Month: ნოემბერი 2019

კურკოვან კულტურათა ზრდისა და მსხმოიარობის კანონზომიერებანი

კურკოვნებს ახასიათებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება: მსგავსი ერთკურკიანი წვნიანი ნაყოფები, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტების წარმოქმნის მაღალი უნარი, კვირტების ჯგუფურად განლაგება ყლორტის მუხლთან და სხვა.

ატამი

ატამი (Prunus Persica, მოძველებული დასახელება – Persica Mill ). ყველაზე გავრცელებული კურკოვანი კულტურაა მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 100-ზე მეტ სახეობას.

ატამი პატარა ტანის 3-4 მეტრიანი ხეა, ფესვთა სისტემა მიწის ზედაპირთან ახლოს ვითარდება. ფესვების ძირითადი მასა განლაგებულია 10-50 სმ-ის სიღრმეზე.

მსხმოიარობს მხოლოდ ერთწლიან ნაზარდებზე, ამიტომ მცენარის ასაკის მატებასთან ერთად მსხმოიარობის ზონა ინაცვლებს პერიფერიებზე და ვარჯის ცენტრი შიშვლდება. ამ ბიოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე მოითხოვს ინტენსიურ გასხვლას.

ატამი სინათლის და სითბოს მოყვარული მცენარეა. ნაყოფების ნორმალურად მომწიფებისათვის საჭიროა 2500-დან 26000 აქტიურ ტემპერატურათა ჯამი. მინიმალური ტემპერატურა კი არ უნდა ეცემოდეს 20-220 დაბლა. ჯიშების უმეტესი ნაწილი არ მოითხოვს ჯვარედინ დამტვერვას (თვითფერტილია).

მოსვენების პერიოდი ატამს მოკლე აქვს და გენერაციული კვირტები სწრაფად გადიან განვითარების ციკლს. ამის გამო, ატმის გენერაციული კვირტები ხშირად ზიანდება ზამთრის დაბალი ტემპერატურისა და გაზაფხულის წაყინვებისაგან.

ატამი ხასიათდება სიმწიფის სხვადასხვა პერიოდის ჯიშების მრავალფეროვნებით, ამიტომ შესაძლებელია ჯიშური კონვეირის შექმნა და ხილის წარმოება ივნისის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე.

ატმის ჯიშებს ყოფენ 4 ჯგუფად (პუატოს კლასიფიკაცია)

1. ნამდვილი ატმები (საპობი) – შებუსული ზედაპირით;

2. პავიები (სახრავი) – შებუსული ზედაპირით;

3. ნექტარინები (საპობი) – შეუბუსავი ზედაპირით;

4. ბრუნიონები (სახრავი) – შეუბუსავი ზედაპირით.

ამჟამად მსოფლიოში მე-3 და მე-4 ჯგუფის ატმები გამოყოფილია ერთი ქვეჯგუფად და მას კრებით სახელს ნექტარინებს (ვაშლატამა) უწოდებენ.

ატამი ადრე შედის მსხმოიარობაში. მოსავალს იძლევა დარგვიდან მე-2-3 წელს, ხასიათდება ხანმოკლე სიცოცხლით (12-15 წელი), თუმცა ჯიშის, საძირისა და გარემო პირობებისაგან შესაბამისად შეიძლება იცოცხლოს 20-25 წლამდეც. საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში 20 – 25 ტონა/ჰა-ზე შეადგენს, ნექტარინების მოსავლიანობა ჩვეულებრივ 15-20 %-ით ნაკლებია მათთან შედარებით.

ატამი, კურკოვანი, ხეხილი

იხილეთ (დაკლიკეთ): ატმის დარგვა, ბაღის გაშენება და რამდენიმე ჯიში

ქლიავი

ქლიავი (Prunus domestica). ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურკოვანი კულტურაა, ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში. მიეკუთვნება Prunus -ის გვარს, რომელიც აერთიანებს 100-ზე მეტ სახეობას.

ქლიავის მიწისზედა ნაწილების განვითარება ჯიშებისა და ეკოლოგიური პირობების მიხედვით ძლიერ ცვალებადობს – ბუჩქიდან დიდი ტანის ხეებამდე.

ქლიავი ითვლება ზამთარგამძლე, ტენისა და სინათლის მოყვარულ სახეობად, თუმცა სინათლის ნაკლებად მომთხოვნია ვიდრე სხვა კურკოვანი კულტურები.

ქლიავის სიცოცხლის ხანგრძლივობა ვაშლთან და მსხალთან შედარებით მცირეა. ახალგაზრდა ასაკში ქლიავი ძლიერ იზრდება, სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ კი ზრდას შედარებით ანელებს. ქლიავის ჯიშები შეიძლება მოითხოვდეს ჯვარედინ დამტვერვას ან თვითფერტილი იყოს.

ქლიავი მსხმოიარობს სხვადასხვა სიძლიერის ერთწლიან ტოტებზე, დეზებზე და სანაყოფე თაიგულზე. მოკლე წლიურ ტოტებზე საყვავილე კვირტები ცალკეულად არის განლაგებული, ხოლო უფრო ძლიერ ტოტებზე – უფრო ჯგუფურად.

ქლიავის ხეებზე შემჩნეულია, რომ წლიური ტოტების დამოკლებით საზრდელი კვირტების რაოდენობა მცირდება, ამის გამო სუსტი ზრდის ხეებზე განტოტვა წყდება, ვარჯი შიშვლდება და ხშირად სანაყოფე ტოტებიც ხმება.

შინაური ქლიავის ჯიშები ნაყოფის შეფერვის და ფორმის მიხედვით იყოფა შემდეგ ჯგუფებად: უნგრულები (მუქ ლურჯად შეფერილი, მოგრძო, თავში და ბოლოში შევიწროებული ნაყოფებით) – სტენლი, შავქლიავა, იტალიური უნგრულა, რენკლოდები (მომწვანო-მოყვითალი, მრგვალი ნაყოფებით) – ალტანის რენკლოდი, მწვანე რენკლოდი და კვერცხისებური ქლიავები (მსხვილი, კვერცხისებური ფორმის, ყვითელი ან წითელი ნაყოფებით – ვაშინგტონი, ჯეფერსონი) და სხვა.

ქლიავის ნარგაობა მსხმოიარობაში შედიან დარგვიდან მე-3-4 წელს. საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში შეადგენს 15 – 17 ტონა/ჰა.

ხელსაყრელი პირობების დროს ბაღი საწარმოო ღირებულებას ინარჩუნებს 35-40 წელს, ცალკეული ხეები კი ცოცხლობს 50-70 წელსაც. ქლიავის ყველა ჯიშსა და სახეობას მეტ-ნაკლებად ახასიათებს ფესვის ამონაყრების განვითარება.

ქლიავი, კურკოვანი, ხეხილი

იხილეთ (დაკლიკეთ): ქლიავის ბაღის გაშენება, გასხვლა, მოვლა-პატრონობა

გარგარი

გარგარი (Prunus Armeniaca, მოძველებული სინონიმი – Armeniaca Mill) მსოფლიოს ყველა კუთხეში გვხვდება, თუმცა სხვა კურკოვანი კულტურებთან შედარებით ნაკლებად არის გავრცელებული.

ეს აიხსნება იმ ფაქტორით, რომ მისი წარმატებით მოყვანა შესაძლებელია მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც გაზაფხულის გვიანი წაყინვების საშიშროება ნაკლებია – ამ მიზეზით (ბევრგან) მაღალი მოსავლის მიღება შესაძლებელია მხოლოდ 3-4 წელიწადში ერთხელ. გარდა ამისა, გარგარი მიმღებიანია ვერტიცილიოზური გახმობის მიმართ, რაც ხშირად მთელი ნარგაობის განადგურებას იწვევს.

გარგარი დიდი ტანის ხე მცენარეა. სიმაღლით 5-7 მეტრამდე და ზოგჯერ 10- 15 მეტრამდეც.

გარგარისათვის დამახასიათებელია ვეგეტაციის ადრეული დაწყება, კვირტების სწრაფი მომწიფება და ყლორტების წარმოქმნის მაღალი უნარი. ძალიან ხშირად ერთ სავეგეტაციო პერიოდში ხდება გვერდითი ყლორტების ორი გენერაცია. ამასთან ერთად, გარგარს ჩვეულებრივ აქვს ზრდის ორი, ხოლო გრძელ სავეგეტაციო პერიოდში – ზრდის სამი ტალღა. ეს განაპირობებს ახალგაზრდა მცენარეების ინტენსიურ ზრდას და მსხმოიარობაში ადრეულ შესვლას.

გარგარი თვითფერტილია, თუმცა მაღალი მოსავლის მისაღებად მოითხოვს ჯვარედინ დამტვერვას.

გარგარი მსხმოიარობს სხვადასხვა ტიპის გენერაციულ ტოტებზე, ძლიერ, საშუალო და სუსტ ერთწლიან ნაზარდებზე, დეზებზე და სანაყოფე თაიგულებზე.

გარგარი ითვლება გვალვაგამძლე მცენარედ, ამასთან მომთხოვნია ნიადაგის აერაციული პირობების მიმართ.

გარგარის ბაღი მსხმოიარობაში შედიან დარგვიდან მე-3-4 წელს. საშუალო მოსავლიანობა შეადგენს 15 – 20 ტონა/ჰა. ხელსაყრელი პირობებში ბაღი საწარმოო ღირებულებას ინარჩუნებს 20-30 წელს.

გარგარი, კურკოვანი, ხეხილი

იხილეთ (დაკლიკეთ): გარგარი – დარგვა, გასხვლა, მოვლა, ჯიშები

ბალი

ბალი (Prunus Avium, მოძველებული სინონიმი – Cerasus avium ) მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული, თუმცა ნაკლები ყინვაგამძლეობის გამო მისი წარმოების რაიონები შეზღუდულია. გარდა ამისა, მსოფლიოში შეიმჩნევა ფართობების შემცირების ტენდენცია, რაც კრეფის სიძნელით არის გამოწვეული.

ბალს ახასიათებს ძლიერი ზრდა, ყლორტების წარმოქმნის სუსტი და კვირტების გაღვიძების კარგი უნარი. ლიდერი ყოველთვის გამოკვეთილია, ტოტების განლაგება კი იარუსულია, ამიტომ ვარჯი კარგად განათებული და მეჩხერია.

