში კი _ 675 მმ-ს უდრის. ნალექების საშუალო თვიური რაოდენობა უდიდესია ზამთრის თვეებში (175-180 მმ), უმცირესი (71 მმ) კი – აგვისტოში.

ივლისში და აგივსტოში მოსული ნალექების რაოდენობა (76-71 მმ) თითქმის უთანაბრდება მათ აორთქლებას. ეს კი მიგვანიშნებს ცალკეულ წლებში ამ თვეებში ვენახების მორწყვის საჭიროებაზე.

სეტყვა მოსალოდნელია მთელი წლის განმავლობაში, თუმცა უმნიშვნელო რაოდენობით (0,7-1,0 დღე). სეტყვა ყველაზე ხშირად (0,3 დღე) მაისში მოდის.

ძირითადად გაბატონებულია დასავლეთის (36%) და აღმოსავლეთის (35%) მიმართულების ქარები; ნაწილობრივ მათ ენაცვლება სამხრეთ-აღმოსავლეთის (12%) ქარები. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 2,2 მ/წმ უდრის. სეზონების მიხედვით ქარები მეტად ძლიერია გაზაფხულზე. ძლიერ  ქარიან დღეთა რიცხვი 34-ს უდრის.

მავნე ქარების ზემოქმედების მიხედვით სპეციფიკური ზონა მიეკუთვნება ძლიერი ქარების მოქმედების მეორე ჯგუფის რაიონებს. ამიტომ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მიმართული ძირითადი ქარსაფრები უნდა გაშენდეს 250 მ-ის დაცილებით. ძირითად ქარსაფრებში მწკრივების რაოდენობა 4-ზე, დამატებითში კი 2-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

შემოდგომით, პირველი წაყინვების დადგომა, ვაზის ფოთოლცვენის დასრულების (25.XI) შემდეგ, ნოემბრის ბოლო რიცხვებში იწყება.

ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო, 0 წელიწადში ერთხელ აქ მოსალოდნელია მინიმალური ტემპერატურის -130-მდე დაცემა. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი შესაძლოა -19, -200-მდე დაეცეს, რაც ძალზე იშვიათი შემთხვევაა.

ნიადაგები – ღვინო “სვირის” წარმოებისათვის არსებული ტერიტორია დასავლეთ საქართველოს და კერძოდ კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილებშია წარმოდგენილი და უშუალოდ ჩრდილო და სამხრეთ კავკასიონის მთისწინების დაბოლოებას ემიჯნება. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ვაკე რელიეფით ხასიათდება, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი კი, რომელიც მთისწინების გორაკბორცვიან ზონაშია წარმოდგენილი სუსტად დაქანებულ ფერდობებსა და მცირე ტერასის მიერ, გავაკებებს წარმოადგენენ, რომელიც მიმართულია ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთისაკენ.

ქვედა სარტყელში წარმოდგენილია ალუვიური და დელუვიური ნიადაგების ნაირსახეობები და სახესხვაობები, შუა სარტყელში კი ეწერი ნიადაგების ნაირსახეობები და და სახესხვაობები.

ზემოთ დასახელებული ნიადაგები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც პროფილისა და ჰუმუსიანი ფენის სისქით, ასევე მექანიკურ შედგენილობათა ხირხატიანობის მიხედვით.

ზემოთ დასახელებული ნიადაგებიდან ალუვიური ნიადაგები წარმოდგენილია მდინარე ყვირილას პირველ და მეორე ტერასაზე. ამ ნიადაგების პროფილის სისქე 1 მეტრს აღემატება, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-40 სმ-ის ფარგელბშია. მექანიკური შედგენილობის მიხედვით მეორე ტერასაზე წარმოდგენილი შედარებით ძველი ალუვიური ნიადაგები ძირითადად მძიმე თიხნარი და თიხებია, ხოლო შედარებით ახალი ალუვიური ნიადაგები საშუალო და მსუბუქი თიხნარებია. ზოგიერთ მონაკვეთებზე დამახასიათებელია ხირხატიანობა.

