ისრაელის მერძევეობის დარგის თავისებურებები და წარმატების საიდუმლო  

სოფლის მეურნეობისთვის არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების მიუხედავად ისრაელმა  შეძლო და მსოფლიოს აჩვენა, რომ სწორად ორგანიზებითა და შრომისმოყვარეობით, სანიმუშო სოფლის მეურნეობის წარმოების აწყობა ასეთ პირობებშიც კი შესაძლებელია. დღეს, ისრაელის სოფლის მეურნეობის პროდუქციით თვითუზრუნველყოფა 80%-ს შეადგენს. ისრაელში სოფლის მეურნეობის ბევრი დარგი კარგადაა განვითარებული და მათ შორისაა მერძეული მიმართულების მესაქონლეობაც.

სოფლის მეურნეობაში და მათ შორის მერძევეობაში ბევრი პროცესი ცენტრალიზებულად იმართება, რომელიც 3 საყრდენზე დგას – სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი-ფერმერი-ექსტენციის ცენტრი. პროფესიული სწავლებისა და კონსულტირების სფეროში უმთავრეს როლს ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის ცენტრი – შაჰამი ასრულებს.ისრაელის საკუთარი ნახირის ჯიშობრივი გაუმჯობესება  50-იანი წლებიდან დაიწყო, დაბალპროდუქტიული ადგილoბრივი ჯიშის საქონლისა და შედარებით მსხვილი სირიული წაბლას ჯიშის ძროხების ბაზაზე, რომლებსაც შემოყვანილი ფრიზის და ჰოლშტეინის ჯიშთან აჯვარებდნენ. შედეგად, გამოყვანილი იქნა ძროხის ჯიში ე.წ. ისრაელის ჰოლშტეინი, რომელიც პროდუქტიულობის რეკორდული მაჩვენებლებით გამოირჩევა. ამ ჯიშის ძროხა ტანად შედარებით მომცროა ვიდრე მისი ევროპული ანალოგები, მაგრამ საკვების კონვერსიის, ანუ ეფექტურობის მაღალი დონით გამოირჩევა და მეტსაც იწველება. ისრაელში სელექციურ გადარჩევაზე  მეცხოველეობის სანაშენე საქმეთა ასოციაცია ზრუნავს. ყველა ხელოვნური დამთესლავი  ტექნიკოსის პორტატული კომპიუტერი დაკავშირებულია ასოციაციის ეროვნულ სანაშენე წიგნთან, სადაც შედის ფერმებში მიმდინარე აღწარმოებასა და სანაშენე-სასელექციო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს ერთიან, უნიფიცირებულ და ინტეგრირებულ სისტემას. მერძევე ფერმერები ისრაელში საქონლის ხელოვნური განაყოფიერებისთვის ძირითადად ადგილობრივად წარმოებულ სპერმას იყენებენ, რომელსაც მათ კომპანია „სიონი“ აწვდის, რომელიც მეცხოველეობის სანაშენე საქმეთა ასოციაციიის ქოლგის ქვეშ ფუნქციონიებს. ისრაელის ბაზრის 95% სწორედ  ამ კომპანიის მიერ წარმოებულ და მოწოდებულ სპერმას უჭირავს.  დღესდღეობით ისრაელის ფერმებში ნახირის საშუალო წველადობა უმაღლესია მსოფლიოში და 2017 წელს 11574  ლიტრი შეადგინა ერთ სულზე. ზოგიერთ ფერმის საშუალო წველადობა 14000 ლიტრზე მეტია. ორგანიზაცია ICAR-ის შეფასებით გენეტიკური მონაცემებით ისრაელის ფურები მსოფლიოში საუკეთესოა.

