აზიური  ფაროსანა – გადაუჭრელი პრობლემა, თუ …?!

მზაღო  ლობჟანიძე,

საქართველოს  აგრარული  უნივერსიტეტის  სრული  პროფესორი.

               ორ  წელიწადზე  მეტია,  რაც  აზიური  ფაროსანა  (კლასი – მწერები  (Insecta),  რაზმი – ნახევრადხეშეშფრთიანები  (Hemiptera=Heteroptera),  ოჯახი – ფაროსანა  ბაღლინჯოები  (Pentatomidae),  სახეობა – აზიური  ფაროსანა  (Halyomorpha  halys),  ყველა  რანგისა  და  მდგომარეობის  ადამიანთა  ყურადღების  ცენტრშია, რასაც  განაპირობებს  მავნებლის  მაქსიმალური  რიცხოვნობა  და  მავნეობა  მრავალ  სასოფლო-სამეურნეო,  ტყისა  და  დეკორატიულ  მცენარეზე.  ამას  ემატება  მავნებლის  მიერ  გამოყოფილი, ადამიანისათვის  მეტად  არასასიამოვნო  სუნი,  მით  უმეტეს,  რომ  მწერი  ხშირად  თავს  იყრის  საცხოვრებელ  ბინებში,  ცხოველთა  სადგომებში  და  სხვა  თავშესაფრებში.  მთელი  ამ  პერიოდის  განმავლობაში  თავდაუზოგავად  მუშაობენ  სოფლის  მეურნეობის  სამინისტროს,  მისი  საკონსულტაციო  ცენტრის,  სურსათის  უვნებლობის  სამსახურის,  საქართველოს  ეროვნული  სამეცნიერო  აკადემიის,  სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა  აკადემიის   მეცნიერები, მკვლევარები,   პრაქტიკოსი  თანამშრომლები,  შესაბამისი  რეგიონალური  სამმართველოები  თუ  სხვა  ორგანიზაციები:  მოეწყო  სატელევიზიო  და  რადიოგადაცემები,  მომზადდა  სარეკლამო  რგოლები,  ტარდება  შეხვედრები,  დისკუსიები,  მოსახლეობის  ინფორმირებისათვის  გამოიცა  ბროშურები, ბუკლეტები,  საინფორმაციო  ბიულეტენები,  რეგიონებში ჩატარდა  არაერთი  დეტალური  კონსულტაცია  ფაროსანასთან  ბრძოლის  ღონისძიებებისა  და  სინთეზური  პრეპარატების  გამოყენებისას  უსაფრთხოების  დაცვასთან  დაკავშირებით,  მოწვეული  იქნენ  უცხოელი  ექსპერტები  და  ა.შ.   კვლავ  უმოწყალოდ  ნადგურდება  მცენარეები,  მოსავალი,  მინიმუმამდე  მცირდება  მისი  ხარისხი,  მოსახლეობა  წუხს  მოსალოდნელი  შიმშილობისა  და  დისკომპორტის  გამო.  ერთი  სიტყვით,  აღნიშნულ  მავნებელთან  დაკავშირებით  მდგომარეობა  საქართველოში  ყველა  დონეზე  შეფასებულია  კატასტროფულად,  თითქმის  ქვეყნის  ტრაგედიად… მშვიდად  არავინ  არის,  ბავშვიც  კი!   მაგრამ  შედეგი?  შიძლება  ითქვას – არაფერი!!!