ბალი მსხმოიარობს როგორც ერთწლიან ტოტებზე, ისე სანაყოფე თაიგულებზე. ბლის სანაყოფე თაიგულები 10-12 წლამდე ცოცხლობს. მეწლეობა არ ახასიათებს. ბლის ზოგიერთი ჯიში თვითგანაყოფიერებით იძლევა მოსავალს (დროგანა ყვითელი და სხვა), თუმცა ძირითადად ჯიშები მოითხოვენ ჯვარედინ დამტვერვას.

ბალი სინათლისმოყვარული მცენარეა, მოითხოვს ზომიერად თბილ კლიმატს და კარგად ეგუება კარბონატულ ნიადაგებს. ტენის სიჭარბის შემთხვევაში ნაყოფი ხშირად სკდება.

ნაყოფის რბილობის სიმკვრივის მიხედვით ბლის ჯიშები იყოფა ორ ჯგუფად:

• გინი, რომლის ნაყოფის რბილობი ნაზია და წვნიანი, ასეთი ჯიშები ვერ იტანს ტრანსპორტირებას და შენახვის უნარიც დაბალი აქვს;

• ბიგარო, რომლის რბილობი მკვრივია, კარგად იტანს ტრანსპორტს და შედარებით შენახვისუნარიანია.

ბლის სიმწიფის პერიოდი მოიცავს მაისის დასაწყისიდან ივლისის ბოლოს.

ბალი მოსავალს ძლიერ საძირეზე იძლევა დარგვიდან მე-4-6 წელს, ხოლო ნაგალა საძირეზე – მე-3 წელს. ბაღის საექსპლოატაციო ხანგრძლივობა – 25-35 წელია. საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში 10 – 15 ტონა/ჰა-ზე შეადგენს, ხოლო თანამედროვე ინტენსიურ ბაღებში – 20 – 25 ტონა/ჰა.

ბალი, კურკოვანი, ხეხილი

იხილეთ (დაკლიკეთ): ბალი – დარგვა, გასხვლა-ფორმირება, ბაღის გაშენება, რამდენიმე ჯიში

ალუბალი

ალუბალი (Prunus cerasus, მოძველებული სინონიმი – Cerasus vulgaris) გვხვდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თუმცა მისი წარმოება შეზღუდულია, ძირითადად აწარმოებენ გადამუშავების მიზნით, თუმცა გამოიყენება ნედლადაც.

ალუბალი წარმოადგენს ტანდაბალ ხეს ან ბუჩქს, რომელიც ივითარებს სფეროსებრ ვარჯს. ხშირად იძლევა ფესვის ამონაყარს. ძირითადად მსხმოიარობს გასული წლის ნაზარდზე, ნაკლებად თაიგულებზე.

ალუბალი ხასიათდება შეგუებულობის მაღალი დიაპაზონით – სითბოს მიმართ არა აქვს დიდი მოთხოვნილება, კარგად იტანს დიდ სიცხეს და ყინვაგამძლეობაც მაღალი აქვს (გავრცელებული ჯიშები დაუზიანებლად იტანენ -30 0C ტემპერატურას).

ალუბლის ჯიშების ერთი ჯგუფი მოსავალს იძლევა როგორც ჯვარედინი დამტვერვით, ასევე თვითგანაყოფიერებით (ლიუბსკაია, ქართული ალუბლები), ხოლო მეორე ჯგუფი მოითხოვენ მხოლოდ ჯვარედინდამტვერვას (ოსტჰეიმის გრიოტი, პოდბელსკი).

ნაყოფის შეფერვის მიხედვით ალუბლის ჯიშები იყოფა სამ ჯგუფად:

• მორელები ანუ გრიოტები, მუქი ნაყოფებით და შეფერილი წვენით;

• ამორელები – ვარდისფერი ნაყოფებით და შეუფერავი წვენით;

• დიუკები – ბლისა და ალუბლის ჰიბრიდები, მუქი მსხვილი ნაყოფებით.

ალუბალი მსხმოიარობაში შედის ადრე დარგვიდან მე-2-5წელს, ბაღის საექსპლოატაციო ხანგრძლივობა – 20-25 წელია. საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში 10 – 12 ტონა/ჰა-ზე შეადგენს.

წყარო: აგროკავკასია

სასოფლო სამეურნეო კულტურების დამაზიანებელი ტემპერატურები

ამინდის მეტეოროლოგიურ ფაქტორებს შეუძლიათ დიდი ზარალი მიაყენონ სოფლის მეურნეობას.

საშიში მეტეოროლოგიური მოვლენებია: წაყინვები, სეტყვა, თქეში (თავსხმა) წვიმები, ხოლო ზამთარში_ძლიერი ყინვები, ლიპყინული და ზოგიერთი სხვა მოვლენები, რომლებიც განპირობებულია თოვლის საბურველის დიდხანს ჩაწოლით.

წაყინვებს უწოდებენ წლის შედარებით თბილ პერიოდში (გაზაფხული, შემოდგომა), ნაიდაგის მოქმედ ზედაპირზე ჰაერის მინიმალური ტემპერატურის 00C-მდე და უფრო დაბლა დაწევას.

წარმოშობის პროცესების და ამინდის პირობების შესაბამისად არსებობს წაყინვების სამი ტიპი:

  • ადვექციური წაყინვები წარმოიქმნება ცივი ჰაერის ტალღების (ადვექციის) შემოჭრის შედეგად და გრძელდება ერთი ან რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში. ამ დროს მიმდინარეობს ჰაერის ტემპერატურის დაწევა 00C -ზე დაბლა და შეიძლება მოიცვას ძალზე დიდი ტერიტორია.
  • რადიაციული წაყინვები განპირობებულია ნიადაგის მოქმედი ზედაპირის ინტენსიური გადაცივებით (გამოსხივებით), რომელიც წარმოებს ღამით, მოწმენდილ ამინდში და ატარებს ლოკალურ ხასიათს. მათი სიძლიერე და ინტენსიურობა დამოკიდებულია რელიეფის ფორმაზე, ნიადაგის ზედაპირის მდგომარეობაზე, ნიადაგისა და ჰაერის ტენიანობაზე და სხვა ადგილობრივ პირობებზე. ამ ტიპის წაყინვები იწყება ღამით და მაქსიმალურ ინტენსივობას აღწევს (ტემპერატურა მინუს 30C, იშვიათად მინუს 5-60C) მზის ამოსვლისას. თუ ამინდი წყნარი და მოწმენდილია, წაყინვები მოსალოდნელია ყოველდღიურად.
  • ადვექციური-რადიაციული ანუ შერეული წაყინვები წარმოიქმნება ცივი ჰაერის მასების შემოჭრისა და შემდგომში მისი ღამის გამოსხივების (გადაცივების) შედეგად. ასეთი პროცესის დროს, დღისით, ნიადაგის ზედაპირი რამდენადმე ცივდება და სითბოს მარაგი მის ღრმა ფენებშიც კლებულობს, ღამით კი ინტენსიურად იწყება გამოსხივება. აღნიშნული სახის ყინვები ღია, ქარისაგან დაუცველი ადგილებისთვის საშიშია, რადგან ყინვებმა შეიძლება მინუს 2-40C და მეტსაც მიაღწიოს, გაგრძელდეს ორი-სამი დღის განმავლობაში.

წაყინვების მოქმედება მცენარეებზე სხვადასხვანაირია. იგი უფრო მეტად საგრძნობია ახალგაზრდა ფოთლების გაშლის, ყვავილობისა და ნაყოფის მომწიფების პერიოდში.

ტემპერატურას, რომლის ქვემოთ ვეგეტაციაში მყოფი მცენარეები ზიანდება ან იღუპება, კრიტიკულს უწოდებენ. სხვადასხვა მცენარეებისათვის და მათი განვითარების სხვადასხვა ფაზისათვის კრიტიკული ტემპერატურები განსხვავებულია.

მცენარეთა დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია წაყინვების ინტენსიურობასა და მისი მოქმედების ხანგრძლივობაზე. ამიტომ, ერთ შემთხვევაში დაზიანება შეიძლება სუსტად იყოს გამოხატული, მეორე შემთხვევაში კი ძლიერად.

არსებობს კულტურების სხვადასხვა ჰიბრიდები, რომლებსაც უფრო დაბალი კრიტიკული ტემპერატურების გადატანა შეუძლიათ. /აგროკავკასია/

ავტორი: ილია მჭედლიძე

წყარო: აგროკავკასია

დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს ნიადაგის გამოფიტვის და დეგრადაციის პროცესი

 

ქვეყნის სოფლის მეურნეობის სფეროში ბოლო წლებში განხორციელებულ დადებით ძვრებთან ერთად მრავალმა მტკივნეულმა პრობლემამ იჩინა თავი. ჩამოყალიბდა სრულიად მიუღებელი _ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული სიმდიდრის _ ნიადაგის უსისტემო ექსპლუატაციის და მისადმი მხოლოდ მომხმარებლური  დამოკიდებულების ტენდენცია. ყოველივე ამან საფრთხე შეუქმნა თვით ნიადაგის, როგორც ხმელეთის ბიოპროდუქტიული სისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილის ბიოლოგიურ არსებობას და მისი ნაყოფიერების შენარჩუნებას.

დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს ნიადაგის გამოფიტვის და დეგრადაციის, აღმოსავლეთ საქართველოს მიწების გაუდაბნოების პროცესები, რაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების საკმაოდ დიდი ფართობის სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან ამოვარდნის რეალური პირობაა.

მცირემიწიან საქართველოში 205 ათასი ჰექტარი დამლაშებულ და ბიცობ, 330 ათასი ჰექტარი მჟავე და 220 ათასი ჰექტარი დაჭაობებულ ნიადაგებს უკავია. ერთ მილიონ ჰექტრამდე ფართობზე ნიადაგი სხვადასხვა ხარისხით ეროზიული პროცესების გავლენას განიცდის, რაც ანადგურებს სავარგულებს, არღვევს ათასობით წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ ბუნებრივ-ეკოლოგიურ წონასწორობას, განაპირობებს მთელ რიგ უარყოფით სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ შედეგებს.

შემაშფოთებელი მდგომარეობაა შექმნილი ნიადაგებში მცენარისათვის აუცილებელი საკვები ელემენტების შემცველობის მხრივ. ქვეყნის მთელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულის 80%-მდე ღარიბია საკვები ელემენტებით, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დაბალ და უხარისხო მოსავალს განაპირობებს. ქვეყნის ყველა რეგიონში შეინიშნება ნიადაგის ნაყოფიერების უმთავრესი მაჩვენებლის — ჰუმუსის მწვავე დეფიციტი და მისი ბალანსი უარყოფითია.