დღეს ისრაელში 250 000 მეწველი ძროხაა. ნედლი რძის წარმოება 1975 წლიდან კვოტირების სისტემით ხდება. სულ ქვეყანაში 951 მერძეული ფერმაა, საიდანაც 160 მსხვილი ფერმაა (200 სულზე მეტი მეწველი ფურით) დანარჩენი უმთავრესად საშუალო ზომის (50 მეწველ ფურამდე) ფერმებია. სარძეო ფერმების აბსლუტური უმრავლესობა უმეტეს შემთხვევაში ძირითადად კომუნების ე.წ. კიბუცების და კოპერაციული ტიპის საწარმოების – მოშავების ბაზაზე ფუნქციონირებენ. საშუალო კვოტა ერთ კიბუცზე 5193 ტონას შეადგენს წელიწადში, ხოლო მოშავზე – 903 ტონას. ზოგჯერ რამდენიმე კიბუცი ერთობლივ მერძეულ ფერმას ქმნის, რადგან ასეთი სახით წარმოების რენტაბელობას ზრდიან. პირადაპირი სახის სუბსიდირებას სახელმწიფო მერძევეობაში არ ახდენს.

ყველა ფერმა იყენებს ნახირის მართვის კომპიუტერულ პროგრამას – NOA-ს, რომელშიც აისახება ფერმაში მიმდინარე წარმოების პროცესების შესახებ ყველა მონაცემი და ინფორმაცია.

ძროხის სადგომები ძირითადად ღია ტიპის  ფარდულია, ყოველგვარი კედლების გარეშე, სადაც ძროხებს ინახავენ  მიწაზე დაყრილ გამომშრალი ნაკელის საფენზე, რომელსაც კულტივაციას ყოვლდღიურად უკეთებენ. ბეტონის იატაკი ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ საკვები მაგიდის გასწვრივ კეთდება, რაც ჩვენი აზრით უფრო ამართლებს.

თითქმის ყველა ფერმას სახურავზე დამონტაჟებული აქვს სოლარული პანელები, რომლებიც ფერმებს ელექტროენერგიით უზრუნველყოფენ.

 

ფერმაში საწველი სისტემები უმეტეს შემთხვევაში აღჭურვილია ელექტრომოწყობილობებით, რომლებიც წველისას მყისიერად ზომავენ ინდივიდუალურად თითოეული ფურის რძეში ცილების, ცხიმების, ლაქტოზის შემცელობას, ახდენენ მასტიტის გამოვლენას და ონლაინ რეჟიმში გადასცემენ ყველა ამ ინფორმაცია სერვერზე განთავსებულ კოპიუტერულ პროგრამას. არსებული მონაცემების საფუძველზე სისტემა ახდენს  კონკრეტული ძროხისთვის დიაგნოზირებას კეტოზზე და აციდოზზე ამ დაავადებების კლინიკური ნიშნების გამოვლინებამდე.

ფერმები აღჭურვილია დეტექტორებით, რომლებიც აფიქსირებენ და ავტომატურად აანალიზებენ თითოეული ძროხის ყველა მოქმედებას: დგომის, წოლის, სიარულის, ჭამის ხანგძლივობას, მოძრაობის და ცოხნის ინტენსივობას, ამ მონაცემებზე დაყრდნობით იძლევა ინფორმაციას კონკრეტული ძროხის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ახურების შესახებ და სხვა სახის ინფორმაციებს. დეტექტორი აფიქსირებს ძროხების ქოშინის ინტენსივობასაც, რითაც ადგენს თუ რამდენაც განიცდიან ძროხები სტრესს სიცხისგან. ძროხების ჰაერის ნაკადით და წყლის გაგრილების ინტენსივობაც ამაზეა დამოკიდებული.

ფერმები ისრაელში მუდმივად ცხელი ჰავის გამო დავადებების კერებს წარმოადგენს, ამიტომ ვაქცინირება გაცილებით უფრო მასშტაბურია ვიდრე სხვა ქვეყნებში. ვეტერინარიაზე გაწეული ხარჯები დაახლოებით ფერმის შემოსავლების 4,5-5%-ს შეადგენს. საკუთარი ვეტერინარი ფერმას როგორც წესი არ ჰყავს და ამ მოსახურებას მასზე მიმაგრებული ვეტერინარი უზრუნველყოფს, რომელიც ფერმაში ჩვეულებრივ კვირაში ორჯერ დადის. მსხვილ ფერემთა 99%  და წვრილ ფერმერთა 85% ვეტერინარული მომსახურების კოოპერატივ ‘ხაჩაკლაიტი“-ს მომსახურებით სარგებლობს. 

