ნიადაგური ფაქტორების გავლენა მოსავლიანობაზე

მცენარესა და ნიადაგს შორის ურთიერთმოქმედება და ურთიერთგავლენა მეტად მრავალმხრივია.

უპირველეს ყოვლისა მცენარის ზრდა-განვითარების მსვლელობასა და ინტენსივობაზე მოქმედებენ ნიადაგის ფიზიკური (სტრუქტურა, მექანიკური შედგენილობა, ტენტევადობა, ბმულობა, სიმკვრივე და ა.შ.) და ქიმიური თვისებები (ნიადაგის რეაქცია, ჰუმუსი, მარილიანობის რეჟიმი, ძირითადი საკვები ნივთიერებები და ა.შ.), აგრეთვე ნიადაგში მობინადრე მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, სოკოები და ა.შ) შედგენილობა და რაოდენობა.

აღსანიშნავია დედაქანის მოქმედება ნიადაგზე, რაც როგორც შედეგი გავლენას ახდენს მცენარეზეც. თავის მხრივ მცენარე აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, ამდიდრებს მას ორგანული ნარჩენებით, არეგულირებს აერობული და ანაერობული მიკრორგანიზმების მოქმედებას, ხელს უწყობს აზოტის დაგროვებას და სხვ.

მცენარის ორგანიზმი 75-ზე მეტ ქიმიურ ელემენტს შეიცავს, რომელთაგან 16 აბსოლუტურად აუცილებელია მცენარის ზრდა-განვითარებისა და სიცოცხლისუნარიანობისათვის. ესენია: ორგანოგენული ელემენტები – ნახშირბადი, ჟანგბადი, წყალბადი და აზოტი; ნაცრის ელემენტები –ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და გოგირდი; მიკროელემენტები – ბორი, მანგანუმი, სპილენძი, თუთია, მოლიბდენი და კობალტი.

ამ ელემენტებიდან სამს – ნახშირბადს, ჟანგბადსა და წყალბადს, რომელთა წილად მოდის მცენარის მშრალი მასის 93,5%, მცენარე ღებულობს ჰაერიდან და ნიადაგიდან წყალთან ერთად.

აზოტის – მცენარის  კვებისათვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტის _ ძირითად წყაროს წარმოადგენს ნიადაგის ორგანული ნივთიერებები, აგრეთვე შესაბამისი ბაქტერიების მიერ ფიქსირებული ჰაერის აზოტი.

წლის განმავლობაში ბალახოვანი მცენარეების და ნიადაგში მობინადრე ცოცხალი ორგანიზმების კვდომის განუწყვეტელ პროცესთან და ორგანული შენაერთების დაგროვებასთან ერთად მიმდინარეობს მათი მინერალიზაცია მცენარისათვის შესათვისებელი აზოტის ფორმების –  ამონიუმის და ნიტრატების – წარმოქმნით.

ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებებს მცენარე შთანთქავს ნიადაგის ხსნარიდან ადვილად ხსნადი მარილების სახით. მცენარისათვის საჭირო ამ ელემენტების ძირითადი ნაწილი ნიადაგში უხსნად, მცენარისათვის ძნელად შესათვისებელი ან შეუთვისებელი შენაერთებით და ნივთიერებებითაა წარმოდგენილი.

ეს უხსნადი ორგანული და მინერალური შენაერთები საკვები ნივთიერებების სამარაგო ფონდს წარმოადგენენ, რომლებიც ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების ზეგავლენით თანდათანობით გადადიან ხსნად, მცენარისათვის ადვილად შესათვისებელ ფორმაში. ნაცრის ელემენტების დაგროვება სწარმოებს ნიადაგის მინერალური ნაწილის გამოფიტვის, ან ორგანული ნივთიერებების მინერალიზაციის შედეგად.

სხვადასხვა ბოტანიკურ-სამეურნეო ჯგუფის მცენარეები ოპტიმალური ზრდა-განვითარებისათვის საკვები ელემენტების მიმართ განსხვავებულ მოთხოვნილებას ამჟღავნებენ.