ნიადაგების მდგომარეობის ასეთ ფონზე არსებობს კითხვა: — როგორ ვმართოთ ნიადაგის ნაყოფიერება, მიწათმოქმედების რომელ სისტემას მივანიჭოთ უპირატესობა — ინტენსიურს თუ ორგანულს? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ჩატარებული ხანგრძლივი დაკვირვებების საფუძველზე გთავაზობთ ჩვენს მოსაზრებას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით.

დავიწყოთ ინტენსიური სისტემით

მსოფლიოში სოფლის მეურნეობის მაღალგანვითარებულ არც ერთ ქვეყანას ჯერჯერობით არ უთქვამს უარი ინტენსიურ სოფლის მეურნეობაზე. აშშ, კანადა, ბრიტანეთი, ევროპის ყველა ქვეყანა, აზიის ქვეყნები დღემდე ეწევიან ინტენსიურ სოფლის მეურნეობას. მიზანი ერთია — ფართობის ყოველ ერთეულზე მიღებულ იქნეს რაც შეიძლება მეტი მოსავალი მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით, რასაც აღწევენ ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებლად მინერალური სასუქების აუცილებელი გამოყენებით, რა თქმა უნდა ორგანულ სასუქებთან ერთად.

მსოფლიოში მინერალურ სასუქებზე მოთხოვნილება და მისი წარმოებაც ყოველწლიურად იზრდება, რასაც შემდეგი ძირითადი ფაქტორები განაპირობებს:

— მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობის მატება იწვევს კვების ძირითად პროდუქტებზე მოთხოვნის მატებას. ამავდროულად, ადგილი აქვს ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით მსოფლიოს სათესი ფართობების თავისუფალი რესურსების შემცირებას, რაც განაპირობებს სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციის აუცილებლობას, ახალი ტექნოლოგიების დამუშავებას და დანერგვას. ყოველივე აღნიშნულის შედეგად იზრდება სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლების მოთხოვნა მინერალურ სასუქებზე.

—  ბოლო წლებში რთული კლიმატური პირობები მრავალ წამყვან ქვეყანაში ნეგატიურად აისახა ს`ს კულტურების მოსავალზე და გამოიწვია მარცვლეულის მსოფლიო მარაგების შემცირება, რამაც გაზარდა მინერალურ სასუქებზე მოთხოვნა.

— 2014 წელს მსოფლიოში 2 მილიარდ 534 მილიონი ტონა მარცვლეული აწარმოეს, რომელიც არ იყო საკმარისი და იმ პერიოდში, როგორც ამას საერთაშორისო ექსპერტები წერენ, ერთი მილიარდამდე ადამიანი შიმშილობდა, თანაც, აღნიშნული 2 მილიარდ 534 მილიონი ტონიდან 50 % მიღებულია მინერალური სასუქების ხარჯზე. ადვილი წარმოსადგენია, რამდენი ადამიანი იშიმშილებს, ეს 50% რომ მოაკლდეს.

რაც შეეხება ორგანულ ( ბიოლოგიურ) მიწათმოქმედებას: — აღნიშნული მიწათმოქმედების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი და აზრია მიღებულ იქნეს ჯანსაღი ბოსტნეული და ხილი, სრულიად თავისუფალი ყოველგვარი „ქიმიისაგან”.

ძირითადი მიზანია ასევე — ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება. პრინციპში, ინტენსიური მიწათმოქმედების მომხრეები სასუქების შეტანით იგივე მიზანს ემსახურებიან, მაგრამ ორგანული მიწათმოქმედების იდეოლოგია იმაში მდგომარეობს, რომ კი არ გადავაკეთოთ ბუნება, არამედ დავეხმაროთ მას. ამიტომ ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა ხდება აგროტექნიკური ხერხების და ნატურალური საშუალებების — ხარჯზე. იქნება ეს ორგანული სასუქები, სიდერაცია, ბიოჰუმუსი, ბიოპრეპარატები და ა.შ.

ამასთანავე, არსებობს კითხვები:

— 1. შეიძლება თუ არა, ამ მიმართულებით წასვლისას გადაწყდეს არსებული ეკოლოგიური პრობლემები?

_ 2. შეუძლია თუ არა ორგანულ მიწათმოქმედებას გახდეს ტრადიციული მიწათმოქმედების რეალური ალტერნატივა? ე.ი. წარმატებით გადაწყვიტოს პლანეტის მზარდი მოსახლეობის უზრუნველყოფის პრობლემა ხარისხიანი, ჯანსაღი საკვები პროდუქტებით?

ორივე კითხვაზე პასუხი უარყოფითია. პასუხი პირველ კითხვაზე: გ — არსებული ინფორმაციით, გარემოს მრავალი სახის დამაბინძურებლებიდან სოფლის მეურნეობის წილზე მოდის 4-5%; ყველაზე მეტია ტექნოგენური, ტრანსპორტით, წიაღისეულის მოპოვებით, ნავთობპროდუქტებით და ა.შ. დაბინძურება.

სოფლის მეურნეობაში მთავარ დამაბინძურებლად ითვლება მინერალური სასუქების და პესტიციდების გამოყენება. რაც შეეხება მინერალურ სასუქებს, იმ შემთხვევაში, თუკი მკაცრად იქნება დაცული მინერალური სასუქების გამოყენების მეცნიერულად დასაბუთებული რეგლამენტები, მათი ნეგატიური ზეგავლენა გარემოზე მინიმალური იქნება.

პასუხი მეორე კითხვაზე: — ორგანული მიწათმოქმედების ნაკლია:

— ს/ს კულტურების მოსავლის შედარებით დაბალი დონე (არსებობს მოსავლის ჭერი, ზღვარი, რომლის გადალახვაც ორგანული სასუქებით შეუძლებელია).

— მსოფლიოში ძირითადი ორგანული სასუქი — ნაკელი — არასაკმარისი რაოდენობითაა. საერთაშორისო ექსპერტების აზრით, 6 მილიარდი სული საქონელი უნდა არსებობდეს, რომ მსოფლიოში ორგანული სოფლის მეურნეობა უზრუნველყოფილი იქნეს ნაკელით მაშინ, როცა 2009 წლის მონაცემებით მსოფლიოში 1,6 მილიარდი სული საქონელი იყო.

— თუ ნიადაგში გენეტიკურად მცირეა რომელიმე საკვები ელემენტი, დაბალი იქნება მისი შემცველობა ნაკელშიც.

— თუ ნიადაგი დაბინძურებულია, მაგალითად, მძიმე ლითონებით, იგი გადადის ნაკელშიც და კვლავ უბრუნდება ნიადაგს.

— ნაკელის შორ მანძილზე გადაზიდვა არარენტაბელურია.

— ნაკელით ნიადაგს არ უბრუნდება მარცვლის აზოტი, ფოსფორი და კალიუმი, რომელიც გაყიდულია მეურნის (ფერმერის) მიერ. მარცვლით გადის მარცვლეულის მიერ გამოტანილი ფოსფორის ორი მესამედი, აზოტის სამი მეხუთედი და კალიუმის მხოლოდ ერთი მეშვიდედი.

— მინესოტის უნივერსიტეტის გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ორგანულ მინდვრებზე მოყვანილი ბოსტნეულისგან სალმონელოზით დაავადების ალბათობა სამ-ხუთჯერ მაღალია ტრადიციული წესით მიღებულ ბოსტნეულთან შედარებით, რადგანაც ორგანულ მეურნეობაში განოყიერებისათვის გამოყენებული ნაკელი ითვლება ხელსაყრელ არედ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის.

— ორგანული პროდუქტების წარმოებაზე გადასვლა არ არის რეკომენდებული განვითარებადი ქვეყნებისთვის; მოსახლეობის რაოდენობის მუდმივი მატება მოითხოვს ასეთ ქვეყნებში ორგანული სოფლის მეურნეობის იდეოლოგიაზე უარის თქმას და უფრო პრაგმატული მეთოდებით (ტექნოლოგიით) სარგებლობას.

აღნიშნული ნაკლოვანებების გამო არ ვართ დაზღვეული, რომ მიღებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით;

მიგვაჩნია, რომ მიწათმოქმედების ეს ორი მიმართულება არ გამორიცხავს ერთმანეთს. ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე პერიოდში ორივე მიმართულებას აქვს არსებობის უფლება და ორივე მიმართულების განვითარება აუცილებელია. ვფიქრობთ, დრო და ბაზარი გამოავლენს მათგან უპირატესს.

— ფერმერებს (მეურნეებს) მინდა ვურჩიო, რომ მხარი დაუჭირონ მიწათმოქმედების რაციონალურ სისტემას, რაც გულისხმობს:

— ნაკელისა და სხვა ორგანული საშუალებების არსებული რესურსების სრულად გამოყენების პირობებში ორგანული მიწათმოქმედების მაქსიმალურად შესაძლო მასშტაბით განვითარებას და მის საფუძველზე, მაქსიმალურად შესაძლო რაოდენობით ყოველგვარი ქიმიისაგან თავისუფალი ჯანსაღი პროდუქციის წარმოებას. კარგი იქნება, თუ ასეთი პროდუქციის წარმოება საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოების მთლიანი მოცულობის 20-30%-ს მიაღწევს (არსებული ინფორმაციით, დღეისათვის იგი მსოფლიოში სოფლის მეურნეობის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში 4-5%-დან 13-14%-ის ფარგლებში მერყეობს).

— მაგრამ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოსახლეობის უმეტესი ნაწილის გამოკვებისთვის, ასევე, მხარს ვუჭერ ინტენსიური სოფლის მეურნეობის განვითარებას. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მილიონობით ჩატარებული ცდები და დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება სწორედ აღნიშნული მოსაზრების დადასტურებაა.

ჩვენმა ქვეყანამ უპირველეს მიზნად უახლოეს 4-5 წელიწადში ადგილობრივი წარმოების სურსათით მოსახლეობის უზრუნველყოფა უნდა დაისახოს.

