საქართველოში გავრცელებული ვაზის წითელყურძნიანი საღვინე ჯიშები

Saperavi_G2_CS_recad

საფერავი – ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. იგი პირველად მოხსენიებულია ვახტანგ VI-ის “დასტურლამალში”. დღესდღეობით, ვენახის ფართობის მიხედვით საფერავი ყველაზე ფართოდ გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია საქართველოში (ძირითადად, კახეთის რაიონებში). საქართველოს გარეთ გვხდება სომხეთში, აზერბაიჯანში, ყირიმში, უზბეკეთსა და სხვა ქვეყნებში. მაღალხარისხიანი საღვინე ჯიშია, ძვირფას მასალას იძლევა თითქმის ყველა ტიპის ღვინისათვის, მაგრამ განსაკუთრებულ მაღალ თვისებებს მხოლოდ ცალკეულ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ამჟღავნებს. საფერავის სუფრის ღვინო ინტენსიური მუქი შეფერვით, ალკოჰოლისა და სიმჟავის ზომიერი შემცველობით, სხეულით, სიხალისით, მდიდარი ბუკეტით, დაძველების დიდი პოტენციალითა და მაღალი გემური მაჩვენებლებით ხასიათდება. კახეთში ყურძენი სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდება, ხოლო რთველი ოქტომბრის პირველ ნახევრამდე გრძელდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-26,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,5-8,5გ/ლ-ს. საფერავისგან მზადდება შემდეგი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები: „ახაშენი“, „კოტეხი“, „ყვარელი“, „მუკუზანი“, „ქინძმარაული“.

საფერავი ბუდეშურისებური – სახელწოდებით „საფერავი-ბუდეშური“ იგი პირველად აღწერილია ივრისპირა სოფლებში 1895 წ. ს. ქვარიანის მიერ და განსხვავდება ჩვეულებრივი საფერავისაგან ძირითადად მოგრძო ბუდეშურისმაგვარი მარცვლებით და შედარებით უფრო ნაადრევი სიმწიფით. საფერავი ბუდეშურისებურის ღვინოს აქვს ინტენსიური ფერი და უფრო მცირე სხეული, ვიდრე ჩვეულებრივ საფერავს.

takveri

თავკვერი – თავკვერი ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ჯიში გავრცელებულია, ძირითადად, ქართლის რაიონებში. საქართველოს გარეთ გვხვდება აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში. თავკვერისგან მზადდება ადგილობრივი მოხმარების წითელი ან ვარდისფერი ღვინოები ხილის სურნელით. განსაკუთრებით სასიამოვნოა თავკვერისგან დაყენებული ახალგაზრდა ღვინო. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა – თავისი გავრცელების ძირითად ზონაში (გორის რაიონი) ყურძენი ოქტომბრის პირველ ნახევარში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,0-21,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,5-8,5გ/ლ-ს. თავკვერის ყვავილები ფუნქციონალურად მდედრობითია და ამიტომ აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის.

aleqsandruli

ალექსანდროული – ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია და მიეკუთვნება შავი ზღვის აუზის ვაზის ჯიშების ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ძირითადად, გავრცელებულია რაჭის რაიონებში. ალექსანდროული მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ხასიათდება შაქრის დაგროვების მაღალი უნარით – ყურძენს კრეფენ, როდესაც მასში შაქრიანობა 26,0-28,0%-ს მიაღწევს. ამგვარი მასალისგან სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო ხასიათდება ლამაზი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის კარგი შეფარდებით, ჰარმონიულობით, შაქრის ნორმალური შედგენილობითა და სასიამოვნო გემური თვისებებით. შედარებით ნაკლები შაქრის შემცველობისას (20,0-21,0%) ჯიშისგან ამზადებენ მაღალხარისხოვან სუფრის ღვინოს. ალექსანდროულისგან დამზადებული მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინოები გამოირჩევა სინაზით, ახასიათებს ჟოლოსა და შავი ბლის სურნელები. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა – დასავლეთ საქართველოს რაიონებში ყურძენი ოქტომბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. ალექსანდროულისგან, მუჯურეთულთან ერთად, მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“.

mujuretuli

მუჯურეთული _ ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია, ძირითადად, რაჭის რაიონებში. ხასიათდება შაქრის დაგროვების მაღალი უნარით. მისგან დაყენებული სუფრის ღვინო მაღალი ხარისხისაა, გამოირჩევა კარგი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობითა და ჰარმონიულობით. ჯიში საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა. რაჭა-ლეჩხუმის ზონაში ყურძენი სრულ სიმწიფეს ოქტომბრის შუა რიცხვებში აღწევს. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 25,0-30,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 6,0-7,0გ/ლ-ს. მუჯურეთულისაგან, ალექსანდროულთან ერთად, მზადდება ადგილწარ¬მო¬შობის დასახელების კონტროლირებადი, უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“.

