სიმინდის ჯიშებისა და ჰიბრიდების სელექცია- მეთესლეობის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები საქართველოში

სიმინდის მარცვლის წარმოების გაზრდის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებად მიგვაჩნია სიმინდის ნათესების გაზრდა 200-220 ათას ჰა-მდე (როგორც ადრე — 8-10 წლის წინათ იყო) მიტოვებული და საძოვრებად ქცეული ნასიმინდარი მიწების ხარჯზე. ამის შესაძლებლობას სოფლის მეურნეობაში დღეს არსებული მდგომარეობა ქმნის. ამ ფართობის დასათესად ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული — სასურსათე და საფურაჟე სიმინდის ჯიშები და ჰიბრიდები დაგვჭირდება.

სასურსათედ გამოყენებული ჯიშები. მოსახლეობა სასურსათედ დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ ჯიშებს იყენებს. ეს ჯიშები დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკებში ჰიბრიდიზაციის, ბუნებრივი და ხელოვნური გამორჩევების შედეგად წარმოიშვა და ჩამოყალიბდა. მათთვის დამახასიათებელი ნიშანთვისებებია: ვერტიკალური ზონალობის გავლენით დიდი მრავალფეროვნება სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობის მიხედვით, რომელიც ცვალებადობს 90-დან 150 დღემდე. მარცვალი აქვთ სამი ტიპის — კბილა, კაჟა, ნახევრადკბილა. მარცვლის ფერი თეთრი და ბზინვარე ყვითელი — მოწითალო, მარცვალი შედარებით დიდი ზომისაა. საერთო დამახასიათებელი ნიშანთვისებებია — ყველა არის თეთრნაქუჩიანი — თეთრმარცვლიანიც და ყვითელმარცვლიანიც. ტაროზე მარცვლის რიგების რიცხვია 8-10. იშვიათად 12, ყველა — თეთრმარცვლიანიც და ყვითელმარცვლიანიც არის სასურსათოდ გამოსაყენებელი. ამგვარი სასურსათო თვისებები არ აქვთ სხვა ქვეყნების სიმინდებს. არც შეიძლება ჰქონდეთ იმის გამო, რომ ჩვენი ჯიშები სასურსათო გამოყენებისთვის ქართველი მოსახლეობის მიერ ხანგრძლივი — 350 წლიანი ხალხური სელექციის შედეგად არის შექმნილი.

სასურსათე ჯიშების თესლეულის წარმოება. მოსახლეობა სასურსათოდ 200 ათას ტონა მარცვალს მოიხმარს. სიმინდის მარცვლის მოსავლიანობიდან გამომდინარე (2.2 ტ/ჰა-ზე) სასურსათოდ უნდა დაითესოს 90 ათასი ჰა, რისთვისაც საჭიროა 2300 ტონა თესლი. ამჟამად, ამ თესლეულს მხოლოდ მესიმინდე გლეხობა ამზადებს. ყველა მესიმინდეს სასურსათო სიმინდი საკარმიდამო ნაკვეთზე მოჰყავს და მოყვანილი მოსავლიდან ტაროებს სათესლედ არჩევს. ასეთი წესით თესლის დამზადებისას შენაჩუნებულია ფორმათა მრავალფეროვნება — ყოველი მესიმინდე ამზადებს „საკუთარი ჯიშის” თესლს. გარდა ამისა, ყოველწლიური გამორჩევების შედეგად, რომელშიც მონაწილეობს ათასობით მესიმინდე, უმჯობესდება გარემო პირობებთან ამ ჯიშების შეგუების ხარისხი. დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი ჯიშები კიდევ დიდხანს დარჩებიან წარმოებაში, ვინაიდან მათ შემცვლელი ჯერჯერობით არ ჰყავთ. მესიმინდე გლეხობა უფრთხილდება და იცავს თავის ჯიშებს. მაგრამ მათ საფრთხე ჰიბრიდებისგან ემუქრებათ. ჰიბრიდების მიერ გადამტვერვა ადგილობრივ ჯიშებში სასურსათო თვისებების გაუარესებას გამოიწვევს. ეს რომ არ მოხდეს საჭიროა ჰიბრიდების თესვა ჯიშებისგან 400-500 მეტრის დაშორებით ჩატარდეს.

მეორე დიდმნიშვნელოვანი ამოცანა სიმინდის წარმოებაში არის საჰექტარო მოსავლიანობის ამაღლება, რომელიც მრავალი წელია გაყინულია 2.2 ტ/ჰა ნიშნულზე. ამ ამოცანის გადაჭრა შესაძლებელია ორი გზით — სელექციის მეთოდებით და ჯიშური აგროტექნიკის გამოყენებით.