საერთაშორისო ექსპერტების პროგნოზით, უახლოეს სამ ათეულ წელიწადში მსოფლიოს მოსახლეობა 3 მილიარდით გაიზრდება და ამ პერიოდში (2050 წლისათვის) მოსალოდნელია მწვავე სასურსათო კრიზისი; გულუბრყვილობა იქნება იმის დაშვება, რომ მსოფლიოს რომელიმე ერთ რეგიონში არსებული სასურსათო კრიზისი გავლენას არ მოახდენს დანარჩენ რეგიონებზე. გამომდინარე აღნიშნულიდან, დღეს მსოფლიოში პრაქტიკულად ყველა ქვეყანა ცდილობს მნიშვნელოვნად გაზარდოს სასურსათო პროდუქციის ადგილობრივი წარმოება და შეძლებისდაგვარად მოახერხოს საკუთარი მოსახლეობის უზრუნველყოფა ადგილობრივი წარმოების პროდუქციით. მრავალ ქვეყანაში დაწყებულია მოძრაობა დევიზით — „მივირთმევთ ადგილობრივს”. კარგი იქნება, თუ ჩვენი ქვეყანაც ჩაერთვება ამ პროცესში და დავიწყებთ მოძრაობას დევიზით — „მივირთმევთ ადგილობრივს”, მითუმეტეს, ჩვენი მიწის, წყლის რესურსების, კლიმატური პირობების და, რაც მთავარია, სამეცნიერო პოტენციალის, ჩვენი მეურნეების — ფერმერი იქნება თუ გლეხი — გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია არა მარტო საკუთარი თავის გამოკვება, არამედ როგორც ინტენსიური, ისე ორგანული სოფლის მეურნეობის წარმოების პირობებში გავხდეთ ჯანმრთელი, ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი კვების პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა.

უპირველესი მიზანი — იქნება ეს ინტენსიური თუ ორგანული მიწათმოქმედება — უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი სიმდიდრის, ჩვენი მასაზრდოებელი ნიადაგის — ნაყოფიერების შენარჩუნება — ამაღლება. მიმაჩნია, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოება უნდა ეყრდნობოდეს ნიადაგდაცვით და რესურსდამზოგ მიწათმოქმედებას, რომლის ძირითადი პრინციპებია: ნიადაგის ნულოვანი ან მინიმალური დამუშავება. თესლბრუნვების დივერსიფიკაცია; სიდერაცია; ნიადაგის ზედაპირის მუდმივად დაფარვა ორგანული მასით — მცენარეულობით, ან მისი ნარჩენებით — მულჩის სახით.

გოგოლა მარგველაშვილი

წყარო: ჟურნალი აგრარული საქართველო

ბროკოლის წარმოების აგროტექნოლოგია

კულტურის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება

ბროკოლი, ანუ სატაცურისებრი კომბოსტო ისე, როგორც ნამდვილი ყვავილოვანი კომბოსტო, ივითარებს თავს მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თავი მას უფრო ფხვიერი აქვს და იბნევა ცალკე ყლორტებად. ეს უკანასკნელნი ძლიერ წააგვანან სატაცურის ყლორტებს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათ ბოლოები ყვავილის მსგავსა აქვთ გაფართოებული.

ბროკოლს ახასიათებს გრძელი სავეგეტაციო პერიოდი და ყვავილოვან კომბოსტოსთან შედარებით მეტი ყინვაგამძლეობა.

დამოკიდებულება აგროკლიმატური ფაქტორებისადმი

ბროკოლის მოყვანისთვის ნიადაგის ტენიანობა უნდა იყოს 70%, ჰაერის ტენიანობა — 85%. ყვავილოვან კომბოსტოსთან შედარებით ყინვის და სიცხის ამტანია. მას შეუძლია -4-დან -7°С-ს ყინვას გაუძლოს.

ბროკოლის მოყვანისთვის საუკეთესო ტემპერატურაა 18-დან 22°С -მდე

ბროკოლი სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ მის მოსაყვანად ირჩევენ მზიან ნაკვეთებს.

ქიმიური შემადგენლობა

ბროკოლი შეიცავს დიდი რაოდენობით (A, B1, B2, PP, ჩ, E) ვიტამინებს, მინერალებს და მიკროელემენტებს.

კულტურის ზოგადი დახასიათება

ბროკოლი, მოვლა, მოყვანა

ბროკოლის გავრცელებული ჰიბრიდები

• აგასი F1

ვეგეტაციის ხანგრძლივობა შეადგენს გადარგვიდან 65-75 დღემდე. გამოირჩევა კარგი შენახვისუნარიანობით და დიდხანს ინარჩუნებს სასაქონლო სახეს.

• ლორდი F1

გადარგვიდან მოსავლის აღებამდე ვეგეტაცია გრძელდება 60-65 დღის განმავლობაში. არის მაღალმოსავლიანი.

• მონტერეი F1

საგვიანო ჰიბრიდია ვეგეტაციის პერიოდი გადარგვიდან მოსავლის აღებამდე გრძელდება 170-175 დღე. გამძლეა ბაქტერიოზისადმი.

ადგილი თესლბრუნვაში

ბროკოლის კარგი წინამორბედებია სიმინდი, თავთავიანი, ბაღჩეული პარკოსანი კულტურები.

ბროკოლის წარმოება არ არის რეკომენდებული მინდვრებზე, სადაც წინა წლებში კარტოფილი, ბადრიჯანი, წიწაკა, თამბაქო და პომიდორი იწარმოებოდა. ბროკოლი თავის მინდორს უნდა დაუბრუნდეს 2-3 წლის შემდეგ. თესლბრუნვაში თავსდება პირველ წელს.

ბროკოლისათვის განსაზღვრული ნაკვეთის შერჩევა

ბროკოლის მაღალი მოსავლისა და უხვი თესლის მიღებისათვის უნდა შევარჩიოთ მაღალნაყოფიერი, გაკულტურებული, სწორზედაპირიანი ნიადაგები, რომლებიც მუდმივად უზრუნველყოფილი იქნებიან სარწყავი წყლით.

ბროკოლის წარმოებისათვის საჭირო ნიადაგის მჟავიანობის არე pH 7,0 (6.5)-დან 7,5-მდეა.

იმ შემთხვევაში, თუ ბროკოლის წარმოებისათვის შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია, ანუ ნიადაგის ბროკოლის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის დარგვამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირებისთვის ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.

ნიადაგის ძირითადი დამუშავება

გაზაფხულზე დასარგავად განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე.

გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით.

კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა. ასევე აღსანიშნავია რომ ნიადაგის მულჩირება ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას.

ბროკოლის ზაფხულის ბოლოს გადასარგავად ნიადაგი გადარგვამდე 1-2 თვით ადრე უნდა მომზადდეს.

ნიადაგის დარგვისწინა და შემდგომი დამუშავება

გაზაფხულზე ნიადაგის დარგვისწინა დამუშავება სხვადასხვანაირია. ნიადაგურ-კლიმატური პირობების და ძირითადი მოხვნის ჩატარების პერიოდის მიხედვით, გაზაფხულზე ან მარტო დაფარცხვა იქნება საკმარისი, ან ღრმა კულტივაციან ან გადახვნა, თანმიყოლებული დაფარცხვით.

გაზაფხულზე მზრალის დაგვისწინა დამუშავება დამოკიდებულია აგრეთვე სასუქის სახეობაზე და შეტანის დროზე. ჭარბტენიან რაიონებში და მსუბუქი ტიპის ნიადაგებზე ნაკელის შეტანა და ჩახვნა წარმოებს გაზაფხულზე.

თუ მსუბუქ ნიადაგზე ნაკელის შეტანა შემოდგომაზე განხორციელდა, ამ შემთხვევაში გაზაფხულზე ტარდება ღრმა კულტივაცია, ან გადახვნა ფრთამოხსნილი გუთნებით.

დაწიდულ ქვეთიხნარ ნიადაგებზე ნაკელის შემოდგომაზე შეტანისა და ჩახვნისას (ტენიანი გაზაფხულის პირობებში) ტარდება ფართობების გადახვნა. არასაკმარისი ტენიანობის პირობებში მზრალის გადახვნა არ წარმოებს, არამედ ხდება ღრმად გაფხვიერება კულტივატორებით, 10-12 სმ სიღრმეზე.

უშუალოდ ვეგეტაციის პერიოდში კი ბროკოლისათვის ნიადაგის დამუშავების მიზანს შეადგენს ნიადაგის მუდამ ფხვიერი და სარეველებისაგან სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება.

თესვა-რგვა

ჩითილის წარმოება. ბროკოლი ძირითადად ჩითილის მეთოდით მოიყვანება. ჩითილების გამოსაყვანად წარმატებით გამოიყენება საჩითილე კასეტები და სპეციალურად მომზადებული საკვები სუბსტრატი.

საჩითილედ თესლი ღია გრუნტში გადარგვამდე 35-50 დღით ადრე ითესება. ჩითილების გამოყვანის ოპტიმალური პირობებია: აღმოცენებისთვის 18-200C, ხოლო ზრდა-განვითარებისთვის – 14-180C.

ჩითილების მორწყვა პერიოდულად წარმოებს, საჭიროების მიხედვით.

კვების არე. ჰექტარზე დასარგავად საჭირო ჩითილის რაოდენობა დამოკიდებულია მოყვანის ვადებზე, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობაზე, საკვებ არესა და ჰიბრიდების ზრდის სიძლიერეზე. გავრცელებულია ზოლებრივი დარგვა 70+50X22-35 სმ. ანუ ზოლებს შორის 70 სმ, ზოლში მწკრივებს შორის 50 სმ. და მწკრივში მცენარეებს შორის 22-35 სმ. დარგვის ეს წესი ზრდის მოსავლიანობას და წარმოების ეფექტიანობას.

მცენარეთა რაოდენობა ჯიშების მიხედვით შეადგენს 50-90 ათასს, 1 ჰა-ზე.

გამორგვა. გადარგვის შემდეგ ხშირია ჩითილების დანაკარგები – ზოგიერთი გადარგული ჩითილი ხმება და იღუპება. შესაბამისად, აუცილებელია გაცდენილი ადგილების შევსება ახალი ჩითილებით, დარგვიდან 5-10 დღის შემდეგ. ამ მიზნით, აუცილებელია მაგრად გვქონდეს შენახული ჩითილები.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება

ბროკოლის ნაკვეთში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით.

საორიენტაციოდ, 1 ჰა-ზე 20 ტონა მოსავლის მისაღებად საჭიროა ნაკვეთში შეტანილი იქნას:

• აზოტი N – 396 კგ. (სუფთა ნივთიერება);

• ფოსფორი P – 160 კგ.(სუფთა ნივთიერება);

• კალიუმი K – 480 კგ. (სუფთა ნივთიერება);

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:

• აზოტი N — ვეგეტაციის პერიოდში რამდენიმეჯერ შეტანა, გამოკვების სახით;

• ფოსფორი P — 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას;

• კალიუმი K — 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.