usaxeluri

უსახელოური (სინ.: ოყურეშული) – ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ძირითადად, გავრცელებულია ლეჩხუმში და გამოყენებულია მაღალხარისხოვანი, სუფრის და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად, რომელიც ინტენსიური შეფერვით, მაღალი ალკოჰოლით, ჯიშური სასიამოვნო არომატით, საკმაო სხეულითა და ჰარმონიული გემოთი გამოირჩევა. ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად ყურძენი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იკრიფება, მაშინ, როდესაც მასში 23,0-26,0% შაქარი და 6,0-8,0გ/ლ მჟავიანობაა. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა. რაჭა-ლეჩხუმის ზონაში ყურძენი სექტემბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-26,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 6,5-9,0გ/ლ-ს.

chxaveri

ჩხავერი (სინ.: ჩხაველი) – ქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ძირითადად, გავრცელებულია გურიისა და აჭარის რაიონებში. გამოიყენება მაღალი ხარისხის სუფრისა და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. ჩხავერის ღვინო მეტად ნაზია, ჰარმონიული, შინაარსიანი, ნორმალური ალკოჰოლიანი, ატმისა და თეთრი ხილის სურნელებით. გამოირჩევა მაღალი გემური მაჩვენებლებით. ჯიში ძალიან საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა _ გურიის რაიონებში ყურძენი ნოემბრის მეორე ნახევრიდან მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5-21,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 8,1-9,6გ/ლ-ს.

aladasturi

ალადასტური – ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. გავრცელებულია გურიისა და იმერეთის რაიონებში. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. ალადასტურისგან დაყენებული ღვინო მაღალი ხარისხისაა, ხასიათდება ლამაზი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ჰარმონიული შეფარდებით, კარგი სხეულითა და ჯიშური არომატით. ყურძნის გადამწიფებისას ალადასტურის პროდუქცია გამოიყენება მაღალხარისხიანი, ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა – დასავლეთ საქართველოს რაიონებში ყურძენი ოქტომბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5-21,5%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8,5-9,4 გ/ლ-ს.

ojaleshi

ოჯალეში (სინ.: შონური, სვანური) – ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება სამეგრელოს ვაზის ჯიშთა ჯგუფს. მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიშია. ოჯალეშის ღვინო ხასიათდება ინტენსიური შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, დიდი სხეულით, ხავერდოვნებით, ჰარმონიულობითა და მდიდარი ჯიშური არომატით. ყურძნის გვიან დაკრეფის შემთხვევაში მისგან მაღალხარისხიან, ნახევრად ტკბილ ღვინოს ამზადებენ. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა – სამეგრელოში ყურძენი ნოემბრის შუა რიცხვებში მწიფდება, ხოლო რთველი ზოგჯერ ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში მიმდინარეობს. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-23,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8,0-9,0გ/ლ-ს.

shavka[pito

შავკაპიტო (სინ.: შავი კაპიტო, შავკაპიტა, ბლაუჰერცერი) – ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. გავრცელებულია შიდა ქართლში. მისგან ამზადებენ საკმაოდ მაღალხარისხოვან ადგილობრივი მოხმარების ღვინოს, რომელიც ლამაზი, ღია წითელი (ვარდისფერი), წითელი შეფერვით, სინაზით, სიხალისითა და ჰარმონიულობით ხასიათდება. ჯიში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. შავკაპიტო საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა – შიდა ქართლში ყურძენი ოქტომბრის პირველ ნახევარში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 17,0-21,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6,2-7,1 გ/ლ-ს.

otskhanuri sapere

ოცხანური საფერე – ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია, ძირითადად, იმერეთის რაიონებში. გამოიყენება მაღალხარისხიანი წითელი ღვინის დასამზადებლად ან სხვა წითელი და თეთრი ჯიშების ღვინის შესაფერად. ცალკე დაყენებული ოცხანური საფერეს ღვინო გამოირჩევა ინტენსიური შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, ხავერდოვნებით, მდიდარი სხეულით, ჰარმონიულობითა და კარგად გამოსახული ჯიშური არომატით. დაძველების შემდეგ ღვინო ძალზე ღრმა სურნელსა და ელეგანტურობას იძენს, გამოირჩევა მდიდრული და ხანგრძლივი დაბოლოებით. ჯიში საგვიანო პერიოდისაა – ყურძენი ოქტომბრის მესამე დეკადაში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-23,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 9,0-10,0 გ/ლ-ს.