       როგორც  ერთ-ერთი  რიგითი  სპეციალისტი,  მე  თვალყურს  ვადევნებ  მოვლენების  განვითარებას,  გაანალიზებული  მაქვს  ყველა  არსებული  წერილობითი  თუ  ზეპირი ინფორმაცია  და,  ამდენად,  თავს  უფლებას  ვაძლევ,  გამოვხატო  ჩემი  მოსაზრებები  შექმნილ  სიტუაციასთან  დაკავშირებით.
  1. აღნიშნულ  ფაროსანასთან  ბრძოლის  2017  წლის  24  მარტის  სტრატეგია  ჩამოყალიბდა  სამი  მიმართულებით:  საინფორმაციო  კამპანია,  მონიტორინგი  და  ქიმიური  წამლობა.    სოფლის  მეურნეობის  სამინისტრომ  წრმოადგინა  2018  წლის  სტრატეგიაც,  რომელიც  საკითხისადმი   წინა  წლის  მიდგომებისაგან  უმნიშვნელოდ  განსხვავდება.  აი,  ისიც:  აქტიური  საინფორმაციო  კამპანია,  სრულმასშტაბიანი  მონიტორინგი,  ქიმიური  წამლობა.  ეს  უკანასკნელი  ითვალისწინებს  აგრეთვე  მოსახლეობის  ჩართულობასა  და  მექანიკურ  ბრძოლას,  გაიზრდება  სააგენტოს  ტექნიკური  შესაძლებლობები,  გაგრძელდება  აქტიური  თანამშრომლობა  დონორ  და  პარტნიორ  საერთაშორისო  ორგანიზაციებთან.
  • ინფორმაციები მოსახლეობას  აღარ  სჭირდება,   ის  თხოულობს  პრობლემის  უსწრაფესად  გადაწყვეტას  და  კრიზისიდან  გამოსვლის  გზების  ჩვენებას.
  • მექანიკური ბრძოლა  (რა  ხერხითაც  არ  უნდა  იყოს  გამოყენებული  (ხელით  შეგროვებით,  ხაფანგებით,  მტვერსასრუტებით  და  სხვ.) ადამიანისათვის  უცხო  არ  არის  და  არც  დამაკმაყოფილებელი!
  • დიდი ხანია  დასაბუთებულია,  რომ  ქიმიური  საშუალებების  გამოყენება  მხოლოდ  უკიდურეს  შემთხვევაშია  მიზანშეწონილი.   ჩვენ  კი,  გარემოსა  და  თბილსისხლიანებისათვის  საკმაოდ  ტოქსიკური  ნივთიერებებით,  ყოველგვარი  წინასწარი  ლაბორატორიული   კვლევების  გარეშე,  დავიწყეთ  საკარმიდამო  ნაკვეთებისა  და  ფერმერული  მეურნეობების  კუთვნილი  ნაკვეთების  შეწამვლა,  არ  დავადგინეთ  ქიმიური  დამუშავების  ვადები  და  მწერის  განვითარების  მგრძნობიარე  ფაზები, ბიოპრეპარატების  ან  პესტიციდური  აქტივობის  მცენარეების  გამოყენება  ამ  მიზნით  ხომ  საერთოდ  არც  გვიცდია…
  1. ნებისმიერი სახეობის  პოპულაცია  ექვემდებარება  ეკოლოგიურ  კანონზომიერებებს.  ერთ-ერთია  მისი  მდგრადობა – დინამიურობის  საკითხი.  გარემო  ფაქტორების  გავლენით  სტრუქტურის,  ეკოლოგიურ  ჯაჭვში  სახეობათა  და  მათი  რიცხოვნობის  მუდმივი  ცვლა,  შესაბამისად  ბიომასის  მერყეობა,  ახალი  ბუნებრივი  მარეგულირებელი  ფაქტორების  ჩართვა,  ან  –  პირიქით.  ანუ  ჩვენ  დაგვავიწყდა,  რომ  ბიოცენოზებში  არსებობს   მავნებლების  მასობრივი  გამრავლების  (აფუთქარების)  რეალური  ალბათობა  და  ამას  თავის  გარკვეული  მიზეზებიც  აქვს!   ეს მიზეზები  კი  დეტალურადაა  ახსნილი  ენტომოლოგიის  ფუნდამენტალურ  სახელმძღვანელოებში…  ჩვენ   აზიურ ფაროსანასთან   ბრძოლა  დავიწყეთ  არა  გამოჩენისთანავე,  არამედ  ამ  მიზეზების  ძიებისა  და  დადგენის   გარეშე  და,   სამწუხაროდ,  უშედეგოდ!
