საქართველოში გავრცელებული ვაზის თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშები

რქაწითლი

  წითელ (სინონიმები: დედალი რქაწითელი, მამალი რქაწითელი, კოროლიოკი, გრუზინსკი, ხანლუგი, ასლუნგი და სხვა) – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია.მიეკუთვნება კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. საქართველოს უპირველესი ჯიშია ვენახების ფართობის მიხედვით ფართოდ გავრცელებულია კახეთისა და ქართლის რაიონებში. საქართველოს გარეთ გვხვდება უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. გამოირჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლებით. მისგან მზადდება მაღალხარისხიანი ევროპული, კახური ტრადიციული, შემაგრებული ღვინოები და ღვინის ბრენდები. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, სრულ სიმწიფეს აღწევს სექტემბრის შუა რიცხვებიდან (კახეთში) ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე (ქართლში). ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-24,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,0-8,0გ/ლ-ს. რქაწითელი გამოიყენება შემდეგი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დასამზადებლად: „წინანდალი“, „გურჯაანი“, „კარდენახი“, „კახეთი“, „კოტეხი“, „ნაფარეული“, „ტიბაანი“ და „ვაზისუბანი“.

მწვანე კახური

მწვანე კახური (სინ.: მწვანე, ნაბადა მწვანე, მჭკნარა და სხვა) – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სახელწოდება მიღებული აქვს მწიფე მარცვლების მოყვითალო-მწვანე ფერის გამო. მაღალხარისხიანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიშია. ევროპული წესით დამზადებული ღვინო მომწვანო-ჩალისფერია, ნორმალურალკოჰოლიანი, მაღალჰარმონიული და ხალისიანი, ხილის მდიდარი ტონებით. კახური წესით დამზადებული ღვინო კი უფრო სხეულიანია, ენერგიული, რომელსაც სიძველეში ახასიათებს ნაზი ბუკეტი ხილის ძლიერი არომატით. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა, სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის მეორე ნახევრიდან. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6,0-7,8 გ/ლ-ს. მწვანე კახური გამოიყენება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დასამზადებლად: „მანავი“, „წინანდალი“,„კარდენახი“, „კახეთი“ და „ვაზისუბანი“.

xixvi

ხიხვი (სინ.: ჯანანურა) – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია და გავრცელებულია კახეთის რაიონებში. მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ევროპული წესით დაყენებული ხიხვის ღვინო ღია ჩალისფერია, შინაარსით მდიდარი, ჰარმონიული და სასიამოვნო, ნაზი, ჯიშური არომატით. კახური წესით დაყენებული ღვინო მუქი ჩალისფერია, მეტი სხეულიანი, შინაარსით მდიდარი და მაღალი გემური თვისებების, მწიფე ხილისა და ყვითელი ჩირის არომატებით. ხიხვისაგან დამზადებული სადესერტო ღვინო განსაკუთრებით მაღალი ხარისხისაა. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა, კახეთის ძირითად რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 23,0-24,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6,5 გ/ლ-ს. ხიხვისგან რქაწითელსა და კახურ მწვანესთან ერთად, მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი შემაგრებული ღვინო „კარდენახი“.

kisi

ქისი (სინ.: დამპალა) – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. მისგან მზადდება მაღალი ხარისხის ევროპული, კახური ტრადიციული, ბუნებრივი ნახევრად ტკბილი, შემაგრებული და სადესერტო ღვინოები. ევროპული წესით დაყენებული ღვინო ღია ჩალისფერია, ჯიშური სასიამოვნო არომატითა და ნაზი ჰარმონიული გემოთი, ხოლო კახური წესით დაყენებული ღვინო უფრო მუქია და სხეულიანი. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,7-8,5 გ/ლ-ს.