დელუვიური ნიადაგები წარმოდგენილია მთისწინების გორაკბორცვიანი ზონის ქვედა კალთების დაბოლოებებზე შედარებით მცირე მონაკვეთების სახით. ამ ნიადაგების პროფილის სისქეც ერთ მეტრს აღემატება, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი 40-50 სმ-ის ფარგლებშია. ხასიათდება თიხიანი მექანიკური შედგენილობით.

ჰუმუსის შემცველობა როგორც ალუვიურ, ისე დელუვიური ნიადაგების აქტიურ ფენაში ძირითადად 2,5-1,5%-ის ფარგელბშია, ქვედა ფენებში კი თანდათან უფრო მცირდება. ჰიდროლიზურ აზოტს მეტწილად მცირე რაოდენობით შეიცავენ და ძირითადად 2,5 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. ასევე დაბალი მაჩვენებლებით ხასიათდება დაბალი ფოსფორის შემცველობაც და 8,0 მგ-ს არ აღემატება 100 გრ. ნიადაგში. გაცვლითი კალიუმი ფართო საზღვრებში ცვალებადობს და ძირითადად 5,0-4,0 მგ-ის ფარგლებშია 100 გრ. ნიადაგში. ნიადაგის არეს რეაქცია ძირითადად ნეიტრალური და სუსტი ტუტეა. ზოგიერთ შემთხვევაში კი სუსტი მჟავისაკენ არის გადახრილი და PH-ის მაჩვენებელი 5,8-7,6-ის ფარგლებში მერყეობს. კარბონატებს ზოგიერთ მონაკვეთებში მცირე რაოდენობით შეიცავენ, ეწერი ნიადაგები წარმოდგენილი ზონის შუა სარტყელში. მისი პროფილის სისქე 70-100 სმ-ის ფარგლებშია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 25-35 სმ-ის ფარგლებში მერყეობს. ხასიათდება მძიმე თიხნარი და თიხიანი მექანიკური შედგენილობით, სუსტი მჟავე რეაქციით. ჰუმუსის შემცველობა აქტიურ ფენაში ძირითადად 2,5-1,5%-ის ფარგლებშია ქვევით კი თანდათან უფრო მცირდება, ძირითადი საკვები ელემნენტები (NPK) ძირითადად შემცველობით მეტწილად ნაკლებია.

ნეშომპალა-კარბონატული და ყომრალი ნიადაგები წარმოდგენილია მიკროზონის ზედა ნაწილში. გორაკ-ბორცვიანი რელიეფის ფორმებზე. ამ ნიადაგების პროფილის სისქე 60-100 სმ-ის, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-40 სმ-ის ფარგლებში მერყეობს. ხასიათდება მძიმე თიხნარი და თიხიანი მექანიკური შედგენილობით, ჰუმუსის შემცველობა აქტიურ ფენაში ძირითადად 2-3%-ის ფარგლებშია ქვევით კი თანდათან კლებულობს, ძირითადი საკვები ელემენტები (NPK) შემცველობით მიხედვით ეს ნიადაგები მეტწილად დაბალი მაჩვენებლებით ხასიათდებია. ცალკეულ შემთხვევებში კი საშუალო მაჩვენებელს აღწევს. ნიადაგის არეს რეაქცია PH ყომრალ ნიადაგებში ძირითადად ნეიტრალურია ან სუსტი მჟავისაკენ არის გადახრილი და PH-ის მაჩვენებელი 5,6-7,0-ის ფარგლებშია. ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებში კი საშუალო და სუსტი ტუტეა და PH-ის მაჩვენებელი 7,3-8,0-ის ფარგლებშია. კარბონატების შემცველობა ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებში ძირითადად 2,5-16,0%-ის ფარგლებში მერყეობს, ცალკეულ შემთხვევაში კი უფრო მეტსაც აღწევს.