  2. მრავალგზის დადასტურებულია,  რომ  ადვენტურ   სახეობებს  ახალ  არეალში  ბუნებრივი  მტრები  არასოდეს  არ  მოჰყვებათ  მათი  უკვე  გავრცელების   რეგიონებიდან.  მაგრამ  გარკვეული  პერიოდის  შემდეგ  შემოჭრილი  მავნებელი  ხდება  რომელიმე  ადგილობრივი  ბიოაგენტის  სამიზნე  და  საკმაოდ  ეფექტურიც.  აზიური  ფაროსანას საქართველოში  შემოჭრიდან  გავიდა  2  წელზე  მეტი.  დიდი  ალბათობით,  მისი  მარეგულირებელი  ბუნებრივი  მტერიც  უკვე  არის  ფაროსანას  გავრცელების  არეალში.  მას  მოძებნა,  ეფექტურობის  დადგენა  და  პრაქტიკული  გამოყენებისათვის  მეთოდიკის  დამუშავება  სჭირდება.  არ  არის  გამორიცხული,  ჩვენს  მიერ  ქიმიური  პტეპარატების  სისტემატიური  გამოყენებით,  კიდევ  უფრო  დავამძიმოთ  სიტუაცია,  რადგან  დადგენილია,  რომ  სინთეზური  პრეპარატების  მიმართ  უფრო  მგრძნობიარენი  არიან  სასარგებლო  ფაუნის  წარმომადგენლები,  ვიდრე  მავნებლები  და  თუ  ისინი  ნაწილობრივ  მაინც  გვეხმარებოდნენ  მავნებლების  რიცხოვნობის  შემცირებაში, მივიღებთ  უკუშედეგს:  მავნებლის  რიცხოვნობა გეომეტრიული  პროგრესიით მოიმატებს  და  მავნეობის  მაჩვენებლებიც  კატასტროფულად  გაიზრდება.  ამ  თვალსაზრისით,  საინტერესოა  გამოყენებული  პრეპარატების  მოქმედების  აღრიცხვის  დამადასტურებელი  დოკუმენტაციის  წარდგენა  სამეცნიერო  წრეებისათვის.
  3. ყურადღების გარეშე  ვტოვებთ  ისეთ  მნიშვნელოვან  საკითხს   პოპულაციურ  ეკოლოგიაში,  როგორიცაა  ბუნებრივი  სიკვდილიანობა  (არამარტო  ბიოაგენტებით,  აბიოტურითაც…).  საკმარისია  დავასახელოთ  მცენარეთა  დაცვაში  ამა თუ იმ  პესტიციდის  ეფექტუიანობის  დადგენისას,   ბუნებრივ  სიკვდილიანობასთან  შესწორების  კოეფიციენტის   დადგენის  აუცილებლობა.  მოცემულ  მომენტში, არ  უნდა  გავუშვათ  ხელიდან  აზიური  ფაროსანას  მეზამთრეობა:  პოპულაციის  მდგომარეობა  დაზამთრების  დასაწყისში  და  გამოზამთრების  შემდეგ.  მნიშვნელოვანია  სქესთა  შფარდების  დადგენა,  რადგან  თუ  ეს  შეფარდება  მდედრების  სასარგებლოდ  აღმოჩნდება,  ეს  იმას  ნიშნავს,  რომ  კიდევ  უფრო  გაიზრდება  მავნე  სახეობის  საშიშროება  და  პროგნოზირდება  არეალის  გაფართოება.
  4. მოსაზრებები,  რომელიც  ეხება   ფაროსანას  მიერ  დაზიანებული  თხილის  გულში  რამდენიმე  დაავადების  აღმოჩენას,  ეს  არც  გასაკვირია  და  არც  განსაკუთრებული  შემთხვევა:  ჩვეულებრივ,  როდესაც  მწერი იკვებება  მცენარეზე,  ის  არღვევს    დაზიანებული  ორგანოს  ქსოვილების  მთლიანობას,  რითაც  გზას  უხსნის    დაავადების  გამომწვევებს  და  ისინი  ადვილად  აღწევენ  მცენარეში,  საიდანაც  ვრცელდებიან  სხვადასხვა  ორგანოებში  და  შესაბამისად,  აისახება  პროდუქციაშიც.   