ასე, მაგალითად, მარცვლოვანი ბალახები მაღალი მოსავლის მისაღებად დიდი რაოდენობით აზოტს საჭიროებენ, რომელიც ნიადაგში ამონიუმის მარილების ან ნიტრატების ფორმით უნდა იყოს. პარკოსანი ბალახები კი, რომლებიც თვითონ ითვისებენ ატმოსფერულ აზოტს აზოტმაფიქსირებელი ბაქტერიების საშუალებით, პირველ რიგში ფოსფორსა და კალიუმს მოითხოვენ.

განსხვავებულია ერთი და იგივე მცენარის მოთხოვნილება საკვებ ელემენტებზე ვეგეტაციის სხვადასხვა ფაზაში. ასე, მაგალითად, მარცვლოვანი ბალახები დათესვიდან ბარტყობამდე უფრო მეტად ფოსფორს საჭიროებენ, ბარტყობის ფაზაში – აზოტს, აღებისას-უპირატესად კალიუმს.

საკვები ნივთიერებების მიმართ მოთხოვნილების მიხედვით მცენარეები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა: ა) მცენარეები, რომლებიც ეგუებიან მწირე ნიადაგებს, ე.წ. ოლიგოტროფები; ბ) მცენარეები, რომლებიც მხოლოდ ნოყიერ, მდიდარ ნიადაგებზე ხარობენ, ე.წ. ეუტროფები; გ) მათ შორის გარდამავალი, საშუალო ნოყიერების ნიადაგზე მოზარდი მცენარეები, ე.წ. მეზოტროფები.

მწირი ნიადაგებისათვის დამახასიათებელია ისეთი ბალახები, როგორიცაა ჩვეულებრივი ნამიკრეფია, ძიგვა, ორსახლა ბუსუსტანა, კურდღლის ბალახი, ჩვეულებრივი მანანა და სხვ.

საშუალო ნაყოფიერების ნიადაგებზე გვხვდება ბუნებრივ საკვებ სავარგულებზე გავრცელებული მარცვლოვანი და პარკოსანი მცენარეების უმრავლესობა – მდელოს ტიმოთელა, სათითურა, მდელოს წივანა, უფხო შვრიელა, ლურჯი იონჯა, მდელოს (წითელი) სამყურა, მხოხავი (თეთრი) სამყურა და მრავალი სხვა.

საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებს მოითხოვენ სოსნოვსკის დიყი, ორსახლა ჭინჭარი, ველური კანაფი, თესლფოთოლა ქაფურა, მამულა, მარიამსხალა და სხვ.

მცენარის უნარი გამოიყენოს ნიადაგში არსებული აზოტი, ნაცრის ელემენტები და სხვა საკვები ნივთიერებები დამოკიდებულია უპირველეს ყოვლისა მისი ფესვთა სისტემის განვითარების ხარისხზე: რაც უფრო მძლავრი და განშტოებულია ფესვთა სისტემა, რაც უფრო დიდია ფესვების შემწოვი ზედაპირი, მით უფრო სრულად შეუძლია მცენარეს გამოიყენოს ნიადაგში არსებული მისთვის აუცილებელი მაკრო და მიკროელემენტები.

ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფესვების როლი, რომლებიც განლაგებულია ნიადაგის ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ზედა ფენაში, სადაც ამ ნივთიერებების მინერალიზაციის შედეგად წარმოიქმნება აზოტის, ფოსფორის და სხვა ელემენტების მცენარისათვის შესათვისებელი ფორმები.

ყურადსაღებია აგრეთვე საკვები ბალახების ცალკეული სახეობების ფესვთა სისტემათა განსხვავებული უნარი გამოიყენონ მინერალური აზოტის, ფოსფორის, კალიუმის და სხვა ელემენტების ნაერთების ერთი და იგივე და სხვადასხვა ფორმები, ასევე ნიადაგის ორგანულ ნივთიერებებში არსებული აზოტი და ნაცრის ელემენტები.

ასე, მაგალითად, მარცვლოვანები უკეთ იყენებენ კალიუმის ნიადაგში არსებულ შესათვისებელშენაერთებს, ვიდრე პარკოსნები; ზოგიერთი პარკოსანი (ხანჭკოლა) კარგად იყენებს ძნელად შესათვისებელ ფოსფატებს, რის უნარსაც მარცვლოვანები მოკლებულია.