აგროტექნოლოგიური რეგლამენტები

“სვირის” დასახელების ღვინომასალის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.

ჯიში ცოლიკოური

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 170-270 მეტრამდე;

დარგვის სქემა: 2,0 X 1,5; 2,5 X 1,5;

შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.

სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი და თავისუფალი.

დატვირთვის ნორმა: 1მ2 8-10 კვირტი.

მოსავალი: ჰა-ზე 6-7 ტ.

ჯიში ციცქა

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 170-270 მეტრამდე

დარგვის სქემა: 2,0 x 1,5 მ. 2,5 x 1,5 მ.

შტამბის სიმაღლე: 80-90 სმ.

სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი და თავისუფალი.

დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 7-8 კვირტი.

მოსავალი: 1 ჰა-ზე 6 ტონა.

ჯიში კრახუნა

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 170-270 მეტრამდე

დარგვის სქემა: 2,0 x 1,5 მ. 2,5 x 1,5 მ.

შტამბის სიმაღლე: 80-90 სმ.

სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი და თავისუფალი.

დატვირთვის ნორმა 1მ²-ზე: 7-8 კვირტი.

მოსავალი: 1 ჰა-ზე 6 ტონა.

ნიადაგის მოვლა-დამუშავება

ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავება, ბალახიან-კორდიანი სისტემა, ნიადაგის მულჩირება.

განოყიერება

ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული რეგ­ლა­მენ­ტე­ბით.

ფიტოსანიტარული რეგლამენტი:

ძირითადი დაავადებები: ნაცარი, ჭრაქი.

მავნებლები: ტკიპები, ვაზის ცრუფარიანა, ყურძნის ჭია.

ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.

ჯიში ცოლიკოურის, ციცქას და კრახუნას სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

ცოლიკოური – დასავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, საგვიანო სიმწიფის პერიოდის, საშუალოზე ძლიერი ზრდის. გავრცელების ძირითად რაიონებში საშუალო საჰექტარო მოსავალი 6-7 ტონას შეადგენს. მტევნის საშუალო წონა 150-160 გ, მწიფე ყურძენში შაქრიანობა 200-250 გ/დმ3 აღწევს 7,5-9,5 გ/დმ3მჟავიანობის შენარჩუნებით. მისგან დამზადებულ ადგილობრივ და ევროპული ტიპის ღვინოებს ახასიათებს დიდი სხეული, ჰარმონიულობა, სიხალისე და გემური მაჩვენებლები.

ციცქა – ქართული თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. იგი მიეკუთვნება იმერეთის აბორიგენულ ვაზის ჯიშთა ჯგუფს. საგვიანო პერიოდის სიმწიფისაა. ხასიათდება საშაულოზე დაბალი სიძლიერის ზრდით. კონდიციური საჰექტარო მოსავლიანობა 5-6 ტონის ფარგლებში მერყეობს. მტევნის საშუალო წონა 130-150 გ. მწიფე ყურძენში შაქრიანობა 180 გ/დმ3 აღწევს, ხოლო მჟავიანობა 6,9-10,5 გ/დმ3.

ჯიში მაღალხარისხიანი პროდუქციის მომცემია, წარმატებით გამოიყენება  ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად.

კრახუნა – ქართული თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. იგი მიეკუთვნება იმერეთის აბორიგენულ ვაზის ჯიშთა ჯგუფს. საგვიანო პერიოდის სიმწიფისაა, საშაულო ზრდის სიძლიერის. კონდიციური მოსავალი ჰა-ზე 6 ტონამდეა. მტევნის საშუალო წონა 140-160 გ. მწიფე ყურძენში შაქარი 210-230 გ/დმ3, მჟავიანობა 7,5-8,5 გ/დმ3.

ჯიში მაღალხარისხიანი პროდუქციის მომცემია, წარმატებით გამოიყენება  ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად.

