ჩაის მავნე ორგანიზმები

ჩაის კულტურა საქართველოში ჩინეთიდან შემოიტანეს. არსებობს ლეგენდა მისი წარმოშობის შესახებ: ერთ ჩინელ წმინდანს ლოცვისას ჩაეძინა. ის ძალიან გაბრაზდა და გადაწყვიტა, რომ არასოდეს დაეხუჭა თვალი; ამიტომ მოიჭრა ქუთუთოები და მიწაზე დააგდო. დღემდე ჩინურ და იაპონურ ენებში ქეთუთოებისა და ჩაის აღსანიშნავად ერთსა და იმავე იეროგლიფს იყენებენ.

მსოფლიოში ჩაის 2 მილიარდზე მეტი ადამიანი მოიხმარს. მას სასიამოვნო გემოს გარდა, სამკურნალო თვისებებიც აქვს. იგი შეიცავს ეთეროვან ზეთებს, ცილოვან ნივთიერებებს, თავისუფალ ამინომჟავებს, ალკალოიდებს, კოფეინს, პიგმენტებს, პექტინოვან ნივთიერებებს, ფერმენტებს, მინერალებს, მიკროელემენტებს. ჩაის მცენარის გაშენების ძირითადი მიზანია ნაზი ყლორტების დუყების მიღება, რომლისგანაც სხვადასხვა სახის (შავი, მწვანე, ყვითელი, წითელი, თეთრი და სხვ.) ჩაი მზადდება.

საქართველოში ჩაის პლანტაციები გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე, ტენიან სუბტროპიკულ ზონაში (აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი), თუმცა, უკანასკნელი 20-25 წლის მანძილზე ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ჩაის პლანტაციების დიდი ნაწილი განადგურდა და ახლო წარსულში ჩაის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა იმპორტიორი გახდა.

დღეს ქვეყანაში კვლავ იწყება დარგის აღორძინება და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ისეთი საკითხის განხილვა, როგორცაა ჩაის მცენარის მავნე ორგანიზმები და მათთან ბრძოლის ღონისძიებების გატარება.

საქართველოში ჩაის კულტურის დაავადებათა შესწავლა 1904 წლიდან დაიწყო; გამოვლენილია 51 სხვადასხვა პარაზიტული და საპროფიტული სოკო, რომელთაგან 18 სახეობა (გვარებიდან —Pestalotiopsis, Alternaria, Fusarium, Tric­ho­te­ci­um, Cla­dos­po­ri­um, Verticillium) პირველადაა აღნიშნული საქართველოში.

ჩაის ნაცრისფერი ლაქიანობა

ფოთლებზე ჩნდება სხვადასხვა ზომის მომრგვალო ან არასწორი მოყვანილობის მოყავისფრო ლაქები, რომლებიც აღინიშნება როგორც ფოთლის კიდეზე, ისე წვერზე და შუა ნაწილში, ზოგჯერ მთელ ფოთოლს მოიცავს. ლაქის პირვანდელი ყავისფერი შეფერილობა იცვლება და იგი ნაცრისფერი ხდება, თან გარშემორტყმულია მუქი მოყვითალო-მწვანე არშიით. ლაქის ზედა მხარეზე აღინიშნება ბაცი ყავისფერი და ნაცრისფერი ხაზები, ქვედა მხარეზე ვითარდება სოკოს ნაყოფი პატარა შავი მეჭეჭების სახით.

სოკოს სპორები ხუთუჯრედიანია, რომელთაგან სამი შუა უჯრედი ყავისფერია, ხოლო ორი განაპირა პერიფერიული უჯრედი უფერულია. წვეროსკენ მოთავსებულ უფერულ უჯრედს აქვს სამი უფერული ძაფისებური დანამატი, ხოლო ქვედა უფერული უჯრედი გადადის კინოდიათმტარად, რითაც სპორა მიმაგრებულია სოკოვან სარეცელზე (სოკოს ნაყოფიანობა).

გაუსხვლელ ბუჩქებზე ნაცრისფერი ლაქიანობით უმთავრესად ძველი ფოთლები ავადდება. ახალგაზრდა ფოთლების დაავადებისას ფოთოლი ჭკნება, ფერს კარგავს და ხმება. სოკო ტოტებზეც ვითარდება.