ასურეთული შავი (სინ.: ასურეთული, შალტრაუბენი, შალშვარცი, შალი) – ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია ქვემო ქართლიდან. ჯიში საღვინე მიმართულებისაა _ მისგან მზადდება ადგილობრივი მოხმარების ღია წითელი ფერის ღვინო, რომელსაც ახასიათებს შედარებით დაბალი ალკოჰოლი (9,0-9,50), ხალისიანი მჟავიანობა და კარგი გემური მაჩვენებლები. ასურეთული შავი საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა. ასურეთის ზონაში ყურძენი სექტემბრის მეორე ნახევრიდან მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 17,0-18,5%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 7,0-8,5გ/ლ-ს. ჯიშს ახასიათებს ფუნქციონალურად მდედრობითი ყვავილები და აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის.

ძელშავი (სინ. ძველშავი, ძველშავი ობჩური) – ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. გავრცელებულია, ძირითადად, იმერეთის რაიონებში. საღვინე მიმართულებისაა. გამოიყენება ადგილობრივი მოხმარების ღია წითელი (ვარდისფერი) შეფერვის სუფრის, ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად და საკუპაჟედ. ძელშავისაგან შეიძლება საკმაოდ ენერგიული, მაღალმჟავიანი საზაფხულო ღვინის დამზადებაც. ჯიში საგვიანო პერიოდისაა _ იმერეთის რაიონებში ყურძენი სექტემბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 7,0-8,0 გ/ლ-ს.

კაბისტონი შავი (სინ. კაბიშტონი, მრგვალი კაბისტონი და სხვა) – ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება რაჭის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ძირითადად, გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმის რაიონებში. ჯიში საღვინე მიმართულებისაა, გამოიყენება ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინოების დასამზადებლად. ღვინო ხასიათდება კარგი შეფერვით, ენერგიულობით, სხეულითა და მაღალი გემური მაჩვენებლებით. კაბისტონი შავი საშუალო სიმწიფის პერიოდისაა _ რაჭა-ლეჩხუმის ზონაში ყურძენი მწიფდება სექტემბრის მეორე ნახევრიდან. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 7,0-10,0გ/ლ-ს.

მგალობლიშვილი – ქართული ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია იმერეთიდან. საღვინე მიმართულებისაა. ცალკე დაყენებული მგალობლიშვილის ღვინო მცირედ არის შეფერილი, ნაკლებსხეულიანი და შინაარსიანია, ამიტომ მას აკუპაჟებენ ოცხანურ საფერესთან ერთად და იღებენ ინტენსიურად შეფერილ, ხალისიან სუფრის წითელ ღვინოს. რეკომენდებულია, ძირითადად, საბრენდე ღვინომასალის დასამზადებლად. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა _იმერეთის რაიონებში ყურძენი ოქტომბრის პირველ დეკადაში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 21,0-23,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 7,5-8,5 გ/ლ-ს.

ბადაგი – ქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ბადაგისაგან დგება საკმაოდ ხარისხიანი სუფრის ღვინო. ღვინო ხასიათდება კომშისებური შეფერვით, კარგი სხეულით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, 12,7%-იანი ალკოჰოლის შემცველობით, მაღალი გემური მაჩვენებლებით. დაძველებისას ღვინის ხარისხი უმჯობესდება. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,5-24,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 6,5-10,0გ/ლ-ს.

მტევანდიდი (სინ.: აკიდო) – ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. მისგან დაყენებული ღვინო ხასიათდება კარგი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური ურთიერთშეფარდებით, საკმაოდ მაღალი გემური მაჩვენებლებით. მე-19 საუკუნეში ი. მარი მტევანდიდს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა, როგორც ძირითად საკუპაჟე მასალას და ჯანსა და სხილათუბანთან შერევით ამზადებდა ე.წ. „მარის ღვინოს“. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-23,5%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8,5-10,0გ/ლ-ს.

სხილათუბანი (სინ.: სხილთაუბანი, სხილათობანი, რცხილათუბანი, რცხილათობანი, ცხილათობანი, ცხრილათობანი) – ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სხილათუბანისგან დაყენებული ღვინო ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, ალკოჰოლისა (10,6-11,8 %) და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, კარგი სხეულითა და ჰარმონიულობით. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,0-20,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8,0-9,0გ/ლ-ს.

ჭუმუტა (სინ.: ჯუმუტა, ჯუმუტაი) – ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ჭუმუტას ღვინო ხასიათდება სპეციფიკური, ლამაზი, ღია წითელი შეფერვით, დიდი სხეულით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, ჰარმონიულობითა და კარგი გემოთი. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 18,0-20,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 9,0-9,6გ/ლ-ს.

ჯანი (სინ.: მარის ყურძენი, ჯანის ყურძენი) – ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ჯანის ღვინო მაღალი ხარისხისაა, ხასიათდება დიდი სხეულით, ალკოჰოლისა (11,5-12,1%) და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, ჰარმონიულობითა და მაღალი გემური თვისებებით. დაძველებისას ივითარებს სასიამოვნო გემოსა და მდიდარ ბუკეტს. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,9-23,4%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6,0-9,1გ/ლ-ს.