  5. კიდევ ერთი  გასათვალისწინებელი საკითხი  ფაროსანა  ბაღლინჯოების  მავნეობასთან  დაკავშირებით:  ფუნდამენტურ  ლიტერატურაში  მითითებულია,  რომ  მავნე  კუსებურას  (Eurygaster  integriceps)  მიერ  დაზიანებული  ხორბლის  მარცვლისაგან  გამომცხვარი  პურით  ხანგრძლივად  კვებისას,  ადამიანი  ავადდება  სისხლის  გათეთრებით.  იგივე  რომ  არ  განმეორდეს  ამ  სახეობის  მონათესავე, ამჟამად  გავრცელებული  წარმომადგენლების  კვების  შედეგად,  საჭიროა  აზიური  ფაროსანას  სანერწყვე  ჯირკვლების  (ან  ნერწყვის)  ანალიზი.  ამასთან  ცნობილია,  რომ   სწორედ მჩხვლეტ-მწუწნი  პირის  აპარატის  მქონე  მწერებს  გადააქვთ  მცენარეთა   მთელი  რიგი  ვირუსოვანი,  ბაქტერიული,  ფიტოპლაზმური  დაავადებები,  დაავადების  გამომწვევები  კი  საინკუბაციო  პერიოდს  გადიან  უშუალოდ  მათ  სანერწყვე  ჯირკვლებში,  რაც  კიდევ  უფრო  აძლიერებს  ასეთი  მწერებისადმი  ინტერესს.
  6. საყურადღებოა  ის  გარემოებაც,  რომ  საქართველოს  სხვადასხვა  რეგიონიდან  (მათ  შორის  გაგრიდან)   მოსახლეობის  მიერ  წარმოდგენილ  ნიმუშებში  დაფიქსირდა არა  მხოლოდ  აზიური  ფაროსანა, არამედ  თითქმის  იგივე  დომინანტურობით ამ  ოჯახის  სხვა  სახეობებიც  (მაგალითად,   მწვანე  ფაროსანა  – Palomena  prasina,  თუმცა  კიდევ  2-3  სახეობა  მოითხოვს  იდენტიფიცირებას).   უკანასკნელ  პერიოდამდე  აზიური  ფაროსანა  საქართველოს  პირობებისათვის  ითვლებოდა შეზღუდულად  გავრცელებულ  სახეობად,  რადგან  აღმოსავლეთში  მისი  პოპულაციები  არ  იყო  აღნიშნული.  გამომდინარე  საკარანტინო  წესების  დაცვის  აუცილებლობიდან,  ჩვენ  დაკვირვებების  წარმოების  საშუალება  არ  მოგვეცა…  სამწუხაროდ,   ფაროსანები  ახლა  მთელ  საქართველოში  არიან  გავრცელებულნი…
  7. იმედის მომცემია  ბიოლაბორატორიის  გახსნის   გადაწყვეტილება  ანასეულში,  რაც  უდავოდ  გამოიღებს  შედეგს,  თუ  გონვრულად  გადაწყდება  მისი  დაკომპლექტება  პროფესიონალებით. თუ  გვინდა  მოსახლეობის  კატეგორიული მოთხოვნის     (დაკვეთის)  განხორციელება,  უნდა  შვძლოთ  სპეციალისტთა   კოორდინაცია,  თვითეულ  მათგანს  მიეცეს  კონკრეტული  დავალება  და  დაეკისროს  სრული  პასუხისმგებლობა  მის  შესრულებაზე.  არა  აქვს  მნიშვნელობა,  ის  სახელმწიფო  უნივერსიტეტი  წარმომადგენელია,  თუ  კერძო  უნივერსიტეტის  თანამშრომელი! როცა  საქმეს  სჭირდება,  ნუ  დავიფანტებით  და  თვითეულ  ჩენთაგანს  მხოლოდ ჩვენი  აზრი  ნუ  გვგონია  საბოლოო  ჭეშმარიტება!  უნდა  დამთავრდეს  მხოლოდ  ინფორმაციების  შეგროვების  დრო,  გადავდგათ ქმედითი  ნაბიჯები  მართლაც  დიდი  პრობლემის   გადასაჭრელად!

     დამაფიქრებელი  ცნობა:  მიმდინარე  წლის 7  დეკემბერს,  უკრაინაში,  კიევის  დიდ  საკონცერტო  დარბაზში,   ჩატარდა  წლის   შემაჯამებელი  კონფერენდცია  („Ореховая конференция“),  რომელიც  მიმდინარეობდა  რამოდენიმე  ბლოკად,  დევიზით:  უკრაინაში  არ   განმეორდეს  საქართველოში  ამჟამად  შექმნილი  მდგომარეობა !  (მოცემულ  პერიოდში  აზიური  ფაროსანა  ქვეყანაში  დაფიქსირებული  არ  ყოფილა!). მუშაობდა:

წყარო: agronews.ge

ჟურნალი აგრარული საქართველო

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s