განსაკუთრებული ეკოლოგიური მნიშვნელობა აქვს მდელოს მცენარეების აზოტით უზრუნველყოფას. მდელოს ბალახებისათვის აზოტის წყაროს წარმოადგენს ატმოსფერული და სხვა წყალი, ნიადაგში არსებული აზოტი, მიკროორგანიზმების მიერ ფიქსირებული ატმოსფერული აზოტი, პირუტყვის მიერ გამოყოფილი ექსკრემენტები და სასუქები.

აზოტის ჩამოთვლილ წყაროებს შორის მეტად უმნიშვნელოა ატმოსფერული წყლები და განსაკუთრებით მცირე კი ნიადაგის ტენი და გრუნტის წყლები. რამდენამდე მეტი აზოტი შემოაქვს მდელოებზე ნაღვარევ წყლებს, მითუმეტეს წვრილმიწა, ორგანული ნივთიერებებით მდიდარი ლამის დალექვისას, აგრეთვე სავარგულის მორწყვისას ჩამდინარე წყლებით.

აზოტის დიდ რაოდენობას აგროვებენ ნიადაგში მიკროორგანიზმები აზოტის ფიქსაციის შედეგად (პარკოსნების კოჟრის ბაქტერიები, ნიადაგში ბინადარი აზოტისფიქსატორები).

ცნობილია, რომ მდელოს მცენარეებისათვის მისაწვდომი აზოტი ნიადაგში წარმოდგენილია ამონიური და ნიტრატული ფორმით, ამიტომ მცენარეთა იმ სახეობებს, რომლებსაც უნარი აქვთ უფრო სრულად გამოიყენონ ამონიური აზოტი, გარკვეული უპირატესობა აქვთ იმავე მცენარეულ თანასაზოგადოებაში წარმოდგენილ  და ნიტრატულ კვებას შეხამებულ სახეობებთან შედარებით.

მცენარისათვის მისაწვდომი მინერალური აზოტის შემცველობა ნიადაგში საკმაოდ მცირეა და 100 გ მშრალ ნიადაგში 5-20 მგ ფარგლებში მერყეობს, მ.შ. ნიტრატების რაოდენობა 100 გ მშრალ ნიადაგში 1 მგ არ აღემატება. ამასთან საძოვრის ნიადაგში ზოგჯერ 3-4 ჯერ მეტი მინერალური აზოტია, ვიდრე სათიბებზე, იგი მეტად არათანაბრადაა განაწილებული და ექსკრემენტების გამოყოფის ადგილებზე 600-700 მგ-მდე დიდდება (100 გ მშრალ ნიადაგში).

ამით არის განპირობებული ასეთ ლოკალურ ადგილებზე ბალახის გადახრუკვა და ამიაკის აქროლება. ამონიუმის და ნიტრატების მცენარის მიერ შეთვისებული რაოდენობის აღდგენა ნიადაგში წარმოებს ამონიფიკაციის და ნიტრიფიკაციის პროცესების ხარჯზე, რომლებიც სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობენ, ხოლო წარმოქმნილი ამონიუმი და ნიტრატები სწრაფად შთაინთქმება ხოლმე მცენარეების მიერ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ნიტრატების მცირე რაოდენობა ნიადაგში ამონიუმთან შედარებით განპირობებულია არა მარტო მცენარეების მიერ მათი უფრო სწრაფი შთანთქმით, არამედ იმითაც, რომ ამონიფიკაცია მიმდინარეობს ეკოლოგიური თვისებებით საკმაოდ განსხვავებული მრავალი სახეობის მიკროორგანიზმების ცხოველმოქმედების შედეგად და ხორციელდება ეკოლოგიური პირობების უფრო ფართო ფარგლებში, ვიდრე ნიტრიფიკაცია.

ამონიფიკაცია წარმოებს როგორც აერობულ, ასევე ანაერობულ პირობებში ლპობის ბაქტერიების, აქტინომიცეტების და ობის სოკოების მიერ. მათი ცხოველმოქმედების შედეგად გამოიყოფა ამიაკი, რომლის მცირე ნაწილი ნეიტრალდება ნიადაგში ორგანული და არაორგანული მჟავებით; ამ პროცესების შედეგად წარმოქმნილ ამონიუმის მარილებს ითვისებენ უშუალოდ მცენარეები (ან მიკროორგანიზმები), ხოლო ნაწილის დაჟანგვით მიიღება  ნიტრატები.