პანეში – ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება სამეგრელოს ვაზის ჯიშთა ჯგუფს. პანეში საღვინე მიმართულებისაა _ სამეგრელოს მთისპირა სამხრეთის ფერდობებზე მისგან მაღალხარისხიანი სუფრის ღვინო დგება, რომელიც კარგი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, კარგი სხეულითა და ჰარმონიულობით ხასიათდება. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა – სამეგრელოს მთისპირა რაიონებში ყურძენი ოქტომბრის მესამე დეკადაში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 17-19,5%-ს, ხოლო მჟავიანობა – 9,0-10,0გ/ლ-ს.

ცხენის ძუძუ აჭარული (სინ.: ათმემე) – ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება აჭარის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სამეურნეო დანიშნულებით სასუფრე მიმართულებისაა. გამოიყენება აგრეთვე საკმაოდ შეფერილი და ხალისიანი ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინოების დასამზადებლად. მტევანი საშუალო სიდიდისაა, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ოვალური ან მოგრძო ფორმის, მუქი იისფერია _ გარდამავალი შავ ფერში, სქელკანიანი. რბილობი მკვრივხორციანი, სასიამოვნო, ტკბილ-მომჟავო გემოთი. კარგ გემოსთან ერთად ყურძენი ხასიათდება შენახვისა და ტრანსპორტაბელობის მაღალი უნარით. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა – გურია-აჭარის რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის მესამე დეკადაში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8,5 გ/ლ-ს.

ცხენისძუძუ აფხაზური (სინ.: აჩკიკიჟი, აჩკირკი, ააცკიკა, აჩკიკი) – ქართული აბორიგენული ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება აფხაზეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სახელწოდება მიღებული აქვს მოგრძო ფორმის მარცვლის გამო. ჯიში სასუფრე მიმართულებისაა. მტევანი საშუალოზე დიდი ზომისაა, საშუალო სიკუმსის ან თხელია. მარცვალი მსხვილია და, ძირითადად, ოვალური ფორმის, სიმწიფის დროს მუქი ვარდისფერი ხდება. მარცვლის კანი სქელია და მკვრივი. რბილობი ხორციანია, კნატუნა, მცირეწვნიანი. მარცვალი ადვილად სცილდება რბილობს. გემო ტკბილი და სასიამოვნო აქვს, სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით. გუდაუთის რაიონში მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 17,5-20,9%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,3-10,3გ/ლ-ს.

კაჭიჭი (სინ.: კაჭიჭიჟი, აჟკაჭიჭი, კაჯიჯი) – ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია დასავლეთ საქართველოდან. ჯიში საღვინე მიმართულებისაა. ღვინო ხასიათდება ლამაზი და ინტენსიური შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის შეთანწყობით, კარგად გამოხატული ჯიშური არომატითა და საკმაოდ მაღალი გემური თვისებებით. კაჭიჭი საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა _ გუდაუთის რაიონში ყურძენი მწიფდება ოქტომბრის მესამე დეკადაში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5-22,5%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 8,0-9,0გ/ლ-ს.

კაბერნე სოვინიონი – ფრანგული ფართოდ გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. გამოირჩევა პროდუქციის მაღალი ხარისხით. კაბერნე სოვინიონისგან დამზადებული სუფრის ღვინო გამოირჩევა განსაკუთრებული, ნაზი გემოთი, მდიდარი ბუკეტით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, დიდი სხეულით, ჰარმონიულობითა და შინაარსით. ჯიში საშუალოზე გვიანი სიმწიფის პერიოდისაა. ყურძენი მწიფდება სექტემბრის მეორე ნახევრიდან. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 8,0-9,0გ/ლ-ს. კაბერნე სოვინიონისგან საქართველოში მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირე¬ბადი უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინო „თელიანი”, რომელიც ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, სუფთა ჯიშური არომატით, პიკანტური, ჰარმონიული, განვითარებული ბუკეტით.

პინო შავი – ფრანგული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. გამოიყენება მაღალი ხარისხის სუფრისა და ცქრიალა ღვინოების დასაყენებლად. ჯიში საადრეო სიმწიფის პერიოდისაა. ქართლში ცქრიალა ღვინოების დამზადების დანიშნულებით ყურძენი სექტემბრის პირველ ნახევარში იკრიფება, ხოლო იმერეთში _ აგვისტოს ბოლო რიცხვებში. სუფრის ღვინოების წარმოებისათვის მიზანშეწონილია რთველის შედარებით გვიან ჩატარება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 7,0-8,5გ/ლ-ს.

მერლო – ფრანგული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. ცალკე დაყენებული მერლოს ღვინო ხასიათდება ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, კარგი სხეულითა და ჰარმონიულობით, დამახასიათებელი სასიამოვნო ბუკეტითა და კარგი გემოთი. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა.

http://georgianwine.gov.ge/geo/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s