 

ჩაის აღმონაცენების ჭკნობა

ჭკნობა იწყება აღმონაცენებზე, რომლებზედაც 3-6 ფოთოლია განვითარებული. პირველადი სიმპტომები ფესვის ყელზე ჩნდება — შეიმჩნევა ქერქის შეშუპება და დასკდომა, შემდეგ კი კიბოსებრი წარმონაქმნი ვითარდება. ღერო წვრილდება, ფოთლები კარგავს ტურგორს, ყვითლდება, ახასიათებს აჭრელება, საბოლოოდ კი ცვივა. აღმონაცენის ღერო, რომელიც დაავადებული ნაწილის ზემოთაა მოთავსებული, ხმება. ფესვი მთლიანად საღია, ამიტომ გამხმარი მცენარეები ფესვის ყელიდან ახალ ამონაყარს იძლევა. ამონაყარი ყლორტები სუსტია, განუვითარებელი, ადვილად განიცდის არახელსაყრელი კლიმატური პირობების უარყოფით გავლენას, რასაც მათი მთლიანი გახმობა მოსდევს.

დაავადება იწყება ვეგეტაციის დასაწყისში. მას ხელს უწყობს ნიადაგის ზედაპირზე ქერქის წარმოქმნა, ნიადაგის ზედაპირის გახურება (ტემპერატურული პირობები), რის შედეგადაც ხდება ახალგაზრდა მცენარის ფესვის ყელის დაწვა. დასუსტებულ ქერქზე ვითარდება სხვადასხვა სოკოები.

ყავისფერი ანუ მურა ლაქიანობა

ჩაის ყავისფერი ლაქიანობა საქართველოში ჩაის პლანტაციებისათვის უმთავრეს ავადმყოფობად ითვლება. ავადდება ყლორტები და ფოთლები, როგორც ახალგაზრდა, ისე ძველი, უხეში. ახალგაზრდა ფოთლებზე დაავადება სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ძველ ფოთლებზე. ლაქა თავდაპირველად მოყვითალოა, რომელიც შემდეგ ყავისფერი ხდება, იგი მთელ ფოთოლს ედება და ფოთოლი ხმება. ძველ ფოთლებზე ვითარდება მოწითალო-ყავისფერი ლაქა, რომელიც შემდეგ ნაცრისფერდება და მას არშია აქვს შემოვლებული. ლაქებზე უწესრიგოდაა გაფანტული შავი, წვრილი წერტილები — სოკოს ნაყოფიანობა. საბოლოოდ ლაქა იშლება და ფოთოლი ცხავდება. ფოთლის ძირითადი ქსოვილი იშლება, ძარღვები კი ბადისებურად რჩება.

ყლორტები და წვრილი ტოტები დაავადების დროს ხშირად ხმება. ნორჩი ყლორტი მურა ფერის ხდება, ელასტიურობას კარგავს, ფოთლები ხმება და ცვივა. ინფექცია იჭრება მექანიკური დაზიანების ადგილიდან, დუყის მონაწყვეტიდან და ვრცელდება ქვემოთ, ტოტის მიმართულებით.

ავადმყოფობის ზიანი იმაში გამოიხატება, რომ მცირდება მოსავლიანობა, რადგან ფოთლები და ყლორტები ხმება.

ჩაის ტოტების კიბო

ავადდება ფოთლები და 2-3 წლიანი ტოტები. პირველად ტოტების ქერქი მურა ფერს იღებს, შემდეგ ლაქა ჩნდება. ლაქა ტოტის სიგრძეზე ვითარდება და ტოტის გახმობას იწვევს. ეს მაშინ ხდება, როცა ტოტის ქერქი გარშემო ლპება. ავადმყოფობისთვის ნაკლებად ხელსაყრელი პირობების დროს ტიპიური კიბოსებრი წარმონაქმნი ჩნდება: ქერქი რბილდება, ლპება და მერქანს სცილდება. შემდეგ იარის კედლებზე კალუსი ვითარდება. მასზე ჩნდება შავი წვრილი წერტილები — სოკოს პიკნიდიუმები, როლებშიც სოკოს სპორებია მოთავსებული.