სელექციური მეთოდებით სიმინდის მცენარის პროდუქტულობის გადიდება შეიძლება ორი გზით: 1. პერიოდული გამორჩევის მეთოდით — ჯიშებში, 2. ჰიბრიდიზაციით, მაღალპროდუქტიული ჰიბრიდების მიღებით.

სიმინდის სელექციური ჯიშების აჯამეთის თეთრის, აბაშური ყვითელის, გეგუთის ყვითელის, კაჟა ყვითელის, კაჟა თეთრის, ქართული კრუგის გაუმჯობესება პერიოდული გამორჩევის მეთოდით. ამ ჯიშებს ათასობით ჰექტარი უკავია და ისინი პერიოდულად — 4-5 წელიწადში ერთხელ ელიტური თესლით განახლებას საჭიროებენ. ამისთვის ჯიშებში უნდა ჩატარდეს სელექცია პერიოდული (რეკურენტული) გამორჩევის მეთოდით. ამ მეთოდით შესაძლებელია ჯიშების გასუფთავება ბიოლოგიური მინარევებისგან, მცენარის პროდუქტულობის — მოსავლიანობის გაზრდა 8-10%-ით და სხვა სამეურნეო ნიშანთვისებების (მცენარის ღეროსა და ფესვთა სისტემის გამძლეობის, დაავადებების და მავნებლების მიმართ გამძლეობის და სხვა ნიშანთვისებების გაუმჯობესება) ამ საქმიანობას ეწეოდა მიწათმოქმედების ინსტიტუტი, აჯამეთისა და სენაკის საცდელი სადგურები. მათი გაუქმების შემდეგ (რაც ჩვენ შეცდომად მიგვაჩნია) ეს საქმიანობა შეჩერებულია. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა აღდგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ჯიშებს ჯიშობრივად გადაგვარება ელით.

სიმინდის მცენარის პროდუქტულობის ამაღლების უფრო ეფექტური საშუალებაა ჰიბრიდული ორგანიზმის — (ჰიბრიდის) გამოყვანა. ჰიბრიდები პირველ თაობაში პროდუქტიულობით — მარცვლის მოსავლიანობით 30-100 და მეტი პროცენტით ჯობნიან ჯიშ-პოპულაციებს. ასეთი თვისების გამო მსოფლიოს ყველა სიმინდის მწარმოებელი ქვეყანა გადასულია ჰიბრიდული თაობის თესვაზე. საქართველოში ეს პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის ჩავარდნამ, რამაც ჩვენს მესიმინდეებში საერთოდ ჰიბრიდის მიმართ უნდობლობა გამოიწვია, განსაკუთრებით, უცხოური ჰიბრიდების მიმართ. უცხოური ჰიბრიდების წარუმატებლობა შეიძლება სუბიექტური ფაქტორებითაც იყოს განპირობებული, მაგრამ სხვა გარემოებაზეც გვინდა გავამახვილოთ ყურადღება. ჰიბრიდებს მრავალ დადებით თვისებებთან ერთად სუსტი მხარეც აქვს. ახალ გარემოში გადატანისას ისინი, ბევრ შემთხვევაში, თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ უპირატესობას ადგილობრივ ჰიბრიდებს ვანიჭებთ, ვინაიდან ისინი ადგილობრივ ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებს კარგად ეგუებიან და მათი წარმოება ნაკლებად რისკიანია.

ლომთაგორაში სიმინდზე სელექციური მუშაობა 2000 წელს დავიწყეთ, ვმუშაობთ სასურსათე და საფურაჟე ჰიბრიდების შექმნაზე.

