კულტურული წყავი – სასარგებლო მცენარე

პლანეტაზე გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული აგროკლიმატური რისკების ფონზე დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ბევრი კულტურული ნარგაობა მოუსავლიანი ხდება, განსაკუთრებით კურკოვნები და თესლოვნები, რომლებიც ყვავილობის ფაზაში (მარტი-აპრილი) გახშირებული საგაზაფხულო წაყინვების, დაბალი ტემპერატურებისა და მოჭარბებული ტენიანობის შედეგად ნაწილობრივ ან მთლიანად კარგავენ მოსავალს. ასეთი არახელსაყრელი  პირობების მიმართ შედარებით გამძლე კულტურას მიეკუთვნება წყავი.

კულტურული წყავის (Laurocerasus of­fi­ci­na­lis) სამშობლო მცირე აზიასთან ერთად საქართველოა. როგორც ხეხილოვანი მცენარე წყავის კულტურული ფორმები ძირითადად დასავლეთ საქართველოშია ცნობილი, თუმცა ერთეული ნარგაობის სახით ის აღმოსავლეთ საქართველოს ბევრ რეგიონში შეინიშნება.

წყავის ნაყოფები გამოიყენება ნედლი სახით, ასევე საუკეთესოა მურაბების დასამზადებლად, გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. წყავის ნაყოფისაგან და ფოთლებისაგან მედიცინაში თორმეტამდე სახის პრეპარატი მზადდება. უკანასკნელი გამოკვლევებით წყავის ნაყოფში შემავალ ნივთიერებებს გააჩნიათ უნარი, ადამიანის ორგანიზმში გააუვნებელყონ მავნე რადიოაქტიური ნივთიერებანი. წყავის მცენარე, რომელიც მარადმწვანე და ზომიერი კლიმატური პირობების მიმართ გამძლეა, წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნას ქარსაფარ ზოლებში, დეკორაციულ ნარგაობაში, წყავის ფოთლების ფიტონციდური თვისებების გამო იგი ხშირად ეზოებში დასასვენებელი ფანჩატურების, ღვინის მარნების საუკეთესო საჩრდილობელი მცენარეა. ასევე მისი ტოტები, ფოთლები იხმარება სარდაფებში ციტრუსოვანთა ნაყოფების შენახვისას საფენებად, რითაც სუსტდება სოკოვანი დაავადებების გავრცელება და ნაყოფების ლპობა.

კულტურული წყავი მარადმწვანე 10-12 მ სიმაღლის ხეა. ტოტები გლუვია და მოქნილი, მერქანი მკვრივი, კარგად უძლებს თოვლის სიმძიმეს, ფოთლები მუქი მწვანე, დიდი ზომის, გლუვი, ტყავისებრი, ყვავილები თეთრი, წვრილი შეკრულია სწორმდგომ მტევნებად. ყვავილობს გაზაფხულზე აპრილის დასაწყისში მაისამდე, ნაყოფი წვრილიდან მსხვილამდე, წვნიანი, კურკიანი, მოვარდისფრო თეთრიდან შავამდე. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-40-იან წლებში აკადემიკოს ტარას კვარაცხელიას მიერ აღწერილია რამდენიმე ჯიშ-ფორმა. 1985-1990 წლებში ასპირანტ ვახტანგ მჭედლიძის მიერ დასავლეთ საქართველოს მასშტაბით შესწავლილია წყავის სამეურნეოდ ვარგისი ფორმების ბიოეკოლოგია და გამოყოფილია საუკეთესო ჯიშ-ფორმები:

1. შავნაყოფა ტკბილი წყავი „ნაკიფუ“, რომელიც გავრცელებულია წალენჯიხის რაიონში.

2. თეთრნაყოფა ტკბილი წყავი, ასევე გავრცელებულია წალენჯიხის რაიონში;

3. ფორმა № 14 შავნაყოფა „ჩლოუ“, რომელიც შერჩეულია ოჩამჩირის რაიონის სოფ. ჩლოუში ფხაკაძის საკარმიდამო ნაკვეთზე.

4. ფორმა № 28 წითელნაყოფა მსხვილი, გამოყოფილია ჩაქვის ფილიალის ტერიტორიაზე;

5. ფორმა № 29 — შავნაყოფა ტკბილი, გამოყოფილია საჩხერეში სააკიანის საკარმიდამო ნაკვეთზე.

6. ფორმა № 33 — მოვარდისფრო, გამოყოფილია სოფ. ნაკიფუში წალენჯიხის რაიონი;

7. ფორმა № 40 — შავნაყოფა ნარაზენი, გამოყოფილია ზუგდიდის რაიონის ს. ნარაზენში შულაიას საკარმიდამო ნკვეთზე.

ყველა ზემოთჩამოთვლილი ჯიშ-ფორმა დადებითი სამეურნეო ნიშან-თვისებებით ხასიათდება: უხვი და რეგულარული მსხმოიარობა, ნაყოფის სიდიდე. ბიოქიმიური კვლევისას გამოვლინდა, რომ ადგილმდებარეობისდა მიხედვით ნაყოფის რბილობი შეიცავს მშრალ ნივთიერებას 20,0-დან 25,0%-მდე; ვიტამინ „C“ 30,0-50,0 მგ%; მთრიმლავ ნივთიერებებს 350-420 მგ%; შაქრებს — 14,0-17,0 %. ნაყოფის სიმწიფის პერიოდი ყველა ფორმებისათვის დაახლოებით თანაბარია ივლისის პირველიდან — მესამე დეკადამდე. აქტიური სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა წყავის მცენარეზე დასავლეთ საქართველოს პირობებში შეადგენს 145-187 დღეს, ხოლო ამ პერიოდში აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 2300-29000 აღწევს.