GEO-VAR07_bunch

ჩინური (სინ.: კასპური, კასპური თეთრი, ატენური და სხვა) – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია ქართლიდან და ფართოდაა გავრცელებული მთელ ქართლში. მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. ევროპული წესით დაყენებული ჩინურის ღვინო ხასიათდება ლამაზი, ღია მოჩალისფრო შეფერვით, საკმაო სხეულითა და შინაარსით, სინაზით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით. გამოიყენება როგორც ძირითადი საკუპაჟე მასალა მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. ხასიათდება მცენარეული და ხილის ტონებით. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, გორის მევენახეობის ზონაში (ტანას ხეობა) ყურძენი მწიფდება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 17,0-20,5%-ს, ხოლო მჟავიანობა – 9,0-10,0 გ/ლ-ს. ჩინურისგან გორულ მწვანესთან ერთად მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების თეთრი ცქრიალა ღვინო „ატენი“ („ატენური“).

gorula

გორული მწვანე (სინ.: მწვანე, ჯიშიანი, ლურჯი მწვანე, თეთრფოთოლა, ქვიშხური, სურამულა) – ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. გაშენებულია, ძირითადად, ქართლის მევენახეობის რაიონებში. მაღალხარისხიანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. გორული მწვანისგან დგება ცოცხალი და ხალისიანი ღვინოები. ევროპული წესით დაყენებული გორული მწვანის ღვინო ხასიათდება ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, კარგი სხეულით, სასიამოვნო მჟავიანობითა და გემოთი. ქართლის მევენახეობის რაიონებში მის ყურძენს იყენებენ როგორც საკუპაჟე მასალას ცქრიალა ღვინის მისაღებად. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, შიდა ქართლის მევენახეობის რაიონებში ყურძენი მწიფდება ოქტომბრის პირველ ნახევარში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 21,6-22,5%-ს, ხოლო მჟავიანობა – 9,1-10,0 გ/ლ-ს. გორული მწვანისგან ჩინურთან ერთად მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების თეთრი ცქრიალა ღვინო „ატენი“ („ატენური“).

colikauri

ცოლიკოური (სინ.: ცოლიკაური, ობჩური ცოლიკოური, მელქოს ცოლიკოური, კობახიძის ცოლიკოური და სხვა) – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. იმერეთის გარდა გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში. ფართობის მიხედვით რქაწითელის შემდეგ მეორე ადგილი უკავია საქართველოში. გამორჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლებით. მისგან მზადდება ევროპული და იმერული ტრადიციული წესით დაყენებული მაღალხარისხიანი სუფრისა და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები, რომელთაც ახასიათებს ღია ჩალისფერი შეფერვა, დიდი სხეული, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობა, სიხალისე და მაღალი გემური მაჩვენებლები, ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, ყურძენი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-25,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,5-9,5 გ/ლ-ს. ცოლიკოურისაგან მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები „სვირი“ (ციცქასთან ერთად) და „ტვიში“.

cicka

ციცქა (სინ.: შანთი, მამალი ციცქა) – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ციცქასგან დამზადებული სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია მომწვანო იერით, ხასიათდება სხეულით, ენერგიითა და სიხალისით, ნაზი და ჰარმონიული გემოთი. დაძველებისას ივითარებს მეტად ნაზ სასიამოვნო ბუკეტს, ახასიათებს მცენარეული ტონები. ციცქა ერთ-ერთი გამორჩეული ჯიშია საქართველოში მაღალი ხარისხის ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია, იმერეთის რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის მეორე ნახევრიდან.ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 18,0-25,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6,9-10,5 გ/ლ-ს. ციცქასგან ცოლიკოურთან ერთად მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლი­რე­ბა­დი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინო „სვირი“.

kraxuna

კრახუნა – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ჯიში გამოიყენება ევროპული და იმერული ტრადიციული ღვინოების, ასევე მაგარი და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად. ევროპული წესით დაყენებული ღვინო მოყვითალო-ჩალისფერია, ხასიათდება სისრულით, ენერგიითა და სასიამოვნო გემოთი. იმერული წესით დაყენებული კრახუნას ღვინო ხასიათდება ლამაზი შეფერილობით, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, დიდი სხეულითა და ჰარმონიით, კარგი გემოთი. დაძველებისას კრახუნას ღვინო საგრძნობლად უმჯობესდება. იგი ლამაზ მოოქროსფრო ყვითელ ფერს იღებს და ივითარებს ძლიერ ჯიშურ ბუკეტს. ყურძნის დაგვიანებით დაკრეფისას კრახუნასგან შეიძლება დამზადდეს განსაკუთრებული მაღალი ხარისხის შემაგრებული და სადესერტო ღვინო, რომელიც ხასიათდება მდიდარი ჯიშური არომატითა და ხალისიანი მჟავიანობით. ჯიში საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, ზესტაფონში ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 21,0-23,0 %-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,5-8,5 გ/ლ-ს.