ჩაის ცერკოსპოროზი

სოკო იწვევს როგორც ახალგაზრდა, ისე ძველი ფოთლების დაავადებას. ფოთოლზე ჩნდება მოწითალო-ყავისფერი ლაქები. ლაქის ფორმა ცვალებადია. მცენარე სუსტდება და ფოთლები ცვივა. სოკოს ნაყოფიანობა ვითარდება წენგოსფერი ფიფქის სახით ლაქის ქვედა ან ზედა მხარეზე. კონიდიუმები ცილინდრულია, მოხრილი, დაკვერცხილი ბოლოებით, დასაწყისში უფერულია, შემდეგ კი ბაცი წენგოსფერი ხდება, მრავალუჯრედიანია, 2-5 ტიხრიანი (ან უფრო მეტიც).

ჩაის ფოთლების მიკოსფერელა

სოკო გვხვდება ჩაის ისეთ ფოთლებზე, რომლებიც დაზიანებულია არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, კერძოდ, ყინვების ზეგავლენით. დასაწყისში ლაქები ყავისფერია, შემდეგ ზედა მხრიდან უფრო ბაცი ხდება; ლაქები მრგვალდება, ერთიანდება და ფოთლის ფირფიტის უდიდესი ნაწილი ხმება. სოკოს ნაყოფსხეულები — პერიტეციუმები შავი წერტილების სახით ვითარდება.

ჩაის ფოთლების სილაქავეს აგრეთვე იწვევენ შემდეგი სახეობის სოკოები: Phomopsis the­i­co­la, Phyllosticta theae, Ascochyta sp. და სხვა.

ჩაის ტოტების ბაქტერიული კიბო

ავადდება 3-4 წლიანი და მეტი ხნის ტოტები. დაავადების ადგილას ღერო ოდნავ გაბერილია; ქერქი სკდება, იშლება და კოჟრები ჩნდება, რომელთა ზომა 1-2 სმ-ს აღწევს. კოჟრები ან ერთეულია ან მწკრივადაა განლაგებული. დაავადებული ტოტი სუსტია და ადვილად ხმება.

ჩაის მცენარის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება აგროტექნიკური, სანიტარულ-ჰიგიენური და ქიმიური ბრძოლის ღონისძიებები. დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ფოთლები უნდა მოიკრიფოს და დაიწვას, ჩაის ბუჩქი დროულად უნდა გაისხლას და განასხლავი განადგურდეს, ყურადღება უნდა მიექცეს ნიადაგის განოყიერებას, რადგან დაავადებები ვითარდება დასუსტებულ ბუჩქებზე; ქიმიური ღონისძიებებიდან მიზანშეწონილია სპილენძის შემცველი ფუნგიციდებით წამლობა.

ჩაის მცენარის ძირითადი მავნებლები

ჩაის მცენარე ადვილად ზიანდება ნაირჭამია და სპეციფიკური მავნებლებით. ნაირჭამია მავნებლებიდან აღინიშნება: ეგვიპტური კალია, ჩვეულებრივი მწვანე კალია, კუტკალიები, ბოსტანა ანუ მახრა, ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა, ამიერკავკასიის მაისის ღრაჭა, მომღრღნელი ხვატარები, კარადრინა, სიმინდის ფარვანა და სხვ. სპეციფიკური მავნებლებიდან ჩაის პლანტაციებს აზიანებენ: ნარინჯოვანთა (ჩაის) ბუგრი, იაპონური ცვილისებური ცრუფარიანა , წაგრძელებული ბალიშა ცრუფარიანა, მანადგურებელი ფარიან , კამელიის იაპონური ფარიანა, ტროპიკული ანუ ციანოფილის ფარიანა, სათბურის თრიფსი, იაპონური მიხაკისფერი ღრაჭუნა, ჩაის ჩრჩილი, მრავალჭამია ფოთლიხვევია, ვაზის ფოთლიხვევია, ჩაის წებოვანი ტკიპა, ტკიპა ბრევიპალპუსი.