როგორც აღვნიშნეთ წყავი ენდემური მცენარეა, მისი ველური ფორმები უხვადაა წარმოდგენილი მაღალმთიანი ზონის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობებზე წიფლნარების ქვეტყის სახით. ბუნებრივია, მცენარე გამრავლების მაღალი ცხოველმყოფელობით ხასიათდება. კვლევებით დადასტურდა, რომ თესლის გაღივებას 5-7 თვე სჭირდება. საველე აღმოცენება 47,5-72,9 % შორის მერყეობს, ამასთან მიღებული ნათესარებიდან გაშენებული მცენარეები ჭრელია, მათ ახასიათებთ მემკვიდრული ნიშან-თვისებების მკვეთრი დათიშვა, აქედან გამომდინარე სამეურნეოდ ვარგისი კულტურული ფორმების მისაღებად აუცილებელია ვეგეტატიური გამრავლება.

კულტურული წყავის სტანდარტული ნერგების მისაღებად შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც წინა წლის, ისე მიმდინარე წლის ნაზარდები აჭრილი 2 კვირტითა და ორი ფოთლით, რომელიც დაკალმების წინ სანახევროდ იკვეცება. სუბსტრატად ვარგისია ფხვიერი წითელმიწისა და სილის ნაზავი 2:1-თან, ან უშუალოდ კარგად დამუშავებული ღია გრუნტი. დაფესვიანების ოპტიმალური ტემპერატურაა: ჰაერის 25-28°C; ნიადაგის 20-22°C; ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 8-9°C; დაფესვიანებული ნერგების ზრდის დასაჩქარებლად რეკომენდებულია აზოტისა და ფოსფორის მცირე კონცენტრაციის ხსნარით პერიოდული მორწყვა. სტანდარტულ ნერგს უნდა ახასიათებდეს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა და 30-35 სმ-ის სიმაღლის ღერო, ერთი ან ორი გვერდითი ტოტით.

მუდმივ ადგილზე გასაშენებლად იღებენ 40×45 სმ სიღრმის ორმოს, რომელშიც შეაქვთ 10 კგ გადამწვარი ნაკელი, 150 გრ ფოსფორისა და 100 გრ კალიუმის მარილი. ყველა კომპონენტს ერთმანეთში აურევენ მიწასთან ერთად, ნერგს მიწის კოშტით ათავსებენ ორმოში, აყრიან მიწას, ტკეპნიან და რწყავენ. ნერგს დაუსობენ ჭიგოს და ააკრავენ. ნერგების რგვა შესაძლებელია შემოდგომით ოქტომბერ-ნოემბერში და გაზაფხულზე თებერვალ-მარტში. წყავის ფოთოლს ეტანება პირუტყვი, ამიტომ ნარგაობა დაცული უნდა იქნეს ცხოველებისაგან. მსხმოიარობაში შედის მე-4-5 წლიდან. სრულასაკოვანი წყავის მცენარის საშუალო მოსავლიანობა 30-50 კგ-ს შეადგენს, თუმცა არიან ფორმები, რომელთა მაქსიმალური მოსავლიანობა  80-100 კგ-ია ერთ ხეზე.

წყავის მცენარის კულტურაში ფართოდ გავრცელებას აბრკოლებს სხვადასხვა ფაქტორები, რაც განპირობებულია წმინდა მეურნეობრივი (კომერციული) მოსაზრებებით და თუნდაც კულტურათა შორის კონკურენციით, თუმცა სრულიად დასაშვებია მოყვარულ მეხილეობაში მისი აქტიური ჩართვა თუ გინდ იმ დადებითი თვისებების გამო, რაზედაც ჩვენს მიერ ზემოთ იყო აღნიშნული.

ფერმერულ მეურნეობებში წყავის კულტურული ფორმები შესაძლებელია გაშენდეს ერთეული ხეების, კორომების ან მწკრივების სახით. მაგალითად, ციტრუსების, კივის (აქტინიდია) ნარგაობის ირგვლივ ამ კულტურის გაშენება დამატებით ხომ ქარსაფარი ზოლის ფუნქციასაც შეასრულებს, ხოლო ფერდობ ადგილებში მისი გაშენება ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო საშუალებაც იქნება. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ წყავის ნაყოფი გარეული ფრინველების საუკეთესო საკვებია.

ჩვე­ნი მი­ზა­ნი ხომ ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა-გა­დარ­ჩე­ნაა. დი­ახ, ასეთ უნუ­კა­ლურ მცე­ნა­რე­თა რიცხვს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა წყა­ვი. ნუ და­ვი­ვიწყებთ მას, ვიზ­რუ­ნოთ მი­სი არე­ა­ლის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად.

ზაურ გაბრიჩიძე,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ქეთევან ჩიკაშუა,
ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

წყარო: agronews.ge

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s