ღვინო „სვირი“ – ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა. იგი მზადდება ცოლიკოურისა და ციცქას ჯიშის ყურძნისაგან (აგრეთვე რეკომენდირებულია ჯიში კრახუნა) ფერმენტირებულ ჭაჭაზე ტკბილის დადუღებით (ჭაჭის რაოდენობა შეადგენს ტკბილის მოცულობის 5-6%).

ღვინო „სვირი“ ხასიათდება მუქი ჩალისფერით მოყვითალო ელფერით, ხილის ტონებით, განვითარებული ბუკეტით, ექსტრაქტულობით და ჰარმო­ნიუ­ლო­ბით.

ღვინო “სვირის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

მოცულობით სპირტშემცველობა, % _ 11,0-12,5;

შაქრების მასური კონცენტრაცია – არა უმეტეს 4 გ/დმ3;

ტიტრული მჟავიანობა – 5,5-7,0 გ/დმ3;

აქროლადი მჟავიანობა – არა უმეტეს 1,2 გ/დმ3;

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არა ნაკლებ 18 გ/დმ3;

დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისს ¹1493/1999 დადგენილებას.

სპეციფიკური ზონის ფართობი

„სვირის“ სპეციფიკური ზონის ფართობი დაახლოებით შეადგენს 27 კმ2.

მდებარეობა, ნიადაგურ-კლიმატური პირობები, ჯიში ცოლიკოურის არომატი და ღვინის დაყენების თავისებურება უზრუნველყოფს ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი, მშრალი სუფრის ღვინო “სვირის” მიღებას.

წყარო: ჟურნალი აგრარული საქართველო

საქართველოს გეობოტანიკური დარაიონების ძირითადი პრინციპები და დარაიონების სქემა

გეობოტანიკური დარაიონების საკითხისადმი მიძღვნილი სამეცნიერო შრომების ანალიზი ცხადყოფს, რომ შეუძლებელია (და გაუმართლებელიცაა) გეობოტანიკური დარაიონების ერთიანი (უნივერსალური) კრიტერიუმების დადგენა. გასათვალისწინებელია კონკრეტული ობიექტის (ტერიტორიის) ხასიათი, მისი გეოლოგიური წარსული, რელიეფისა და მცენარეულობის ფორმირების თავისებურებები, მცენარეულობაზე ანთროპოგენური წნეხის გავლენა და სხვა მრავალი ფაქტორი.

საქართველოს ტერიტორიის რთული გეოლოგიური ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ადგილობრივი მცენარეულობის ფორმირების თავისებურებების, ბუნებრივ მცენარეულობაზე ანთროპოგენური ზემოქმედების ფორმებისა და მასშტაბების, სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით მიმაჩნია, რომ საქართველოს გეობოტანიკური დარაიონებისას უმთავრესი ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგს:

• თანამედროვე ძირეული (პირველადი) მცენარეულობა და მისი ჰორიზონტალური (შავი ზღვიდან დაშორების კვალად) და ვერტიკალურ-ზონალური (ზღვის დონიდან სიმაღლის მატების კვალად) განაწილება.

• უძველესი (მესამეულ-რელიქტური) მცენარეულობის წარმომადგენლების (ფიტოცენოზები, ფიტოცენოზებში იარუსობრივად დაქვემდებარებული სინუზიები) პოზიციები თანამედროვე მცენარეულ საფარში.

გარდა ამ მთავარი კრიტერიუმებისა, მხედველობაში მისაღებია უახლოეს გეოლოგიურ წარსულში (ჰოლოცენში) მიმდინარე ბუნებრივი მცენარეულობის დინამიკა (სუქცესიები), განპირობებული ბუნებრივი ფაქტორების (უწინარესად ჰავის) ცვალებადობის გავლენით.