ნარინჯოვანთა (ჩაის) ბუგრი

ნარინჯოვანთა (ჩაის) ბუგრი მსოფლიოში ფართოს გავრცელებული სახეობაა. საქართველოში აღინიშნება შავი ზღვის სანაპიროზე აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში. განვითარების ყველა ფაზაში სახლდება და აზიანებს ჩაის ახალგაზრდა ფოთლებსა და ნორჩი ყლორტების წვეროებს. ისინი სახლდებიან ფოთლის ქვედა მხრიდან. ფოთოლი და ყლორტი კარგავს ბუნებრივ ფერს, ყვითლდება, ხუჭუჭდება. ბუგრი გამოყოფს ექსკრემენტებს, რაც ხელს უწყობს ფოთოლზე სხვადასხვა საპროფიტული სოკოების დასახლებას. ჩაის ფოთლები გადასამუშავებლად უვარგისი ხდება. მცენარე სუსტდება და მოსავალი მცირდება (43%-ით); მოკრეფილი ფოთოლი კი დაბალხარისხიანად ითვლება. წელიწადში 10-12 თაობას იძლევა.

იაპონური ცვილისებური ცრუფარიანა

 

აღნიშნული მავნებელი საქართველოში შეზღუდულად გავრცელებული მავნე ორგანიზმია. იგი აზიანებს ჩაის ფოთლებს, ყლორტებს, ტოტებსა და ზოგჯერ ღეროსაც. მცენარე სუსტდება. მასზე სახლდება საპროფიტული სოკოები, რომლებიც ფოთლის გაშავებას იწვევენ. ამის გამო ფოთლების ასიმილაციის პროცესი ნელდება, ცხოველმყოფელობის პროცესი ეცემა, მცენარე კნინდება, ვერ უძლებს ყინვებს და იღუპება. ჩაის ბუჩქის მოსავალს ფოთოლი წარმოადგენს. აღწერილი დაზიანება იწვევს როგორც საერთო მოსავლის რაოდენობის დაცემას, ისე მისი ხარისხის გაუარესებას.

წაგრძელებული ბალიშა ცრუფარიანა

წაგრძელებული ბალიშა ცრუფარიანა მატლისა და იმაგოს ფაზაში სახლდება ჩაის ბუჩქის ფოთლებზე, ძირითადად ქვედა მხარეზე, ასევე ყლორტებზე და იკვებება. ინტენსიურად გამრავლებისას იგი ტოტებსა და ღეროზეც სახლდება. მის მიერ გამოწვეული ზიანი გამოიხატება იმაში, რომ მძინარე კვირტები ვეღარ ვითარდებიან, იშლებიან, რასაც მოსავლის საგრძნობი შემცირება მოსდევს. ფოთლები კარგავენ ბუნებრივ მწვანე ფერს, ჭკნება და ცვივა. მავნებლის მკვებავი მცენარის სახეობათა რაოდენობა 80-ს აღემატება. მისი განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 18-250-ია. წელიწადში იძლევა ერთ გენერაციას.

კამელიის იაპონური ფარიანა

კამელიის იაპონური ფარიანა სახლდება საფოთლე ჩაის ბუჩქის ტოტებსა და ღეროზე, ჩაის თესლის შემოუსვლელ კოლოფებზე და მათი ზრდის შენელებას იწვევს. ფარიანას დასახლების ადგილას მცენარის ლაფნის დიდი ნაწილი გადაიქცევა ფხვიერ მასად. ფარიანათი დაზიანებული ჩაის ბუჩქის მწვანე ფოთლის მოსავალი 27-29%-ით მცირდება. იგი უარყოფით გავლენას ახდენს ჩაის პროდუქციის (ნახევარფაბრიკატის) არომატზე, გემოსა და ექსტრაქტზე.