წულუკიძის თეთრა (სინ.: რაჭული თეთრა) _ თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, გავრცელებული რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის ზონაში. მაღალხარისხიანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. გამოიყენება სუფრისა და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად. ღვინო ღია ყვითელი ფერისაა, აქვს კარგად გამოხატული არომატი და ნაზი სასიამოვნო გემო ცაცხვის თაფლის სურნელით. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა. რაჭა-ლეჩხუმში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,5%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 7,0 გ/ლ-ს.

კახური მცვივანი (სინ.: მამალი მცვივანი, დედალი მცვივანი და სხვა) – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. იგი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიში იყო კახეთში, მაგრამ ფილოქსერას გავრცელების შემდეგ მისმა  ნარგავებმა მკვეთრად იკლო. დღესდღეობით, პროდუქციის მაღალი ხარისხის გამო, ჯიშისადმი ინტერესი კვლავ იზრდება და ახლიდან დაიწყო გაშენება კახეთში. კახური მცვივანისაგან დგება მაღალი ხარისხის კახური ტიპის ღვინო.

ბუდეშური თეთრი (სინ.: ბუდეშური, თეთრი ყურძენი) _ ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სამეურნეო დანიშნულების მიხედვით ადგილობრივი მოხმარების საღვინე და სასუფრე მიმართულებისაა. ცალკე დაყენებული ბუდეშური თეთრის ღვინო ნაკლებსხეულიანია და შენახვის დაბალი უნარით ხასიათდება. მიზანშეწონილია მისი პროდუქციის გამოყენება კუპაჟში ჩინურსა და გორულ მწვანესთან ერთად, როგორც ხარისხიანი სუფრის, ასევე ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. ჯიში საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, თავისი გავრცელების ძირითად რაიონებში (მცხეთა, კასპი) ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის მესამე დეკადაში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 18,5-19,2%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 6,5-7,0 გ/ლ-ს.

კაპისტონი თეთრი (სინ.: კაპისტონი) – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშიაიმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფიდან. ევროპული და იმერული წესით დაყენებული „კაპისტონი თეთრის“ ღვინო ხასიათდება ლამაზი, მიმზიდველი შეფერვით, კარგი სხეულით, სიხალისით, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით და მაღალი გემური მაჩვენებლებით, რომელსაც ახასიათებს მდიდარი ბუკეტი, ნაზი გემო, საკმარისი სხეული და მეტად სასიამოვნო, ხალისიანი მჟავიანობა. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, შუა და ზემო იმერეთის ზონაში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 23,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8,0-10,0 გ/ლ-ს.

კუნძა (სინ.: კუმსი ყურძენი, კუმსა) – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს.ძირითადი სახელწოდება „კუნძა“ და ასევე სინონიმი „კუმსა“ მიღებული აქვს მტევნების მეტად კუმსი აგებულების გამო.კუნძას ღვინო მოყვითალო-ჩალისფერი, კარგად დაწმენდილი, საკმაოდ სხეულიანი, კარგად გამოსახული ჯიშური არომატითა და სასიამოვნო მჟავიანობით ხასიათდება. იგი აგრეთვე უალკოჰოლო ყურძნის წვენისა და ხარისხიანი საბრენდე ღვინომასალის დასამზადებლად გამოიყენება. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია, იმერეთში ყურძენი მწიფდება ოქტომბრის პირველ ნახევარში.ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,5-9,0გ/ლ-ს.

დონდღლაბი (სინ.: მჭკნარა, მჭკნარა დონდღლაბი) – ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია იმერეთიდან. დონდღლაბის რამდენიმე ვარიაციაა ცნობილი: მწვანე დონდღლაბი, თავწითელა დონდღალაბი და მჭკნარა დონდღლაბი. ჩამოთვლილი ვარიაციებიდან პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლებით გამოირჩევა მჭკნარა დონდღლაბი. მჭკნარა დონდღლაბი საღვინე ვაზის ჯიშია. ცალკე დაყენებული მისი ღვინო ღია მოყვითალო ფერისაა, საკმაოდ ექსტრაქტული და ჰარმონიულია. მისი გამოყენება შეიძლება ციცქასა და ცოლიკოურთან ერთად კუპაჟში, საკმაოდ ხარისხიანი ადგილობრივი მოხმარების ღვინოების დასამზადებლად, ხოლო ცალკე – ყურძნის წვენისა და საბრენდე ღვინომასალის დასამზადებლად. ჯიში საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, იმერეთის ზონაში ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს  20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,6-9,3გ/ლ-ს.

