კენკროვანი კულტურები მარწყვი მაყვალი ჟოლო მაღალი კვებითი და დიეტური თვისებების გამო, ფართოდ არის გავრცელებული და მომხმარებელთა დიდ ყურადღებას იმსახურებს. მათი გემრიელი და არომატული ნაყოფი გამოირჩევა ჯანმრთელობისათვის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებით, მდიდარია ვიტამინებით, ორგანული მჟავეებით, ნახშირწყლებითა და მინერალური ნივთიერებებით.
სამეგრელოს რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კულტურებს შორის კენკროვნები ერთ-ერთი ძვირად ღირებული მაღალი პოტენციალის მქონე კულტურაა. მათი ნაყოფის სარეალიზაციო ბაზარი პერსპექტიულია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
კენკროვანი კულტურების გაშენების იდეას ბევრი თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა. მიუხედავად ასეთი განწყობისა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობდა, რომ რეგიონის ბუნებრივ ნიადაგურ–კლიმატური პირობებიდან და სოფლის მოსახლეობის მცირე მიწიანობიდან გამომდინარე, თანამედროვე აგრო-ტექნოლოგიების გათვალისწინებით შესაძლებელია კენკროვანი კულტურების ფართოდ გავრცელება და როგორც ადგილობრივი ისე ევროპული ბაზრისათვის მაღალი სასაქონლო ღირებულების მქონე კონკურენტუნარიანი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიწოდება.
გამოჩნდნენ ენთუზიასტები ამ საქმის პიონერები, აქტიური ქალები ეკა მიქენაია და ნანა ფიფია, კენკროვანი კულტურების განვითარებისა და მათი პოპულარიზაციის მიზნით 2012 წელს დააფუძნეს “ხილ–კენკროვან კულტურათა განვითარების ასოციაცია.“ იმ პერიოდში მათი იდეის განხორციელებას ხელი შეუწყო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების USAID/NEO-ს მიერ რეგიონში გატარებულმა პროექტებმა. განხორციელდა მარწყვის, უეკლო მაყვლის, ჟოლოს, კულტურული, მაღალმოსავლიანი ჯიშების შემოტანა. დამუშავდა მათი მოვლა – მოყვანის აგროტექნოლოგია.
არსებული ასოციაცია კენკროვანი კულტურების მარწყვი მაყვალი და ჟოლოს წარმოებაში დასაქმებულ ფერმერებს აერთიანებს. დაარსებიდან დღემდე ასოციაციას ეს ქალბატონები უძღვებიან, ერთი როგორც ხელმძღვანელი, მეორე კი როგორც ექსპერტი. რეგიონში მათი რეკომენდაციებით გაშენდა კენკროვანი კულტურები როგორც ღია ისე დახურულ გრუნტში. მათი რჩევებით და კონსულტაციებით სარგებლობენ ათეულობით ფერმერები. სწორი მენეჯმენტით კენკროვანი კულტურებისადმი დაინტერესებულ ფერმერებთან მჭიდრო ურთიერთობით და თანამშრომლობით, მათ შეძლეს გაეზარდათ კენკროვანი კულტურების წარმოება. გაიზარდა ამ კულტურების ქვეშ არსებული მიწის ფართობები, შესაბამისად გაიზარდა წარმოებული პროდუქციის როგორც რაოდენობა ისე ხარისხი. წარმოებული პროდუქცია შიდა ბაზარს მოიცავს. მიზანი ევროპის ბაზარზე გასვლაა.
რეგიონში კენკროვანი კულტურების გაშენება ხელს უწყობს სოფლად სამუშაო ადგილების გაჩენას, გამოიწვევს სოფლად მოსახლეობის დამაგრებას, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებას, მაღალი სასაქონლო ღირებულების, კონკურენტუნარიანი, ეკოლოგიურად სუფთა საექსპორტო პოტენციალის მქონე ევროპული სტარდარტების პროდუქციის წარმოებას და იმპორტის ჩანაცვლებას.