ტროპიკული ანუ ციანოფილის ფარიანა

მავნებლის მატლები და დედალი იმაგო ჩაის მცენარეს ძირითადად უზიანებენ ფოთლებს და გამერქნებულ ორგანოებს. ფარიანების დიდი ნაწილი სახლდება ფოთლის ქვედა მხრიდან ძარღვების გასწვრივ და წუწნის შედეგად ფოთლებზე წარმოშობს ყვითელი ფერის ლაქებს, რომლებითაც თანდათანობით იფარება ფოთლის ფირფიტა. ფოთოლი ცვივა. გამერქნებული ორგანოები ხმება. სათესლე ჩაის პლანტაციებში გარდა მწვანე ორგანოებისა, სათესლე კოლოფებსაც აზიანებს, რითაც უარყოფით გავლენას ახდენს თესლის ზრდა-განვითარებასა და მის ხარისხზე. მავნებელი წელიწადში იძლევა 2-3 თაობას.

ჩაის ჩრჩილი 

ჩაის ჩრჩილის მატლები აზიანებენ როგორც უხეშ ფოთლებს, ისე ნაზ ყლორტებს და გამერქნებულ ერთ-ორწლიან ტოტებს. ფოთლებში მატლები ნაღმს წარმოშობენ და პარენქიმით იკვებებიან, ყლორტებში კი — გულით, რასაც მათი გახმობა მოსდევს. ყლორტების მაქსიმალური დაზიანება მარტ-აპრილშია აღნიშნული. მატლშემცველი ყლორტები ხარისხოვანი ჩაის ფოთლის პროდუქციას ვეღარ იძლევიან. დაზიანების გამო კლებულობს ტანინი და სხვა ნივთიერებათა შედგენილობა, რაც იწვევს ჩაის ფოთლის ხარისხის გაუარესებას. ფოთლებისა და ყლორტების ასეთი დაზიანება უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ახალგაზრდა, ისე სათესლე ბუჩქების ზრდასა და მოსავალზე.

ჩაის მცენარის მავნებლების წინააღმდეგ გამოიყენება აგროტექნიკური და ქიმიური ბრძოლის ღონისძიებები.

ჩაის მცენარის ძირითადი სარეველები

სარეველებიდან ჩაის პლანტაციებში გავრცელებულია ეწრის გვიმრა, მინდვრის შვიტა, კაროლინის ძაღლყურძენა და სხვ.

ეწრის გვიმრა

ეწრის გვიმრა მრავალწლიანი, სპოროვანი, ფესურიანი მცენარეა გვიმრისებრთა ოჯახიდან, რომლის სიმაღლე 2 მ-მდე აღწევს. ფოთოლი ფრთისებრ დანაკვთულია, მრავლდება ფესურითა და სპორებით. გავრცელებულია უმეტესად დასავლეთ საქართველოში. ძნელად მოსასპობი სარეველაა. ასარევლიანებს პლანტაციებს და ნათესებს.

 

მინდვრის შვიტა

მინდვრის შვიტა მრავალწლიანი, სპოროვანი, ბალახოვანი მცენარეა; აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. უპირატესობას ანიჭებს ზომიერად ტენიან, ნაყოფიერ ნიადაგებს. თითქმის მთელ საქართველოშია გავრცელებული. ძნელად ამოსაძირკვი სარეველაა.

კაროლინის ძაღლყურძენა

კაროლინის ძაღლყურძენა მრავალწლიანი ფესვნაყარი სარეველაა, რომელიც კარტოფილს წააგავს. საქართველოში შეზღუდულადაა გავრცელებული. ღერო სწორია, 30-120 სმ სიმაღლის, მსხვილი დატოტვილი ვარსკვლავისებური ბეწვებით და მაგარი, მოყვითალო ეკლებით. ყვავილები მოთეთრო ან იასამნისფერია, ნაყოფი კენკრაა, მოყვითალო ან ნარინჯისფერი, მრგვალი, გლუვი ზედაპირით (1,5-2სმ). კენკრაში 40-60 თესლია. თესლის სიგრძეა 2-3 მმ, ოვალური, მკერდშეჭყლეტილი, ყვითელი ან ყავისფერი, ფოსოებიანი ზედაპირით. მცირე ზომის ჭიპი მოთავსებულია თესლის წიბოზე.

სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება აგროტექნიკური და ქიმიური ბრძოლის ღონისძიებები.

მაია გიორბელიძე,

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის

ენტომოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი

ნინო დათუკიშვილი,

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის

ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი

წყარო: agronews.ge

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s