თუ მზრალად მოხვნის წინ, 1 ჰა-ზე 40 ტონა გადამწვარ ნაკელს შევიტანთ, მინერალური სასუქების დოზები შემცირდება და საჭირო იქნება: აზოტი 196კგ, ფოსფორი 60კგ, კალიუმი 240 კგ. (სუფთა ნივთიერებები).

ნათესის მოვლა. ვეგეტაციის განმავლობაში აუცილებელია, რომ ბროკოლის ნიადაგი მუდმივად ფხვიერ მდგომარეობაში იმყოფებოდეს და ფართობში არ გაჩნდეს სარეველები. ამისათვის, უშუალოდ ნაკვეთში არსებული საჭიროებების შესაბამისად, საჭიროა ნიადაგის სისტემატური გაფხვიერება და სარეველების მოცილება.

მორწყვა

მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე.

ბროკოლის ტენით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმებია:

• ჯერადობა: 5-10 და მეტი;

• თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე: 350-400 მ3;

• ტენზე მოთხოვნის მაქსიმუმი: გაღივების, აღმოცენების, ყვავილობის, გადარგვის და თავების ზრდა-ფორმირების ფაზები;

• მორწყვის მეთოდი: დაწვიმების, წვეთოვანი ან კვლებში მიშვების მეთოდით.

აღსანიშნავია რომ ცხელ ამინდებში მაღალეფექტურია გამაგრილებელი დაწვიმებით მორწყვა.

მოსავლის აღება-შენახვა

ბროკოლის მოსავლის აღება შერჩევით ხდება, როცა თავები სასურველ სიდიდეს მიაღწევს. ბროკოლი უნდა ინახებოდეს 00C ტემპერატურაზე 98-100% ფარდობითი ტენიანობის პირობებში. ამგვარ პირობებში ბროკოლი 2-3 კვირა შეიძლება იქნას შენახული.

თუ შეუძლებელია შენახვის, ან ტრანსპორტირების დროს რეკომენდირებული ტემპერატურის ან ფარდობითი ტენიანობის უზრუნველყოფა, გამოყენებული უნდა იქნეს ყინული შეფუთვაში. თუ ტემპერატურის უზრუნველყოფა შესაძლებელია, ყინული არ არის აუცილებელი.

კულტურის წარმოების აგროტექნოლოგიური რუკა
ფართობი 1ჰა; დაგეგმილი მოსავალი 25 ტ.

ბროკოლი, მოვლა, მოყვანა

შენიშვნა: *მოცემულია მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა.**ფასები ცვლადია, შესაბამისად ცხრილში ისინი ჩაანაცვლეთ, თქვენთვის მიმდინარე პერიოდის ფასებით.

შემდგენლები

ნინო კელენჯერიძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
ანდრო ხეთერელი – აგროეკოლოგიის მაგისტრი.

წყრო: აგროკავკასია

ჩა­ის მცე­ნა­რის გამ­რავ­ლე­ბის, გა­შე­ნე­ბი­სა და მოვ­ლა-მოყ­ვა­ნის ტექ­ნო­ლო­გია

 

ჩა­ის მცე­ნა­რე მრავლ­დე­ბა თეს­ლით და ვე­გე­ტა­ტი­ურ­ად (კალ­მე­ბის და­ფეს­ვი­ან­ებ­ით და გა­დაწ­ვე­ნით). გამ­რავ­ლე­ბის ამ ორ წესს აქვს თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი.

ჩა­ის მცე­ნა­რის თეს­ლით გამ­რავ­ლე­ბის და­დე­ბი­თი მხა­რე­ებ­ია: თეს­ლნერ­გი გა­რე­მოს არ­ახ­ელ­საყ­რელ პი­რო­ბებს უკ­ეთ ეგ­უ­ე­ბა, ვიდ­რე ვე­გე­ტა­ცი­ურ­ად გამ­რავ­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი მცე­ნა­რე, შრო­მის ნაკ­ლე­ბი ხარ­ჯი და სარ­გა­ვი მა­სა­ლის სი­ია­ფე. დე­და მცე­ნა­რის მავნებელ-დაავადებათა შემ­დგომ თა­ობ­ა­ზე გა­და­ცე­მის სა­შიშ­რო­ე­ბა ნაკ­ლე­ბია.

თეს­ლით გამ­რავ­ლე­ბის უარ­ყო­ფი­თი მხა­რეა თეს­ლნერ­გე­ბის არ­ა­ერ­თგვა­როვ­ნე­ბა და პლან­ტა­ცი­ის სიჭ­რე­ლე. ნერ­გე­ბის ნე­ლი ტემ­პით ზრდა და ყვა­ვი­ლო­ბი­სა­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა.

ვე­გე­ტა­ცი­უ­რი გამ­რავ­ლე­ბის და­დე­ბი­თი მხა­რე­ებ­ია: ერ­თგვა­რო­ვა­ნი შედ­გე­ნი­ლო­ბის პლან­ტა­ცი­ის მი­ღე­ბა, მოვ­ლი­თ სა­მუ­შა­ო­თა მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის სი­ად­ვი­ლე, სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

ვე­გე­ტა­ტი­უ­რი გამ­რავ­ლე­ბის უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ებ­ია: აგ­რო­ტექ­ნი­კის სირ­თუ­ლე, ახ­ა­ლი თა­ობ­ის­ად­მი მავნებელ-დაავადებათა გა­და­ცე­მის სა­შიშ­რო­ე­ბა.

ჩა­ის პლან­ტა­ცი­ის თეს­ლით გა­შე­ნე­ბი­სას მიმართავენ ორ ხერხს:

  1. რო­დე­საც სარ­გა­ვი მა­სა­ლა გა­მო­ყავთ სპე­ცი­ალ­ურ სა­ნერ­გე­ში თეს­ლის თეს­ვი­სა და მიღებული ნა­თე­სა­რე­ბის გაზრ­­­დის გზით;
  2. რო­დე­საც პლან­ტა­ცი­ებს აშ­ენ­ებ­ენ წი­ნას­წარ, სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბულ ნაკ­ვე­თებ­ზე, თეს­ლის უშ­უ­ალ­ოდ მუდ­­­მივ ად­გილ­ზე ჩათეს­ვით.

იმ­ის­ათ­ვის, რომ მი­ვი­ღოთ მა­ღალ­მო­სავ­ლი­ა­ნი, სრულ­ფა­სო­ვა­ნი ჩა­ის ფოთლის საკრეფი პლან­ტა­ცი­ე­ბი, სა­ჭი­როა გვქონ­დეს მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნი ელ­იტ­უ­რი ჩა­ის თეს­ლი (ელ­ი­ტა-ჯი­ში­სათ­ვის სა­უკ­ეთ­ე­სო). ას­ე­თი თეს­ლის მი­ღე­ბა კი შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ამ მიზ­ნით სპე­ცი­ალ­ურ­ად გა­შე­ნე­ბულ სა­თეს­ლე პლან­ტა­ცი­ებ­იდ­ან. თესლს პირ­ველ რიგ­ში, სე­ლექ­ცი­უ­რი ჩა­ის სა­თეს­ლე და სა­ფოთ­ლე პლან­ტა­ცი­ებ­ში ამ­ზა­დე­ბენ.

ჩა­ის სა­თეს­ლე პლან­ტა­ცი­ებ­ის გა­სა­შე­ნებ­ლად უმ­ჯო­ბე­სია ქა­რი­სა­გან და­ცუ­ლი ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი და და­სავ­ლე­თი ექს­პო­ზი­ცი­ის, მცი­რედ და­ქა­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი. და­გეგ­მვის დროს მან­ძი­ლი მწკრი­ვებს შო­რის – 3, ხო­ლო მცე­ნა­რე­თა შო­რის მწკრივ­ში 1 მეტ­რი უნ­და იყ­ოს. თეს­ვა უმ­ჯო­ბე­სია გა­ზაფ­ხულ­ზე, ბუ­დობ­რი­ვი წე­სით. თეს­ლის აღება-დამ­ზა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა ექვ­სი და მე­ტი წლის პლან­ტა­ცი­ებ­იდან. პირ­ველ რიგ­ში, კრე­ფის დაწ­ყე­ბი­სას ყვე­ლა ჩა­მოც­ვე­ნი­ლი, გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი და ცა­რი­ე­ლი თეს­ლი­სა­გან ფარ­თო­ბი უნ­და გან­თა­ვი­სუფლ­დეს და შემ­დგომ შე­იძ­ლე­ბა თეს­ლის დამ­ზა­დე­ბა.

ჩა­ის თეს­ლი მწიფ­დე­ბა გა­ნა­ყო­ფი­ერ­ებ­იდ­ან ერ­თი წლის შემ­დეგ და ეს პე­რი­ო­დი ორ თვეს გრძელ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, თეს­ლის დამ­ზა­დე­ბაც სხვა­დას­ხვა დროს ხდე­ბა. ჩი­ნუ­რი ჩა­ის თეს­ლის და­სამ­ზა­დებ­ლად სა­უკ­ეთ­ე­სო დროა: პირ­ვე­ლი კრე­ფი­სათ­ვის 15 ოქ­ტომ­ბრი­დან 1 ნო­ემ­ბრამ­დე, მე­ო­რე კრე­ფა კი იწ­ყე­ბა 1 ნო­ემ­ბრი­დან 20 ნო­ემ­ბრამ­დე. ჩა­ის თეს­ლის შეგ­რო­ვე­ბის სა­უკ­ეთ­ე­სო ხერ­ხია კრე­ფა ბუჩ­ქე­ბი­დან.

ჩა­ის თეს­ლით გამ­რავ­ლე­ბა გავრ­ცე­ლე­ბუ­ლი მე­თო­დია. იგი იძ­ლე­ვა სა­შუ­ალ­ებ­ას, მოკ­ლე დრო­ში მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნას დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ით ჩა­ის ნა­თე­სა­რე­ბი, არ მო­ით­ხოვს რთულ აგ­რო­ტექ­ნი­კურ ღო­ნის­ძი­ებ­ებს.