მცვივანი რაჭული _ ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება რაჭის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. ღვინო ხასიათდება ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, საკმაო სხეულით, სურნელებითა და კარგი გემოთი. გამოიყენება აგრეთვე მაღალხარისხიანი ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, ზემო რაჭის პირობებში ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,0-20,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 9,0-10,0 გ/ლ-ს. რაჭული მცვივანის ყვავილები ფუნქციონალურად მდედრობითია და ამიტომ აუცილებელია გაჩნდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის.

საკმეველა (სინ.: საკმიელა, საკმელა, საკმელაი) – ქართული აბორიგენული ვაზის ჯიშია. გურიის თეთრყურძნიან საღვინე ვაზის ჯიშებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. გამოიყენება საკმაოდ ხარისხიანი ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინის დასამზადებლად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8,5გ/ლ-ს.

ჭვიტილური (სინ.: ჭვიტილაური, ჭვიტილოური, ჭკვიტილური) _ ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება სამეგრელოს ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. ჭვიტილურის ღვინო მაღალი ხარისხისაა, ხასიათდება ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, დიდი სხეულით, ჰარმონიულობითა და მაღალი გემური მაჩვენებლებით. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია, სამეგრელოში ყურძენი მწიფდება ოქტომბრის ბოლოს. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5-21,8%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 8,1-8,9გ/ლ-ს.

ავასირხვა (სინ.: ავასარხვა, აოსირხვაჟი, აჟიში, აუასირხვა, ავასირხვაჟიში) – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია აფხაზეთის მევენახეობის რაიონებში. ავასირხვასგან მზადდება მოყვითალო-ჩალისფერი, ნაზი, შინაარსიანი, საკმაოდ ხალისიანი ღვინო, რომელსაც კარგად განვითარებული ჯიშური არომატი აქვს. ისტორიულად ყურძნის დაგვიანებით დაკრეფისას ავასირხვასგან ამზადებდნენ ბუნებრივად ნახევრად ტკბილ ღვინოს, რომელსაც ბუნებრივი ცქრიალი, საკმაო სიმაგრე, სასიამოვნო სიტკბო და კარგად განვითარებული ჯიშური არომატი ჰქონდა. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, გუდაუთის მევენახეობის ზონაში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის პირველ ნახევარში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 9,0-10,5 გ/ლ-ს.

შარდონე – ფრანგული თეთრყურძნიანი, მაღალი ხარისხის პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. შარდონესგან დამზადებული სუფრის ღვინო და შამპანური ხასიათდება ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, მაღალი ჰარმონიულობით, სიფაქიზით, შინაარსითა და მაღალი გემური მაჩვენებლებით. საქართველოში ჯიში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სუფრისა და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. ჯიში საადრეო სიმწიფის პერიოდისაა. თბილისის საგარეუბნო ზონაში (დიღომი) ყურძენი მწიფდება აგვისტოს ბოლო რიცხვებში და სექტემბრის პირველ დეკადაში, ხოლო ვაჭევის მევენახეობის ზონაში (ზესტაფონის რაიონი) _-აგვისტოს მეორე ნახევრიდან. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 17,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6,7-9,5 გ/ლ-ს.

ალიგოტე –ფრანგული თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია.საქართველოში ჯიში რეკომენდებულია სუფრისა და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. საქართველოში ცნობილია ალიგოტეს ღვინო მუხრანიდან. ჯიში საადრეო სიმწიფის პერიოდისაა, ყურძენი მწიფდება სექტემბრის პირველ ნახევარში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-21,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8,5-9,0 გ/ლ-ს.

მუსკატი თეთრი – მუსკატების ერთ-ერთი მეტად საინტერესო უძველესი ჯიშია, რომელიც როგორც მაღალი ხარისხის საღვინე ჯიში ფართოდ გავრცელდა ევროპის ქვეყნებში. გამოიყენება სუფრის, სადესერტო და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. მუსკატი თეთრი საშუალო სიმწიფის პერიოდისაა. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 23,0-30,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6,0-9,5 გ/ლ-ს.

http://georgianwine.gov.ge/geo/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s