ნიტრიფიკაციაში, რომელიც მხოლოდ აერობულ პირობებში მიმდინარეობს, მონაწილეობენ ბაქტერიების სახეობათა შეზღუდული რიცხვი-უმეტესად Nitrosomonas, რომლებიც განაპირობებენ ამონიუმის დაჟანგვას ნიტრიტებად და Nitrobacter, რომელთა მეშვეობითაც წარმოებს ნიტრიტების დაჟანგვა ნიტრატებად.

ნიადაგში წარმოქმნილი ნიტრატები შთაინთქმება მცენარეთა მიერ, ამასთან მათი ნაწილი შესაძლებელია გამოირეცხოს ნიადაგ-გრუნტის წყლის ზედაპირთან ახლო განლაგებულ ტენიან ნიადაგებზე, ან ხანგრძლივი წვიმიანი პერიოდის დროს. გასათვალისწინებელია, რომ ნიტრატების ნაწილი დენიტრიფიკაციის შედეგად გარდაიქმნება მოლეკულურ აზოტად.

აზოტის მიმართ მეტი მოთხოვნილებით ხასიათდებიან მაღალი კოინდარი, სათითურა, მდელოს მელაკუდა, მხოხავი ჭანგა, მრავალწლოვანი კოინდარი, ჩვეულებრივი თივაქასრა, ტყის ჭყიმი, პონტიური დიყი, ბლაგვფოთლა ღოლო და სხვ.

აზოტის მიმართ მცირე მოთხოვნილებებით გამოირჩევიან ცხვრის წივანა, სწორმდგომი ძიგვა, ცისფერი ისლი, ორსახლა ბუსუსტანა, მონაცისფრო ისლი, შებუსული ხარნუყა, ეწრის გვიმრა, ოთხფურცელა, მარწყვა ბალახი და სხვ.

მცენარეთათვის მისაწვდომი ფოსფორით ღარიბ ნიადაგებზე კარგად ხარობს ძიგვა, ცხვრის წივანა, ჩვეულებრივი ნამიკრეფია, საშუალო ცახცახა, მინდვრის გვირილა, მახრჩობელა, შავი ისლი.

ფოსფორით მდიდარ ნიადაგებს მოითხოვენ მხოხავი ჭანგა, მდელოს მელაკუდა, თელისფოთოლა ქაფურა, მდელოს ნემსიწვერა და სხვ. კალიუმით მდიდარ ნიადაგებისათვის დამახასიათებელია სათითურა, ქაჩალი ისლი, ჭაობის ენდრონიკა, სვიისებრი იონჯა. იმ ნიადაგებზე, რომლებიც მცენარისათვის მისაწვდომი კალიუმის სიმცირეს განიცდიან, გვხვდება წითელი წივანა, მახრჩოებელა, ძიგვა, ყვითელთავთა, ჩვეულებრივი გობის ცხვირა და სხვ.

ნიადაგის მჟავიანობის და ტუტიანობა

ნიადაგის მჟავიანობის და ტუტიანობის მიმართ  მდელო-საძოვრულ მცენარეებს რამდენამდე განსხავავებული დამოკიდებულება აქვთ, თუმცა ნიადაგის რეაქცია, ისევე როგორც ფუძეებით და საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფა, არ ახდენს ისეთ მძლავრ გავლენას მდელოს ბალახნარზე, როგორც ეს სახნავ მიწებზე აღინიშნება.

ცნობილია, რომ ნიადაგის რეაქცია შეიძლება იყოს მჟავე (pH 6,7-ზე ნაკლები) ნეიტრალური (pH 6,7-7,0-ის ფარგლებში) და ტუტე (pH 7-ზე მეტი). მდელოს მცენარეულობის ცალკეული სახეოებები ნიადაგის რეაქციის მიმართ არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იჩენენ;

მჟავე ნიადაგებზე კარგად ხარობს სწორმდგომი ძიგვა, კორდის მახრჩობელა, კოკომჟავა, ოთხფურცელა მარწყვა ბალახი, პატარა ხრიალა, მონაცრისფრო ისლი და სხვ.

ტუტე რეაქციის მქონე ნიადაგებისათვის დამახასიათებელია მლაშე გლერტა, ძირტკბილა, შოროქნის ცოცხი და სხვ.