თეს­ლით გამ­რავ­ლე­ბას აქვს ნაკ­ლო­ვა­ნი მხა­რე­ებ­იც: თეს­ლი­დან აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ჩაი და­თიშ­ვის გა­მო არ­ა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია, მცე­ნა­რე ნე­ლა იზრ­დე­ბა და მე­ტი მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვს გე­ნე­რა­ცი­უ­ლი განვითარებისაკენ.

თეს­ლით გამ­რავ­ლე­ბუ­ლი პლან­ტა­ცია არაერთგვა­რო­ვა­ნია და დუ­ყე­ბით თა­ნაბ­რად შე­მოს­ვლა არ ხდე­ბა, არც მი­ღე­ბული პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხია ერთნაირი. შე­და­რე­ბით გა­თა­­ნაბ­რე­ბუ­ლი მა­სა­ლა შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ მცე­ნა­რე­თა გა­მოზრ­დით სა­ნერ­გე­ში, სა­დაც მორ­ფო­ლო­გი­უ­რი და სხვა ნი­შან-თვი­სე­ბე­ბის მი­ხედ­ვით არ­ჩე­ვენ თეს­ლნერ­გებს, თუმ­ცა ამ დრო­საც ძნე­ლია, წი­ნას­წარ გან­ვსაზ­ღვროთ მა­თი გვალ­ვა და ყინ­ვა­გამ­ძლე­ო­ბა, პრო­დუქ­ტი­ულ­ო­ბა და სხვა.

ჩა­ის თეს­ლის დამზადება და შე­ნახ­ვა. ჩა­ის სა­თეს­ლე პლან­ტა­ცი­იდ­ან თეს­ლის კრე­ფა იწ­ყე­ბა გაშენებიდან მე­ხუ­თე-მე­ექვ­სე წელს. პირ­ველ რიგ­ში თეს­ლი მწიფ­დე­ბა სამ­ხრეთ და აღ­მო­სავ­ლეთის ექსპოზიციის ფერ­დო­ბებ­ზე. კრე­ფა იწ­ყე­ბა 15 ოქ­ტომ­ბრი­დან და გრძელდება დე­კემ­ბრის შუა რიც­ხვებ­ამდე. მცენარის თეს­ლი საკ­რე­ფად მზად არ­ის მა­შინ, რო­დე­საც ბუჩ­ქზე ნა­ყო­ფის კო­ლო­ფე­ბის 2-3% დამ­სკ­და­რია. შეგ­რო­ვილ თესლს ყრი­ან ტომ­რებ­ში ან ყუ­თებ­ში, უკ­ე­თ­ებ­ენ სა­თა­ნა­დო ეტ­იკ­ეტ­ებს, კრე­ფის ად­გი­ლის, დრო­ი­სა და ჯი­შის აღ­ნიშ­ვნით და გა­და­აქვთ ფარ­დუ­ლებ­ში გა­საშ­რო­ბათ. გაწ­მენ­დილ­სა და ჩრდილ­ში გამ­შრალ თესლს, რომ­ლის ტე­ნი­ან­ო­ბა 25-35% ფარ­გლებ­ში უნ­და იყ­ოს, ატა­რებენ დამხარისხებელ ბარაბანში და 12 მმ-იან საცრებში. თეს­­ლი, რომ­ლის დი­ამ­ეტ­რი 12 მმ-ზე ნაკ­ლე­ბია, და­სა­თე­სად არ იყენებენ.

ჩა­ის თეს­ლი სა­ჭი­რო­ებს აღ­ებ­ის შემ­დგომ სტრატიფი­კა­ციის ანუ დამ­წი­ფე­ბის პე­რი­ოდს. ეს დრო მან უნ­და გა­ი­არ­ოს ან შე­მოდ­გო­მა­ზე მუდ­მივ ად­გილ­ზე თეს­ვი­სას, ან სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში შე­ნახ­ვი­სას.

ჩა­ის თეს­ლი აღ­მო­ცე­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ხან­მოკ­ლე (7-8 თვე) უნ­არ­ით ხა­სი­ათ­დე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თეს­ვა გათ­ვა­­ლის­წი­ნე­ბუ­ლია შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, თე­ს­ლს ტომ­რე­ბით ან ყუ­თე­ბით დრო­ებ­ით ინ­ახ­ავ­ენ და­ხუ­რულ შე­ნო­ბა­ში, სა­დაც ტერ­მპე­რა­ტუ­რა უნ­და იყ­ოს 2-10 გრა­­დუ­სის ფარ­გლებ­ში. თუ პლან­ტა­ცი­ის გა­შე­ნე­ბა თეს­ლის თეს­ვით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია გა­ზაფ­ხულ­ზე, მა­შინ თეს­ლი სა­ჭი­რო­ებს ხან­გრძლივ შე­ნახ­ვას სპე­ცი­ალ­ურ ტრან­შე­ებ­ში.

ვე­გე­ტა­­­რი გამ­რავ­ლე­ბის ხერ­ხე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ის მცე­ნა­რის ვე­გე­ტა­ტი­უ­რი გამ­რავ­ლე­ბის ხერ­ხე­ბის გა­მოც­და ჩა­ის კულ­ტუ­რის და­ნერ­გვას­თან ერ­თად და­იწ­ყო. ჩა­ის ამ­რავ­ლე­ბენ გე­ნე­რა­ცი­ულ­ად (თეს­ლით) და ვე­გე­ტა­ტი­ურ­ად (კალ­მე­ბით, გა­დაწ­ვე­ნით და სხვა). გამ­რავ­ლე­ბის ყო­ველ ხერხს აქვს როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხა­რე.

პირ­ვე­ლი მეც­ნი­ერ­ულ­ად გა­მარ­თუ­ლი ცდე­ბი ჩა­ის მცე­ნა­რის ვე­გე­ტა­ტი­უ­რი გამ­რავ­ლე­ბის სა­კით­ხებ­ზე, ჩა­ატ­ა­რა აკ­ად. ტ. კვა­რაც­ხე­ლი­ამ. ჩა­ის მცე­ნა­რის ვე­გე­ტა­ტი­უ­რი გამ­რავ­­ლე­ბის, კერ­ძოდ და­კალ­მე­ბის სა­კით­ხებს სხვა­დას­ხვა დროს სწავ­ლობ­დნენ ქ. ბახ­ტა­ძე, შ. ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი, მ. კო­­­ლე­­ლიშ­ვი­ლი, ს. ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი, ვ. კუ­ტუ­ბი­ძე და სხ­ვები.

:ჩა­ის მცე­ნა­რის ვე­გე­ტა­ტი­უ­რი გამ­რავ­ლე­ბის ხერ­ხე­ბი­დან ყვე­ლა­ზე სრუ­ლ­­­ყო­ფი­ლად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს კალ­მით გამ­რავ­ლე­ბას. კა­ლა­მი ჩა­ის ბუჩ­ქის ტო­ტის, ყლორ­ტისა და ფეს­ვის ამ­ონ­აყ­რისგან მოჭ­რი­ლი ნა­წი­ლია, რო­მელ­საც რგა­ვენ გრუნ­ტში და­სა­ფეს­ვი­ან­ებ­ლად და და­მო­უკ­იდ­ებ­ელი მცე­ნა­რის მი­სა­ღე­ბად.

კალ­მის და­ფეს­ვი­ან­ებ­ის ხა­რის­ხი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს სხვა­დას­­ხვა, რაც და­მო­კი­დე­ბუ­ლია კალ­მე­ბის დიამეტრზე, სიგრ­­­­ძე­ზე და იმ ტო­ტე­ბის ხნო­ვა­ნე­ბა­ზე, სა­იდ­ან­აც აღ­ებ­ულ­ია ის­ი­­ნი.

სა­უკ­ეთ­ე­სო კალ­მებს ვღე­ბუ­ლობთ ახ­ალ­გაზრ­და ყლორ­ტე­ბი­დან, რომ­ლებ­საც 2-3 ფო­თო­ლი და კვირ­ტი აქვს. გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი­დან კალ­მე­ბის და­ფეს­ვი­ან­ებ­ა­ზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ნი­ად­აგ­ობ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი. სა­უკ­ეთ­ე­სო ხა­რის­ხის კალ­მე­ბიც კი, თუ ის­ი­ნი შეუფერებელ ნი­ად­აგ­ში და­ირ­­­გვე­ბა, სასურველ შე­დეგს ვერ მოგვ­ცემს.

მცე­ნა­რის მემ­კვიდ­რუ­ლი ნიშ­ან-თვისებების შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და სარ­გა­ვი მა­სა­ლის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წესით მი­ღე­ბი­სათ­ვის დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ან­იჭ­ებ­ენ ვე­გე­ტა­ტი­ურ გამ­რავ­ლე­ბას მწვა­ნე კალ­მე­ბის და­ფეს­ვი­ან­ებ­ით. სა­ამ­ის­ოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლია სპე­ცი­ალ­უ­რი სა­ნერ­გე­ე­ბი. ნისლ­წარ­მომ­ქმნელ და­ნად­გა­რებ­ში ჩა­ის მწვა­ნე კალ­მე­ბის და­ფეს­ვი­ან­ებ­ამ 96-100 პრო­ცენტს მი­აღ­წია. სტან­დარ­ტუ­ლი ნერ­გე­ბის გა­მო­სავ­ლი­ან­ო­ბამ 80-85 პრო­ცენტს. 1-1,5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და პო­ლი­ეთ­ილ­ენ­ის პარკებში სტან­­­დარ­ტუ­ლი ნერ­გე­ბის მი­წის კო­მით გა­მოყ­ვა­ნა, რო­მელ­თა მუდ­მივ ად­გილ­ზე გა­დარ­გვის შემ­თხვე­ვა­ში გა­ხა­რე­ბა 100% უახ­ლოვ­დე­ბა,  რაც გა­მო­რიც­ხავს ას­ე­თი პლან­ტა­ცი­ებ­ის მეჩ­ხე­რი­ან­ო­ბას.

:  ვე­გე­ტა­ტი­უ­რი გამ­რავ­ლე­ბის ხერ­ხე­ბი­დან ყვე­ლა­ზე იო­ლი და მი­საწვ­დო­მია გა­დაწ­ვე­ნით გამ­რავ­ლე­ბა. ეს მე­თო­დე­ბია: მი­წის უბ­რა­ლო შე­მოყ­რა, უბ­რა­ლო გა­დაწ­ვე­ნა, ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი ან რა­დი­ალ­უ­რი გა­დაწ­ვე­ნა და სხვა

:  ვე­გე­ტა­ცი­ის დაწ­ყე­ბი­სას ჩა­ის ბუჩქს გა­დაჭ­რი­ან 3-4 სმ-ის სი­მაღ­ლე­ზე ნი­ად­აგ­ის ზე­და­პი­რი­დან. რო­დე­საც ამ­ონ­აყ­ა­რი ყლორ­­ტე­ბი მი­აღ­წევს 15-20 სმ სი­მაღ­ლეს, მათ შე­მო­აყ­რი­ან სტ­რუქ­­­­ტუ­რულ, ნა­ყო­ფი­ერ, ფხვი­ერ, ტე­ნი­ან მი­წას.