  1. სასურსათე ჰიბრიდების სელექცია. ადგილობრივი ჯიშებიდან — აჯამეთის თეთრი, აბაშური ყვითელი, ნახევრად კბილა თეთრი, ადრეული კაჟა თეთრიდან თვითდამტვერილი ხაზები გამოგვყავს და სასურსათო ჰიბრიდებს ორი მიმართულებით ვქმნით. 1. ვქმნით ჰიბრიდებს, რომლებიც შედგებიან მხოლოდ ადგილობრივი ხაზებისგან და 2. ვქმნით ჰიბრიდებს, რომლებშიც ერთ-ერთ მშობელ ფორმას ადგილობრივი ჯიში ან ხაზი წარმოადგენს. დღეისათვის დაპატენტებული გვაქვს ორი ჰიბრიდი „ლომთაგორა 4“ და „ლომთაგორა 5.“ ეს ჰიბრიდები ჯიშ აჯამეთის თეთრს მარცვლის მოსავლიანობით 20-25 %-ით ჯობნიან. ამ ჰიბრიდების გავრცელებას 2015 წლიდან ვვარაუდობთ.
  2. საფურაჟე ჰიბრიდების სელექცია. საფურაჟე სიმინდის სელექციისთვის საწყის მასალად გამოყენებული გვაქვს ადგილობრივი ჯიშები — აბაშური ყვითელი, კაჟა ყვითელი, ქართული კრუგი, ამ ჯიშებიდან გამოყვანილი ხაზები და უცხოური ხაზები. დღეისათვის გასავრცელებლად მომზდებული გვაქვს 4 ჰიბრიდი — ლომთაგორა 1,2,3,6. ლომთაგორა 1 და 6 სამარცვლე მიმართულებისაა, ლომთაგორა 2 და 3 შეიძლება გამოყენებულ იქნას სამარცვლედ და საფურაჟედ. აღვნიშნავთ, რომ ლომთაგორას სასურსათე და საფურაჟე ჰიბრიდები არ არიან გენ- მოდიფიცირებულები და უსაფრთხოა გარემოსთვის, ასევე — მოხმარებისთვის.
ჯიშურ აგროტექნოლოგიებზე ჩატარებული მუშაობის შედეგები

სიმინდის საჰექტარო მოსავლიანობის ამაღლების მიზნით საჭიროა გადავიდეთ ჰიბრიდების თესვაზე გადავიდეთ, მაგრამ ჰიბრიდმა, რომ თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს, მათ სათანადო აგროტექნიკური გარემო უნდა შევუქმნათ. ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, შემუშავებული გვაქვს აგროტექნიკურ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც ლომთაგორას ჰიბრიდებისგან მაღალი და სტაბილური მოსავლის მიღებას უზრუნველყოფს.

საფურაჟე ჰიბრიდების თესლეულის წარმოება

სიმინდისათვის გამოყოფილი 200 ათასი ჰა-დან საფურაჟედ დასათესი იქნება 110 ათასი ჰა, რისთვისაც საჭიროა 2200 ტონა თესლი. დღეისათვის საფურაჟედ ძირითადად ითესება ყვითელმარცვლიანი ადგილობრივი ჯიშები: აბაშური ყვითელი, გეგუთის ყვითელი, კაჟა ყვითელი, ქართული კრუგი. ჰიბრიდებს მცირე ფართობები უკავია, მაგრამ ეს ვითარება თანდათანობით ჰიბრიდების სასარგებლოდ შეიცვლება. როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში სიმინდის ადგილობივი ჰიბრიდების თესლეულის წამოების ხაზით?

დღეს ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ჰიბრიდული სიმინდის თესლს აწარმობს არის შპს ფირმა ლომთაგორა. იგი თავისი ჰიბრიდების თესლს ამზადებს. ლომთაგორას ჰიბრიდების გავრცელების არეალი 60 000 ჰა და მოიცავს I-IV  აგროკლიმატურ ზონებს. ჰიბრიდებით ამ ფართობის ათვისებას წლები დასჭირდება, ვინაიდან ჰიბრიდულ თესლზე მოთხოვნა ჯერჯერობით დაბალია გლეხობისა და ფერმერების მხრიდან ჰიბრიდებისადმი უნდობლობის გამო. ამ უნდობლობის დაძლევის კვალობაზე ჰიბრიდებზე მოთხოვნილება გაიზრდება და ჩვენც თესლის წარმოებას 300-400 ტონამდე გავზრდით. მაგრამ ქვეყანას დასჭირდება 2200 ტონა ჰიბრიდული თესლი და ამ საქმეში მარტო ლომთაგორას ძალისხმევა საკმარისი არ არის. ამ საქმეს დიდ სარგებლობას მოუტანდა მიწათმოქმედების ინსტიტუტი (თუ იგი აღდგენილი იქნება), რომელიც სიმინდის 10 ჰიბრიდის ავტორია, ჰიბრიდულ მეთესლეობაში დიდი გამოცდილება აქვს და შეუძლია მოკლე ვადაში აღადგინოს თავისი ჰიბრიდების თესლის წარმოება 200-300 ტონის ოდენობით.

საწყის ეტაპზე ლომთაგორას და შემდეგ სხვა ორგანიზაციების ძალისხმევით შესაძლებელია საქართველოში სიმინდის ჰიბრიდების 2200 ტონა თესლი დამზადდეს, რაც საჰექტარო მოსავლის ამაღლების წინაპირობას შექმნის — 2,2-დან 4 -5-მდე ტონა ჰა-ზე და 110 ათას ჰა-ზე ვაწარმოოთ 450-550 ათასი ტონა საფურაჟე მარცვალი.

კახა ლაშხი, ზურაბ ჯინჯიხაძე

წყარო:agronews.ge

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s