მაღალყუათიანი, საკვებად ძვირფასი მარცვლოვანი და პარკოსანი ბალახების დიდი უმრავლესობა მოსავლის მაქსიმუმს ბუნებრივ და ნათეს სათიბ-საძოვრებზე იძლევა ნიადაგის ოდნავ მჟავე რეაქციის (pH 6,0-6,5) დროს, ცხადია ყველა სხვა ფაქტორის ნორმის ფარგლებში უზრუნველყოფის პირობებში.

ამ ბალახების საკმარისად მაღალი მოსავლის მიღება შეიძლება წყლის, მინერალური კვების ელემენტების და სხვა პირობების ოპტიმალური პარამეტრების ფონზე pH-ის უფრო ფართო ფარგლების (5,7-7,5) დროსაც. ამით არის გაპირობებული მჟავე ნიადაგებზე კირის შეტანის აუცილებლობა და ეფექტურობა. ასე მაგალითად, იონჯის თივის მოსავალი მჟავე ნიადაგებზე კირის სხვადასხვა ნორმით შეტანით ასეთგვარად იცვლებოდა: pH 5,3 – მოსავალი 2,7ტ/ჰა, pH 0,57_4,5 ტ/ჰა, pH 0,6_5,9 ტ/ჰა, pH 0,65_6,5 ტ/ჰა.

აღსანიშნავია, რომ აღმონაცენი უფრო მგრძნობიარეა ნიადაგის რეაქციის მიმართ, ვიდრე ზრდასრული მცენარე. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ კირის შეტანა გაცილებით უფრო ეფექტურია გამდელოებისას ბალახის თესვის წინ, ვიდრე ჩამოყალიბებული ბალახნარის მქონე ბუნებრივ მდელოზე.

ტუტე რექაციის მქონე ნიადაგები, რომლებსაც მნიშვნელოვანი ფართობი უკავიათ გვალვიან რაიონებში, უმთავრესად დამლაშებული, ბიცი და ბიცობი ნიადაგებით არის წარმოდგენილი. ასეთ ნიადაგებზე გავრცელებულია ჰალოფიტები მცენარეები, რომლებიც ეგუებიან ნიადაგის დამლაშებას. საქართველოში დამლაშებული ნიადაგები ზამთრის საძოვრებზეა წარმოდგენილი, ძირითადად უწრეტ და სუსტი წყალწრეტის დაბლობ-ვაკეებზე (ალაზნის ვაკე, ლაკბე, ჩათმა), დახრილ ვაკეებზე (ელდარი, ტარიბანა, სოღანლუღი და სხვ.). ჰალოფიტებიდან აქ ფართოდ არის წარმოდგენილი მლაშე გლერტა, ჩარანი, ხურხუმო, ყარღანი, იალღუნი, ავშანი, წითელწვერა და მრავალი სხვ.

უდაბნოს და ნახევრად უდაბნოს ბუნებრივ საკვებ სავარგულებზე, აგრეთვე ზღვის, ტბების და მდინარეების ნაპირებზე, მოძრავ (ბარხანები) და უძრავ ქვიშრობებზე გავრცელებულია მცენარეთა განსაკუთრებული ჯგუფი ე.წ. ფსამოფიტები.

მათ აქვთ ღეროებზე ყლორტების და დამატებითი ფესვების განვითარების უნარი, ახასიათებთ მთავარი ფესვის ინტენსიური ზრდა, დატოტვა, გრძელი ფესვები და ფესურები, რომლებიც სწრაფად აღწევენ ნიადაგის დატენიანებულ ჰორიზონტს და სიღრმეში 4-5 მეტრამდე, ხოლო ჰორიზონტალურად 10-20 მეტრამდე იზრდებიან.

ფსამოფიტების უმრავლესობის ფოთოლი წვრილი, ძლიერ რედუცირებულია, ზოგიერთ მათგანს ფოთოლი საერთოდ არ გააჩნია. საქართველოში ფსამოფიტები გავრცელებული არიან ნახევრად უდაბნოში, ზოგიერთი ტბის, წყალსაცავის და მდინარის ნაპირებზე. მათ მიეკუთვნება ქვიშრობის ისლი, ამობურცული ისლი, ფრთისებრი სელინი, უძრავ ქვიშრობებზე-ციმბირული კაპუეტა, გიგანტური ელიმუსი, წითელწვერა, ავშანი და სხვ.