ყლორ­ტებს ზრდას­თან ერ­თად შემოაყ­რი­ან ნი­ად­აგს. ასე იმ­ე­ორ­ებ­ენ 2-3-ჯერ, ვიდ­რე შე­მოყ­რი­ლი კო­ნუ­სის სი­მაღ­ლე 30-40, ფუ­ძის დი­ამ­ეტ­რი კი 50-60 სმ-ს არ მი­აღ­წევს. სა­მი თვის შემ­დეგ მი­წა­შე­მოყ­რილ ყლორ­ტებს უღ­ვივ­დე­ბათ ფე­ს­ვ­­თა სის­ტე­მა.

შე­მოდ­გო­მა­ზე და­ფეს­ვი­ან­ებ­ულ ყლორ­ტებს ირ­გვლივ მი­წას აც­ლი­ან, ყლორ­ტებს დე­და­ბუჩქს აც­ილ­ებ­ენ, მი­ღე­ბულ მცე­­ნა­რე­ები უკ­ეთ­ე­სი და­ფეს­ვი­ან­ებ­ის მიზ­ნით გადააქვთ და რგა­ვენ სა­ნერ­გე­ებ­ში.

  :  ყლორ­ტე­ბი უკ­ეთ­ეს­ად ფეს­ვი­ან­დე­ბა, რო­დე­საც ბუჩ­ქი­დან რკა­ლი­სე­ბუ­რად გა­და­ღუ­ნა­ვენ და ნი­ად­აგ­ში ამ­აგ­რე­ბენ. სა­ამ­ის­ოდ ყლორ­ტი უნ­და იყ­ოს 50-60 სმ-ის სიგრ­ძი­ს, რა­საც იგი ერთ სა­ვე­გე­ტა­ციო პე­რი­ოდში აღ­წევს.

შე­მოდ­გო­მა­ზე ყო­ვე­ლი გა­დაწ­ვე­ნი­ლი ტო­ტი მრა­ვალ და­ფეს­ვი­ან­ებ­ულ ახ­ალ ყლორტს გვაძ­ლევს, მათ აშ­ორ­ებ­ენ დე­­­­და ტო­ტის ფუ­ძეს­თან და რგა­ვენ მუდ­მივ ად­გი­ლას.

გამ­რავ­ლე­ბის ეს ხერ­ხი მე­ტად ხელ­საყ­რე­ლია ჩა­ის პლან­­­­­ტაციებში მეჩხერიანობის აღმოფხვრის მიზნით, შპა­ლერების შესავსებად.

რეზო ჯაბნიძე,

სსმმ აკადემიის აკადემიკოსი

წყარო: ჟურნალი აგრარული საქართველო

მეტეოროლოგიური ელემენტები და მათი გავლენა მცენარეთა ზრდა-განვითარებაზე

 

ატმოსფეროს მდგომარეობას განსაზღვრავს ტემპერატურა, ჰაერის ტენიანობა და წნევა, ქარის მიმართულება და სიჩქარე, ღრუბლიანობა, ნალექები, მზის რადიაციის ინტენსივობა, ნიადაგის ტემპერატურა და ტენი, ატმოსფეროს გამჭვირვალობა და სხვ.

ჰაერის წნევა – ატმოსფეროს ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია. ეს არის ძალა, რომელიც აწვება ჰაერის სვეტს მიწის ზედაპირიდან_ატმოსფეროს ზედა საზღვრამდე, გამოისახება მილიმეტრებში ან პასკალებში. ჰაერის წნევის გასაზომად იყენებენ ბარომეტრ ანეროიდს.

მზის რადიაცია ენერგიის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. იგი შედგება 0,2-24 მკმ სიგრძის ელექტრომაგნიტური ტალღებისაგან.

მცენარისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფოტოსინთეზური აქტივობის ენერგიას, ანუ მზის რადიაციის იმ სპექტრს, რომელიც  ფოტოსინთეზის პროცესში იხარჯება. მისი ინტენსივობა მოქმედებს მცენარის ქიმიურ შედგენილობასა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ხარისხზე. მაგ, შაქრის ჭარხლის და ყურძნის შაქრიანობა დამოკიდებულია მზიანი დღეების რაოდენობაზე. მზის რადიაციის გასაზომად იყენებენ აქტინომეტრულ ხელსაწყოებს (აქტინომეტრი, პრანომეტრი, ალბედომეტრი და სხვ.).

ჰაერის ტემპერატურა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეტეოროლოგიური ელემენტია, რომელიც მცენარის ზრდა-განვითარებას განსაზღვრავს. მზის სხივური ენერგიის ნაწილი ხმარდება ჰაერის გათბობას, მცენარის მიერ წყლის აორთქლებას, ნაწილი კი გადაეცემა ნიადაგის ღრმა ფენებს.

მცენარეებში ყველა ფიზიოლოგიური პროცესი გარკვეულ ტემპერატურაზე მიმდინარეობს. აღინიშნება მცენარის სუნთქვის ქვედა ზღვარი (0°C), ინტენსიური სუნთქვა (36-40C°) და სუნთქვის ტემპერატურის მაქსიმუმი (50C°), რომლის ზევით მცენარე წყვეტს სასიცოცხლო პროცესს. ნიადაგის ტემპერატურა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც მოქმედებს მცენარის ზრდა-განვითარებაზე. ნიადაგის ტემპერატურის გასაზომად გამოიყენებენ ვერცხლისწყლიან თერმომეტრებს.

სოფლის მეურნეობაში მომუშავე სპეციალისტებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ნიადაგის ტემპერატურის რეგულირების საკითხი, რათა შეძლონ მცენარის განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნა. მაგალითად, ნიადაგის გაფხვიერება ამცირებს ნიადაგის ტემპერატურას, ნათესების მოსწორება, პირიქით_ადიდებს ტემპერატურას 1-2%-ით.

ნიადაგის ტემპერატურის დარეგულირება შეიძლება აგრეთვე მულჩირებით (ნიადაგის ზედაპრის დაფარვა ტორფით, მოჭრილი ჩალით და სხვ.).

ჰაერის ტენიანობა დიდ გავლენას ახდენს მცენარის ზრდა-განვითარებაზე. ჰაერის ტენიანობის შემცირებისას და ტემპერატურის მომატებისას იზრდება შაქრიანობა, ხორბლოვნებში ცილების შემცველობა და სხვ. მაგრამ ამ დროს იზრდება წყლის აორთქლების პროცესიც, ნიადაგი სწრაფად გამოშრება, რასაც მივყავართ მოსავლიანობის შემცირებამდე.

ჰაერის ტენიანობა მოქმედებს აგრეთვე მრავალი მავნებელ-დაავადების გავრცელებაზე.

ნიადაგის ტენიანობის ძირითად წყაროს ატმოსფერული ნალექები წარმოადგენენ. ამიტომ, მათი განაწილება რეგიონების მიხედვით განაპირობებს მცენარის ტენით უზრუნველყოფის ხარისხს.

მცენარის ტენით უზრუნველყოფა დამოკიდებულია არამარტო ნალექების რაოდენობაზე, არამედ ზედაპირის საფარზე და თვისებებზე, რომელზეც იგი მოდის. მცენარეული საფარი საკმაო რაოდენობით აკავებს მოსული წვიმის სახით ატმოსფერულ ნალექებს, რომელიც იცვლება მისი სიხშირის მიხედვით. ძალიან ხშირი ნარგავები აკავებენ მეტი რაოდენობით ნალექებს.

თოვლის საბურველი წარმოადგენს ნიადაგში ტენის მარაგს და იქცევა მცენარეების წყლით მომარაგების წყაროდ. ნიადაგში ტენის მარაგი დამოკიდებულია ნიადაგის სტრუქტურაზე, ტენის შეთვისება_გამტარიანობაზე, აერაციაზე, ტენტევადობაზე.

სოფლის მეურნეობის წარმოებისათვის ძირითადი მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ ნიადაგის ტენის იმ ნაწილს, რომელიც მისაწვდომია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის და უზრუნველყოფს მოსავლის ფორმირებას, რომელსაც პროდუქტიულ ტენს უწოდებენ.

მცენარეებისათვის ნიადაგში არსებული ტენის მარაგი ზოგჯერ არ არის მისაწვდომი. ამ დროს გარკვეული ნაწილი შეკავებულია ნიადაგის ნაწილაკების მიერ ისე, რომ იგი აღემატება მცენარის მიერ ფესვთა შეწოვის ძალას და ამიტომ მცენარისათვის შეუთვისებელია.

ნიადაგის იმ ტენიანობას, რომლის დროსაც ტენიანობის დეფიციტი მცენარეთა უჯრედებში ვერ აღსდგება მინიმალური ტრანსპირაციის პირობებში, ჭკნობის ტენიანობა – ,,ჭკნობის კოეფიციენტი” ეწოდება. თუ ნიადაგის ტენის მარაგი ტოლია ჭკნობის კოეფიციენტისა, მაშინ მცენარეს არ შეუძლია ნორმალურად აწარმოოს ზრდა-განვითარება და მოსავლის ფორმირება.

სოფლის მეურნეობისათვის სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენები

– წაყინვებს უწოდებენ ჰაერის მინიმალური ტემპერატურის ან ნიადაგის მოქმედ ზედაპირზე 0°-მდე და დაბლა დაწევას წლის შედარებით თბილ პერიოდში (გაზაფხული, შემოდგომა).

ტემპერატურას, რომლის ქვემოთ ვეგეტაციაში მყოფი მცენარეები ზიანდებიან ან იღუპებიან, კრიტიკულს უწოდებენ. კრიტიკული ტემპერატურები სხვადასხვაა. მცენარეთა დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია წაყინვების ინტენსიურობასა და მისი მოქმედების ხანგრძლივობაზე. არსებობს წაყინვების და ზამთრის ყინვების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც პირობითად იყოფა ორ ჯგუფად:

I – ფიზიკური;

II – ბიოლოგიური.