უახლოეს (ისტორიულ) წარსულში საქართველოს ძირეული (პირველადი) მცენარეულობის უმთავრესმა წარმომადგენელმა – ტყის მცენარეულობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გავლენით. იგი განსაკუთრებით მასშტაბურია (თვისობრივად, რაოდენობრივად) საქართველოს მთათაშორის ბარში და მიმდებარე მთიან ტერიტორიაზე (მთის ქვედა სარტყელი, ზ. დ. 1000-1200 მმდე). ამ ტერიტორიაზე ბუნებრივი პირველადი (ზონალური) ტყეები ბევრგან შეიცვალა მეორეული (ნაწარმოები) ტყეებით, ბუჩქნარებით და ბალახეულობით.

ძირეული (პირველადი) მცენარეულობიდან ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გავლენით (ტყეებისა და სათიბ-საძოვრების გამოყენება) ჩამოყალიბდა ანთროპოგენური მცენარეულობა, რომელთა შორის მრავლადაა უკვე მნიშვნელოვნად შეცვლილ ადგილობრივ ბუნებრივ პირობებთან საკმაოდ კარგად შეგუებული (თვითგანახლებადი, სტაბილური) ფიტოცენოზები – ტყის, ბუჩქნარის, მდელოს, სტეპის და ა.შ. სადღეისოდ საქართველოში, მის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე შექმნილია ძირეული და მეორეული (ნაწარმოები) მცენარეულობის ურთიერთშეთანაწყობის უამრავი ვარიანტი.

აუცილებელია ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებული იქნეს ქვეყნის გეობოტანიკური დარაიონებისას.

საქართველოს (როგორც საერთოდ მთიანი ქვეყნების) გეობოტანიკური დარაიონებისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძირეული მცენარეულობის ვერტიკალურ-ზონალურ განაწილებას – ე.წ. მცენარეულობის სარტყლიანობის ტიპს და მათ რეგიონულ ვარიანტებსა და სუბვარიანტებს.* ამდენად, ლოგიკურია, რომ საქართველოს ტერიტორიის მთიან ნაწილში დარაიონების ძირითადი ერთეულის (გეობოტანიკური რაიონი) გამოყოფისათვის მისაღებია ე.წ.

*სარტყლიანობის ტიპი – ძირეული მცენარეულობით შექმნილი სარტყელთა სისტემაა; სარტყლიანობის ტიპის ვარიანტი და სუბვარიანტი – განისაზღვრება სარტყლისა და ქვესარტყლის ფარგლებში მცენარეულობის სტრუქტურის თავისებურებებით (ლიტერატურა: გრებენშჩიკოვი, 1957; ლავრენკო, 1964, და სხვ.).

სექტორალური პრინციპი: გეობოტანიკური რაიონი მოიცავს მთიანი ტერიტორიის გარკვეულ სექტორს, მთის ძირიდან დაწყებული უმაღლეს ჰიფსომეტრიულ ნიშნულამდე (ქედის თხემი, მწვერვალი), რომლის ფარგლებში რამდენიმე მცენარეული სარტყელი და ქვესარტყელია წარმოდგენილი. რაც შეეხება საქართველოს მთათაშორის ტერიტორიას (კოლხეთის ვაკე დაბლობი, ივერიის ბარი), აქ გეობოტანიკური დარაიონებისას მთავარ კრიტერიუმად შეიძლება მივიღოთ მცენარეულობის (მცენარეული საფარის) ჰორიზონტალური ცვალებადობა, რომელსაც უწინარესად განაპირობებს შავი ზღვიდან დაშორება. ივერიის ბარში, სადაც შავი ზღვის კლიმატმარეგულირებელი როლი სუსტია, გეობოტანიკური დარაიონებისას მნიშვნელობა იზრდება ისეთი ფაქტორებისა, როგორიცაა სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან ჰაერის მასების ხშირი შემოდინება (ამ ფაქტორების როლი მცენარეულობის რეგიონულ ცვალებადობაში ზოგან ძალზე მნიშვნელოვანია).