ნიადაგის საჰაერო რეჟიმი

ნიადაგის საჰაერო რეჟიმს, ე.ი. ნიადაგში ჰაერის რაოდენობასა და შედგენილობას, როგორც უშუალო, ასევე არაპირდაპირი გავლენა აქვს საკვები სავარგულების მცენარეებზე. ეს განპირობებულია იმით, რომ ნიადაგის ჰაერი მცენარეთა უმრავლესობისათვის და ნიადაგში მობინადრე ორგანიზმებისათვის ჟანგბადის ძირითადი წყაროა, რომელიც საჭიროა აგრეთვე თესლის გაღივებისათვის.

მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ ნიადაგის ჰაერში გოგირდწყალბადის, ნახშირორჟანგის და ზოგჯერ მეთანის შემცველობამ შესაძლოა მიაღწიოს ისეთ რაოდენობას, რომელიც შეაჩერებს, ან მთლიანად გამორიცხავს ბალახოვანი მცენარეების ზოგიერთი სახეობის ცხოველმოქმედებას, თესლის გაღივებას, უარყოფითად იმოქმედებს ბაქტერიების რამდენიმე ჯგუფსა და ნიადაგში მობინადრე ცხოველებზე.

ჰაერის ნაკლებობა ნიადაგში განაპირობებს აგრეთვე ნიადაგის ქიმიური თვისებების ცვლილებებს. ატმოსფეროს ჰაერთან შეადარებით ნიადაგის ჰაერი უფრო მდიდარია წყლის ორთქლით, მნიშვნელოვნად მეტს შეიცავს ნახშირორჟანგს და რამდენამდე ნაკლებს ჟანგბადს.

ნიადაგში არსებული ჰაერის რაოდენობა დამოკიდებულია ნიადაგის ფორიანობასა, ფორების მოცულობასა და წყლით მათი შევსების დონეზე.

ანაერობიოზის  (უჟანგბადობის) პირობებში შენელებულია მცენარეთა მკვდარი ნაწილების მინერალიზაცია, არ წარმოებს ნიტრიფიკაცია, ნახშირორჟანგის ნაცვლად წარმოიქმნება მეთანი, ნიადაგში არსებული არაორგანული ნივთიერებების მინერალიზაციის შედეგად წარმოქმნილი სულფატები გარდაიქმნებიან გოგირდწყალბადად. რკინისა და მანგანუმის ჟანგები გადადიან ზეჟანგებში, რასაც ნიადაგის გალებება მიჰყვება, ხოლო რკინის ზეჟანგს და ორვალენტიან მანგანუმს კი ტოქსიკური თვისებები გააჩნია. ჟანგბადის ნაკლებობა მკვეთრად აფერხებს ფესვის ზრდას, აერობული მიკროორგანიზმების სიცოცხლისუნარიანობას.

სათიბ-საძოვრებზე გავრცელებული ბალახების სხვადასხვა სახეობა არაერთგვაროვან დამოკიდებულებას ამჟღავნებს ნიადაგის ჰაერაციის მიმართ. საკვებად ძვირფასი თითქმის ყველა მცენარე მოსავლის მაქსიმუმს იძლევა კარგი აერაციის მქონე ნიადაგებზე. უფრო მეტად მომთხოვნი ამ მხრივ არიან ფესურიანი მარცვლოვანები (თეთრი ნამიკრეფია, მხოხავი ჭანგა, წითელი წივანა, უფხო შვრიელა, მდელოს მელაკუდა და სხვ).

ამავე დროს ზოგიერთი ბალახი ფესვებში უჯრედშორისების მძლავრი სისტემის განვითარების გამო კარგად ეგუება ცუდად აერირებულ ტენიან ნიადაგს. მათ მიეკუთვნება მკვრივბუჩქიანი მარცვლოვანები (ჭრელი და ცხვრის წივანა, ძიგვა, ლესინგის ვაციწვერა, კეწეწურა, მახრჩობელა და სხვ), აგრეთვე წყლის მოყვარული ჭაობის მცენარეები (ლერწამი, ლელქაში, ლელი და სხვ).

ი. სარჯველაძე / ინტენსიური მიწათმოქმედება/

წყარო: აგროკავკასია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s