ფერმებში, ძროხების სითბური სტრესის შემცირების მიზნით, მათი გაგრილებისთვის, შემდეგ ხერხს მიმართავენ: სამჯერ, წველის წინ,  საწველი სისტემის შესასვლელ ანუ მოსაცდელ დარბაზში მძლავრი ვენტილატორებით ძროხებს უბერავენ ჰაერის ნაკადს 5 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც 2 წუთის განმავლობაში წყლის შხაპის ქვეშ ამყოფებენ. განსაკუთრებულად ცხელ დღეებში ამ პროცედურას უფრო მეტჯერ  – 5-6-ჯერ იმეორებენ. ტენიანი კლიმატის პირობებში ასეთი გაგრილების მეთოდი უფრო ეფექტურია ვიდრე წყლის ნისლისებური გაგრილება, რომელმაც შესაძლებელია კიდევ უფრო გაზარდოს ფერმაში ტენიანობა.

ძროხების საკვები რაციონი მინიმუმ 15-20 სახის კომპონენტისგან შედგება. უხეში საკვების  წარმოებისთვის არახელსაყრელი პირობები ისრაელელ მერძევე ფერმერებს აიძულებს ცხოველთა საკვებად მეტწილად კონცენტრირებული საკვები გამოიყენონ, რომელთა წილი  საერთო საკვებნარევში  65-70% შეადგენს. კომბინირებულ საკვებში გამოყენებული კომპონენტების მარცვლეული, შროტების და სხვა გადამუშავების საწარმოო ანარჩენების დიდი ნაწილის იმპორტირება ხდება უკრაინიდან, მექსიკიდან, კანადიდან, აშშ-დან და ა.შ. რომელთა შესყიდვა ფიუჩერსული გარიგებებით ხდება. წვნიან უხეშ საკვებად ძირითადად გამოიყენება ხორბლის სილოსი, რადგან ისრაელში სიმინდი შედარებით ცუდად მოდის.

ბევრი ფერმა საერთოდ არ აწარმოებს საკვებს და მთლიანად შესყიდულ საკვებზე მუშაობს. ხშირად ფერმები გაერთიანებული არიან კოოპერატივში, რომელიც ახდენს მთლიანი საკვებნარევის დამზადებას, ყოველდღიურად მის ადგილზე მიწოდებას და ფერმაში საკვების მაგიდაზე დარიგებასაც კი. ასეთი კოოპერატივი ემსახურება მისგან ტერიტორიულად ათობით და ზოგჯერ ასობით კილომეტრით  დაშორებულ  ფერმებს. კოოპერატივები საკვების დასაზადებლად 35-36 სახის კომპონენტებს იყენებენ, მათ შორის შაქარს, როგორც ენერგიის წყაროს, შოკოლადის საწარმოო ნარჩენებს, საკვები ობიექტებიდან პურის ნარჩენებს და ა.შ. საკვების შემადგენლობა  ყველა ფერმისთვის ერთიდაიგივეა და რაციონის შედგენას თვით კოოპეარტივი ახდენს. კოოპერატივის წევრი და არაწევრი ფერმები ერთნაირ ფასს იხდიან საკვებში, ხოლო წლის ბოლოს გადახდილი თანხის ნაწილი დივიდენდის სახით უბრუნდებათ წევრ ფერმებს. ისრაელში 6 ასეთი ტიპის საკვებდამამზადებელი კოოპერაციული საწარმო ფუნქციონირებს, რომელთაგან ზოგიერთი მთლიან საკვებნარევს აკეთებს, ზოგიერთი კომბინირებულ საკვებდანამტებით გამდიდრებულ საკვებს.

ასეთ, შესყიდულ საკვებზე მომუშავე ფერმების რენტაბელობის მაღალ წველადობასთან ერთად გარკვეულწილად ნედლი რძის შედარებით მაღალი ფასიც უზრუნველყოფს (60 აშშ ცენტამდე).