გამოსხივების შემცირება – ნიადაგიდან და მცენარეებიდან გამოსხივება შეიძლება შემცირდეს კვამლის გამოყენებით, რაც რამდენადმე ამცირებს წაყინვების მოქმედებას.

ნამის წერტილის აწევა – იგი შესაძლებელია ჰაერის ტენიანობის გაზრდით, რასაც აღწევენ ნიადაგის უხვად მორწყვით, რომლის დროს წყლის ორთქლი კონდენსირდება და გამოიყოფა ფარული სითბო. ამ შემთხვევაში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 1-2°C-ით.

ჰაერის გათბობა – ჰაერის გასათბობად გამოიყენება თხევადი საწვავები. მისი ეფექტიანობა დამოკიდებულია მათბურების რაოდენობაზე. 1 ცალი მათბური 1 ჰა_ზე იძლევა 1°C-მდე ტემპერატურის ეფექტს (1-1.5 მ სიმაღლეზე), ხოლო 500 ცალი_3-4°C-მდე.

ჰაერის ფენების ერთმანეთში შერევა _ ეფექტურია ე.წ. საქარე დანადგარი (,,ვენტილიატორი”), რადიაციული წაყინვების დროს, რომელსაც ჰაერის ცივი და თბილი მასები მოძრაობაში მოჰყავს და ერთმანეთში ურევს. დანადგარმა მცენარეები შეიძლება დაიცვას –4, _6C°-ის დროს. უფრო დაბალი ტემპერატურების დროს მიზანშეწონილია კომპლექსური ღონისძიების განხორციელება – საქარე დანადგარებთან ერთად თხევადი საწვავების მათბურები და სხვ.

ყინვაგამძლე ჯიშების გამოყვანა სელექციური გზით. სელექციონერები მუშაობენ მცენარეების ისეთი ჯიშების გამოყვანაზე, რომლებიც საკმაოდ ყინვაგამძლენი იქნებიან. ისინი გვიან დაიწყებენ ვეგეტაციას წაყინვების შეწყვეტის შემდეგ და ადრე დამწიფდებიან, წაყინვების დაწყებამდე.

მცენარეთა კვების რეჟიმის რეგულირება – ნიადაგში სასუქების შეტანა უნდა ჩატარდეს დადგენილ ვადებში, რადგან დაგვიანების შემთხვევაში მცენარეებმა შეიძლება ვეგეტაცია გააგრძელონ შემოდგომის ბოლომდე და ამ დროს უმნიშვნელო წაყინვებიც დააზიანებს.

ინცირება (წაჩქმეტა) – მას ძირითადად იყენებენ ციტრუსოვანი კულტურებისთვის ადრე შემოდგომაზე.

კულტურას აცლიან დაახლოებით 10-15 სმ სიგრძის წვეროებს, მცენარე იძულებულია შეწყვიტოს ზრდა და გადავიდეს მოსვენებით მდგომარეობაში. ამ დროს ნაზარდები იწრთობიან დაბალ ტემპერატურაზე და ზამთრის ყინვებს შედარებით უკეთ იტანენ.

– ეს მეთოდი ძლიერი ყინვების შემთხვევაში იცავს მცენარის მიწით დაფარულ ნაწილს. გადარჩენილი ნაწილებიდან გაზაფხულზე საკმაოდ ძლიერი ნაზარდები ვითარდება.

შეფუთვა – ციტრუსების დასაცავად ფართოდ იყენებენ სამფენოვანი დოლბანდით შეფუთვას, თუმცა მისი ეფექტი 1.5-2°C არ აღემატება. იყენებენ აგრეთვე, დოლბანდის შემცველ, უქსოვად ქსოვილს–,,ციტრუსს”, რომელიც ყინვების დროს დოლბანდთან შედარებით 2°C-ით უფრო მეტი ეფექტით გამოირჩევა.

გვალვები _  გვალვების წარმოშობის მიზეზს, უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენს ძლიერი ატმოსფერული პროცესები, რომლებსაც განაპირობებს ჩრდილოეთიდან ან ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრა, რომელიც ხორციელდება ანტიციკლონების სახით და საბოლოოდ მოაქვს მშრალი ამინდები.

ასეთ პირობებში დედამიწის ზედაპირს ძლიერად ათბობს მზის რადიაცია, რომლისგანაც თბება მიწისპირა ჰაერის ფენა და მიმდინარეობს ტემპერატურის მატება. ასეთი ჰაერის პირობებში ინტენსიურად მიმდინარეობს ნიადაგის ზედაპირიდან აორთქლება და მცენარეების მაღალი ტრანსპირაცია, რომლის შედეგად მოკლე პერიოდში იხარჯება ნიადაგის ტენი და მისი მარაგი, ატმოსფერული ნალექების უქონლობის გამო იგი არ ივსება. ამ დროს მცენარეები განიცდიან ტენის ნაკლებობას და ადგილი აქვს გვალვას.

ხორშაკი (ატმოსფერული გვალვა) – კომპლექსურ მეტეოროლოგიურ მოვლენას წარმოადგენს, რომელიც ხასიათდება მაღალი ტემპერატურებით, ჰაერის დაბალი ტენიანობითა და ძლიერი ქარით. აღნიშნული ფაქტორები იწვევს მცენარეების ტრანსპირაციის გადიდებას, ნიადაგის ზედაპირიდან ინტენსიურ აორთქლებას, რაც ძალზე უარყოფითად მოქმედებს სასოფლო_სამეურნეო კულტურების ზრდა-განვითარებასა და მოსავლის ფორმირებაზე.

წვიმა _ წვიმას, რომელიც მოკლე დროში იძლევა დიდი რაოდენობით ნალექებს, უწოდებენ თავსხმას. იგი ხასიათდება ხანგრძლივობით და ინტენსიურობით.

უხვი წვიმის წყლის ნაკადი არ ჩაიჟონება ნიადაგში და სწრაფად მიექანება დამრეცი ადგილებისაკენ, რეცხავს ნიადაგის ზედაპირის ნაყოფიერ ფენას, იწვევს ეროზიას, იგი აყოვნებს თესლების აღმოცენებას, იწვევს მოსავლის დანაკარგს, პროდუქციის ხარისხის გაუარესებას და ა.შ. თავსხმა წვიმებით გამოწვეული ეროზიის საწინააღმდეგოდ, საჭიროა ნიადაგის ზედაპირზე მცენარეული საფარის შექმნა, განსაკუთრებით ეროზიასაშიშ ადგილებში, ტერასების მოწყობა და სხვა მელიორაციული ღონისძიებები.

სეტყვა – მისი წარმოშობა დაკავშირებულია ჰაერის ძლიერ აღმავალ დენებთან, რომელიც ფორმირდება და გვევლინება ელჭექის ხასიათის ღრუბლებიდან. ყველაზე მეტი სეტყვიანობა აღინიშნება მაის-ივნისში. იგი განსაკუთრებით საშიშია მცენარეების ყვავილობისა და ნაყოფების მომწიფების პერიოდში, როცა მათ არ შეუძლიათ აღიდგინონ დაზიანებული ორგანოები და მოგვცენ მოსავალი. სეტყვის ღრუბლებზე ხელოვნური ზემოქმედების მეთოდის საფუძველს წარმოადგენს მსხვილი სეტყვის წარმოქმნის პროცესის შეჩერება. ამ მიზნით სეტყვის ღრუბლების განვითარების დაწყებიდან რამდენიმე წუთის (15-20 წთ.) შემდეგ, მათ ესვრიან სპეციალურ რაკეტებს ან ქვემეხის ჭურვებს, რომლებსაც შეაქვთ ღრუბლებში სეტყვის თავიდან აცილების სათანადო რეაგენტები.

ამოხუთვა – ამ მოვლენისაგან შეიძლება დაზიანდეს საშემოდგომო ხორბალი, ჩაის ფოთლები, როცა ისინი ხანგრძლივი დროის მანძილზე იმყოფებიან ღრმა თოვლის საბურველის ქვეშ (30 სმ და მეტი). მოცემულ პირობებში მცენარის სიცოცხლისუნარიანობა მაღალი რჩება და იგი სუნთქვაზე ხარჯავს საკვები ნივთიერებების მნიშვნელოვან მარაგს, რის გამოც მცენარე შეიძლება დაიღუპოს. ამოხუთვას აჩქარებს სოკოვანი დაავადება, რომელიც ამოხუთვის ხშირი თანამგზავრია.

ლპობა _ საშემოდგომო ნათესების ამოლპობა, ნაწილობრივ ან მთლიანად, შესაძლებელია მათი წყლით დაფარვის შემთხვევაში 20 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში. ასეთ პირობებში მცენარეები იღუპებიან ჟანგბადის უქონლობისა და საკვები ნივთიერებების უკმარისობის შედეგად. ამობერვა – ნიადაგის ფორებში, წყლის გაყინვის დროს, წარმოიქმნება ყინულის კრისტალები, რომლებიც ხეთქავენ და ბერავენ ნიადაგს, მასთან ერთად ფესვებიანად ამოიწევა მცენარეებიც. როცა ნიადაგი გალღვება, ის თანდათან ჩაჯდება, ხოლო მცენარეების ნაწილი მაინც ამოწეული დარჩება ნიადაგიდან. ყველაზე ინტენსიურად ეს პროცესი მიმდინარეობს ჭარბტენიან, უსტრუქტურო და გვიან მოხნულ ნიადაგებზე. მასთან ბრძოლის ღონისძიებას წარმოადგენს ნიადაგის დროული დამუშავება, თესვის ჩატარება ოპტიმალურ ვადებში და ა.შ.

ყინულის ქერქი – წარმოიქმნება ზამთარში ჰაერის ტემპერატურის გათბობისას, თოვლის დნობისაგან ან წვიმის შემდეგ ნიადაგის ზედაპირზე აღნიშნული ფაქტორების გაყინვისას. ყინულის ქერქის სისქე მერყეობს 20-50 მმ-მდე, ზოგჯერ 150 მმ-მდეც. იგი მექანიკურად აზიანებს საშემოდგომო ნათეს კულტურებს, ხელს უწყობს ნიადაგის ზედაპირის ამობერვას და გაყინვას. მის წინააღმდეგ ბრძოლის კარგ საშუალებას წარმოადგენს ზედაპირზე თოვლის საფარის შეჩერება.

რუსუდან ძიძიშვილი,

სმმ დოქტორი, პროფესორი

წყარო: ჟურნალი საქართველო