საქართველოში (როგორც მთიან ქვეყნებში) გეობოტანიკურ რაიონებს შორის საზღვარი ხშირ შემთხვევაში თანხვდება მაღალი ქედების თხემს, და ეს ბუნებრივია: მაღალი ქედი, რომელიც წარმოადგენს დაბრკოლებას ჰაერის მასების ჰორიზონტალური გადაადგილების გზაზე, განაპირობებს ქედების მოპირისპირე მხარეების (მეზობელი რეგიონების) ბუნებრივ პირობებს (უწინარესად ჰავას) შორის მეტ-ნაკლებ განსხვავებას, რაც შესაბამისად ბუნებრივ მცენარეულობაზეც აისახება. ბარში და ზეგნებზე (პლატოებზე) გეობოტანიკური რაიონების გამიჯვნისას შეიძლება გამოვიყენოთ პირობითი საზღვარი, – რომელიმე თვალსაჩინო ობიექტზე (მდინარე, დასახლებული პუნქტი და ა.შ.) გამავალი პირობითი ხაზი.

საქართველოს გეობოტანიკური დარაიონების წარმოდგენილ სქემაში დარაიონების უმსხვილეს ერთეულად მიღებულია გეობოტანიკური  არე. საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილია 3 გეობოტანიკური არე: დასავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს და სამხრეთ საქართველოს გეობოტანიკური არეების მცენარეულობა ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულია გავრცელების (ჰორიზონტალური; სარტყლიანობის ტიპი), სტრუქტურული ორგანიზაციისა და დინამიკის (სუქცესიური ცვლის) მიხედვით.

გეობოტანიკურ არეში გამოყოფილია გეობოტანიკური ოლქები. ოლქები ერთმანეთისაგან საკმაოდ მკვეთრად განსხვავებულია მცენარეულობის გავრცელებისა (ჰორიზონტალური; სარტყლიანობის ტიპი, სარტყლიანობის ტიპის ვარიანტები) და სტრუქტურული ორგანიზაციის მიხედვით, აგრეთვე მცენარეულობის დინამიკით. საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილია 10 გეობოტანიკური ოლქი.

გეობოტანიკურ ოლქში გამოყოფილია გეობოტანიკური რაიონები. რაიონები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია მცენარეულობის გავრცელების (ჰორიზონტალური; სარტყლიანობის ტიპის ვარიანტები და სუბვარიანტები), სტრუქტურული ორგანიზაციისა და დინამიკის მიხედვით. საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილია 25 გეობოტანიკური რაიონი (იხ. სქემა).

გეობოტანიკურ რაიონში ქვერაიონების გამოყოფა (რაც ფრიად საჭიროა) შესაძლებელი გახდება ქვეყნის ყველა რეგიონის ბუნებრივი მცენარეულობის დეტალური გეობოტანიკური შესწავლის შემდეგ. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს მრავალ რეგიონში (სვანეთი, რაჭა, მთიანი კახეთი, ქიზიყი და სხვ.) ბუნებრივი მცენარეულობა საკმაოდ კარგადაა შესწავლილი და უკვე არის მომზადებული საფუძველი ამ რეგიონებში გეობოტანიკური ქვერაიონების გამოსაყოფად.

გეობოტანიკური დარაიონების ერთეულების (გეობოტანიკური ოლქები, გეობოტანიკური რაიონები) აღსანიშნავად ძირითადად გამოყენებულია ფიზიკურ-გეოგრაფიული, ასევე საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინციების დასახელებანი (სვანეთი, თუშეთი, აჭარა-გურია და ა.შ.). ეს სრულიად გამართლებულად მიმაჩნია, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინციები ბუნებრივი პირობებითაც (მათ შორის მცენარეულობით) ერთმანეთისაგან მეტ-ნაკლებად განსხვავებულია.

 რევაზ ქვაჩაკიძე , პროფესორი

წყარო: ჟურნალი აგრარული საქართველო