ებრაული კვების სპეციფიკა ისაა, რომ ისინი მთელი ლაქტაციის განმავლობაში ფურებს ერთნაირი რაციონით კვებავენ და  საქონლის შენახვის ევროპულ-ამერიკული სისტემისგან განსხვავებით არ ჰყოფენ ადრეული, შუა და გვიანი ლაქტაციის ჯგუფებად, რომელთაც სხვადასხვა რაციონით კვებავენ. გარკვეულწილად ამის საშუალებას იძლევა ისიც, რომ მრავალწილანი სელექციური გადარჩევის გამო ფერმებში მკვეთრი სხვაობა ფურების წველადობებს შორის არაა და ერნაირად მაღალია. კვოტირების სისტემა ფერმებს აიძულებს უფრო მკაცრი მოთხოვნები დააყენონ ფურების  გამოწუნებაზე და 10000 ლიტრს ქვევით წველადობის ფურები გამოიწუნონ. ზოგადად, რძის რაოდენობაზე კვოტირების სისტემის შემთხვევაში ორიენტირება 1 ლიტრ რძეზე მოგებაზე ხდება (როგორც ეს ისრაელის შემთხვევაში ხდება), ხოლო კვოტირების არარსებობისას –  ერთ სულ ფურზე მოგებას ექცევა ყურადღება.

ისრაელში ნედლ რძეზე ფასები ფიქსირებულია და მას რძის საბჭო ადგენს. საბჭო შედგება 17 წევრისგან, მათ შორის არიან ფერმერები, მათი გაერთიანებების სახით, გადამამუშავებლები, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანმრთელობის სამინისტროს წარმომადგენლები. საბჭო 2 წლის ვადით აირჩევა. საბჭო ადგენს ნედლი რძის საბაზისო ფასს  ყოველ 3 თვეში ერთხელ, ისრაელის 100 ფერმაში წარმოების თვითღირებულების შესწავლის საფუძველზე. საბოლოო ფასი დგინდება ცილების და ცხიმების შემცველობაზე დაფუძნებული სპეციალური ფორმულის მეშვეობით. რძის ფასში გაითვალისწინება ლაქტოზის შემცველობაც, სომატური უჯრედების რაოდენობაც, ბაქტერიული დაბინძურებაც, რომლებიც ერთობლივად რძის ხარისხს და შესაბამისად საბოლოო ფასსაც განსაზღვრავენ. ფასში გათვალისწინებულია გადასახადი საბჭოს შესანახად (1.5%). ხშირად საბჭო აფინანსებს მერძევეობაში სხვადასხვა სახის  მეცნიერულ კვლევებს. ფასები ფიქსირებულია ასევე ყველაზე მოხმარებად 5 დასახელების რძის ნაწარმზე: რძეზე, კარაქზე, არაჟანზე, მაგარ ყველზე და ადგილობრივი წარმოების იოგურტზე. სახელმწიფო  პოლიტიკა მერძევეობაში  მიმართულია იმისკენ, რომ ნედლი რძის ფასები შემცირდეს, რათა ამ დარგის კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს. რძის საბჭოს  სისტემაში შედის ცურის ჯანმრთელობისა და რძის ხარისხის ეროვნული სამსახური, საკუთარი რძის ლაბორატორიით, რომელიც უზრუნველყოფს რძის ხარისხის კონტროლს ქვეყანაში.

ისრაელში 90 რძის გადამამუშავებელი საწარმოა, რომელთაგან 4 ყველაზე მსხვილი საწარმო ბაზრის 95% ფლობს, ყველაზე დიდი TNUVA 65%-ს.

ისრაელი ფერმის აღჭურვილობის მსხვილ მწარმოებლადაც იქცა, რომელიც არა მარტო ისრაელში, არამედ მსოფლიოში ბევრ ფერმას აწვდის  სხვადასხვა სახის აღჭურვილობას, როგორიცაა საწველი სისტემები და მოწყობილბები ამ სისტემებისთვის, თვითმოძრავი და მისაბმელი საკვებშემრევი და დამრიგებელი და სხვა. ეს კომპანები მაკომპლექტებელ ელექტრო მოწყობილობებს აწვდის ასევე ბევრ ისეთ ცნობილ სარძეო ფერმის აღჭურვილობის მწარმოებლებს როგორებიცაა GEA, Delaval და ა.შ.

მერაბ ჩხარტიშვილი

 

წყარო: agronew.ge

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s